გადაწყვეტილება №27612/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27612/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 17.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27612/2/2026).
დავის საგანი:
მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად კრედიტორისთვის (სს „------- ბანკი“ (ს/ნ -------)) იპოთეკით დატვირთული ფართების გადაცემის დღგ-ით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №081-67 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11863 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 787 435.89 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 493 069
ჯარიმა - 246 534
საურავი - 47 832.89
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა საცხოვრებელი ბინების შეძენა-რეალიზაციას.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.01.2026 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებული შემდეგი გარემოებებით:
კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია ------- (-------). გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 4 440 097 ლარის ღირებულების 51 საცხოვრებელი ფართი და 5 ავტოსადგომი შპს „-------" (მისამართი: -------, -------). საცხოვრებელი ფართების ნაწილი რეალიზებული აქვს შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებზე და კომპანიებზე, ხოლო დანარჩენი ფართები შპს „-------“ ------- ბანკის საკუთრებაშია გადასული, „იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" 2025 წლის 17 დეკემბრის და 2025 წლის 28 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე. შეთანხმების მიხედვით მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გადამხდელმა გადასცა კრედიტორს (სს „-------ბანკს" (ს/კ -------)) იპოთეკით დატვირთული ფართები. აღნიშნული ფართები გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით.
საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე და 163-ე მუხლების გათვალისწინებით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 3.04.2026 წლის №7819 ბრძანება და №081-67 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11863 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილით და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტსა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს რომ სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის კრედიტორისთვის საკუთრებაში გადაცემას ადგილი აქვს, როცა:
- სახეზეა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების გაჭიანურება, რაც გულისხმობს, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა უნდა იყოს ვადამოსული;
- საკუთრების დარეგისტრირებისათვის მესაკუთრე და იპოთეკარი მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგენენ ერთობლივ განცხადებას, სადაც მიეთითება საკუთრებაში გადასვლის საფუძველი.
ფაქტობრივი გარემოებების და მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტების/მტკიცებულებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ არ დასტურდება უძრავი ნივთის მესაკუთრის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების გაჭიანურების ფაქტი (ვადამოსული მოთხოვნის არსებობა), ასევე, არ დგინდება საკუთრების დარეგისტრირებისათვის მესაკუთრისა და იპოთეკარის ერთობლივი განცხადების წარდგენის შესახებ. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი პირობები და შესაბამისად, მოცემული უძრავი ქონების (ფართების) მიწოდება არ განიხილება სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის კრედიტორისთვის საკუთრებაში გადაცემად. მოცემული ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, კომპანიის მიერ სს „-------ბანკისთვის“ ქონების (ფართების) მიწოდება წარმოადგენს შპს „-------“ მიერ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას და არ ექვემდებარება დღგით დაბეგვრას უკუდაბეგვრის წესით.
რაც შეეხება მომჩივნის პოზიციას 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2023 წლის დეკემბრის თვეში გადამხდელს ფიზიკურ პირზე რეალიზებული აქვს ერთი საცხოვრებელი ფართი, თუმცა აღნიშნული ოპერაცია არ აქვს ასახული დღგ-ის დეკლარაციაში, რაც შემოწმებით დაექვემდებარა დამატებით დაბეგვრას დამატებული ღირებულების გადასახადით.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს დავის წარმოების ეტაპზეც არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
როგორც საგადასახადო შემოწმების აქტით დგინდება, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა შემმოწმებლის მიერ განხორციელებულია კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონებების უზრუნველყოფის სახით კრედიტორისთვის, ბანკისთვის გადაცემის საფუძვლით. აღნიშნული საფუძვლით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას კატეგორიულად არ ეთანხმება და მიაჩნია რომ საგადასახადო შემოწმების შედეგები ექვემდებარება სრულად გაუქმებას.
უპირველესად რომ განვიხილოთ არსებული საგადასახადო საკანონმდებლო ნორმები, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებს განსაზღვრავს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლი, რომლის მიხედვით განსაზღვრულია შემდეგი:
დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;
გ) საქონლის იმპორტი.
