გადაწყვეტილება №21249/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.02.2024
№ დოკუმენტი 21249/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№21249/2/2023

28 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ---- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“- ის 6.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21249/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანების აღსრულების შედეგები

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.05.2023 წლის №006-198 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25630 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 196 698 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 072 745

დღგ - 395 670 მოგების გადასახადი - 28 673

საშემოსავლო გადასახადი - 648 402

ჯარიმა - 538 273

საურავი - 585 680

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2015 წლიდან 1.12.2017 წლამდე საანგარიშო პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 14.12.2018 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. საწარმო საქონლის შესყიდვას ახორციელებს საქონლის რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირისაგან - ბანკისგან, კერძოდ, სს „----“-სგან. გადამხდელის განმარტებით, იგი ახდენს შესყიდული ოქროს და ვერცხლის გადამუშავებას, რის შედეგადაც ღებულობს მაღალი სინჯის ზოდებს, რომელიც გადის ექსპორტზე ---ში ერთ შემსყიდველ პირთან (---).

2015 წელს ძირითადად ახდენდა შეძენაგადამუშავებას, ხოლო ექსპორტზე გატანას ახორციელებს 2016 წლის თებერვლიდან. საბაჟო დოკუმენტების (ინვოისები) მიხედვით გადამხდელს 2016 წელს ექსპორტზე ოქროს ზოდები გატანილი აქვს თვითღირებულებაზე დაბალ ფასში. ამასთან, ექსპორტის დეკლარაციებში არ ფიქსირდება დოკუმენტურად სარეალიზაციოდ გამზადებული ოქროს სინჯი. შემოწმების სრულყოფილად ჩატარების მიზნით იმპორტიორი ქვეყნიდან (თურქეთი) გამოთხოვილი იქნა საბაჟო დეკლარაციები და შესაბამისი ინვოისები. ამასთან, თურქეთის რესპუბლიკიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შპს ,,---”-საგან ოქროს და ვერცხლის ზოდების შემსყიდველი პირი --- (თურქეთი) ახდენდა თუ არა მიღებული საქონლის აღრიცხვას, რაოდენობისა და ღირებულებების შესაბამისად და ასევე ოქროს ზოდების შემთხვევაში მოწმდებოდა თუ არა მიღებული საქონლის სინჯი. გამოთხოვილ საბაჟო დეკლარაციაში ფიქსირდება არსებითი ხასიათის განსხვავებები საქართველოს საბაჟოზე წარდგენილ საბაჟო დოკუმენტებში დაფიქსირებულ მონაცემებსა და თურქეთის საბაჟოზე წარდგენილ საქონლის (წონა, სინჯი, ღირებულება) მონაცემებს შორის. აღსანიშნავია, რომ თურქეთის საბაჟოზე გაფორმებულ საქონლის გაშვების დოკუმენტაციაში ფიქსირდება არაუმეტეს 585 სინჯის (14 კარატი) ოქროს იმპორტი, მაშინ როცა გადამხდელს ბუღალტრულად აღრიცხული აქვს ოქროს გადამუშავების შედეგად ექსპორტზე გასატანი 999 სინჯები.

აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 15 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე გადამხდელთან ჩატარდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ფაქტობრივი ნაშთის დადგენის მიზნით. ინვენტარიზაციის მომენტისთვის ბუღალტრული მონაცემებით გადამხდელს უნდა ჰქონოდა 999 სინჯის 187 429 გრამი ოქროს ზოდი, ფაქტობრივად აღმოაჩნდა 585 სინჯის 381 გრამი ოქრო 34 601 გრამი ვერცხლის ნაკეთობები (ე.წ. ჯართი) და ძვირფასი თვლები ჯამში 155 კარატი.

ზემოაღნიშნული ორი გარემოების გათვალიწინებით, შემოწმების მიერ ექსპორტირებულად ჩაითვალა თურქეთის საბაჟოზე იმპორტის დოკუმენტებში დაფიქსირებული სინჯების შესაბამისი რაოდენობის ოქროს ექსპორტი. შესყიდულსა და ექსპორტზე გატანილ რაოდენობას შორის სხვაობა ინვენტარიზაციის მიერ დადგენილი ფაქტიური ნაშთის გათვალისწინებით შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზებულად ადგილობრივ ბაზარზე 2017 წლის ნოემბრისთვის და მიღებული შემოსავალი საქონლის შესყიდვის პერიოდის პროპორციულად შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად ჩართული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით გაიზარდა საგადასახადო ვალდებულება დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში და დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის დაჯარიმდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით.

2. გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი გაანგარიშდა დღგ-ის ნაწილში აღნიშნული მიდგომის შესაბამისად, ხოლო მიღებული შემოსავალი დაკვალიფიცირდა ანგარიშვალდებული პირის მიერ მიღებულ სარგებლად. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი. აღსანიშნავია, რომ საწარმოს სმფ-ის რეალიზაციიდან შესაბამისი ფულადი ანაზღაურება უნდა განეხორციელებია დღგ-ის ჩათვლით, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით, მიღებული სარგებელი დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2018 წლის №36734 ბრძანება №006-849 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: 1. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დაედგინა და გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა საჩივარში წარდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებული მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის გამოითხოვოს სრულყოფილი ინფორმაცია საბაჟო ორგანოდან და საბაჟო დეკლარაციებზე თანდართული დოკუმენტაცია, ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან გამოითხოვონ სათანადო მასალები და მათი ყოველმხრივი შესწავლის/ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;

2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით შეესწავლა საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება №063-20 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში სანქციის კორექტირება (შემცირება);

3. ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 აპრილის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 388 665 ლარი, მათ შორის, გადასახადი 259 110 ლარი და ჯარიმა 129 555 ლარის ოდენობით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 19 მაისის №006-198 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25630 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანება არ არის სრულყოფილად აღსრულებული, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საჩივარში წარდგენილი სადავო საკითხის დამატებით ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ ვინაიდან საგადასახადო დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში სანქციის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25630 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 49-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-100 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ნაწილებით, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 169-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 170-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებზე, საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემულ დასკვნასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომელთა თანახმად, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოდან ორჯერ იქნა გამოთხოვილი გადასახადის გადამხდელის საბაჟო დეკლარაციები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, თუმცა სრულყოფილად არ მომხდარა შესაბამისი დოკუმენტაციის მოწოდება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით დავალებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში განხორციელებული ცვლილებებისა და შემსუბუქებული სანქციების ოდენობის გამოყენების საფუძვლების შესწავლასთან მიმართებით, აღნიშნულია, რომ მითითებულ მუხლებში განხორციელებული ცვლილებები არ შეეხო გადასახადის გადამხდელს.

შემოსავლების სამსახური ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე, რომელთა თანახმად, აუდიტის დეპარტამენტისათვის გადაანგარიშება დავალებული იყო გადასახადის გადამხდელის ჩართულობით, რაც არ განხორციელებულა, შესაბამისად, გადამხდელს არ აქვს წვდომა სრულ ინფორმაციაზე და იმაზე, თუ რა დამატებითი ინფორმაციის მოძიება მოხდა.

მომჩივანი განმარტავს, რომ გაანგარიშებები მიეწოდა დასკვნის გამოცემის შემდგომ და მასში არის შეცდომები. დამატებით მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სანქციების შემცირების შესწავლაც, რაც არ განხორციელებულა და დასკვნაში არ არის მსჯელობა აღნიშნულზე. ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადისა და სანქციის შემცირებას.

საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანება არ არის სრულყოფილად აღსრულებული, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საჩივარში წარდგენილი სადავო საკითხის დამატებით ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ ვინაიდან საგადასახადო დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში სანქციის კორექტირება (შემცირება).

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის მეორე გადაწყვეტილებაში, ფაქტობრივად, განმეორებით არის მითითებული, რომ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), უნდა მოხდეს „სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში“.

ამასთან, გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული ან განმარტებული, თუ რა უნდა ჩაითვალოს ამ სახის საფუძვლად. ამასთან, შემოსავლების სამსახური იზიარებს მის არგუმენტაციასაც და საჩივრის თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებები არ არის მართებული. მაგალითად, შემოსავლების სამსახური საკუთარ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ „აუდიტის დეპარტამენტს სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჯეროვნად არ განუხორციელებია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა - შეფასების პროცედურა და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სადავო აქტი საჭიროებს დამატებით შესწავლას“. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მეორე გადაწყვეტილებით, სადავო საკითხი განსახილველად კვლავ აუდიტის დეპარტამენტს დაუბრუნდა, იმ პირობებში, როდესაც მათი პოზიცია უკვე ცნობილია და ასახულია გაანგარიშებებში.

შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში არაერთხელ იყო აღნიშნული, რომ დარიცხვა მხოლოდ ვარაუდებს ემყარებოდა, ხოლო განხორციელებული გადაანგარიშება შეეხო მხოლოდ ტექნიკურ (მათემატიკურ) ნაწილს, რაც პრინციპულად არასწორია:

პირველ ეტაპზე არსებულ დარიცხვა, შემოსავლების სამსახურის შეფასებით, ჯეროვნად არ განხორციელებულა, სწორედ იმ მიზეზით, რომ მტკიცებულებები არასაკმარისია და გარემოებები არ არის სათანადოდ შესწავლილი. მიუხედავად ამისა, არანაირი ახალი ინფორმაციის მოძიება ან არსებულის გადამოწმება არ მომხდარა, ხოლო ვარაუდების საფუძველზე გაკეთებული ყველა დასკვნა უცვლელად დარჩა. არ მომხდარა გადამოწმება, დამატებითი მტკიცებულებების მოძიება ან/და მსჯელობა, თუნდაც შემდეგი მიმართულებით:

• ფაქტობრივად მთელი დარიცხვა და გაანგარიშება შინაარსობრივად ეყრდნობა მხოლოდ იმ ეჭვებსა თუ ვარაუდს, რომ საქონელი საქართველოში იყიდება, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ვერც იარსებებს. შემოწმების აქტში საუბარია 3-4 მილიონი ლარის ღირებულების ოქროს რეალიზაციაზე, რაც უნდა განხორციელებულიყო მალულად, ყოველგვარი საბუთისა და აღრიცხვის გარეშე.

მიუხედავად ამისა, არ გამოვლენილა მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ოქროს რეალიზაციის არცერთი შემთხვევა. აღნიშნული ცალსახად მეტყველებს შეცდომებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ დაშვებებსა და დასკვნებში და ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ საგადასახადო შემოწმება წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა, ხოლო გადაანგარიშება წელი მიმდინარეობდა.

• შეგახსენებთ, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმების პროცესის პარალელურად, 2017 წლის ნოემბერში საქონლის ინვენტარიზაციაც ჩატარდა, რომლის შედეგადაც სხვაობები არ დაფიქსირებულა. არსად არის ნახსენები და გათვალისწინებული ის გარემოება, რომ შემოწმების პროცესში ნაშთებში სხვაობა არ გამოვლენილა. მეტიც, ამ ნაშთებში არსებული და ინვენტარიზაციის შედეგად დადასტურებული მონაცემის ნაწილი, ფაქტობრივად, მიჩნეულია რეალიზებულად და მონაწილეობს დარიცხვაში.

• არ გადამოწმებულა ის ფაქტი, რომ დარღვევები არ დაფიქსირებულა არც საქართველოს საბაჟო ორგანოების მიერ განხორციელებულ კონტროლის პროცედურებში - ჩვენ მიერ საქონლის ექსპორტის განხორციელების მომენტში საბაჟოზე პერიოდულად ხდებოდა სხვადასხვა სახის შემოწმება, მათ შორის, ე.წ. „წითელი დერეფანის“ სახითაც და დასტურდება, რომ ექსპორტის განხორციელების მომენტში დარღვევები არ გამოვლენილა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მეორე გადაწყვეტილებით, სრულად უნდა დაკმაყოფილებულიყო საჩივარი ან თუნდაც, დადგენილიყო კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის გადამოწმების ან არსებობის შემთხვევაშიც, გადაწყდებოდა სადავო საკითხი. ფაქტია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არანაირი ახალი მტკიცებულების მოძიება, გადამოწმება, დასკვნაში ასახვა ან მისთვის წარდგენა არ მომხდარა. შესაბამისად, გაურკვეველია კონკრეტულად რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს შესწავლა ან რა უნდა იქნას მიჩნეული სათანადო საფუძვლების არსებობად ან არ არსებობად. დამატებით აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის ორ გადაწყვეტილებაში არის მითითებული, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საჩივარში წარდგენილ სადავო საკითხების შესწავლა (გადასახადის გადამხდელის) მონაწილეობით. დღეს, როდესაც შემოსავლების სამსახურის მეორე გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია 20 დღე, არც ამ ეტაპზე განხორციელებულა რაიმე კომუნიკაცია აუდიტის დეპარტამენტიდან. შესაბამისად, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ აუდიტის დეპარტამენტი არ გეგმავს ამ საკითხის რეალურად შესწავლას და საკუთარი პოზიციის გადახედვას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამატებით არანაირი მტკიცებულება არ იარსებებს და არანაირი მნიშვნელოვანი გარემოების მოკვლევა-შესწავლა არ განხორციელდება. დავის წინა ეტაპებზე უკვე განხილული ჰქონდა, რომ თურქეთის საბაჟო ორგანოების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ხარვეზების შემცველია, სხვაობებია მონაცემებს შორის, აუდიტის დეპარტამენტის გაანგარიშებაში შეცდომებია, არასწორად ხდება ფასებისა თუ საგადასახადო ვალდებულებების პერიოდის განსაზღვრა.

