გადაწყვეტილება №23407/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 23407/2/2024
31 ოქტომბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 1.07.2024 და 5.09.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №23407/2/2024; №23873/2/2024).
დავის საგანი:
1. კომპანიის მიერ ფერწერული ტილოების/ნახატების შეძენისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა; 2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №9257 ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 22.04.2024 წლის №081-77 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 13.06.2024 წლის №13930 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 123 592,54 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 66 335
დღგ - 4 159
მოგების გადასახადი - 62 176
ჯარიმა - 33 168
საურავი - 24 089,54
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა გარკვეული ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვადასხვა ტიპის საქონლის მიწოდება ტენდერების ფარგლებში. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში მოგებული აქვს რამდენიმე სახელმწიფო ტენდერი, ძირითადი კონტრაქტორია ------- სამინისტრო.
აუდიტის დეპარტამენტის 14.02.2024 წლის №3107 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება.
საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 29.03.2024 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 22.04.2024 წლის №9257 ბრძანება და ამავე თარიღის №081-77 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები 2024 წლის 3 და 28 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.06.2024 წლის №13930 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. კომპანიის მიერ ფერწერული ტილოების/ნახატების შეძენისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა
დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს საბუღალტრო მონაცემების შესწავლისას დადგინდა, რომ კომპანიას ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენილი ჰქონდა ფერწერული ტილოები/ნახატები ფიზიკური პირი გივი აღაპიშვილისგან. აღნიშნული ნახატების ნაწილზე წარდგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო თანხის ძირითადი ნაწილი გადახდილი იყო ავანსად მხატვრული ნამუშევრების შემდგომი მიწოდების მიზნით. ფაქტობრივი გარემოებების, კომპანიის საქმიანობის და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ზემოხსენებული ოპერაცია დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილია, რომ საწარმოს ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენილი ჰქონდა ფერწერული ტილოები/ნახატები ფიზიკური პირის, -------------. აღნიშნული ნახატების ნაწილზე წარდგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო თანხის ძირითადი ნაწილი გადახდილი იყო ავანსად მხატვრული ნამუშევრების შემდგომი მოწოდების მიზნით. შემოწმებით, აღნიშნული ოპერაციები, ფაქტობრივი გარემოების, კომპანიის საქმიანობის და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი რაიმე არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ მხატვარ ---------- გადახდილი თანხები, წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯს და მისი მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა, იგი აქტიურად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში, სხვადასხვა ფესტივალებსა და გამოფენებზე, რათა ორიენტირებულია მაღალი ხარისხის, მომსახურების მიწოდებაზე და სამუშაო ადგილების შექმნაზე.
საწარმო დაფუძნებულია 2017 წლის ოქტომბერში და დღემდე ათეულობით ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, ამასთან როგორც ყველა დამკვეთი განსხვავდება ასევე ხელშეკრულებები და გასაწევი მომსახურების შინაარსიც ინდივიდუალური და მრავალფეროვანია, აღნიშნულით მომჩივანი ხაზს უსვამს, რომ აუდიტორის მხრიდან აქტში არასწორად არის მითითებულ კომპანიის საქმიანობის აღწერა.
აუდიტორს სურს, მხოლოდ გარკვეული სეგმენტის მომსახურების გამწევად და კონკრეტულად ერთგვაროვანი საქონლის/ნედლეულის მიმწოდებლად წარმოაჩინოს კომპანიის საქმიანობა, რასაც არ ეთანხმება და დასტურად დანართის სახით წარმოადგენს, დადებული და შესრულებული ხელშეკრულებების რეესტრს.
გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში, არ არის აღნიშნული შემოწმების მეთოდი, ასევე აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაცია ოპერაციის კვალიფიცირების საფუძვლის შესახებ. მომჩივნისთვის გაურკვეველია, რის საფუძველზე მოხდა ოპერაციის კვალიფიცირება და განმარტავს, რომ:
„1. საგადასახადო ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა ხორციელდება ორი სავალდებულო საფეხურის გავლით:
ა) პირველი საფეხური - საფუძვლის დადგენა;
ბ) მეორე საფეხური - მეთოდის შერჩევა-გამოყენება.
