გადაწყვეტილება №20872/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.02.2024
№ დოკუმენტი 20872/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20872/2/2023

01 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 19.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20872/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.07.2023 წლის №19760/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 17.08.2023 წლის №006-429 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 180 160,07 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 99 874

დღგ - 65 658

საშემოსავლო გადასახადი - 33 976

ქონების გადასახადი - 240

ჯარიმა - 48 607

საურავი - 31 679,07

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა იაპონიიდან/კორეიდან მსუბუქი ავტომობილის იმპორტი/რეექსპორტი (99%) და მსუბუქი ავტომობილის ნაწილების იმპორტი/ადგილობრივი რეალიზაცია. აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2022 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. წარმოდგენილი აქვს იმპორტირებული საქონლის შეძენა/ტრანსპორტირების ინვოისები, იჯარის ხელშეკრულება და სხვა დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.03.2021 წლის №8678 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სმფ-ების ფაქტობრივი აღწერა და შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა აუდიტის დეპარტამენტში. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადამხდელის მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე დაკორექტირდა წლიური საშემოსავლო გადასახადის მონაცემები, კერძოდ: ერთობლივი შემოსავლების გაანგარიშებისას, იმის გათვალისწინებით, რომ მსუბუქი ავტომობილების 99% რეალიზებულია პირველადი დოკუმენტის გამოყენებით, შემოწმება დაეყრდნო აღნიშნულ მონაცემებს, ხოლო ნაწილების შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას და ვერ ხდება საქონლის მოძრაობის ანალიზი, ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციისა და პირველადი შესყიდვის დოკუმენტაციის მონაცემებით გაანგარიშდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების აუდირებული ფასნამატი 46%.

ამასთან, საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რეექსპორტის რეჟიმში მოქცეული და შემდგომში დაშლილი მანქანებიც (რომლებზეც რეალურად არ განხორციელებულა რეექსპორტი) შემოწმებით მიჩნეულ იქნა ნაწილების რეალიზაციად. შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში ერთობლივი შემოსავალი სალდირებულად გაიზარდა 390 465 ლარით. აღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით დაკორექტირდა სმფ-ების შესყიდვის ღირებულება და სხვა ხარჯები, შედეგად ჯამში ხარჯები სალდირებულად გაიზარდა 3 032 ლარით.

მსუბუქი ავტომობილის ნაწილების შემთხვევაში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებიდან და შეფასებიდან გამომდინარე დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები საანგარიშო პერიოდების მიხედვით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების მიერ გამოყენებული აუდირებული ფასნამატის, სმფ-ების შესყიდვის, გადამხდელის მიერ აღიარებული შემოსავლების (დეკლარირებული) და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.03.2021 წლის №8678 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სმფ-ების ფაქტობრივი აღწერის მონაცემების საფუძველზე დაკორექტირდა 2021 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციაში დაფიქსირებული სმფ-ების საბოლოო ნაშთი, კერძოდ შემოწმებით ნაცვლად 215 362 ლარისა, სმფ-ების საბოლოო ნაშთი განისაზღვრა 131 787 ლარის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის №006-512 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9888 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი დაბეგროს საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9888 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.07.2023 წლის №19760/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საბჭოს გადაწყვეტილებაში პირველ და მე-2 საკითხებთან (ავტომობილების და მეორადი ავტონაწილების რეალიზაციის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება და 2021 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთების კორექტირება) დაკავშირებით აღნიშნულია შემდეგი:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 20.05.2022 წლის №8050/15-04-02 წერილის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტს გაეგზავნა 20.05.2022 წლის დადგენილება სისხლის სამართლის №--- საქმეზე. აღნიშნული დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა ჩათვალა ავტომობილები, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაშლილად და ნაწილებად რეალიზებულად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში შესასწავლია მეორადი ავტონაწილების მიწოდებისას განსაზღვრული ფასნამატი, ვინაიდან მომჩივნის მიერ საჩივარში მითითებულია შემოწმებული პირების აუდირებული ფასნამატები, რომლებიც განსხვავდება შემოწმებით დადგენილი ფასნამატისგან.

მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, შემოწმების შემდგომ აუდიტორთან გავლილი აქვს 2021 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთების კორექტირების საკითხი, სადაც დაშვებულია ტექნიკური შეცდომა.

საბჭო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საჩივარი საჭიროებს დამატებით შესწავლას. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს იმპორტის გადასახდელების ხარჯში გათვალისწინების თაობაზე, საკითხი ასევე საჭიროებს შესწავლას და თუ მომჩივნის მიერ აღნიშნული გადახდილია, უნდა მოხდეს მათი გათვალისწინება ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში. გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ პირველი და მე-2 სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა,გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საკითხების ხელახლა შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 12.07.2023 წლის №19760/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 15.08.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლილი იქნა საკითხები, რომელთა მიხედვითაც:

- ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ უკანონოდ დაშლილი მანქანებისთვის სასამართლო განჩინების საფუძველზე გადახდილი იმპორტის გადასახდელები ჯამში 38 695 ლარი;

- 2021 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი გადამხდელთან ერთად შესწავლის შედეგად დაექვემდებარა კორექტირებას, კერძოდ შემოწმებით განსაზღვრული 131 787 ლარის ნაცვლად, განისაზღვრა 168 680 ლარი (დეკლარირებული 215 362 ლარი).

