ბრძანება N 13567

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.06.2024
№ დოკუმენტი 13567
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

13567

10 ივნისი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 20 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №89746/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 აპრილის №056-15 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, სატრანსპორტო (გადაზიდვის) მომსახურების ფასის დადგენის მეთოდს და მიუთითებს, რომ შემოწმებამ ფასი დაადგინა საშუალო არითმეტიკულით. გადამხდელი მიიჩნევს, რომ მხედველობაშია მისაღები შესამოწმებელ პერიოდში მაქსიმალური და მინიმალური მომსახურების ტარიფებით გაწეული სატრანსპორტო მომსახურების რაოდენობა. შესაბამისად, გადამხდელი ითხოვს, რომ სატრანსპორტო მომსახურების საშუალო ფასი დადგინდეს შეწონილი მეთოდის მიხედვით, 425 ლარის ოდენობით. მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანო არ ახორციელებს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33604 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №056-57 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2023 წლის 20 იანვრის და 28 თებერვლის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს სატრანსპორტო მომსახურების ფასის განსაზღვრის მეთოდი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33604 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 29 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 18 აპრილის №056-15 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33604 ბრძანების შესაბამისად მოხდა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა, კერძოდ, საგადასახადო შემოწმების შედეგად დამატებით გამოვლენილ გაწეულ სატრანსპორტო მომსახურებაზე შემოწმების დროს გამოყენებული საშუალო არითმეტიკული ფასის (რეალიზაციით დადგენილი მაქსიმალური სატრანსპორტო მომსახურების ფასისა (900 ლარი) და მინიმალური სატრანსპორტო ფასის (300 ლარი) საშუალო არითმეტიკულით) ნაცვლად გადაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა შეწონილი მეთოდი. აღნიშნული მეთოდის შესწავლით დადგინდა, რომ განხორციელებული სატრანსპორტო გადაზიდვების 61% შეადგენს იმ გადაზიდვებს, რომლებზედაც გადაზიდვის ღირებულება შეადგენს ტარიფის ზედა ზღვარს. საშუალო ღირებულების ტარიფის შესაბამისი გადაზიდვები შეადგენს 26%-ს, ხოლო ქვედა ზღვრის შესაბამისი ტარიფის გადაზიდვები შეადგენს მხოლოდ 13%-ს. შესაბამისად, ამ მეთოდით მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა საგადასახადო შემოწმებით მიღებულ შემოსავლებს. გარდა ზემოაღნიშნული მეთოდისა, ასევე, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების გადაზიდვების მომსახურების ტარიფები და აღნიშნულის მიხედვით იქნა გაანგარიშებული შპს „ლიდერ 2017“-ის შემოსავლები, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ ამ მეთოდით მიღებული შემოსავლებიც აჭარბებს საგადასახადო შემოწმების შედეგად მიღებულ შემოსავლებს.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა სატრანსპორტო მომსახურების ფასი გადაიანგარიშა შეწონილი მეთოდის გამოყენებით. შედეგად გამოვლინდა, რომ ამ მეთოდით მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა საგადასახადო შემოწმებით მიღებულ შემოსავლებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების გადაზიდვების მომსახურების ტარიფები, რომლის მიხედვით გაანგარიშებულმა შემოსავალმაც გადააჭარბა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ შპს „----------“-ის შემოსავლებს. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტმა სატრანსპორტო მომსახურების ფასი გადაიანგარიშა შეწონილი მეთოდის გამოყენებით. შედეგად გამოვლინდა, რომ ამ მეთოდით მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა საგადასახადო შემოწმებით მიღებულ შემოსავლებს. გარდა ზემოაღნიშნულისა, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების გადაზიდვების მომსახურების ტარიფები, რომლის მიხედვით გაანგარიშებულმა შემოსავალმაც გადააჭარბა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ მომჩივანის შემოსავლებს. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).