2. საფეხურების გავლის მიზანია, რომ პირის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრისას, აუდიტორის ქმედებები იყოს თანმიმდევრული და დასაბუთებული“.
მომჩივანი თვლის, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით არაპირდაპირი მეთოდის საფუძველი არ იდენტიფიცირდება.
საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საერთაშორისო სტანდარტებით, სააღრიცხვო პროგრამა ორისში ხდება საწარმოს პროცესების ეტაპობრივი აღრიცხვა, თითოეული პროექტის შექმნა სახეობების მიხედვით, ზედნადების გამოწერა და პროდუქციის გადაწერა მომხმარებლებზე. მაღალი კონკურენციის პირობებში პროდუქციის გაიაფების მიზნით საწარმო, რიგ შემთხვევებში თავად ახდენს ნედლეულის/საქონლის იმპორტს და ტრანსპორტირება/მიწოდებას საქართველოს მასშტაბით, რაც დეტალურადაა თითოეული ოპერაციის დონეზე საბუღალტრო პროგრამაში ასახული. აქედან გამომდინარე, შემმოწმებლებს არანაირი არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების და ოპერაციის შინაარსის დაკვალიფიცირების სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდათ.
მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით შემმოწმებლებმა დარიცხვა განახორციელეს აქტივის/საქონლის ნაშთზე, აღნიშნული აქტივი/საქონელი შემმოწმებლებმა განიხილეს ეკონომიკურ საქმიანობასთან არადაკავშირებულად, შესაბამისად აღნიშნულ აქტივში/საქონელში, გადახდილი თანხა დააკვალიფიცირეს ეკონომიკურ საქმიანობასთან არადაკავშირებულ ხარჯად და დაბეგრეს მოგების გადასახადით, რასაც მომჩივანი არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ შემმოწმებლების მხრიდან აღნიშნული მიდგომა მას ართმევს კანონიერ უფლებას შეიძინოს აქტივი მოგების მიღების მიზნით, რაც მომჩივნის აზრით ყოველგვარ სამართლებრივ არგუმენტს მოკლებულია.
კომპანიის ეკონომიკური საქმიანობის სახეს წარმოადგენს: არასპეციალიზებული საბითუმო ვაჭრობა - მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-9 და მე-13 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ შეძენილი ფერწერული ტილოები, არის აქტივი/საქონელი ვინაიდან ტილოები განკუთვნილია შემდგომი რეალიზაციისთვის.
ზემოთ აღნიშნული ფერწერული ტილოები შესრულებულია საერთაშორისოდ აღიარებული მხატვრის, ---------- მიერ. მის ნაწარმოებებზე დიდი მოთხოვნა არსებობს. კომპანიასა და აღნიშნულ პირს შორის არსებობს შეთანხმება გარკვეული რაოდენობის ნახატების შექმნის შემდეგ მოხდეს შეძენილი ნახატების გამოფენა -გაყიდვის ორგანიზება. ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიას უწევს ნაწარმოებების ეტაპობრივად შეძენა, (რასაც ადასტურებს საჩივარზე თანდართული მიღება-ჩაბარებები, მათ შორის 12.06.2024 წლის მიღება-ჩაბარება) მომჩივანი აღნიშნავს, რომ გივი აღაპიშვილის ნაწარმოებები რთულად ხელმისაწვდომია (წლები უნდა ჩადგე რიგში ნაწარმოების შესაძენად, ფასიც შესაბამისია). ნაწარმოების შეძენა ხდება ეტაპობრივად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, აღნიშნულს აუდიტორიც დაადასტურებს, ვინაიდან მისი მხრიდან მოხდა მხატვართან დაკავშირება და ინფორმაციის დაზუსტება წარდგენილი ხელშეკრულებების ნაკისრი ვალდებულების ნამდვილობასთან დაკავშირებით.
