გადაწყვეტილება №22683/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22683/2/2024
16 ივლისი 2024
გადაწყვეტილება
მომჩივანი: "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 22.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22683/2/2024).
დავის საგანი:
სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებიდან მიღებული შემოსავლების დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №023-28 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2064 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 16 052,36 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 8 424
ჯარიმა - 4 211
საურავი - 3 417,36
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდებში შპს „-------“-ისთვის (ს/ნ "-------") სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების შესრულების სისწორე.
ი/მ "------" (ს/ნ "------") 2021 წელს უფიქსირდება შპს „------“-ზე (ს/ნ "-------") სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება. მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 210 567 ლარი. საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვინაიდან ი/მ "------"-ის მიერ მიწოდება აღნიშნულ პერიოდებში აღემატება 200 000 ლარს,შემოწმებით მის მიერ მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. ასევე, ვინაიდან შემოწმებას არ მოეპოვება საქონლის შესყიდვის დოკუმენტაცია (სასაქონლო ზედნადები ან/და სხვა პირველადი დოკუმენტი) ხარჯების გაანგარიშებისათვის გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებული იქნა 25%-იანი რენტაბელობით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №023-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2064 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 73-ე, 79-ე, მე-80, 81-ე, 82-ე, მე-10,0 102-ე, 105-ე, 72-ე და 43-ე მუხლებზე.
შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ი/მ "------"-ს 2021 წელს უფიქსირდება შპს „-------“-ზე (ს/ნ "------") სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება, კერძოდ, 210 567 ლარი. ვინაიდან შემოწმებას არ მოეპოვება საქონლის შესყიდვის დოკუმენტაცია ხარჯების გაანგარიშებისათვის გამოყენებული იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო და რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებული იქნა 25%-იანი რენტაბელობით. შედეგად, შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები.
იმის გათვალისწინებით, რომ ი/მ "------"-ს 2021 წელს შპს „--------“-ზე მიწოდებული აქვს 200 000 ლარზე მეტი ღირებულების საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე მითითებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არ არსებობს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელების საფუძველი, შესაბამისად, მიღებული შემოსავალი სრულად ექვემდებარება დაბეგვრას.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, მცირე ბიზნესის სტატუსით გათვალისწინებული შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირს არ უფიქსირდება მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების ფაქტი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე და 272-ე მუხლებზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში დაშვებულია რამდენიმე პრინციპული შეცდომა, კერძოდ:
არასწორია აუდიტორების ის მიდგომა, რომლითაც მათ საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშება მოახდინეს. კერძოდ, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების 200 000 ლარზე გადაჭარბებისას დასაბეგრი თანხა გაანგარიშებულია სრული თანხიდან.
ასეთი მიდგომით გამოდის, რომ თუ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წლიური მიწოდება იქნება 199 999 ლარი, მაშინ გადასახადის დარიცხვის საკითხი არ დგება, ხოლო 2 ლარით მეტზე, ანუ 200 001 ლარზე უნდა გაანგარიშდეს საშემოსავლო გადასახადი 8 000 ლარი და ჯარიმა 4 000 ლარი, რაც აბსოლუტური უსამართლობაა. ფაქტიურად უტრირებულად ხდება საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის გააზრება, რაც ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსით დადგენილ პრინციპებს. კერძოდ:
ა) გარკვეული კატეგორიის ფიზიკურ პირთა (მაგალითად - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილეების) 6 000 ლარამდე წლიური შემოსავლები არ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით, რაც არ ნიშნავს, რომ შემოსავლების ამ თანხაზე გადაჭარბების შემთხვევაში, 6 000 ლარიც უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით.
ბ) იგივე პრინციპი მოქმედებს დღგ-ის შემთხვევაშიც. თუ უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში პირის დასაბეგრი ოპერაციები გადააჭარბებს 100 000 ლარს, დგება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის და შემდგომში დღგ-ის გადახდის ვალდებულება, თუმცა ეს არ ნიშნავს უკვე განხორციელებული, 100 000 ლარამდე დასაბეგრი ოპერაციების დღგ-ით დაბეგვრას, მიუხედავად იმისა პირმა შეასრულა თუ არა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე და მსგავს შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის მიდგომის გათვალისწინებით გადასახადი უნდა გაანგარიშებულიყო 200 000 ლარზე გადაჭარბებული თანხიდან.
ამ საკითხზე უარის თქმის ერთადერთ არგუმენტად ბრძანებაში მითითებულია საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის და საერთოდ არ განიხილეს ეს საკითხი სამართლიანობის ჭრილში.
გამოდის, რომ თუ გლეხმა 2-3 კილო ხორბალი ან ყურძენი ზედმეტი გაყიდა და მისმა წლიურმა შემოსავალმა გადააჭარბა 200 000 ლარს, ის ამისთვის უნდა დაისაჯოს სულ მცირე 12 000 ლარი ბიუჯეტური გადასახადებით, რაც ეწინააღმდეგება ამ საგადასახადო შეღავათის არსს. ეს შეღავათი ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარების წახალისებისთვისაა დადგენილი, თუმცა გამოდის, რომ ის პირიქით, ზღუდავს წარმოებას.
ასეთი მიდგომის აბსურდულობა ნათლად ჩანს შემდეგი მაგალითებითაც: საგადასახადო კოდექსით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებული პირის მიერ გაცემული ხელფასი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, თუ ამ პირის მიერ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული წლიური შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.
