გადაწყვეტილება №20959/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20959/2/2023
31 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ „------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ 1.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20959/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8778 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.08.2023 წლის №081-165 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22191 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 161 584,08 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 88 572
დღგ - 7 167
მოგების გადასახადი - 1 963
საშემოსავლო გადასახადი - 79 442
ჯარიმა - 45 826
საურავი - 27 186,08
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.05.2022 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2022 წლის №081-252 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8778 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- თანამშრომლებზე მიწოდებული ბინების სარეალიზაციო ფასის და დებიტორული დავალიანების გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის დებიტორებთან გაფორმებული და სანოტარო წესით დამოწმებული შედარების აქტები). მითითებული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- გაცემული დივიდენდების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8778 ბრძანების აღსრულების შედეგად შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა თანამშრომლებზე მიწოდებულ უძრავ ქონებებზე გაფორმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, სადაც მითითებულია, რომ ნასყიდობის საგანი მყიდველს გადაეცემა შავი კარკასის მდგომარეობაში (კონკრეტულ მდგომარეობაში, ხელშეკრულების პუნქტი 1.3). აღნიშნული პუნქტი იდენტურია საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებებში, როგორც თანამშრომლებზე, ასევე სხვა პირებზე რეალიზაციის შემთხვევაში. წარდგენილ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების 1.7 ქვეპუნქტის შესაბამისად: მხარეები იღებენ ვალდებულებას ამ ნასყიდობის საგანში იატაკის მოჭიმვა ქვიშა-ბეტონის ხსნარით, ასევე კედლების მობათქაშებას და შესასვლელი კარების ჩაყენებას მყიდველი შეასრულებს. აღნიშნული ჩანაწერი აღარ გვხვდება საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებებში. გადასახადის გადამხდელს ასევე წარდგენილი აქვს საწარმოს დირექტორის ახსნა-განმარტებები, რომ თანამშრომლებზე რეალიზაცია განხორციელდა განსხვავებულ კონდიციაში და ფასის ცვლილება აღნიშნულითაა განპირობებული. წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიუხედავად, საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებებით დაფიქსირებული, თანამშრომლებზე რეალიზებული უძრავი ქონების მდგომარეობა იდენტურია იმ რეალიზებული ქონების მდგომარეობასთან მიმართებით, რომლის ფასებიც გავრცელდა (საბაზრო ფასის განსასაზღვრად იქნა გამოყენებული) შემოწმების აქტით. შესაბამისად, წარდგენილი მტკიცებულებებით არ გამოიკვეთა სათანადო საფუძვლები საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისთვის/შემცირებისთვის. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დებიტორებთან გაფორმებული და სანოტარო წესით დამოწმებული შედარების აქტები. შესაბამისად, ამ ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების/შემცირების საფუძველი არ არსებობს.
აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 9.08.2023 წლის №081-165 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22191 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიუხედავად, საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებებით დაფიქსირებული, თანამშრომლებზე რეალიზებული უძრავი ქონების მდგომარეობა იდენტურია იმ რეალიზებული ქონების მდგომარეობასთან მიმართებით, რომლის ფასებიც გავრცელდა საგადასახადო შემოწმების აქტით. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ გამოიკვეთა სათანადო საფუძვლები საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებისთვის/შემცირებისთვის. გაცემული დივიდენდის მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტებისა და გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილი წერილობითი ახსნაგანმარტების გათვალისწინებით, განხორციელდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირება.
რაც შეეხება დებიტორული დავალიანების, რომლის ნამდვილობაც დოკუმენტურად ვერ დასტურდება, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, გადამხდელს არ წარმოუდგენია დებიტორებთან გაფორმებული და სანოტარო წესით დამოწმებული შედარების აქტები. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორმა რეალურად გაავრცელა არასწორი საბაზრო ფასები, რადგანაც მოყვანილი ანალოგები, რითაც მოხდა საშუალო პროცენტის გაანგარიშება, არ არის იდენტური. საზოგადოების მიერ ყველა ფართი, რომელიც იქნა რეალიზებული არის ტიხრებით, იატაკი მოჭიმული, კარი ჩასმული და სხვა. თანამშრომლებზე მიწოდებულ სამ ფართზე აღნიშნული სამუშაოები არ იყო შესრულებული, რაც ნათლად ჩანს წინარე ხელშეკრულებებში, რომელიც თან ერთვის საჩივარს და შესაბამისად აუდიტორის განმარტება არამართებულია.
როგორც აუდიტორს აქვს აღნიშნული გადასახადის გადამხდელმა ვერ მოასწრო შედარების აქტების მიწოდება, რადგან დებიტორები ძირითადად არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. აღნიშნული შედარების აქტების ნაწილი თან ერთვის საჩივარს და შესაბამისად თავიდან უნდა იქნას აცილებული არასწორი დარიცხვა, ვინაიდან თანხები არის კომპანიის დებიტორული დავალიანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებისა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, საქონლის/მომსახურების თანამშრომლებისათვის მიწოდების შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2022 წლამდე მოქმედი რედაქციით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8778 ბრძანებით, თანამშრომლებზე მიწოდებული ბინების სარეალიზაციო ფასის და დებიტორული დავალიანების გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის საკითხებთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მოყვანილი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის დებიტორებთან გაფორმებული და სანოტარო წესით დამოწმებული შედარების აქტები). მითითებული მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). გაცემული დივიდენდების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა თანამშრომლებზე მიწოდებულ უძრავ ქონებებზე გაფორმებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები, სადაც მითითებულია, რომ ნასყიდობის საგანი მყიდველს გადაეცემა შავი კარკასის მდგომარეობაში (კონკრეტულ მდგომარეობაში, ხელშეკრულების პუნქტი 1.3). აღნიშნული პუნქტი იდენტურია საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებებში, როგორც თანამშრომლებზე, ასევე სხვა პირებზე რეალიზაციის შემთხვევაში. წარდგენილ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების 1.7 ქვეპუნქტის შესაბამისად: მხარეები იღებენ ვალდებულებას ამ ნასყიდობის საგანში იატაკის მოჭიმვა ქვიშა-ბეტონის ხსნარით, ასევე კედლების მობათქაშებას და შესასვლელი კარების ჩაყენებას მყიდველი შეასრულებს. აღნიშნული ჩანაწერი აღარ არის საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებებში. საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებებით დაფიქსირებული, თანამშრომლებზე რეალიზებული უძრავი ქონების მდგომარეობა იდენტურია იმ რეალიზებული ქონების მდგომარეობასთან მიმართებით, რომლის ფასებიც გავრცელდა (საბაზრო ფასის განსასაზღვრად იქნა გამოყენებული) შემოწმების აქტით. გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დებიტორებთან გაფორმებული და სანოტარო წესით დამოწმებული შედარების აქტები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციით არ დგინდება შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია დებიტორებთან გაფორმებული და სანოტარო წესით დამოწმებული შედარების აქტები და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2023 წლის დასკვნით სადავო საკითხები შესწავლილია შემოსავლების სამსახურის 24.04.2023 წლის №8778 ბრძანების შესაბამისად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიჩნევს,რომ აუდიტორმა რეალურად გაავრცელა არასწორი საბაზრო ფასები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 9.08.2023 წლის №081-165 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22191 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,154,981
1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით 160,161.