ასევე აღნიშნული აქტივი/საქონელი (ნახატები), არის სპეციფიურად შესანახი/მოსავლელი აქტივი, რომელიც მიბარება/მოვლის უფლებით მინდობილია ხელშეკრულებით სპეციალისტ „---------- (პ/ნ ----------)“-ზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ხელშეკრულება არსებობდა შემოწმების პერიოდში, რომლითაც დასტურდება, რომ აქტივი/საქონელი (ნახატები) მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პიროვნება განსაზღვრულია, ასევე აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე განსაზღვრულია საწყობი, სადაც ინახება აქტივი/საქონელი (ნახატები).
შემოწმების აქტში მითითებულია, რომ „ყველა ფაქტობრივი გარემოების, კომპანიის საქმიანობის, ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით ზემოაღნიშნული ოპერაცია საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ზემოაღნიშნული გადახდები დააკვალიფიცირა ხარჯად“, ასევე აღნიშნავს, რომ აუდიტორი აპელირებს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე.
მომჩივნის თქმით, შემმოწმებელი არ აღნიშნავს, რომ საწარმოს ბანკიდან აღებული აქვს სესხი მისი მიმდინარე და ახალი მიმართულების გაფართოების მიზნით და სესხად აღებულ თანხა, რომელიც საქონელში/აქტივში აქვს გადახდილი იბეგრება მოგების გადასახადით. ლოგიკურია თუ კომპანიას ექნებოდა ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რომ საკუთარი თანხებით გაწვდებოდა ახალი მიმართულების წამოწყებას თავისთავად არ აიღებდა სესხს, მაგრამ უჩნდება კითხვა: „საწარმომ რომელსაც აღებული აქვს სესხი, წამოიწყო ახალი პარალელური საქმიანობა და შეიძინა აქტივი/საქონელი, მოგების გადასახადით იბეგრება?“ ასეთი არის პრაქტიკა?
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ფიქრობს, რომ აუდიტორების მხრიდან არ მომხდარა საქმის ზოგადი შესწავლაც კი, რამაც გამოიწვია ოპერაციის არასწორად კვალიფიცირება და გადასახადების არასწორად დარიცხვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას და პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების, შემცირების განხორციელებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საგადასახადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ამ საქმიანობის შედეგისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურს სადავო ბრძანებაში არ მიუთითებია საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული სამართლებრივი არგუმენტებისგან განსხვავებული არგუმენტები, ასევე რატომ არ მიიჩნია საჩივარზე დართული დოკუმენტები წარდგენილად, შესაბამისად, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ არც კი უნახავთ დანართები, რომ შეეფასებინათ. აუდიტორის მხრიდან აქტში არასწორად არის მითითებულ კომპანიის საქმიანობის აღწერა. აუდიტორს სურს, მხოლოდ გარკვეული სეგმენტის მომსახურების გამწევად და კონკრეტულად ერთგვაროვანი საქონლის/ნედლეულის მიმწოდებლად წარმოაჩინოს კომპანიის საქმიანობა, რასაც არ ეთანხმება და დასტურად დანართის სახით წარმოადგენს, დადებული და შესრულებული ხელშეკრულებების რეესტრს. საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საერთაშორისო სტანდარტებით, სააღრიცხვო პროგრამა ორისში ხდება საწარმოს პროცესების ეტაპობრივი აღრიცხვა, თითოეული პროექტის შექმნა სახეობების მიხედვით, ზედნადების გამოწერა და პროდუქციის გადაწერა მომხმარებლებზე. მომჩივანი თვლის, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით არაპირდაპირი მეთოდის საფუძველი არ იდენტიფიცირდება. აქტში არ არის მითითებული შემოწმების მეთოდი. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-9 და მე-13 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ შეძენილი ფერწერული ტილოები, არის აქტივი/საქონელი ვინაიდან ტილოები განკუთვნილია შემდგომი რეალიზაციისთვის. კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის არსებობს შეთანხმება გარკვეული რაოდენობის ნახატების შექმნის შემდეგ მოხდეს შეძენილი ნახატების გამოფენა - გაყიდვის ორგანიზება. ასევე აღნიშნული აქტივი/საქონელი (ნახატები), არის სპეციფიურად შესანახი/მოსავლელი აქტივი, რომელიც მიბარება/მოვლის უფლებით მინდობილია ხელშეკრულებით სპეციალისტზე. მომჩივნის თქმით, შემმოწმებელი არ აღნიშნავს, რომ საწარმოს ბანკიდან აღებული აქვს სესხი მისი მიმდინარე და ახალი მიმართულების გაფართოების მიზნით. ლოგიკურია თუ კომპანიას ექნებოდა ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რომ საკუთარი თანხებით გაწვდებოდა ახალი მიმართულების წამოწყებას თავისთავად არ აიღებდა სესხს, მაგრამ უჩნდება კითხვა: „საწარმომ რომელსაც აღებული აქვს სესხი, წამოიწყო ახალი პარალელური საქმიანობა და შეიძინა აქტივი/საქონელი, მოგების გადასახადით იბეგრება?“
საჩივრებს ახლავს 30.01.2022 წლის ნარდობის ხელშეკრულება (შპს ------- წარმომადგენელს კომერციულ დირექტორს --------- და ფიზიკურ პირ -------შორის), 1.07.2021 წლის ნასყიდობის ხელშეკრულება (შპს --------- წარმომადგენელს კომერციულ დირექტორს ---------- და ფიზიკურ პირ--------შორის), 30.12.2021 წლის მიბარების ხელშეკრულება (შპს ---------- წარმომადგენელს გენერალურ დირექტორს --------- და --------- შორის), 30.12.2021 და 12.06.2024 წლის მიღება-ჩაბარების აქტები (ფიზიკურ პირ --------- და შპს --------- დირექტორს ---------- შორის). ასევე ახლავს, მომსახურების დეპარტამენტის 23.07.2024 წლის №---------- წერილი, რომლის მიხედვით:
„წარმოდგენილი წერილით დგინდება, რომ საწარმოს შეძენილი აქვს ხელოვნების ნიმუშები და გეგმავს მათ რეალიზაციას. განსახილველი საკითხია: გადამხდელის საინფორმაციო ბარათზე, საქმიანობის სახეებში, დამატებით საქმიანობად რა კოდი უნდა იქნეს მითითებული.
გადასახადის გადამხდელი, თავად განსაზღვრავს თუ რომელი საქმიანობა წარმოადგენს ძირითად საქმიანობას მისი მიზნებიდან გამომდინარე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ საინფორმაციო ბარათში უნდა მიეთითოს როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი საქმიანობის სახე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების შესაბამისად. რაც შეეხება, საქმიანობის კოდის განსაზღვრას, აღნიშნული მიზნისთვის გასათვალისწინებელია განხორციელებული/განსახორციელებელი საქმიანობის შინაარსი და ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, საქმიანობის კლასიფიცირების და საქმიანობის შესაბამისი კოდის იდენტიფიცირების მიზნით დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (www.geostat.ge)“.
ასევე წარმოდგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 13.08.2024 წლის №-------- წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ ყოველგვარი კონკრეტული სპეციალიზაციის გარეშე, სხვადასხვა საქონლით, რომელთა შორის შესაძლოა ფერწერული ნახატრებიც ფიგურირებდეს, საბითუმო ვაჭრობას, ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს ეოვნული კლასიფიკატორის (სეკ -------) მიხედვით, შეესაბამება საქმიანობის კოდი 46.90.0.
