გადაწყვეტილება №27429/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.06.2026
№ დოკუმენტი 27429/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27429/2/2026

24 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,------“-ის 25.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27429/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.06.2025 წლის №14284 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 4.03.2026 წლის №084-4 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 4.05.2026 წლის №9680 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 211 159,24 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 119 006,34

დღგ - (-8 476,41)

საშემოსავლო გადასახადი - 127 482,75

ჯარიმა - 65 572,8

საურავი - 26 580,1

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი.

შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა (ხელფასი და სხვა განაცემები) შეადგენს 9 073 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებზე და დირექტორის მიერ წარმოდგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე დაყრდნობით (ნოტარიულად დამოწმებული აქტი თანხის მიღებასთან დაკავშირებით) დგინდება, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებული მომსახურების თანხა, ასევე გაცემული ხელფასი და სხვა განაცემები სულ შეადგენს 171 486 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა 162 414 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული. შემოწმების შედეგად შემოსავალების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციებზე და საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე დაყრდნობით გაანგარიშებული იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთის რაოდენობა, რაც შეადგენს 380 000 ლარს (შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ მიღებულ შემოსავალს გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული და დეკლარირებული ყველა ხარჯი). შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის 380 000 ლარის (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია. ასევე არ დასტურდება ფულის ნაშთის სალაროში არსებობის ფაქტი, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 101-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით, შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების მიხედვით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2025 წლის №084-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.06.2025 წლის №14284 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ თანხებთან დაკავშირებით, შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.06.2025 წლის №14284 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 26.02.2026 წელს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 27.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 4.03.2026 წლის №084-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსხურში.

შემოსავლების სამსახურის 4.05.2026 წლის №9680 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხის გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. განმარტავს, რომ შემმოწმებელს წარუდგინა მტკიცებულებები ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც წარმოადგენდნენ მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებს და სარგებლობდნენ მაღალმთიანი რაიონის მცხოვრებთათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი შეღავათით. აცხადებს, რომ აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის მომენტში შემმოწმებლებს რაიმე შენიშვნები/პრეტენზიები არ გამოუთქვამთ. ასევე არ მოუთხოვიათ მათი სათანადო წესით (ნოტარიულად) დამოწმება. აგრეთვე, შემმოწმებლებს გადამხდელისთვის არ წარუდგენიათ ინფორმაცია, რომელმა ფიზიკურმა პირებმა უარყვეს შემოსავლების მიღება, ასევე, რა შინაარსის საუბრით მოხდა სატელეფონო კომუნიკაცია, შემმოწმებლების მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი გარკვეულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და აღნიშნული ზეწოლის შედეგად შეშინებულმა/სტრესულ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა უარყვეს ის ჩვენებები, რომლებიც გადამხდელის მიერ წერილობითი ფორმით იქნა ჩამორთმეული და წარდგენილი გადაანგარიშების პროცესში. ასევე, ხომ არ ჰქონდა ადგილი ისეთი ტონით/მიდგომით საუბარს, რომ შესაბამისი შემოსავლების დადასტურების შემთხვევაში მათ წარმოეშვებოდათ შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები და დაეკისრებოდათ შესაბამისი ფინანსური სანქციები, რისი შიშითაც იძულებულნი გახდნენ უარი ეთქვათ მათ მიერ მოცემული განმარტებები/ინფორმაცია. გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მტკიცებულებების უარყოფა განხორციელდა არასაკმარისად დასაბუთებული და პროცედურულად გაუმართავი მიდგომით, რომელიც ეფუძნება არადოკუმენტირებულ სატელეფონო კომუნიკაციასა და ფორმალურ არგუმენტებს, გადამხდელისათვის ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობის მიუცემლად.

