ბრძანება N 12679
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 12679
07.06.2023
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.:---) 2023 წლის 28 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის სხდომაზე (ოქმი №55) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №80656/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №EL204663, 6 აპრილის №EL205403, 25 აპრილის №EL207519, №EL207515, №EL207514, №EL207513, №EL207511, №EL207507, №EL207504, №EL207501, №EL207499, №EL207496, 11 აპრილის №EL205941, 26 აპრილის №EL207650, №EL207647, №EL207646, №EL207643, №EL207642, №EL207641, №EL207640, №EL207637, №EL207634, 27 აპრილის №EL207796, 28 აპრილის №EL207867, №EL207863, №EL207862, №EL207859 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს 30 მარტის №EL69050/854, 6 აპრილის №EL69050/939, 25 აპრილის №EL69050/1176, №EL69050/1177, №EL69050/1178, №EL69050/1179, №EL69050/1180, №EL69050/1182, №EL69050/1183, №EL69050/1185, №EL69050/1186, 26 აპრილის №EL69050/1195, №EL69050/1196, №EL69050/1197, №EL69050/1198, №EL69050/1199, №EL69050/1200, №EL69050/1201, №EL69050/1202, №EL69050/1203, 27 აპრილის №EL69050/1229, №EL69050/1231, №EL69050/1232, №EL69050/1234, №EL69050/1235, 28 აპრილის №EL69050/1244, №EL69050/1245, №EL69050/1246, №EL69050/1247, №EL69050/1248, №EL69050/1249 საგადასახადო მოთხოვნებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ კომპანია ახორციელებს სასოფლო სამეურნეო ტექნიკის იმპორტს და რეალიზაციას. კომპანიის მიერ იმპორტირებული საქონელი არ მოხვდა მწვანე დერეფანში, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდასთან. ამ პერიოდში, კერძოდ, 06.12.2022-ში კომპანიას ხაზინაში გააჩნდა აქტივი 700 000 ლარზე მეტი, ხოლო 21.12.2022-ში - 550 000 ლარზე მეტი, თუმცა ვინაიდან იმპორტირებული საქონელი არ მოხვდა მწვანე დერეფანში, კომპანიამ ვერ ისარგებლებდა ხაზინაში არსებული აქტივით. საბანკო ანგარიშებზე ფინანსური სახსრების დეფიციტის გამო კომპანიამ გადაწყვიტა დეკლარირების ვადების გახანგრძლივება, რაც გულისხმობს 60 კალენდარული დღის ვადაში განბაჟებას. კომპანიამ დაარღვია აღნიშნული 60 დღიანი ვადა, და იმავე მიზეზით (უსახსრობის გამო), დამატებით 30 დღიან პერიოდშიც ვერ მოხდა განბაჟება. მას შემდეგ რაც შემოსავლების სამსახურმა კომპანიის ანგარიშზე დააბრუნა თანხა, შპს ---მ შეძლო ტრაქტორების განბაჟება.
ყოველივე აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტებით დაკისრებული სანქციების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ კონტროლის ღონისძიებების განხორციელებისას დადგენილ იქნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს შპს „--ს“ მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებების (ტრაქტორები:----) ზოგადი დეკლარირება. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებს დეკლარირების ბოლო ვადად განესაზღვრა 2023 წლის 4 და 19 თებერვალი.
ვინაიდან, შპს „---ს“ მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, ---ს გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ, 2023 წლის აპრილში შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით (№EL207867, №EL207863, №EL207862, №EL207859, №EL207796, №EL207650, №EL207647, №EL207646, №EL207643, №EL207642, №EL207641, №EL207640, №EL207637, №EL207634, №EL207519, №EL207515, №EL207514, №EL207513, №EL207511, №EL207507, №EL207504, №EL207501, №EL207499, №EL207496, №EL205403, №EL205941, №EL204663) შპს „---ს“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით. ასევე, გამოიცა შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც შპს „---ს“ საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით იმპორტის გადასახდელებზე დაერიცხა საურავი.
სატრანსპორტო საშუალებები (---) მოექცა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციებით, ხოლო სატრანსპორტო საშუალება (ს/ნ ---) მოექცა რეექსპორტში ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსების თარიღიდან 60 კალენდარულ დღეში.
ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 60-დღიანი ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 30 კალენდარული დღით, ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით, დროებით შენახვის შემთხვევაში დეკლარირების 60-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა.
ამავე კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების დეკლარირების ვადის დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.
მომჩივანი წარსულში არაერთხელაა დაჯარიმებული იგივე მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირების მრავალი ფაქტი უფიქსირდება. შესაბამისად, მისთვის კარგად არის ცნობილი საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის თაობაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს სადავო აქტებით დაკისრებული სანქციების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში არ განხორციელებულა ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში დეკლარირება, გაფორმების განყოფილების უფლებამოსილი პირის მიერ, 2023 წლის აპრილში შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით საწარმოს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით. ასევე, გამოიცა შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით იმპორტის გადასახდელებზე დაერიცხა საურავი.
გადაწყვეტილება
სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163 (1); 165; 272