აღნიშნულიდან გამომდინარე კორექტირებულ იქნა წლიური საშემოსავლო გადასახადი და დღგ;

- მეორადი ავტონაწილების ფასნამატის ნაწილში შემოწმების მიერ გამოყენებულია ერთ-ერთი მეწარმის აუდირებული ფასნამატი. ამასთან, დანარჩენი გადამხდელები, რომელთა დაფიქსირება მოხდა საჩივარში ფასნამატზე არგუმენტების სახით, მუშაობენ ადგილობრივ შესყიდვა/რეალიზაციაზე, შესაბამისად მათი ფასნამატი დაბალია იმპორტიორი გადამხდელის ფასნამატთან შედარებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ავტონაწილების ფასნამატის ნაწილში საკითხი გავლილ იქნა გადამხდელთან და შემოწმების მიერ გამოყენებული აუდირებული ფასნამატი არ ექვემდებარება კორექტირებას. აუდიტის დეპარტამენტის 15.08.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 17.08.2023 წლის №006-429 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არასწორად არის დადგენილი გამოსაქვითი ხარჯები, რაზეც გავლენას ახდენს შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9888 გადაწყვეტილების არასწორად აღსრულება, რაც ასევე გასაჩივრებულია, მაგრამ მასში არასწორად დადგენილი ხარჯები გავლენას ახდენს მიმდინარე საკითხის სწორად შესრულებაზეც, ვინაიდან ავტონაწილების რეალიზაციის შედეგად დადგენილი ერთობლივ შემოსავალი უნდა შემცირდეს ყველა იმ ხარჯით, რომელიც მეწარმის საქმიანობას უკავშირდება, მაგრამ ამის სანაცვლოდ გაურკვეველი პროპორციით მიკუთვნებულია ავტომანქანის რეალიზაციისას მისაკუთვნებელ თვითღირებულებაზე. ეს იწვევს როგორც ავტომობილის რეალიზაციის ნამეტის არასწორად განსაზღვრას, ასევე ინდ.

მეწარმის სხვა ეკონომიკური საქმიანობის შედეგების არასწორად გაანგარიშებას. ასევე მიუღებელია აუდიტის დეპარტამენტის მიდგომა 11 ავტომობილის დაშლისა და საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილებად რეალიზების საკითხში, რადგან აღნიშნული ავტომობილები ჩათვლილი აქვს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაშლილი ნაწილებად და რეალიზებული, შესაბამისად განხილული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

მიუღებელია აუდიტის დეპარტამენტის კვალიფიკაცია, რადგან როგორც გადამხდელმა აღიარა საგამოძიებო სამსახურში დაკითხვისას, რომ ზემოაღნიშნული ავტომობილის ნაწილები გამოყენებული იყო სხვა ჩამოყვანილი დაზიანებული ავტომობილების გასამართად, რომლებიც გადამხდელს უკვე რეალიზებული აქვს, აქედან გამომდინარე არ მომხდარა ავტონაწილების ხელმეორედ რეალიზაცია, როგორც განხილული აქვს აუდიტის დეპარტამენტს.

ზემოაღნიშნულ ნაწილში დარიცხვა სრულად უნდა გაუქმდეს. 15.08.2023 წლის დასკვნაში მე-2 საკითხად დაფიქსირებულ საბოლოო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ საბოლოო ნაშთის 131 787 ლარიდან 168 680 ლარის ცვლილება გამოწვეული იყო არა გადამხდელის პოზიციის გათვალისწინების შედეგად, არამედ 7.11.2022 წლის აქტში გაანგარიშებაში დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გამოსწორებით.

აქედან გამომდინარე, არ მომხდარა გადამხდელის იმ პოზიციის გათვალისწინება, რაც გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინების საფუძველზე მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ საბოლოო ნაშთის ხელახალი შესწავლის შესახებ.

არგუმენტირებული პოზიციის გათვალისწინებით უნდა მოხდეს საბოლოო ნაშთის დადგენა, კერძოდ დეკლარირებული საბოლოო ნაშთის გათვალისწინება დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება. დასკვნაში დაფიქსირებულ მე-3 საკითხთან მიმართებით აღსანიშნავია, რომ გარდა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტებისა, მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ის გარემოება, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებული მეწარმის აუდირებული ფასნამატი შემცირდა და ნაცვლად აქტში გამოყენებული 46%-ისა გახდა 34%, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშებისგან თავი შეიკავა.

ახალი დადგენილი ფასნამატი ემთხვევა საჩივრის ეტაპზე წარმოდგენილი მეწარმეების აუდირებულ ფასნამატებს, მაგრამ აუდიტის დეპარტამენტმა თავი აარიდა ამ ნაწილში გადაანგარიშებას, მიუხედავად არგუმენტირებული მოთხოვნისა.

