ბრძანება N 17201
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17201
17 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
(მის.: „-------“ )
2023 წლის 22 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 ივლისის სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა შპს „-------“ -ს (ს/ნ „-------“ ) №81853/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 25 მაისის №EL210789 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ 2023 წლის 2 მაისს შპს „-------“ - მ გამოწერა/შეუკვეთა ერთი ცალი ლეპტოპი, ღირებულებით - 1,780 აშშ დოლარი. ვინაიდან, ტვირთი წარმოადგენდა საფოსტო გზავნილს, გადამზიდავი კომპანიის - შპს „N1“ - ის (ს/ნ: „-------“ ) პორტალზე, შპს „------“ მიერ ზოგადი წესით წარდგენილ იქნა დეკლარაცია და აიტვირთა შესაბამისი ინვოისი. დეკლარირების დროს, პროგრამული ხარვეზის შედეგად ნივთის ღირებულება დაფიქსირდა 1 აშშ დოლარი, რის შესახებაც კომპანიისთვის ცნობილი გახდა უკვე ტვირთის ჩამოსვლის შემდგომ. სამართალდარღვევა გამოწვეული იყო გადამზიდი კომპანიის პორტალზე ნივთის დეკლარირებისას, არსებული პროგრამული ხარვეზით, ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პორტალზე დეკლარირების დროს ატვირთული იყო ინვოისი, სადაც მითითებული იყო ნივთის რეალური ღირებულება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ნივთის ღირებულება ფიქსირდება მხოლოდ ინვოისში, რომელიც როგორც აღინიშნა მაშინვე აიტვირთა შპს „------ ის “ მიერ, შესაბამისად, კომპანიის განზრახვას არ წარმოადგენდა საბაჟო ორგანოს შეცდომაში შეყვანა.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გადახდილი ჯარიმის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 10 მაისს შპს „N1“ (ს/ნ „-------“ ) მიერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შპს „-------” (ს/ნ „-------“ ) სახელზე შემოტანილი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი №"----" საფოსტო გზავნილის ზოგადი დეკლარირება, ღირებულებით 1 აშშ დოლარი.
გამომდინარე იქიდან, რომ შპს „--------“ კუთვნილი საფოსტო გზავნილი დეკლარირებული იყო 1 აშშ დოლარად, ზოგადი დეკლარირებისას გზავნილი მოხვდა დეკლარირებას დაუქვემდებარებელ ამანათთა ნუსხაში. მებაჟე-ოფიცრის მიერ №"----" ამანათზე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა საფოსტო გზავნილის ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემების არსებობა. კერძოდ: 1 აშშ დოლარის ნაცვლად საფოსტო გზავნილში განთავსებული საქონლის (ლეპტოპი) ღირებულებამ ნასყიდობის დოკუმენტის თანახმად შეადგინა 1 780 აშშ დოლარი. აღნიშნულმა გამოიწვია იმპორტის გადასახდელების შემცირება - 841.35 ლარის ოდენობით.
ვინაიდან, შპს „------- -ის ” მიერ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდაღვევისთვის, გეზ „------- ის “ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 25 მაისს შედგენილი №EL210789 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „-------” სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 841.35 ლარის ოდენობით.
საბაჟო სანქციის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდგომ, 2023 წლის 30 მაისს, საფოსტო გზავნილზე დარეგისტრირდა №------ საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4, რომლითაც დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 4 896.611 ლარი, ხოლო შპს „------- ” დაერიცხა დღგ - 881 ლარის ოდენობით. საქონელი კი გაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას.
ამავე ინსტრუქციის (დანართი №8) 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი №8-VIII-05).
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი; გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)– იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
დადგენილია, რომ მიერ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება. რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (167-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ „-------“ ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანის მიერ,დეკლარირების დროს, პროგრამული ხარვეზის შედეგად ნივთის ღირებულება დაფიქსირდა 1 აშშ დოლარი, რის შესახებაც კომპანიისთვის ცნობილი გახდა ტვირთის ჩამოსვლის შემდგომ.სამართალდარღვევა გამოწვეული იყო გადამზიდი კომპანიის პორტალზე ნივთის დეკლარირებისას, არსებული პროგრამული ხარვეზით.გადამხდელი ითხოვს გადახდილი ჯარიმის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის მიერ ადგილი ჰქონდა წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის შეტანის ფაქტს, რამაც გამოიწვია იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდაღვევისთვის პირს შეეფარდა სანქცია.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163(1),167(1)