ბრძანება N 1347

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.01.2024
№ დოკუმენტი 1347
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1347

29 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

„ამხანაგობა -------“-ის (ს/ნ ------)

(მის.: ---------)

2023 წლის 27 და 28 დეკემბრის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა „ამხანაგობა -------“-ის (ს/ნ ------) 2023 წლის 27 დეკემბრის №86356/1/2023 და 28 დეკემბრის №223010/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 ნოემბრის №006-597 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და ამხანაგობის მიერ სალაროდან ფ/პ -------თვის გადახდილი თანხების (1 120 000 ლარი) ამხანაგობის თავმჯდომარეზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს N199016/21-14 წერილით ამხანაგობის დირექტორმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ფ/პ ------ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება სადავო თანხის (1 120 000 ლარის) მიღებასთან დაკავშირებით. მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 აგვისტოს ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2022 წლის 19 აგვისტოს №121874 ბრძანების აღსრულება და შედეგად, გადამხდელს კვლავ გაეგზავნა შეტყობინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით, ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესაბამისად გადამხდელი აცხადებს, რომ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების გამოკვლევა და შესწავლა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 აგვისტოს №21874 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 ივნისის №006-393 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2021 წლის 30 ივნისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. „ამხანაგობა -------“-ის (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 29 აპრილის №14976/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხის ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის, მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ოპერაციის კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 აგვისტოს ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 17 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 29 ნოემბრის №006-597 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

სადავო საკითხთან დაკავშირებით ამხანაგობა „-------"-დან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად დამატებით განხორციელდა დოკუმენტაციის გამოთხოვა, სადაც ასახული იქნებოდა 2014 წლიდან 2018 წლამდე ფ/პ ------ს მიმართ წარმოშობილი ვალდებულებები. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელმა ვერ წარმოადგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია, რის მიხედვითაც დადგინდებოდა თანხის წარმოშობის რეალობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები. შესაბამისად, ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულად მოწოდებული, გადაანგარიშებით არ განხორციელდა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და ამხანაგობის მიერ სალაროდან ფ/პ ------თვის გადახდილი თანხების (1 120 000 ლარი) ამხანაგობის თავმჯდომარეზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს N199016/21-14 წერილით ამხანაგობის დირექტორმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ფ/პ ------ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება სადავო თანხის (1 120 000 ლარის) მიღებასთან დაკავშირებით. გადამხდელი აცხადებს, რომ მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების გამოკვლევა და შესწავლა აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ მომხდარა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე სრულყოფილად არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 აგვისტოს №21874 ბრძანება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ოპერაციაზე კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. „ამხანაგობა -------“-ის (ს/ნ -----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 აგვისტოს №21874 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ოპერაციაზე კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და ამხანაგობის მიერ სალაროდან ფ/პ -თვის გადახდილი თანხების (1 120 000 ლარი) ამხანაგობის თავმჯდომარეზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საკითხთან დაკავშირებით ამხანაგობიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად დამატებით განხორციელდა დოკუმენტაციის გამოთხოვა, სადაც ასახული იქნებოდა 2014 წლიდან 2018 წლამდე ფ/პ -ის მიმართ წარმოშობილი ვალდებულებები. აღნიშნულთან დაკავშირებით გადამხდელმა ვერ წარმოადგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია, რის მიხედვითაც დადგინდებოდა თანხის წარმოშობის რეალობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები. შესაბამისად, ვინაიდან გადამხდელის მიერ არ იქნა სააღრიცხვო დოკუმენტაცია სრულად მოწოდებული, გადაანგარიშებით არ განხორციელდა შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, მათ შორის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ოპერაციაზე კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9"ბ"), 101(1), 154(1"ა").