საჩივრის განხილვის ეტაპზეც დაფიქსირებული იყო, რომ დადგენილი 46%-ინი ფასნამატი გასაჩივრებულია და უნდა დაექვემდებაროს შემცირებას. ზემოაღნიშნულ საკითხში უნდა განხორციელდეს გადაანგარიშება ამ გარემოების გათვალისწინებით და გავრცელებულ იქნეს 34%- იანი ფასნამატი.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე):

ა) თუ პირს არა აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

ბ) ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობისას:

ბ.ა) ადგილი აქვს პირის აქტივების დაუსაბუთებელ ზრდას;

ბ.ბ) პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და პირადი მოხმარებისათვის გაწეული ხარჯი აჭარბებს დეკლარირებულ შემოსავალს;

ბ.გ) მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად საგადასახადო შემოწმების დაწყების შესახებ საგადასახადო ორგანოს შესაბამისი აქტით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში გამოვლენილია პირის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ორი ან მეტი შემთხვევა;

ბ.დ) გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის.

საბაზრო ფასის განსაზღვრისათვის ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებებს, რომ საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მიხედვით გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები.

ამასთან, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის, ხოლო საქონლის/მომსახურების ბაზრად ითვლება ამ საქონლის/მომსახურების მიმოქცევის სფერო, რომელიც განისაზღვრება გამყიდველის/მყიდველის შესაძლებლობით, მნიშვნელოვანი დანახარჯის გარეშე გაყიდოს/შეიძინოს საქონელი/მომსახურება გამყიდველისათვის/მყიდველისათვის უახლოეს ტერიტორიაზე საქართველოში ან მისი ფარგლების გარეთ.

გარდა ამისა, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებითა და შედეგად მიღებული სამართლებრივი აქტით დაირღვა გადასახადის გადამხდელის კანონიერი უფლება და კანონიერი ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გამოკვლევის წესს, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები.

სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.

ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

მითითებულის გათვალისწინებით, დავის განმხილველ ორგანოს ყურადღება გვინდა მივაქციოთ, იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის იგი უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გადამხდელის მიმართ გამოვლენილი დარღვევა თითქმის სრულად გამომდინარეობს არასწორად გაანგარიშებული ფასნამატიდან, რომლის სისწორის დადგენის შემდგომ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დამატებით დარიცხული ძირითადი გადასახადი უმნიშვნელო იქნება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელი უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისგან (ჯარიმა-საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო, მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საბჭო მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საბჭოს 12.07.2023 წლის №19760/2/2023 გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ავტომობილების და მეორადი ავტონაწილების რეალიზაციის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების და 2021 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთების კორექტირების საკითხები საჭიროებდა დამატებით შესწავლას.

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით საკითხების ხელახლა შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 15.08.2023 წლის დასკვნის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ უკანონოდ დაშლილი მანქანებისთვის სასამართლო განჩინების საფუძველზე გადახდილი იმპორტის გადასახდელები ჯამში 38 695 ლარი.

2021 წლის საბოლოო სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთი გადამხდელთან ერთად შესწავლის შედეგად დაექვემდებარა კორექტირებას, კერძოდ შემოწმებით განსაზღვრული 131 787 ლარის ნაცვლად, განისაზღვრა 168 680 ლარი (დეკლარირებული 215 362 ლარი).

აღნიშნულიდან გამომდინარე კორექტირებულ იქნა წლიური საშემოსავლო გადასახადი და დღგ. მეორადი ავტონაწილების ფასნამატის ნაწილში შემოწმების მიერ გამოყენებულია ერთ-ერთი მეწარმის აუდირებული ფასნამატი. ამასთან, დანარჩენი გადამხდელები, რომელთა დაფიქსირება მოხდა საჩივარში ფასნამატზე არგუმენტების სახით, მუშაობენ ადგილობრივ შესყიდვა/რეალიზაციაზე, შესაბამისად მათი ფასნამატი დაბალია იმპორტიორი გადამხდელის ფასნამატთან შედარებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ავტონაწილების ფასნამატის ნაწილში საკითხი გავლილ იქნა გადამხდელთან და შემოწმების მიერ გამოყენებული აუდირებული ფასნამატი არ ექვემდებარება კორექტირებას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას სადავო საკითხები შესწავლილია საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 15.08.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 12.07.2023 წლის №19760/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი. მომჩივანი ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მოთხოვნა სანქციისგან გათავისუფლებაზე დაფიქსირებულია საბჭოს 12.07.2023 წლის №19760/2/2023 გადაწყვეტილებაშიც, რომლითაც მომჩივნის აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ასევე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 12.07.2023 წლის №19760/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 12.07.2023 წლის №19760/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9888 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდებით მიღებული ნამეტი შემოსავალი დაბეგროს საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №9888 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.07.2023 წლის №19760/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აუდიტის დეპარტამენტის 15.08.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 17.08.2023 წლის №006-429 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73 (5); 105; 158; 159; 163; 164.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161.