გადაწყვეტილება №24449/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24449/2/2024
26 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- ის (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 15.12.2024. 30.12.2024 და 29.01.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №24449/2/2024; 24547/2/2024; 24664/2/2025).
დავის საგანი:
1. დაუბეგრავი საგადახადო ანგარიშ-ფაქტურების დაბეგვრა;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის №007-24 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23870 ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურის 13.12.2024 წლის №26339 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
25 248.78 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 24 783.74
საურავი - 465.04
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 25.09.2024 წელს გამოიცა №007-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 30.10.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.11.2024 წლის №23870 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს მიერ საჩივარზე მიღებულია 5.12.2024 წლის №24306/2/2024 (რეგ. 24.12.2024წ. 03/94476) გადაწყვეტილება, საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე.
მომჩივანმა 13.12.2024 წელს კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს საჩივრით, რომლის 13.12.2024 წლის №26339 ბრძანებით, საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი. შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23870 და 13.12.2024 წლის №26339 ბრძანებები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დაუბეგრავი საგადახადო ანგარიშ-ფაქტურების დაბეგვრა ფაქტების აღწერა
2024 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში მომჩივნის მიერ გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის შესწავლის შედეგად დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა - 24 783.74 ლარის დღგ-ის დასაბეგრი თანხა. ყველა ელ. ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადები იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა დღგ, რაზეც 25.09.2024 წელს გამოიცა №007-24 საგადასახადო მოთხოვნა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრებით (მათ შორის 29.01.2025 წელს წარმოდგენილი 24664/2/2025 საჩივრით) ითხოვს დარიცხვის გადავადებას მიღება-ჩაბარების კორექტირებამდე და გასაჩივრებულ დოკუმენტებში მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის №007-24 საგადასახადო მოთხოვნას და შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23870 ბრძანებას.
საქმის მასალებით დგინდება, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის №007-24 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23870 ბრძანება 20.11.2024 წელს გასაჩივრდა (საჩივარი №24309/2/2024) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს მიერ საჩივარზე მიღებულია 5.12.2024 წლის №24306/2/2024 (რეგ. 24.12.2024წ. 03/94476) გადაწყვეტილება, საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე. ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის ამ ნაწილში განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება
არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის №007-24 საგადასახადო მოთხოვნა 30.10.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 8.11.2024 წლის №23870 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა 13.12.2024 წელს კვლავ მიმართა საჩივრით შემოსავლების სამსახურს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის №007-24 საგადასახადო მოთხოვნაზე, რაც შემოსავლების სამსახურის 13.12.2024 წლის №26339 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ 30.10.2024 წელს გადამხდელმა საჩივარი (№92604/1/2024) წარადგინა შემოსავლების სამსახურში 25.09.2024 წლის №007-24 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაზეც გამოცემულ იქნა შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23870 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს დარიცხვის გადავადებას მიღება-ჩაბარების კორექტირებამდე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მომჩივანი წარმოდგენილი საჩივრებით ითხოვს დარიცხვის გადავადებას მიღება-ჩაბარების კორექტირებამდე და გასაჩივრებულ დოკუმენტებში მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის №007-24 საგადასახადო მოთხოვნას და შემოსავლების სამსახურის 13.12.2024 წლის №26339 ბრძანებას. აღსანიშნავია, რომ მომჩივანმა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.09.2024 წლის №007-24 საგადასახადო მოთხოვნაზე საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარადგინა 30.10.2024 წელს (№92604/1/2024), რაზეც მიღებულია შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23870 ბრძანება. ხსენებულ საგადასახადო მოთხოვნაზე მომჩივანმა კვლავ მიმართა საჩივრით შემოსავლების სამსახურს 13.12.2024 წელს (№93303/1/2024).
აღნიშნულიდან გამომდინარე და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი არგუმენტს შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განუხილველად დატოვებაზე არ წარმოადგენს და მომჩივანმა 13.12.2024 წელს იგივე სადავო აქტზე მიმართა შემოსავლების სამსახურს, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის, 13.12.2024 წლის №26339 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველად დატოვება მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23870 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში დარჩეს განუხილველი;
2. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დაუბეგრავი საგადახადო ანგარიშ-ფაქტურების დაბეგვრა;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
2024 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდში მომჩივნის მიერ გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტების და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის შესწავლის შედეგად, დეკლარირებულ მონაცემთან შედარებით გამოვლინდა სხვაობა. ყველა ელ. ანგარიშ-ფაქტურა იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“. საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მომჩივანს დაერიცხა 24 783.74 ლარი და გამოიცა საგადასახადო მოთხოვნა.
გადაწყვეტილება
საჩივრები შემოსავლების სამსახურის 8.11.2024 წლის №23870 ბრძანების გასაჩივრების ნაწილში დარჩა განუხილველი; დანარჩენ ნაწილში საჩივრი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ზ); 304 (გ,დ).