ბრძანება N 4119
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4119
06.03.2023
შპს „------------“ (ს/ნ ------------)
(მის.: ქ. ----------------------------)
2022 წლის 8 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 24 ნოემბრის №16023/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „-------------“ (ს/ნ -------------) №67864/1/2022 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 25 იანვრის №EL153029 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, თანმხლებ დოკუმენტაციაში, სასაქონლო კოდები სწორად არის მითითებული, რაც მისი მოსაზრებით, ასევე დასტურდება არსებული ინვოისებით, ექსპორტის დეკლარაციით, რომელიც გაცემულია იტალიის საბაჟო სამსახურის მიერ. მომჩივანი მიუთითებს, რომ გაურკვეველია, თუ რით იხელმძღვანელა საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველომ, როდესაც მოახდინა კოდის ცვლილება. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 24 იანვარს შპს „-------------“ (ს/ნ -------------) მიერ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში №----------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული იქნა 54227,72 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი (საერთო წონა 857კგ). აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალება „eCustoms“-ის მიერ განისაზღვრა „ყვითელი დერეფანი“. გაფორმების ეკონომიკურ ზონა „--------ის“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება. რის შედეგადაც, დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირების მიზნით საბაჟო დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“. საქონლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად დეკლარირებული საქონლის ნაწილზე, რომლებიც თამხლები დოკუმენტების მიხედვით დეკლარირებული იყო 2106 10 800 00 (PRONTO ENERGY GEL და MG FAST GEL) და 3005 90 990 00 (TERNSOSPRAY, SKIN ON SKIN და GHIACCIO SPRAY) სასაქონლო კოდებში, სეს ესნ კოდის დადგენის მიზნით დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2022 წლის 24 იანვრის ექსპერტიზის №--------/2022 დასკვნის თანახმად, ზემოხსენებული საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა დეკლარირებულისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდებში (2106 90 980 09; 3824 99 960 09; 3506 10 000 00), რამაც გამოიწვია №------------ (24.01.2021) საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაზრდა 1646,49 ლარით.
ვინაიდან, შპს „-----------ს“ (ს/ნ ------------) მიერ საქონლის ნაწილი არასწორად იყო კლასიფიცირებული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 30-ე ჯგუფში, არასწორად იქნა გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი, შესაბამისად დეკლარაციაში და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობამ გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება 1646,49 ლარით.
გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2022 წლის 25 იანვარს შედგენილ იქნა №EL153029 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----------ს“ (ს/ნ ------------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1646,49 ლარის ოდენობით.
№--------- (24.01.2021) საქონლის საბაჟო დეკლარაციაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდეგ საქონელი მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში და დატოვა საბაჟო კონტროლის ზონა.
შპს „-----------ს“ (ს/ნ ------------) №67864/1/2022 საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 23 თებერვლის №4556 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ №16023/2/2022 გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სადავო საკითხზე წარმოდგენილია საბაჟო დეპარტამენტის 22.02.2022 წლის №------21-10 წერილი, სადაც მითითებულია, რომ სეს ესნ კოდის დადგენის მიზნით დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2022 წლის 24 იანვრის ექსპერტიზის №-------/2022 დასკვნის თანახმად, ზემოხსენებული საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა დეკლარირებულისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდებში (2106 90 980 09; 3824 99 960 09; 3506 10 000 00), რამაც გამოიწვია №11111/C84122 (24.01.2021) საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაზრდა 1646,49 ლარით.
მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე წარადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 15.11.2022 წლის დოკუმენტის რეგისტრაციის ბარათი, რომლითაც დასტურდება, რომ მომჩივანს მოთხოვნილი აქვს ექსპერტიზის ჩატარება 3 სახეობის საკვები დანამატისა და 3 სახეობა სპორტული მედიცინის პრეპარატების სასაქონლო კოდის დადგენაზე.
წარმოდგენილი მტკიცებულების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას და ამ მიზნით, უნდა უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და დაევალოს შემოსავლების სამსახურს მომჩივნის მონაწილეობით საჩივრის ხელახლა განხილვა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით დადგენილი შედეგების გათვალისწინებით.
შესაბამისად, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 23.02.2022 წლის №4556 ბრძანება და საჩივარი, №16023/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე კომპანიის დირექტორმა -------------ემ წარმოადგინა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2022 წლის 30 ნოემბრის №5008233822 წერილი, რომლის შინაარსიდან ირკვევა, რომ სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 2022 წლის 15 ნოემბერს შესულია შპს „---------ს“ დირექტორის --------------ის განცხადება, სასაქონლო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ბ/რ №1008212122). ექსპერტიზის წინაშე დასმულია კითხვა დადგინდეს განცხადებაში მითითებულ 63 სახეობის პროდუქტზე სასაქონლო ნომენკლატურული კოდი დასმულ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნული წერილით ეცნობა შპს „----------“ დირექტორს --------ეს ეცნობა, რომ ექსპერტიზის ბიუროს ამ ეტაპზე არ ჰყავს შესაბამისი დარგის სპეციალისტი. აღნიშნულიდან გამომდინარე დანიშნული ექსპერტიზა დაუბრუნდა შეუსრულებლად.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლი ადგენს, რომ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიება გულისხმობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებულ ღონისძიებს.
ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ პუნქტით, დღგ-ისგან გათავისუფლებულია სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
„საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბერის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ (დანართი №1) მე-3 მუხლის (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების) პირველი პუნქტის თანახმად, საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურაში (სეს ესნ) საქონლის კლასიფიკაცია უნდა ხორციელდებოდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებით.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულების და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2022 წლის 24 იანვრის ექსპერტიზის №---------/2022 დასკვნის მიხედვით, საქონლის კლასიფიკაციისთვის გამოყენებული იქნა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების 1–6 წესი. აღნიშნულის გათვალისწინებით საქონლის კლასიფიკაცია განხორციელდა დეკლარირებულისგან განსხვავებულ სასაქონლო კოდებში (2106 90 980 09; 3824 99 960 09; 3506 10 000 00), რამაც გამოიწვია №11111/C84122 (24.01.2021) საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის გაზრდა 1646,49 ლარით.
დადგენილია, რომ სეს ესნ კოდის მიკუთვნება განხორციელდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების შესაბამისად, ხოლო ვინაიდან, შპს „-----------“ (ს/ნ --------------) მიერ საქონლის ნაწილი არასწორად იყო კლასიფიცირებული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 30-ე ჯგუფში, ასევე არასწორად იქნა გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი, აღნიშნულმა გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება 1646,49 ლარით. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას, იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას, რაც წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის პასუხისმგებლობა დადგენილია საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის მიერ წარმოდგენილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს 2022 წლის 30 ნოემბრის №5008233822 წერილზე, რომლის შინაარსიდან ირკვევა, შპს „----------“ დირექტორს ------------ეს დანიშნული ექსპერტიზა დაუბრუნდა შეუსრულებლად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის ნაწილი არასწორად იყო კლასიფიცირებული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 30-ე ჯგუფში, ასევე არასწორად იქნა გამოყენებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი, აღნიშნულმა გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას, იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებას, რაც წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, რომლის პასუხისმგებლობა დადგენილია საქართველოს საბაჟო კოდექსით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 173 ( „ბ“)
საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163 (1); 167 (1).