გადაწყვეტილება №20724/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20724/2/2023
16 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 31.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20724/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 6.02.2023 წლის №1922 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 ივნისის №012-4 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19969 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 447 186.94 ლარი.
მათ შორის: გადასახადი - 1 205 091
დღგ - 16 524
საშემოსავლო გადასახადი - 428 785
მოგების გადასახადი - 759 782
ჯარიმა - 604 003,6
საურავი - 638 092,34
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა განხორციელებულია შემდეგი გარემოების გამო:
- შემოწმების პროცესში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა შემოწმებისთვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გადამხდელმა არ წარადგინა შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, ასევე, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, შესყიდვის აქტები, ინფორმაცია დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე გაანგარიშდა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობა. საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის იანვრის თვეში მომჩივნის ანგარიშებზე, საქართველოს ბანკსა და ვითიბი ბანკში, არარეზიდენტი კომპანიებისგან ჩარიცხულია 1 234 600 და 389 840 ევრო. აღნიშნული თანხები შემდგომ გამოტანილი აქვს საწარმოს დირექტორს. აღნიშნული თანხის მიზნობრიობა, შინაარსი და შემდგომი გახარჯვის დანიშნულება უცნობია. შესაბამისად, შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი (დარიცხული შეადგენს 5 183 194 ლარს) განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
საწარმოს ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების მიხედვით.
- გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაცია საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელს საბანკო ანგარიშებიდან გადარიცხული აქვს თანხები სხვადასხვა იურიდიულ პირზე, რომლის მიზნობრიობაც და ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებაც ვერ ხორციელდება. კერძოდ, 679 184 ლარი გადარიცხულია შპს ,,---ის’’ ანგარიშზე, დანიშნულებით სასესხო ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნული ოპერაციის ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი ვერ დგინდება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხები შემოწმებით ჩაითვალა ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას შესაბამისი თვეების საანგარიშო პერიოდებში.
შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ივლისის №18538 ბრძანება და ამავე თარიღის №012-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.02.2023 წლის №1922 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
კერძოდ:
1. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები, ასევე შეისწავლოს აღნიშნული ოპერაციის სესხად კვალიფიკაციის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, მათ შორის საჩივარზე თანდართული დოკუმენტები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 თებერვლის №1922 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მაისის დასკვნის საფუძველზე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება არ შეცვლილა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 ივნისის №012-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19969 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია სადავო აქტები დაუსაბუთებელია და ექვემდებარება გაუქმებას შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე:
კომპანია ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას რეგისტრაციის პერიოდიდან და მუდმივად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ახდენს შესაბამის საგადსახადო წარმოებას და გადასახადების გადახდას ბიუჯეტში. გარდა აღნიშნულისა, შემოწმების პროცესში, საგადასახადო აუდიტის სამსახურის მხრიდან არ მომხდარა კომპანიაში არსებული დოკუმენტაციის არსებითი გამოკვლევა და შესწავლა, იმ დოკუმენტაციის, რაც გამორიცხავდა საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ სამართალდარღვევებს და აუდიტის სამსახურის მიერ არ მოხდებოდა აღნიშნული დარღვევების დადგენა და შესაბამისი დაუსაბუთებელი გადასახადების დაკისრება მომჩივნისთვის. ამასთან, საგადასახადო აუდიტის შემოწმების პროცესში, კომპანიამ მიმართა განცხადებით და აღნიშნა, რომ კომპანიის მთელი საგადსახადო დოკუმენტაცია, მათ შორის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა ამოღებული და გატანილი იყო ფინანსური პოლიციის მიერ და მათ არ გააჩნდა წვდომა დოკუმენტაციასთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩატარდა მხოლოდ მშრალი საგადასახადო შემოწმება, რამაც განაპირობა საგადასახო შემოწმების აქტით გათვალისწინებული ძირითადი გადასახადების დარიცხვა შემოწმების პერიოდის შესაბამისად. ამასთან, საჩივრის განხილვის პროცესში მათ მიერ წარმოდგენილ იქნა არაერთი მტკიცებულება, რითიც გაბათილებულ იქნა აუდიტის სამსახურის საგადასახადო შემოწმების დასკვნაში მითითებული დარღვევები, მათ შორის სესხის ხელშეკრულებები, რითიც ცალსახად დადასტურებულია დასკვნაში მითითებული თანხების გაცემის მიზნობრიობა.
