ბრძანება N 7165

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 02.04.2024
№ დოკუმენტი 7165
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 7165

02 აპრილი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ა(ა)იპ „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 19 მარტის

საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ა(ა)იპ --------- (ს/ნ --------) №88561/1/2024 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის №011-76 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 მარტის სხდომაზე (ოქმი №34).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ა(ა)იპ -------- წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდულ პირს, რომელიც არ ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. ცენტრის უშუალო საქმიანობაა მხოლოდ მიღებული გრანტის ფარგლებში პროექტების განხორციელება.

გადამხდელი აღნიშნავს, რომ მათ მიერ სამართალდარღვევის ჩადენა დაფიქსირდა პირველად და იგი გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის ფარგლებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის მომენტში და მიმდინარე პერიოდშიც გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება ზედმეტობა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გადასახადის გადამხდელის მიზანი არ ყოფილა გადასახადის თავიდან აცილება.

მომჩივანი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით გაუქმდეს სადავო საგადასახადო სამართალდრღვევის ოქმის საფუძველზე შეფარდებული სანქცია.

 

ფაქტების აღწერა:

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ა(ა)იპ ---------- (ს/ნ ----------) 2024 წლის 5 მარტს დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად და განახორციელა დღგ-ს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა 02.11.2022 - 05.03.2024 წ.წ. პერიოდში. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია 2024 წლის 5 მარტის ID:---------- განაცხადი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ (ავტომატური+), 2024 წლის 11 სექტემბერს წარმოადგინა ID:---------- (განმეორებითი). აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 12 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №011-76 და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 10 554.4 ლარის ოდენობით (2022 წლის ნოემბრის 211088*5%=10554.4 ლარი).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2024 წლის 29 მარტის მდგომარეობით გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება ზედმეტად გადახდილი თანხა 33 662.48 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებით დარიცხული თანხები, რომელიც არ არის აღიარებული, შეადგენს 10 554.4 ლარს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევა ჩადენილია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით (გადაანგარიშების შედეგად დარჩენილი ჯარიმა) დაკისრებული ჯარიმისაგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ა(ა)იპ ---------- (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ა(ა)იპ ---------- (ს/ნ ----------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 12 მარტის №011-76 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისაგან;

3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით გაუქმდეს სადავო საგადასახადო სამართალდრღვევის ოქმის საფუძველზე შეფარდებული სანქცია.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ა(ა)იპ 2024 წლის 5 მარტს დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ს გადამხდელად და განახორციელა დღგ-ს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა. გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:165(1,2);269(1,7);270(1);282(1);