გადაწყვეტილება №18218/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18218/2/2022
3.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "----------" (პას/ნ ----------)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "----------" 15.11.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18218/2/2022).
დავის საგანი:
საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 20.09.2022 წლის №EL184034 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 25.10.2022 წლის №26960 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 950 ლარი.
ფაქტების აღწერა
20.09.2022 წელს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შევიდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება ---------- სახელმწიფო ნომრით №----------, რომელსაც მართავდა ---------- მოქალაქე ----------.
საბაჟო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგინდა, რომ მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი იყო 3.06.2022 წელს ---------- მოქალაქე "----------"-ს მიერ და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 1.09.2022 წელი.
საბაჟო დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ იყო შესრულებული საბაჟო კონტროლის ზონაში/გაფორმების ორგანოში წარდგენის ვალდებულება და მისი გამოცხადების/დეკლარირების ვადა დარღვეული იყო 19 კალენდარული დღით.
აღნიშნულზე მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 20.09.2022 წლის №EL184034 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 950 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 25.10.2022 წლის №26960 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დასტურდება სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, რაც გამოიხატა მომჩივნის მიერ სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების და დეკლარირების ვადის დარღვევაში. ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევისათვის კი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ გამოცემული სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განმარტებით მისი მხრიდან ვადის დარღვევა გამოიწვია ავადმყოფობამ და ავტომობილის გაუმართაობამ. ითხოვს ჯარიმის გაუქმებას ან განახევრებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნახევრად მისაბმელის, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშამოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია), აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
მომჩივანი მიუთითებს, რომ მისი მხრიდან ვადის დარღვევა გამოიწვია ავადმყოფობამ და ავტომობილის გაუმართაობამ. ითხოვს ჯარიმის გაუქმებას ან განახევრებას.
საქმის მასალებით დგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილი იყო 3.06.2022 წელს მომჩივნის მიერ და აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადად განსაზღვრული იყო არა უგვიანეს 1.09.2022 წელი.
დადგენილია, რომ საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სადავო სატრანსპორტო საშუალება არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში და არ დაუტოვებია საქართველოს საბაჟო ტერიტორია. ამასთან მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტების დამადასტურებელ მტკიცებულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისათვის საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდება მართლზომიერია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.