გადაწყვეტილება №25168/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 16.06.2025
№ დოკუმენტი 25168/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25168/2/2025

16 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----- (ს/ნ -----)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 06.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 12.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 25168/2/2025).

 

დავის საგანი:

დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 3.04.2025 წლის N CB1742609 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 30.04.2025 წლის N 8175 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 200 ლარი.

 

ფაქტების აღწერა:

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნების (დაქირავებული თანამშრომელი არ იყო ასახული დაქირავებულ პირთა რეესტრში) დარღვევისთვის, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 03.04.2025 წლის N CB1742609 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.04.2025 წლის N 8175 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ „გ“ ქვეპუნქტებით, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 2885 მუხლით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ბრძანების 112 მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 994 მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების 3719 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით და განმარტავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე ან 270-ე მუხლების მე-7 ნაწილების გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

აღნიშნული სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით. ითხოვს ფულადი ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას ან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე დაყრდნობით, ჯარიმის პატიებას.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით; შეასრულოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი სხვა ვალდებულებები.

საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის მიხედვით, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამ მუხლით გათვალისწინებული დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია დამქირავებელმა უნდა ასახოს დაქირავებულ პირთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 994 ბრძანების დამტკიცებული ინსტრუქციის 3719 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების თანახმად:

1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის შესაბამისად, ზოგადი ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლით განსაზღვრულ „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა.

5. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას, თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის N 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

2. დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.

საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის მიხედვით, პირის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრში დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაქირავებულ პირზე 200 ლარის ოდენობით.

მომჩივანი არ უარყოფს სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მიუთითებს, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც გამოწვეულია შეცდომა/არცოდნით და ითხოვს ფულადი ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას ან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე დაყრდნობით, ჯარიმის პატიებას.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.05.2025 წლის N -----21-12 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (ქ. თბილისი, ----- ქ. N --) განხორციელდა დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, რა დროსაც გამოვლინდა, რომ მომჩივნის მიერ დარღვეულ იქნა საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს არ ყავდა აღრიცხული დაქირავებით მომუშავე ერთი პირი (----- პ/ნ -----), რაც საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა მომჩივნისთვის წარმოადგენს პირველ შემთხვევას.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივნისთვის აღნიშნული სამართალდარღვევა წარმოადგენს პირველ შემთხვევას, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 30.04.2025 წლის N 8175 ბრძანება;

3. ნაწილობრივ გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 03.04.2025 წლის N CB1742609 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

4. მომჩივანს, საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, შეეფარდოს გაფრთხილება;

5. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე განხორციელდა დაქირავებულ პირთა რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ ყავდა აღრიცხული დაქირავებით მომუშავე ერთი პირი და აღნიშნულის შესაბამისად პირი დაჯარიმდა 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა მომჩივნისთვის წარმოადგენს პირველ შემთხვევას. საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო კოდექსის 2885 მუხლით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის ნაცვლად, უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 270; 2885;.