მომჩივნის არგუმენტებზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანიის მიერ შესამოწმებელ პერიოდში ბრუნვა დაახლოებით დაფიქსირდა 3 მილიონდან 4 მილიონამდე, საიდანაც ძირითადი თანხა, 2 800 000 ლარი, მიღებულია შსს-თან გაფორმებული ხელშეკრულებით (ტენდერი). კომპანიას ჰყავს მხოლოდ ორი თანამშრომელი დირექტორი და ბუღალტერი, კომპანია ძირითადად იგებდა ტენდერებს, შემოჰქონდა საქონელი და აწვდიდა კლიენტს. ამასთან, შემოწმებისას ყურადღება გამახვილდა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე და გამოვლინდა, რომ კომპანიის ძირითადი საქმიანობიდან მიღებული ფინანსური მოგება არის დაახლოებით იგივე თანხა რაც გადახდილია ფერწერული ტილოების შესაძენად. კომპანიის მიერ შეძენილი და ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილია 80 000 ლარი, ხოლო 290 000 ლარი გადახდილია ავანსის სახით. ამასთან, სატელეფონო საუბრისას მეორე მხარემ (-----------) დაადასტურა აღნიშნული ოპერაციის განხორციელების და თანხის მიღების ფაქტი, თუმცა აღსანიშნია, რომ მას არ აქვს დაბეგრილი მიღებული შემოსავალი. კომპანიის დაფუძნებელია ერთი ფიზიკური პირი, რომელსაც გარდა კომპანიისგან მოღებული შემოსავლისა (დაახლოებით 40 000 ლარი), სხვა შემოსავალი არ უფიქსრიდება, დამფუძნებელს შეეძლო გაეტანა კომპანიიდან მოგება, თუმცა ეს თანხები გადახდილია ფერწერულ ტილოებში. საჩივარს ახლავს დოკუმენტი, რომ აღნიშნულ ტილოებს სჭირდება შესაბამისი პირობები შესანახად, განლაგებულია კონკრეტულ ფართში და მიბარებულია ფინანსური დირექტორისთვის, რომელსაც მომავალში გადაუხდიან იჯარის თანხას. საჯარო რეესტრის ამონაწერიდან დასტურდება, რომ აღნიშნული ფართის (ს.კ ---------) მესაკუთრე არის სს ------ ბანკი. ამდენად, განხორციელებული ოპერაცია დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გამოიკვლიოს კომპანიის მიერ განხორციელებული სადავო ოპერაციის რეალურობა, გამოითხოვოს ინფორმაცია მხარეებისგან, მათ შორის, იმ ფართის მფლობელისგან, სადაც განლაგებული და შენახულია შეძენილი ფერწერული ტილოები და მიღებული ინფორმაციის შედეგად, თუ დადასტურდება, რომ ოპერაცია რელურად განხორციელდა, ფერწერული ტილოები შეძენილია, თანხა გადახდილია და ეჭვგარეშეა, რომ უკავშირდება კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას, აუდიტის დეპარტამენტმა განხორციელებული ოპერაცია - ფერწერული ტილოების შეძენა განიხილოს კომპანიის საინვესტიციო ქონებად.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება
დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების შედეგად მომჩივანს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაეკისრა ჯარიმა 33 168 ლარი (მათ შორის მოგების გადასახადში 31 088 ლარი, დღგ-ში 2 088 ლარი). ასევე, დაეკისრა საურავი აუდიტის დეპარტამენტის 9.07.2024 წლის №007-175 საგადასახადო მოთხოვნით 98 418.35 ლარი.