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებულ ფულის ნაშთს და აღნიშნულის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ გაწეულია ხარჯები ნაღდი ანგარიშსწორებით ფიზიკურ პირებზე, რაც არ იქნა აღიარებული მხოლოდ ფორმალური მტკიცებულებების არარსებობის საფუძველზე, თუმცა მათი ფაქტობრივი არსებობა დადასტურებულია ახსნა-განმარტებებითა და სამუშაოების შესრულების ფაქტით. ამასთან, კომპანიას დამატებით გაწეული აქვს ოპერაციული ხარჯები - მათ შორის ბინის ქირის, კვებისა და ტრანსპორტირების მიმართულებით დაახლოებით 75 000 ლარის ოდენობით, რომლიც ნაწილობრივ არის ასახული შიდა აღრიცხვაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიის საქმიანობის ფარგლებში ფიზიკურ პირებზე გაცემული დაახლოებით 700 000 ლარი შესრულებული სამუშაოებისა და გაწეული მომსახურების ანაზღაურების სახით, რაც დასტურდება ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებებით, სამუშაოების შესრულების ფაქტითა და კომპანიის საქმიანობის სპეციფიკით. შესაბამისად, სადავო თანხის დირექტორის პირად შემოსავალად მიჩნევა უსაფუძვლოა. კომპანიის მიერ გაწეული ხარჯების საერთო მოცულობა აღწევს დაახლოებით 2 225 966 ლარს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 30.06.2025 წლის №14284 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ თანხებთან დაკავშირებით, შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 ივნისის №14284 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 26 თებერვალს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 27 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ შემოწმების შედეგად ფულის ნაშთი გაანგარიშებულ იქნა შემოწმების ხელთ არსებული მიღებული შემოსავლის და გაწეული ხარჯის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების მიხედვით. გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული ცნობა), ასევე, წარდგენილია ფიზიკური პირების ახსნა-განმარტებები გაწეული მომსახურების და გადახდილი თანხის ოდენობის შესახებ. სხვა რაიმე სახის ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის წარდგენილი.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ იყო წარდგენილი საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ არის სათანადო წესით დამოწმებული.

გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია. შესწავლის შედეგად, ფიზიკურ პირებთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია. კომუნიკაციის დროს, ფიზიკურმა პირებმა არ დაადასტურეს წარდგენილი ინფორმაციის ნამდვილობა, მათ შორის, ოთხმა ფიზიკურმა პირმა შემოსავლების სამსახურში წარადგინა წერილობითი განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ განცხადებებში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ხოლო ხელმოწერა არ არის მათ მიერ შესრულებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტები არ იყო სათანადო წესით დამოწმებული, ხოლო შესწავლის შედეგად არ დასტურდება გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურების გადახდის ფაქტი, გადაანგარიშების დასკვნით, შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადი კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ, ფიზიკურ პირებთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, რომლის დროსაც ფიზიკურმა პირებმა არ დაადასტურეს გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ნამდვილობა, მათ შორის ოთხმა ფიზიკურმა პირმა წარადგინა წერილობითი განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ განცხადებებში მითითებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ხოლო ხელმოწერა არ არის მათ მიერ შესრულებული. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ არის სათანადო წესით დამოწმებული.

მომჩივანს დავის წარმოების ეტაპზე არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 30.06.2025 წლის №14284 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 30.06.2025 წლის №14284 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 27.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.01.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდი.შემოწმების აქტიდან დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა შეადგენს 9 073 ლარს. შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებზე და დირექტორის მიერ წარმოდგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე დაყრდნობით დგინდება, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებული მომსახურების თანხა, ასევე გაცემული ხელფასი და სხვა განაცემები სულ შეადგენს 171 486 ლარს . შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა 162 414 ლარი დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების შესაბამისად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

ამასთან,საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში სამეურნეო ოპერაციები ბუღალტრულად არ აქვს აღრიცხული. შემოწმების შედეგად შემოსავალების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციებზე და საწარმოს უფლებამოსილი პირის მიერ წარმოდგენილ პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე დაყრდნობით გაანგარიშებული იქნა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული ფულის ნაშთის რაოდენობა, რაც შეადგენს 380 000 ლარს . შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთის 380 000 ლარის საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება საწარმოს დირექტორს შემოწმების მიმდინარეობისას არ წარმოუდგენია. ასევე არ დასტურდება ფულის ნაშთის სალაროში არსებობის ფაქტი, შესაბამისად საგადასახადო კოდექსის 101-ე, 73-ე მუხლების და შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების მიხედვით, შემოწმების შედეგად დადგენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე და 81-ე მუხლების მიხედვით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №084-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №14284 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.კერძოდ გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებულ თანხებთან დაკავშირებით შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები.ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის №14284 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 26.02.2026 წელს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 27.03.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა №084-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსხურში.რომლის №9680 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის №14284 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21)