თუმცა, ამავე კოდექსის 161-ე მუხლი ადგენს სამართლებრივ რეგულირებას უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში ქონების საკუთრებაში მიქცევისას. კერძოდ, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით იბეგრება სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორისთვის საკუთრებაში გადაცემა;
ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნისთვის საგადასახადო აგენტად განიხილება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისთვის − პირი (კრედიტორი), რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში იღებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანს (საქონელს);
ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში მიღებულ ქონებაზე დღგ-ს დარიცხვის წესს, რომლის თანახმად დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საკუთრებაში მიღებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საბაზრო ფასზე, დღგ-ის გარეშე;
აღსანიშნავია ასევე, რომ ამავე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − დღგ-ის დარიცხვის ვალდებულება არ ეკისრება დღგის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ ამ საქონელზე მან განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა.
შესაბამისად, რომ შევაჯამოთ ზემოაღნიშნული, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორისთვის საკუთრებაში გადაცემისას დღგ-ის გადახდის ვალდებულება ეკისრება კრედიტორს, ხოლო თუ კრედიტორი წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელ პირს, მას სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საკუთრებაში მიღებისას დღგ-ის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება და ითვლება, რომ ამ საქონელზე მან განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა.
შეფასებისთვის მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულ გარემოებებზე, რომლის თანახმად თავად შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ 2025 წლის 17 დეკემბრის და 2025 წლის 28 მაისის „იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში სს ------- ბანკისთვის გადაცემულია ქონებები. აღნიშნულ გარემოებას ეთანხმება და ამასთან ფაქტების დადასტურების მიზნით ასევე წარმოადგენს ქონებების საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ხელშეკრულებებს დანართის სახით (დანართი N5 და N6). შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითების პირობებში კიდევ უფრო გაურკვეველი ხდება საგადასახადო ორგანოს მიდგომა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის თაობაზე და მიაჩნია, რომ არსებითად დარღვეულია საგადასახადო და ადმინისტრაციული კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლიანობის პრინციპები და საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა საგადასახადო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებებს, კერძოდ აღნიშნულით განსაზღვრულია შემდეგი: ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლო პრაქტიკით ადმინისტრაციულ ორგანოებს მიეცათ მითითება, რომ საქმის გამოკვლევისას მნიშვნელობა ენიჭება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული სამართლის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის ხარისხს, რაც თავის მხრივ, პირდაპირ განაპირობებს ადმინისტრაციული წარმოების მხარის კანონიერ მოლოდინს, რომ ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სწორედ სამართლით აღიარებული და კანონით განმტკიცებული პრინციპებით.
მმართველობის კანონიერება კომპლექსურად მოიცავს, როგორც საჯარო ინტერესების, ასევე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების (კერძო ინტერესის) და კანონის უზრუნველყოფის დაცვას. სწორედ აღნიშნულის უზრუნველსაყოფად არის დადგენილი სამართლის პრინციპებისა და მათი უზრუნველმყოფი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების ზედმიწევნით დაცვის ვალდებულება, რაც მინიმუმამდე ამცირებს კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი ადმინისტრაციული აქტების გამოცემის შესაძლებლობას.
ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ დავის განმხილველი ორგანო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებულ ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
როგორც უკვე აღინიშნა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.
ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.
ადმინისტრაციული კანონმდებლობის იმპერატიული დანაწესი ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი კუთხით დასაბუთების ვალდებულების თაობაზე ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების არა მომავალ დროში, არამედ საკითხის გადაწყვეტის დროისთვის არსებული მდგომარეობით დასაბუთებას. ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტში ცალსახად და არაორაზროვნად უნდა იყოს მითითებული ის კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რაც საფუძვლად უდევს მოთხოვნის უარყოფას და შეძლებისდაგვარად უნდა გამოირიცხოს ზოგადი ხასიათის ბუნდოვანი განმარტებები. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.
