გადაწყვეტილება №20121/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.09.2023
№ დოკუმენტი 20121/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 20121/2/2023

05 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.07.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------ 30.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20121/2/2023).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში გამოვლენილი სხვაობის დაბეგვრა;

2. დამფუძნებლებზე კაპიტალში შეტანილი თანხების სანაცვლოდ გადაცემული ქონების საბაზრო

ფასი;

3. გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №081-341 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12674 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 191 163 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 97 064

დღგ - 45 714

საშემოსავლო გადასახადი - 51 350

ჯარიმა - 48 122

საურავი - 45 977

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 28.12.2022 წლის №33479 ბრძანება და №081-341 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12674 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-3 დავის საგანზე გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12674 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში გამოვლენილი სხვაობის დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, პირველადი დოკუმენტების, ბუღალტრული დოკუმენტაციის და დეკლარირებული მონაცემების შედარებისას გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. აღნიშნულზე 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მიხედვით, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 160-ე მუხლის პირველი და მე3 ნაწილებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლით.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, პირველადი დოკუმენტების, ბუღალტრული და დეკლარირებული მონაცემების შედარებისას გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, კერძოდ, საწარმოს მიერ მიწოდებული ბინების ოპერაციები არ არის სრულად დაბეგრილი. დღგ-ით დასაბეგრ 18 %-იან ბრუნვებს შორის სხვაობამ შეადგინა 2019 წელს - 339 ლარი, 2020 წელს - 2682 ლარი, ხოლო 2021 წელს - 4245 ლარი.

შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში გამოვლენილი სხვაობის დაბეგვრას. მიუთითებს, რომ არ არის განმარტებული თუ რა სხვაობებზეა საუბარი, შესაბამისად აღნიშნული მოტივით გადასახადის დარიცხვა უსაფუძვლოა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საგადასახადო შემოწმებისას დადგინდა, რომ პირველადი დოკუმენტების, ბუღალტრული დოკუმენტაციის და დეკლარირებული მონაცემების შედარებისას გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. აღნიშნულ სხვაობაზე დაერიცხა დღგ.

მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ რაიმე სახის მტკიცებულებას, რაც მისი არგუმენტების გათვალისწინების და შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. დამფუძნებლებზე კაპიტალში შეტანილი თანხების სანაცვლოდ გადაცემული ქონების საბაზრო ფასი

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს დამფუძნებელი ფიზიკური პირებისთვის კაპიტალში შენატანების სანაცვლოდ გადაცემული აქვს ორი საცხოვრებელი ფართი. საგადასახადო ორგანომ მოახდინა აღნიშნულ პირებზე მიწოდებული ფართების სარეალიზაციო ფასის (993 ლარი) შედარება იგივე ტერიტორიაზე და იმავე პერიოდში მიმდინარე სხვა მშენებლობისას გაყიდული ფართების ღირებულებასთან (1 381 ლარი), რა დროსაც გამოვლინდა სხვაობა. საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 მუხლის მე-4 ნაწილის და 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლის შესაბამისად, დაერიცხა მოგების გადასახადი და დღგ, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგინდა, რომ საწარმოს დამფუძნებელი ფიზიკური პირებისთვის კაპიტალში შენატანების სანაცვლოდ გადაცემული აქვს ორი საცხოვრებელი ფართი. შემოწმებამ მოახდინა აღნიშნულ პირებზე მიწოდებული ფართების სარეალიზაციო ფასის (993 ლარი) შედარება იგივე ტერიტორიაზე და იმავე პერიოდში მიმდინარე სხვა მშენებლობისას გაყიდული ფართების ღირებულებასთან (1381 ლარი), რა დროსაც გამოვლინდა სხვაობა. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით გაირკვა, რომ საწარმოს 2019 წლის ივნისის თვეში საქართველოს რეზიდენტებზე ბინები რეალიზებული აქვს კვადრატული 1 322 ლარად. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ შემოწმებისას, ზემოაღნიშნული ოპერაციის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერად განხორციელდა.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ არის წარდგენილი მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით, კომპანიას სხვა პირებზეც აქვს გაყიდული ბინები დამფუძნებლებზე საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის სანაცვლოდ გადაცემული ქონების ფასით (იხილეთ საჩივარზე დართული ნასყიდობის ხელშეკრულებები). რა საფუძვლით მიიჩნია შემმოწმებელმა 1 კვ.მ.-ის 993 ლარად რეალიზაცია არასაბაზროდ გაუგებარია, რადგანაც კომპანიას სხვა მესამე პირებზე მრავლად აქვს ამ ფასში გაყიდული ქონება და ასევე მისი ინფორმაციით სხვა კომპანიებსაც აქვთ მისი ობიექტის მიმდებარე ტერიტორიებზე ამ ფასებში გაყიდული ქონება 2019 წლის პერიოდში. ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ მაშინ ეს იყო სარეალიზაციო რეალური ფასი. აღნიშნულის გათვალისწინებით ითხოვს ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

