გადაწყვეტილება №19956/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19956/2/2023
01 აგვისტო 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 13.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19956/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 5 მაისის №002-69 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ივნისის №13068 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 100 366 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 50 183
დღგ - 48 933
მოგების გადასახადი - (-20 006)
საშემოსავლო გადასახადი - 21 256
ჯარიმა - 50 183
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 სექტემბრის №23340, 18 ნოემბრის №29095 და 2023 წლის 28 მარტის №6112 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის 13 სექტემბრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 3 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 13 სექტემბერს. 2021 წლის 15 სექტემბერს გადამხდელსა (შემსრულებელი) და შპს „----------“ (დამკვეთი) შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საწარმომ აიღო ვალდებულება „დემონტაჟის ორგანიზების პროექტის“ და „დემონტაჟის სამუშაოების გეგმა-გრაფიკის“ მიხედვით განეხორციელებინა დამკვეთის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ---------- ს/კ ----------), შენობის N(----------) სრული დემონტაჟი სარდაფის ჩათვლით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენს, ერთის მხრივ, დამკვეთისთვის შენობა-ნაგებობის დემონტაჟის მომსახურების გაწევა, ხოლო, მეორეს მხრივ, კომპანიისათვის - ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სანაცვლოდ დემონტაჟის შედეგად ამონაგები მასალა. შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ შემსრულებელს გადაეცემოდა შენობიდან დარჩენილი ნარჩენები რკინა და სხვადასხვა სახეობის ჯართი, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა სხვადასხვა იურიდიულ პირზე.
2022 წლის 10 დეკემბრის შეთანხმებით, ვინაიდან საწარმომ უზრუნველყო დემონტაჟის სამუშაოების მხოლოდ ნაწილის შესრულება და დაარღვია მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა, შეწყდა მომსახურების ხელშეკრულება და კომპანიას დაეკისრა დამკვეთისთვის ზიანის, პირგასამტეხლოს და ჯარიმის ანაზღაურება 100 000 ლარის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის, მე-16, მე-14 და 159-ე მუხლების ასევე, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დამკვეთის მიერ კომპანიისთვის სამშენებლო მასალის მიწოდება და მეორეს მხრივ, საწარმოს მიერ მომსახურების გაწევა განხილულ იქნა ერთიან გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციად, რომლის ფარგლებშიც, ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, სამშენებლო მასალების (მ.შ. ჯართის) სანაცვლოდ, კომპანიის მიერ ხორციელდება დემონტაჟის მომსახურების გაწევა.
ვინაიდან ბარტერულ ოპერაციასთან დაკავშირებით მომსახურების დამკვეთის მიერ გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დემონტაჟის შედეგად ამოღებულ საქონელზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე და 175-ე მუხლების მიხედვით, საწარმოს შემოწმების შედეგად გაეზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დამკვეთისთვის დემონტაჟის მომსახურების გაწევის შედეგად განსაზღვრული ღირებულებით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს 2022 წლის აპრილში დეკლარირებული აქვს გაცემული დივიდენდი საშემოსავლო გადასახადით. ამავე პერიოდის მოგების დეკლარაციაში დაბეგრილია მოგების გადასახადით განაწილებული დივიდენდი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2022 წლის აპრილში დირექტორის ანგარიშზე დანიშნულებით - „დივიდენდი“ გადარიცხულია 107 700 ლარი. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე12 ნაწილის მიხედვით, შემოწმების პროცესში განხორციელებული ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ კომპანიას არ ჰქონდა ფინანსური მოგება, რათა მომხდარიყო დივიდენდის გაცემა დამფუძნებლებისთვის, ამასთან თანხა გადარიცხულია დირექტორზე, რომელიც არ წარმოადგენს საწარმოს დამფუძნებელს, დეკლარირებული მოგების გადასახადი და დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ბანკიდან გადარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 5 მაისის №9979 ბრძანება და ამავე თარიღის №002-69 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.06.2023 წლის №13068 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება გადასახადის ტოლი ჯარიმის თანხის დარიცხვას, ვინაიდან აღნიშნული ჯარიმა გამოწვეულია ისეთი ტიპის დარიცხვით, როგორიცაა მოგების გადასახადის და დივიდენდის ნაცვლად, განაცემის ხელფასად დაკვალიფიცირება.
რეალურად აუდიტორის მიერ მოხდა გადასახადის სახეობის ცვლილება. მოგების გადასახადის ნაცვლად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც ასევე აუდიტორმა დაარიცხა 50% ჯარიმა, თუმცა რეალურად იმ პერიოდში კომპანიას დაბეგრილი ქონდა აღნიშნული განაცემი მოგების გადასახადით და საშემოსავლო გადასახადით (5%). რაც შეეხება დღგ-ს ნაწილში ჯარიმის დარიცხვას ეს არის პერიოდის ცვლილებით გამოწვეული ჯარიმები.
ითხოვს ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებას და დარიცხული ჯარიმის მოხსნას. ამასთან მიაჩნია, რომ კომპანია წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს. იმ შემთხვევაში თუ მიჩნეულ იქნება რომ დარიცხვა განხორციელებულია საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, სსკ 269-ე მუხლის 7 ნაწილის ითხოვს განთავისუფლდეს ორგანიზაცია დარიცხული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო მოთხოვნაში ასახული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 13 სექტემბერს. 2021 წლის 15 სექტემბერს გადამხდელსა (შემსრულებელი) და დამკვეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საწარმომ აიღო ვალდებულება „დემონტაჟის ორგანიზების პროექტის“ და „დემონტაჟის სამუშაოების გეგმა-გრაფიკის“ მიხედვით განეხორციელებინა დამკვეთის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სრული დემონტაჟი სარდაფის ჩათვლით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენს, ერთის მხრივ, დამკვეთისთვის შენობა-ნაგებობის დემონტაჟის მომსახურების გაწევა, ხოლო, მეორეს მხრივ, კომპანიისათვის - ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სანაცვლოდ დემონტაჟის შედეგად ამონაგები მასალა. შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ შემსრულებელს გადაეცემოდა შენობიდან დარჩენილი ნარჩენები რკინა და სხვადასხვა სახეობის ჯართი, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდა სხვადასხვა იურიდიულ პირზე. 2022 წლის 10 დეკემბრის შეთანხმებით, ვინაიდან საწარმომ უზრუნველყო დემონტაჟის სამუშაოების მხოლოდ ნაწილის შესრულება და დაარღვია მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა, შეწყდა მომსახურების ხელშეკრულება და კომპანიას დაეკისრა დამკვეთისთვის ზიანის, პირგასამტეხლოს და ჯარიმის ანაზღაურება 100 000 ლარის ოდენობით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ 2022 წლის აპრილში დირექტორის ანგარიშზე დანიშნულებით - „დივიდენდი“ გადარიცხულია 107 700 ლარი. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე12 ნაწილის მიხედვით, შემოწმების პროცესში განხორციელებული ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ კომპანიას არ ჰქონდა ფინანსური მოგება, რათა მომხდარიყო დივიდენდის გაცემა დამფუძნებლებისთვის, ამასთან თანხა გადარიცხულია დირექტორზე, რომელიც არ წარმოადგენს საწარმოს დამფუძნებელს, დეკლარირებული მოგების გადასახადი და დივიდენდის საშემოსავლო გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას. ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ბანკიდან გადარიცხული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად.
გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საფუძველი არ არსებობს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 159; 154; 164; 175; 275.