საგადასახადო შემოწმების აქტი არ შეიცავს დასაბუთებას და არ დგინდება შემმოწმებლის მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, არ არის მითითებული რა გარემოებებზე დაყრდნობით იქნა საგადასახადო კანონმდებლობა სრულად უგულვებელყოფილი და ვალდებულებები განისაზღვრა იმდაგვარად, რომ ოპერაცია შეფასდა თითქოს აღნიშნული წარმოადგენდა კომპანიისთვის სტანდარტულ დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, მაშინ როდესაც შემმოწმებელი თავად უთითებს საგადასახადო შემოწმების აქტშივე, რომ ქონებების გადაცემა ბანკისთვის განხორციელებულია 2025 წლის 17 დეკემბრის და 2025 წლის 28 მაისის "იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" ხელშეკრულების საფუძველზე.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. საგადასახადო ორგანო ვალდებულია მითითებული მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოიკვლიოს გარემოებები და მხოლოდ ამ გარემოებათა კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და შეფასების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ.
ზემოაღნიშნულთან ერთად აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება ბანკის საკუთრებაში ქონების რეგისტრაციის საფუძველი, რაც როგორც აღნიშნა საგადასახადო შემოწმების აქტშიც არის მითითებული. ამასთან, შესამოწმებელ პერიოდშივე კომპანიის მიერ ბანკისგან გამოსყიდული იქნა რამდენიმე ბინა, რომელიც ბანკის მიერ დაბეგრილია დღგ-ით და შესამოწმებელ პერიოდშივე კომპანიის მიერ განხორციელდა აღნიშნულ ბინებზე სს -------ბანკის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით დღგ-ის ჩათვლა. შესაბამისად, შემოწმებისთვის აღნიშნული გარემოებები ცნობილი იყო, ოპერაციაზე გამოწერილია ელექტრონული დოკუმენტაცია და აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს გარემოებას, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმდაგვარად, რომ არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი ფაქტობრივი გარემოება და უგულვებელყოფილი იქნა განხორციელებული ოპერაციების სამართლებრივი საფუძვლები.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 29 მაისის N11863 ბრძანებაში საჩივარზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია რომ არ დასტურდება უძრავი ნივთის მესაკუთრის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების გაჭიანურების ფაქტი (ვადამოსული მოთხოვნის არსებობა), ასევე, არ დგინდება საკუთრების დარეგისტრირებისათვის მესაკუთრისა და იპოთეკარის ერთობლივი განცხადების წარდგენის შესახებ (გვ. 5, მე-2 აბზაცი). აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს და კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმდაგვარად, რომ არ ყოფილა შესწავლილი და შეფასებული არც საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები და მტკიცებულებები, ასევე არ შეფასებულა დავის პროცესში წარდგენილი მტკიცებულებები.
ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გაურკვეველია რას გულისხმობს შემოსავლების სამსახური როდესაც გადაწყვეტილებაში მიუთითებს გარემოებაზე რომ ვადამოსული მოთხოვნის არსებობის ფაქტი არ დგინდება, მაშინ როდესაც სადავოდ თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გახდა კრედიტორისთვის უზრუნველყოფის საგნის საკუთრებაში გადაცემა. უდავოა, რომ კომპანიას ბანკიდან საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე (დანართი N7) აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ ხორციელდებოდა და მიუხედავად ბანკის მიერ არაერთი მოთხოვნისა, მათ შორის წერილობითი (დანართი N8) კომპანიის მიერ ვალდებულებების ვერ შესრულება გახდა სწორედაც, რომ უზრუნველყოფის საგნის ბანკის საკუთრებაში მიქცევის საფუძველი. გარდა ამისა, საბჭოს სხდომაზე საჩივრის ვერბალურად განხილვის ნაწილში, თავად საგადასახადო ორგანოს მიერ იყო დადასტურებული, რომ კომპანია ვერ ახორციელებდა საკრედიტო ვალდებულებების შესრულებას. შესაბამისად, ის რომ მოთხოვნა ვადამოსული იყო და საკრედიტო ვალდებულებების შესრულება ვერ ხორციელდებოდა კომპანიის მიერ დასტურდება საკრედიტო ხელშეკრულებითა და ამ კრედიტის ფარგლებში არსებული ვალდებულებების გადახდების ისტორიით, საბანკო ამონაწერებით, რაც შემოწმების პერიოდშივე იყო წარდგენილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის.