მომჩივანი მიუთითებს, შემოწმების აქტში ასახულ მე-2 საკითხზე და ამ ნაწილში ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
კომპანიას ჩათვლილი აქვს შპს ---------- მიერ გამოწერილი ავანსის ანგარიშ-ფაქტურა 4 159 ლარის ოდენობით, ამავე ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად კომპანიას მიღებული და ჩათვლილი აქვს ძირითადი ანგარიშ-ფაქტურაც, თუმცა ავანსის შემცირება არ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა 2023 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის ჩასათვლელი თანხების ოდენობა. შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 269- ე მუხლის მე-7 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის დაფუძნებიდან 2017 წლის ოქტომბერში, დღემდე აქტიურად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში, სხვადასხვა ფესტივალებსა და გამოფენებზე, რათა ორიენტირებულია მაღალი ევროპული ხარისხის, მომსახურების მიწოდებაზე და სამუშაო ადგილების შექმნაზე, დაარსების დღიდან დღემდე ბიუჯეტში დარიცხული და გადახდილი გადასახადი უფიქსირდება 1 000 000 ლარამდე, ასევე არაერთი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი აქვს წარმატებით შესრულებული, რომელიც საზოგადოებას აძლევს საშუალებას დააგროვოს გამოცდილება/რეპუტაცია და უფრო დიდი პროექტები შეასრულოს, შესაბამისად დიდი წვლილი მიიღოს სახელმწიფოს განვითარებაში.
ასევე, საწარმო ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს საერთაშორისო სტანდარტებით სააღრიცხვო პროგრამა ორისში, სადაც ხდება საწარმოს პროცესების ეტაპობრივი აღრიცხვა, თითოეული პროექტის შექმნა სახეობების მიხედვით, საიდანაც ხდება ზედნადების გამოწერა და პროდუქციის გადაწერა, მომხმარებლებზე. მაღალი კონკურენციის პირობებში პროდუქციის გაიაფების მიზნით, საწარმო რიგ შემთხვევებში თავად ახდენს ნედლეულის/საქონლის იმპორტს და ტრანსპორტირება/მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.
აღნიშნულიდან გამომდინარე საწარმო, არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი იმიჯს მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს, გადასახადისგან თავის არიდების არანაირი სურვილი, განზრახვა და მოტივაცია არ ჰქონია და აღნიშნული ფაქტი გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ შეცდომით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით, არცოდნით ზემოთ მითითებული გარემოებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ რაიმე სახის წინასწარ განზრახვას ადგილი არ ჰქონია, დავის განმხილველი ორგანოს სთხოვს უფლებამოსილების ფარგლებში იხელმძღვანელოს მითითებული მუხლით კომპანიის მიმართ სანქციის გადახდისაგან გათავისუფლების ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას.
ასე, მითითებულ საკითხთან, შემოწმების აქტში ასახულ მე-2 საკითხთან, დაკავშირებით შემოწმების მხრიდან დარიცხვას ეთანხმება და ითხოვს სანქციისგან განთავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით:
1. საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
2. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადი გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო იზიარებს შემოსავლების სამსახურის პოზიციას სადავო საკითხთან მიმართებით და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.
მგვარად, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.06.2024 წლის №13930 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პირველი დავის საგნის ნაწილში იხელმძღვანელოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. კომპანიის მიერ ფერწერული ტილოების/ნახატების შეძენისთვის გადახდილი თანხის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგინდა, რომ კომპანიას ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენილი ჰქონდა ფერწერული ტილოები/ნახატები ფიზიკური პირისგან. აღნიშნული ნახატების ნაწილზე წარდგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო თანხის ძირითადი ნაწილი გადახდილი იყო ავანსად მხატვრული ნამუშევრების შემდგომი მიწოდების მიზნით. ფაქტობრივი გარემოებების, კომპანიის საქმიანობის და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ზემოხსენებული ოპერაცია დაკვალიფიცირდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
კომპანიას ჩათვლილი აქვს შპს-ს ს მიერ გამოწერილი ავანსის ანგარიშ-ფაქტურა. ამავე ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად კომპანიას მიღებული და ჩათვლილი აქვს ძირითადი ანგარიშ-ფაქტურაც, თუმცა ავანსის შემცირება არ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა 2023 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდის ჩასათვლელი თანხების ოდენობა. შესაბამისად, კომპანიას დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);97(1);982(1);9(13);272(2);275(2,21;22);