ზედმეტია ამ საკითხების მოცემულ საჩივარში კიდევ ერთხელ და ვრცლად გაწერა, რადგან თითოეული ეს მიმართულება წერილობით და დეტალურად ჰქონდა წარდგენილი დავის წინა ეტაპებზეც. მიმდინარე მდგომარეობით, ყველა გარემოების და არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მეორე გადაწყვეტილება რეალურად ხარვეზის შემცველია:

• აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია ცნობილია და ასახულია მის გაანგარიშებებშიც.

• ერთის მხრივ, შემოსავლების სამსახურის ორი გადაწყვეტილება ადასტურებს რომ აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია ხარვეზების შემცველია, თუმცა მეორეს მხრივ, ბუნდოვანია რა უნდა იყოს ის გარემოება, რაც უნდა გადაამოწმოს აუდიტის დეპარტამენტმა ან რა უნდა იქნას მიჩნეული გადაანგარიშებისთვის საკმარის საფუძვლად.

• მოცემულ პირობებში, მიაჩნია, რომ არ არის მართებული საკითხის გადაწყვეტა კვლავ აუდიტის დეპარტამენტის მსჯელობის საფუძველზე მოხდეს. შემოსავლების სამსახურის პირველი გადაწყვეტილების შემდგომ, გასულია წლები, არანაირი დამატებითი მტკიცებულება არ მოძიებულა და ვერც იარსებებს. მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახურის მეორე გადაწყვეტილებით, მოცემული საკითხი, ფაქტობრივად, ხელახალი შესწავლის ეტაპზე დაბრუნდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დაედგინა და გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეესწავლა საჩივარში წარდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებული მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, მათ შორის გამოითხოვოს სრულყოფილი ინფორმაცია საბაჟო ორგანოდან და საბაჟო დეკლარაციებზე თანდართული დოკუმენტაცია, ასევე თურქეთის რესპუბლიკიდან გამოითხოვონ სათანადო მასალები და მათი ყოველმხრივი შესწავლის/ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტება;

2. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება №063-20 საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);

3. ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება; 4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 24 აპრილის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანების შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოდან ორჯერ იქნა გამოთხოვილი გადასახადის გადამხდელის საბაჟო დეკლარაციები თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. თურქეთის საბაჟოდან მიღებულ დოკუმენტებში ფიქსირდებოდა შემსყიდველი (თურქეთის) მხარის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგები, რომელშიც დაფიქსირებული სინჯები განსხვავდებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხული სინჯებისგან, კერძოდ, თურქული მხარის სინჯების მაჩვენებელი არ აღემატებოდა 750-ს. ამასთანავე, შემოწმების მიერ, ექსპორტზე გატანილი გრამი ოქროს ღირებულება შეუდარდა იმავე პერიოდში ოქროს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ შესაბამისი სინჯის ფასს, რომელიც შესაბამისობაში მოდიოდა შემსყიდველი მხარის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზით დაფიქსირებულ სინჯთან. აღნიშნული ანალიზიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა კორექტირებას. შედეგად, დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 388 665 ლარი, მათ შორის, გადასახადი 259 110 ლარი და ჯარიმა 129 555 ლარის ოდენობით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 19 მაისის №006-198 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25630 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანება არ არის სრულყოფილად აღსრულებული, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საჩივარში წარდგენილი სადავო საკითხის დამატებით ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ ვინაიდან საგადასახადო დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის 2 1 ნაწილის გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში სანქციის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25630 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25630 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანება არ არის სრულყოფილად აღსრულებული, შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 აპრილის №11613 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, საჩივარში წარდგენილი სადავო საკითხის დამატებით ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25630 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,გ).