ასევე გაურკვეველია შემოსავლების სამსახურის მიერ უარის თქმის საფუძვლად იმ გარემოების მითითება, რომ კომპანიის და ბანკის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში არ იქნა ერთობლივი განცხადება წარდგენილი, ვინაიდან კომპანიის და ბანკის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილია ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობისა და უზრუნველყოფის საგნის კრედიტორისთვის გადაცემის თაობაზე, რაც თავისი შინაარსით სრულად შესაბამისობაშია სამოქალაქო კანონმდებლობასთან. აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა შეუძლებელია მიუთითოს ფაქტზე ან მტკიცებულებაზე მსგავსი განცხადების არსებობის ან სხვა მსგავს სამართლებრივ შემთხვევებში წარდგენის რაიმე სხვა განცხადების წარდგენის თაობაზე, გარდა ხელშეკრულებისა, რომელიც თავისი არსით თავად არის განცხადება ორი პირის მიერ, ვინაიდან საჯარო რეესტრში ორივე მხარის დადასტურების გარეშე არ განახორციელებს უძრავი ქონების რეგისტრაციას (შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით).
ზემოაღნიშნულის შესაბამისად, კატეგორიულად არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, მიგვაჩნია რომ დავის განმხილველმა ორგანომ არ შეისწავლა ფაქტები, მტკიცებულებები და აღნიშნულის გამოკვლევის გარეშე განახორციელა საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც ადმინისტრაციული აქტი ბათილია და გამოცემული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას.
ზემოაღნიშნულთან ერთად სადავო აქტების არამართლზომიერებაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ შემოსავლების სამსახური დავის საგნად გამოყოფს ისეთ საკითხს, რომელიც საგადასახადო შემოწმების აქტში საერთოდ არ არის ასახული და მსჯელობას ახორციელებს ისეთ ფაქტებზე, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია, და მხოლოდ დარიცხული თანხების პერიოდის მიხედვით იქნა ვარაუდი განხორციელებული რომ საგადასახადო მოთხოვნა მოიცავდა საგადასახადო აქტში ასახული სადავო ოპერაციის გარდა სხვა საკითხს, რომელიც კვლავ გაურკვეველი და ბუნდოვანია და აღნიშნული გარემოების ნაწილში განხორციელებული დარიცხვა სრულად ბათილია.
კერძოდ, საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული გარემოებებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდა მხოლოდ 2025 წლის 28 მაისის და 2025 წლის 17 დეკემბრის "იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" ხელშეკრულების საფუძელზე ბანკის მიერ ქონების დასაკუთრების ოპერაციაზე, თუმცა საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის ბრძანების დანართის, ამონაკრების, მიხედვით დღგ-ში ვალდებულებები დარიცხულია ასევე 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე, 60189 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც საგადასახადო აქტი არ შეიცავს არანაირ ფაქტობრივ და სამართლებრივ შეფასებას აღნიშნული ვალდებულების განსაზღვრის თაობაზე. შესაბამისად, სრულიად გაურკვეველია რა საფუძვლით განხორციელდა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა 2023 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდზე და აღნიშნული სრულად ექვემდებარება გაუქმებას, ვინაიდან სადავოდ გამხდარი ოპერაცია განხორციელებულია 2025 წლის მაისის და დეკემბრის საანგარიშო პერიოდებში, აღნიშნული ვერ გახდება 2023 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე ვალდებულების განსაზღვრის საფუძველი.
ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტები დაუსაბუთებელია, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების უგულვებელყოფით და ითხოვს სადავო აქტებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების სრულად გაუქმებას და დავის განხილვას კომპანიის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები არის დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით იბეგრება სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორისთვის საკუთრებაში გადაცემა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნისთვის საგადასახადო აგენტად განიხილება, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნისთვის − პირი (კრედიტორი), რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში საკუთრებაში იღებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საგანს (საქონელს).
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო აგენტი აწარმოებს დღგ-ის დარიცხვას, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საკუთრებაში მიღებული მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საბაზრო ფასზე, დღგ-ის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − დღგ-ის დარიცხვის ვალდებულება არ ეკისრება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს. ამასთანავე, მიიჩნევა, რომ ამ საქონელზე მან განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში, თუკი კრედიტორი (იპოთეკარი) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ მარეგისტრირებელ ორგანოს.
შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შპს „-------“ შეძენილი აქვს 4 440 097 ლარის ღირებულების საცხოვრებელი ბინები რეალიზებული აქვს შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებზე და კომპანიებზე, ხოლო დანარჩენი ფართები გადავიდა -------ბანკის საკუთრებაში 2025 წლის 17 დეკემბრის და 2025 წლის 28 მაისის „იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულების საფუძველზე, მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული ფართების გადაცემა გადამხდელს არ აქვს დღგ-ით დაბეგრილი.
მომჩივნის განმარტებით, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) კრედიტორისთვის საკუთრებაში გადაცემისას დღგ-ის გადახდის ვალდებულება ეკისრება კრედიტორს, ხოლო თუ კრედიტორი წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელ პირს, მას სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის (საქონლის) საკუთრებაში მიღებისას დღგ-ის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება და ითვლება, რომ ამ საქონელზე მან განახორციელა შესაბამისი ოდენობის დღგ-ის ჩათვლა. გაურკვეველია რას გულისხმობს შემოსავლების სამსახური როდესაც გადაწყვეტილებაში მიუთითებს გარემოებაზე რომ ვადამოსული მოთხოვნის არსებობის ფაქტი არ დგინდება, მაშინ როდესაც სადავოდ თავად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გახდა კრედიტორისთვის უზრუნველყოფის საგნის საკუთრებაში გადაცემა. უდავოა, რომ კომპანიას ბანკიდან საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე (დანართი N7) აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ ხორციელდებოდა და მიუხედავად ბანკის მიერ არაერთი მოთხოვნისა, მათ შორის წერილობითი (დანართი N8) კომპანიის მიერ ვალდებულებების ვერ შესრულება გახდა სწორედაც, რომ უზრუნველყოფის საგნის ბანკის საკუთრებაში მიქცევის საფუძველი. გარდა ამისა, საბჭოს სხდომაზე საჩივრის ვერბალურად განხილვის ნაწილში, თავად საგადასახადო ორგანოს მიერ იყო დადასტურებული რომ კომპანია ვერ ახორციელებდა საკრედიტო ვალდებულებების შესრულებას. შესაბამისად, ის რომ მოთხოვნა ვადამოსული იყო და საკრედიტო ვალდებულებების შესრულება ვერ ხორციელდებოდა კომპანიის მიერ დასტურდება საკრედიტო ხელშეკრულებითა და ამ კრედიტის ფარგლებში არსებული ვალდებულებების გადახდების ისტორიით, საბანკო ამონაწერებით, რაც შემოწმების პერიოდშივე იყო წარდგენილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის. ასევე გაურკვეველია შემოსავლების სამსახურის მიერ უარის თქმის საფუძვლად იმ გარემოების მითითება, რომ კომპანიის და ბანკის მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში არ იქნა ერთობლივი განცხადება წარდგენილი, ვინაიდან კომპანიის და ბანკის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილია ხელშეკრულება ვალდებულებების შეუსრულებლობისა და უზრუნველყოფის საგნის კრედიტორისთვის გადაცემის თაობაზე, რაც თავისი შინაარსით სრულად შესაბამისობაშია სამოქალაქო კანონმდებლობასთან. აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა შეუძლებელია მიუთითოს ფაქტზე ან მტკიცებულებაზე მსგავსი განცხადების არსებობის ან სხვა მსგავს სამართლებრივ შემთხვევებში წარდგენის რაიმე სხვა განცხადების წარდგენის თაობაზე, გარდა ხელშეკრულებისა, რომელიც თავისი არსით თავად არის განცხადება ორი პირის მიერ, ვინაიდან საჯარო რეესტრში ორივე მხარის დადასტურების გარეშე არ განახორციელებს უძრავი ქონების რეგისტრაციას (შესაბამისი კანონმდებლობის დაცვით). ზემოაღნიშნულის შესაბამისად, კატეგორიულად არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას, მიაჩნია რომ დავის განმხილველმა ორგანომ არ შეისწავლა ფაქტები, მტკიცებულებები და აღნიშნულის გამოკვლევის გარეშე განახორციელა საჩივარზე გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც ადმინისტრაციული აქტი ბათილია და გამოცემული გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიამ -------ბანკისაგან აიღო სესხი, საწარმო სესხის გადახდას ვერ უზრუნველყოფდა, სწორედ აღნიშნული გარემოების გამო, იპოთეკით დატვირთული ქონებები კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიისაგან გადავიდა -------ბანკის საკუთრებაში. მოიძიებს კლიენტს, შემდგომ ბანკის მიერ სესხის უზრუნველსაყოფად წაღებული ქონებიდან ერთ-ერთ ქონებას ყიდულობს ისევ ბანკისაგან და ასყიდებს აღნიშნულ კლიენტს. ბანკი თავად არ ჰყიდის ამ უძრავ ქონებებს სხვა პირებზე, ბანკს მხოლოდ 4 ბინა აქვს გაყიდული და ყველა ეს ბინა გაყიდულია ანუ დაბრუნებულია ისევ შპს -------.
სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 8.07.2026 წლის №24777-21-14 წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია სადავო დარიცხვის საფუძვლებზე და აღნიშნულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტიდან დაბრუნებული აქვს 437 071 ლარი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს სადავო საქმეზე წარმოდგენილ მასალებზე, მხარეთა არგუმენტებზე, ფაქტობრივ/სამართლებრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მომჩივნის არგუმენტების და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სადავო საკითხი მოითხოვს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს უნდა დაევალოს აღნიშნული საჩივრის, მომჩივნის არგუმენტების/წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით ხელახლა განხილვა.
ამასთან, საბჭო განმარტავს, რომ მომჩივნის არგუმენტი სადავო საგადასახადო შემოწმების აქტში არსებულ ტექნიკურ ხარვეზთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კომპანიის მიერ 2023 წლის დეკემბრის თვეში ფიზიკურ პირზე რეალიზებული საცხოვრებელი ფართის დეკლარაციაში აუსახველობას და შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ დღგ-ით დაბეგვრას, უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნული ტექნიკური ხარვეზი სადავო შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11863 ბრძანებაში არსებული ჩანაწერით გამოსწორებულია, ხოლო მომჩივანი არ დავობს (არგუმენტებს არ წარმოადგენს) სასაქონლო ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის არამართლზომიერების თაობაზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11863 ბრძანება;
3. საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად კრედიტორისთვის იპოთეკით დატვირთული ფართების გადაცემის დღგ-ით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს 51 საცხოვრებელი ფართი და 5 ავტოსადგომი. საცხოვრებელი ფართების ნაწილი რეალიზებული აქვს შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებზე და კომპანიებზე, ხოლო დანარჩენი ფართები მომჩივანისგან ბანკის საკუთრებაშია გადასული. შეთანხმების მიხედვით მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გადამხდელმა გადასცა კრედიტორს იპოთეკით დატვირთული ფართები. აღნიშნული ფართები გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი დამატებული ღირებულების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.05.2026 წლის №11863 ბრძანება; საჩივარი, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 161; 163; 164