2023 წლის 6 თებერვლის N1922 წლის ბრძანებით დაევალა შემოსავლების სამსახურისთვის დოკუმენტაციის წარდგენა. მომჩივანმა წარადგინა საჩივარში მითითებული ყველა დოკუმენტი, მათ შორის ვითიბი ბანკში და საქართველოს ბანკში არსებული ანგარიშებიდან ორგანიზაციის დირექტორზე სესხად გაცემული თანხების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სესხის ხელშეკრულებები, თუმცა არც აღნიშნული გარემოება არ იქნა გათვალისწინებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ თანხების გადაანგარიშების პროცესში.
2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტის შეფასებით ნაწილში, არაპირდაპირი მეთოდით დარიცხვასთან დაკავშირებით აღნიშნული იყო :
გადამხდელი არ აწარმოებს აღრიცხვას, შეუძლებელია მიღებული, გახარჯული, რეალიზებული პროდუქციის რაოდენობრივი გაშიფვრა პერიოდების მიხედვით, შემოწმებამ იხელმძღვანელა სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად და გადამხდელის შემოსავალი განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა გადამხდელის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები. შეძენილი საქონლის იმ სახეობებზე, რომლის რეალიზებაც არ ხდება დოკუმენტურად გავრცელებულ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი. 2019 წლის 1 იანვრისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია გათვალისწინებულ იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულ საბუღალტრო პროგრამაში არსებული მონაცემებიდან.
ვინაიდან გადასახადის გადამხდელს შეწყვეტილი აქვს ეკონომიკური საქმიანობა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის სმფ-ების ნაშთი შეადგენს 0 ლარს, 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული სასაქონლო მატერიალური მარაგების ნაშთი რეალიზებულ იქნა შემდგომ პერიოდში. შემოწმების მიერ 2021 წლამდე მოქმედი სსკ-ის 161-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემს. საგადასახადო შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტის მიერ სსკ-ის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განხორციელდა გადასახადის გადამხდელის შემოსავლების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ კი საცალოდ რეალიზებული პროდუქციის ფასნამატის განსაზღვრისათვის გამოყენებული იქნა გადამხდელის მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული სარეალიზაციო ფასები. შეძენილი საქონლის იმ სახეობებზე, რომლის რეალიზებაც არ ხდება დოკუმენტურად გავრცელებულ იქნა საშუალო შეწონილი ფასნამატი. ამასთან აღნიშნავს, რომ 2019 წლის 1 იანვრისთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ ინფორმაცია გათვალისწინებულ იქნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულ საბუღალტრო პროგრამაში არსებული მონაცემებიდან. ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კოპანია არ ფლობს ინფორმაციას და აღნიშნული დოკუმენტაცია ამ ეტაპზე მისთვის მიუწვდომელია. აღნიშნულთან დაკავშირებით მის მიერ მიწოდებულ იქნა დავების საბჭოსთვის შესაბამისი დოკუმენტაცია და განმარტება, თუმცა აღნიშნული არ ყოფილა გათვალისწინებული 2023 წლის 15 ივნისის ბრძანების გამოცემისას.
საგადასახადო შემოწმების აქტში გადახდის წყაროსთან დაბეგვრას დაქვემდებარებული განაცემების ფაქტობრივ გარემოებაში მითითებულია, 2019 წლის იანვრის თვეში საქართველოს ბანკის და ვითიბი ევროს ანგარიშზე ჩარიცხულია 1 234 600 ევრო არარეზიდენტი ---გან და 389 840 ევრო ---გან. შემდგომში აღნიშნული თანხები გამოტანილი აქვს ---ს. ეს თანხები, მიუხედავად იმისა, რომ ---ზე გაცემულია სესხის სახით და არ გაცემულა მისთვის ხელფასი, რასთან დაკავშირებითაც კომპანიაში არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია, აუდიტის სამსახურის მიერ სესხად გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა, როგორც ---ზე გაცემული ხელფასი და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან სსკ- ის 154 -ე მუხლის შესაბამისად.