გამოდის, რომ თუ წლის ბოლოს შემოსავალმა 200 000 ლარს გადააჭარბა, მან უკვე გაცემული ხელფასებიდან უნდა დააკავოს გადასახადი, ხოლო თუ ეს დაქირავებული პირი მასთან აღარ მუშაობს, დამქირავებელი ვეღარ იქნება საგადასახადო აგენტი და გადასახადი თავისი შემოსავლებიდან უნდა გადაიხადოს, ანუ ყოველ დაქირავებულ ფიზიკურ პირს წარმოშვება სარგებელი, რადგან მისი გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი გადაიხადა ყოფილმა დამქირავებელმა. შესაბამისად, ეს სარგებელიც ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და ა.შ. ფაქტიურად შევდივართ სპირალში, რომელიც სარგებლის განულებამდე არ დამთავრდება.
თუნდაც ამ მაგალითიდან ნათლად ჩანს, რომ საშემოსავლო გადასახადით უნდა დაიბეგროს 200 000 ლარ წლიურ შემოსავალზე ნამეტი თანხა და ამ თანხაზე გადამეტების შემდეგ გაცემული ხელფასი.
გაუგებარია რატომ არ ჩათვალეს აუდიტორებმა შესაძლებლად ამ ფიზიკური პირის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელად განხილვა და რატომ მიუყენეს დაბეგვრის ისეთი რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბებულ ბიზნესმენობას გულისხმობს, ხარჯების და შესაბამისად სრული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებით.
გლეხისთვის (ფერმერისთვის) ყველაზე უფრო მარტივია მცირე ბიზნესის სტატუსით საქმიანობა და შესაბამისი გადასახადების გადახდა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არ ცოდნით.
ამ შემთხვევაში ადგილი აქვს ზუსტად ასეთ შემთხვევას და ფიზიკურმა პირმა საგადასახადო კანონმდებლობა დაარღვია უცოდინრობის გამო, რაზედაც მიუთითებს შემდეგი გარემოებები:
გლეხური (ფერმერული) მეურნეობა როგორც წესი გულისხმობს ოჯახის წევრების ჩართვას ასეთ საქმიანობაში. ფიზიკურ პირს შეეძლო სასოფლო-სამეურნეო საქონლის მიწოდების ნაწილი ოჯახის წევრებზე გადაენაწილებინა ისე, რომ თითოეული მათგანის წლიური მიწოდების თანხა არ გადაცილებოდა 200 000 ლარს, შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის საკითხი საერთოდ არ დადგებოდა.
ფიზიკურ პირს შეეძლო დარეგისტრირებულიყო მცირე მეწარმედ და 200 000 ლარს გადაცილებული ბრუნვა დაშვებული ზედა ზღვრის გათვალისწინებით, დაებეგრა 1%-იანი განაკვეთით, რაც გაცილებით შეამცირებდა საგადასახადო ტვირთს.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას. გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს ირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს და რადგან მომჩივანი თითქოსდა ვერ ადასტურებს, რომ გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, უარი გვეთქვა სანქციებისაგან გათავისუფლებაზე.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით სანქციებისაგან გათავისუფლების მთავარ პირობად ადგენს გადამხდელის შეცდომას ან არ ცოდნას და არავითარი სამართლებრივი შეცდომის არეალი არ არის იქ მითითებული, ხოლო ის რომ პირმა საგადასახადო კანონმდებლობა დაარღვია უცოდინრობის გამო ჩვენს მიერ დასაბუთებულია ზემოთ მოცემული არგუმენტებით, ან რომელი სამართლებრივი შეცდომის არეალის შესახებ უნდა ჰქონოდა ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო საქონლის მწარმოებელ ფიზიკურ პირს ან გლეხურ მეურნეობას, საერთოდ გაუგებარია.
ეს გარემოებები ნათლად მიუთითებენ, რომ ფიზიკურმა პირმა საგადასახადო კანონმდებლობა დაარღვია უცოდინრობის გამო, ადგილი აქვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევას და მიზანშეწონილია სანქციების გაუქმება.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება 2026 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.
საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 88-ე მუხლით დადგენილ პირობებს, უფლებამოსილია მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭების მიზნით მიმართოს საგადასახადო ორგანოს, რომელიც გასცემს მცირე ბიზნესის სერტიფიკატს.
საბჭო აღნიშნავს, რომ მითითებული შეღავათით სარგებლობა პირს შეუძლია იმ შემთხვევაში თუ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება, ხოლო შემოსავალის მითითებულ ზღვარზე გადაჭარბების შემთხვევაში გადასახადით დაბეგვრის ობიექტი გაიანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი წესით, მითითებული შეღავათის გათვალისწინების გარეშე.
შემოწმების შედეგად დადგენილია და სადავო არ არის, რომ მომჩივნის მიერ შპს „--------“-ზე (ს/ნ "------") მიწოდებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ღირებულებამ შეადგინა 210 567 ლარი.
ამასთან, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი ვრცელდება მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებზე, სტატუსის მინიჭების შემთხვევაში. აღნიშნული სტატუსის მინიჭების მოთხოვნით საგადასახადო ორგანოს განცხადებით მიმართვის უფლება აქვს მეწარმე ფიზიკურ პირს.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი დასაბეგრ შემოსავალში ჩართულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ ადგილი აქვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევას და მიზანშეწონილია სანქციების გაუქმება.
ფაქტობრივი გარემოებები
რეალიზებული საქონლის თვითღირებულება შეფასებული იქნა 25%-იანი რენტაბელობით. პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 8.12.2023 წლის №023-28 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 6.02.2024 წლის №2064 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
269(7).