2022 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

შემოწმებისას დადგინდა, რომ საწარმოს დამფუძნებელი ფიზიკური პირებისთვის კაპიტალში შენატანების სანაცვლოდ გადაცემული აქვს ორი საცხოვრებელი ფართი. საგადასახადო ორგანომ მოახდინა აღნიშნულ პირებზე მიწოდებული ფართების სარეალიზაციო ფასის (993 ლარი) შედარება იგივე ტერიტორიაზე და იმავე პერიოდში მიმდინარე სხვა მშენებლობისას გაყიდული ფართების ღირებულებასთან (1 381 ლარი), რა დროსაც გამოვლინდა სხვაობა, რაც დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საწარმოს 2019 წლის ივნისის თვეში საქართველოს რეზიდენტებზე ბინები უმაღლეს ფასად რეალიზებული აქვს კვადრატული მეტრი 1 322 ლარად.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ საგადასახადო ორგანომ საწარმოს დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე ბინების საბაზრო ფასად ჩათვალა და გაავრცელა კვადრატული მეტრი 1 381 ლარი, ხოლო მომჩივანს მსგავს შემთხვევებში იმავე თვეში რეალიზებული საცხოვრებელი ფართების უმაღლეს ფასად დაფიქსირებული აქვს კვადრატული მეტრი 1 322 ლარი.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში საბაზრო ფასის განსაზღვრის მართლზომიერების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს მომჩივნის მიერ რეალიზებულ საცხოვრებელ ბინებზე დაფიქსირებული საბაზრო ფასი, შეაფასოს და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობისას განახორციელოს მომჩივნის მიერ დაფიქსირებული საბაზრო ფასის დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე რეალიზებულ ბინებზე გავრცელება და შესაბამისად ამ ნაწილში დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

3. გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საწარმოს მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები

2019 წლის მარტისა და აგვისტოს თვეების საანგარიშო პერიოდებში და გადახდილი აქვს ბანკით 56 325 ლარი, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებით 180 822 ლარი. ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერია უსფ(წ) „-------------“. აღნიშნულ კომპანიას 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ არ უფიქსირდება აქტივობა. შპს „----------“ მიერ შემოწმებისთვის გაკეთებული განმარტების მიხედვით, მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები ეხებოდა ლიფტებთან დაკავშირებულ მომსახურებას, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე დოკუმენტაციის წარდგენა ვერ ხერხდება. საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მიხედვით, შემოწმებისას შემცირებას დაექვემდებარა იმ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად მიღებული ჩათვლები, რომელთა დაკავშირება საწარმოს საქმიანობასთან ვერ მოხერხდა, ხოლო საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად, გაწეული ხარჯი ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად (დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი). შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 174-ე მუხლის მიხედვით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მართლაც იქნა დადებული ლიფტის მოწოდებასა და მონტაჟზე ხელშეკრულება შემოწმების აქტში მითითებულ კონტრაქტორ ფირმასთან. ხსენებული კონტრაქტორი ფირმა იყო დღგ-ის გადამხდელი. მომსახურების შესრულების პროცესში გამოგზავნილი იქნა ავანსის ანგარიშ-ფაქტურები, რომელიც სამართლიანად ჩაითვალა. ხსენებული კონტრაქტორი ფირმის დამფუძნებელი უცხოელი სუბიექტია და მისი რეალური წარმომადგენლებიც უცხოელები იყვნენ. ლიფტი დაამონტაჟეს თუ არა ისინი წავიდნენ საქართველოდან და მათთან კონტაქტი ვეღარ დაამყარა, შესაბამისად ძირითადი ანგარიშ-ფაქტურა ვერ მიიღო, რადგანაც ქვეყანაში არ იყვნენ, ამის გამო ვერც ვერავითარი მოთხოვნა ვერ გაუგზავნა. ლიფტი ამ დროისათვისაც მუშაობს და ექსპლუატაციაში არის შესული. კონტრაქტორმა, რომ სამუშაო შეასრულა დადასტურებულია მიღება-ჩაბარების აქტით. ამ მოცემულობის გათვალისწინებით ლიფტზე გაწეული ხარჯებიდან გამომდინარე, დღგ-ის ნაწილში და ხარჯებში ჩათვლა სამართლიანია. შემმოწმებელის მიერ ამის გამო დარიცხული გადასახადები და ჯარიმა ამ მოცემულობის გათვალისწინებით უსაფუძვლოა და უნდა გაუქმდეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12674 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეესწავლა წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12674 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12674 ბრძანება;

3. მე-2 დავის საგნის ნაწილში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში გამოვლენილი სხვაობის დაბეგვრა;

2. დამფუძნებლებზე კაპიტალში შეტანილი თანხების სანაცვლოდ გადაცემული ქონების საბაზრო ფასი;

3. გაწეული ხარჯის არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, პირველადი დოკუმენტების, ბუღალტრული დოკუმენტაციის და დეკლარირებული მონაცემების შედარებისას გამოვლინდა სხვაობები დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

2. საწარმოს დამფუძნებელი ფიზიკური პირებისთვის კაპიტალში შენატანების სანაცვლოდ გადაცემული აქვს ორი საცხოვრებელი ფართი.მოხდა აღნიშნულ პირებზე მიწოდებული ფართების სარეალიზაციო ფასის შედარება იგივე ტერიტორიაზე და იმავე პერიოდში მიმდინარე სხვა მშენებლობისას გაყიდული ფართების ღირებულებასთან, სადაც გამოვლინდა სხვაობა.მომჩივანს აღნიშნულ ფაქტზე დაერიცხა მოგების გადასახადი და დღგ, ასევე დაეკისრა ჯარიმა.

3.საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მიხედვით, შემოწმებისას შემცირებას დაექვემდებარა იმ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად მიღებული ჩათვლები, რომელთა დაკავშირება საწარმოს საქმიანობასთან ვერ მოხერხდა, ხოლო საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად, გაწეული ხარჯი ჩაითვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად (დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი). შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:160;161(1);159(1);163(2);164(1);97(1);981(4ა.ა);173(1);174(1);