სესხად გაცემული თანხა, რაც კომპანიაში უკან დაბრუნებას ექვემდებარება, არ წარმოადგენს დასაბეგრ თანხად და დასაბეგრ განაცემს. აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ინახება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსხურში, რასაც წარმოადგენს დამატებით. რაც შეეხება დოკუმენტაციის ვერ წარმოდგენას, აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან აღნიშნულზე მის მიერ გაკეთდა განმარტება და არ მომხდარა ამ ფაქტის გათვალისწინება. მის მიერ წარდგენილ იქნა სესხის ხელშეკრულებები, თუმცა 2023 წლის 22 მაისის გადაანგარიშების აქტში, მიუხედავად იმისა, რომ სესხი წარმოადგენს სარგებლით გაცემულ სესხს და სესხის ხელშეკრულებაში მითითებულია სარგებლის დარიცხვის წესი, აღნიშნული არ გაითვალისწინეს და სრულად დაუსაბუთებლად, მიჩნეულ იქნა დირექტორის სარგებლად და ჩათვალეს ხელფასის სახით გაცემულ შემოსავლად და დაარიცხეს შესაბამისი გადასახადი და ასევე საურავი, რაც წარმოადგენს სრულად დაუსაბუთებელ და უკანონო გადაწყვეტილებას.
საგადსახადო შემოწმების აქტის N3 საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნულია შემოწმების მიერ სსკის 70-ე მუხლის საფუძველზე შპს ---გან გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია შპს ---სთან არსებულ სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი ხელშეკრულებებით ირკვევა, რომ ლიზინგის გამცემი (შპს ----) იღებს ვალდებულებას შემდგომი შესყიდვის უფლებით ლიზინგის მიმღებს (შპს ---) განსაზღვრული ვადით მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცემს ლიზინგის საგანს (ავტომობილები), შესაბამისად ავტომობილები, რომლებიც ლიზინგის საგანს წარმოადგენდნენ იყო შპს ---ის მფლობელობაში და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით სარგებლობდა თანამშრომელი. კომპანიის მიერ აღნიშნული ქონებების შეძენა განხორციელდა კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე და დღემდე ირიცხება კომპანიის საკუთრებაში, შესაბამისად, ვერ დაეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ პოზიციას.
საგადასახადო შემოწმების აქტის მე-4 საკითხი ცალსახად არასწორად არის მითითებული დღგ-ს დეკლარაციებში მითითებული ჩასათვლელი დღგ-ს ოდენობა და დასაბუთება, დაზუსტებულ პოზიციას წარმოადგენს დაზუსტებულ საჩივართან ერთად, საგადასახადო შემოწმების აქტის მე-5 საკითხთან დაკავშირებით კვლავ მითითებული ლიზინგის საგნების სარგებლობა თანამშრომლების მიერ, რაც წარმოადგენდა სარგებლობას მხოლოდ სამსახურებრივი მიზნებიდან გამომდინარე და აღნიშნული ლიზინგის საგანი დღეის მდგომარეობითაც წარმოადგენს მომჩივნის საკუთრებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა მტკიცებულებები (სესხის ხელშეკრულება და ახსნა-განმარტება), რომლის მიხედვითაც ბანკიდან დირექტორზე გადარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად. წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულების მიხედვით, დირექტორზე გაცემულია სესხი წლიური 10%-ის ოდენობით. ხელშეკრულების შესაბამისად სესხზე დარიცხული პროცენტის თანხა გადაიხდება სესხის დაფარვის ბოლოს (არაუგვიანეს 03.01.2025 წელი). ვინაიდან არც შესამოწმებელ პერიოდში და არც შემდგომ არ მომხდარა ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტის გადახდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის N34 ბრძანებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით (20%) გაანგარიშებული თანხა სრულად დაკვალიფიცირდა დირექტორის სარგებლად და დაიბეგრა როგორც ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აღნიშნულ საკითხში შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 , 101-ე და 298 მუხლების გათვალისწინებით პირს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად განხორციელდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა. კერძოდ, შემოწმების მიერ არაეკონომიკურ ხარჯად დაკვალიფიცირებულ გადარიცხულ თანხებთან დაკავშირებით წარმოდგენილია 2019 წლის 13 მაისის სესხის ხელშეკრულება, 2020 წლის 21 აგვისტოს სარჩელი (მოსარჩელე შპს ,,---’’, მოპასუხე შპს ,,----’’) სესხის ძირისა და დარიცხული პროცენტის მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს ,,---ს’’ შუამდგომლობა. აღნიშნული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ შპს „---თვის“ გადარიცხული თანხები წარმოადგენდა სესხს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას. საბჭო აღნიშნავს, რომ ვერ იმსჯელებს მომჩივნის მიერ მითითებულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 6.02.2023 წლის №1922 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული ბრძანება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 6.02.2023 წლის №1922 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 6.02.2023 წლის №1922 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 თებერვლის №1922 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 მაისის დასკვნის საფუძველზე, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება არ შეცვლილა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 15 ივნისის №012-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19969 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 6.02.2023 წლის №1922 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304 21.