გადაწყვეტილება №98456/1/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.01.2026
№ დოკუმენტი 98456/1/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№98456/1/2025

14 იანვარი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ --------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.12.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 21.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №98456/1/2025).

 

დავის საგანი:

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №001-116 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №21180 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 363 890,67 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 207 676,06

ჯარიმა - 104 238,60

საურავი - 51 976,01

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაინიშნა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 24 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 45 641 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა 1 210 479 ლარი. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემები და გადამხდელის მიერ გამოგზავნილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერით. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №13814 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №001-116 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21180 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე. სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 169-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, მათ შორის, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვებთან დაკავშირებით, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ის დარიცხვისას არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელი აწარმოებდა დღგ-ისაგან გათავისუფლებული ოპერაციებს, კერძოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველად რეალიზაციას.

საწარმოს 2024 წლის დეკემბრამდე ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა გარდაცვლილი მამა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული არ გამორიცხავს პასუხისმგებლობას საგადასახადო ორგანოს წინაშე, აღნიშნულს აფიქსირებს შემდეგი გარემოებების ასახსნელად და შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის.

მომჩივნის ძირითადი საქმიანობაა კვების პროდუქტების რეალიზაცია, მათ შორის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია სასოფლო-სამურნეო პროდუქციით ვაჭრობას და საწარმო თვითონ აწარმოებს სოფლის მეურნეობის პროდუქციას (მწვანილი, ბოსტნეული კიტრი და პომიდორი და ბაღჩეული კულტურებს: საზამთრო და ნესვი, გოგრა, მარცვლეული კულტურა სიმინდი) შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ამ პროდუქციის რეალიზაციას საწარმო ახდენდა მის მიერ დაქირავებულ მაღაზიებში.

საწარმოს სეზონურად ოჯახის კუთვნილ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე: ს/კ-----; ს/კ-----; ს/კ-----; ს/კ---- 2022, 2023 და 2024 წლების ზაფხულში სეზონზე მოიყვანა და მიიღო დაახლოებით 75-80 ტონა საზამთროს და 15 ტონამდე ნესვის მოსავალი, ასევე საკუთარ ხისა და პოლიმერული მასალისაგან დამზადებულ სათბურებში მიიღო დაახლოებით 20 ტონამდე პომიდვრისა და კიტრის მოსავალი, სიმინდი დაახლოებით 16 ტონა (რეალიზაცია ხდებოდა ე.წ. „ჭყინტი ტაროს“ სახით).

ყოველივე ამას ემატებოდა ოჯახის საკუთრებაში არსებული ხუთი რქოსანი პირუტყვისაგან (ძროხის) მიღებული რძის-ყველის რეალიზაცია, ორივე მითითებული პროდუქტი, საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული რძე და რძისგან წარმოებული ყველი დღგ-ისაგან გათავისუფლებულია.

ამდენად შემოწმების მიერ გაანგარიშებულ 1 164 839 დასაბეგრ ბრუნვაში დიდი წილი მიღებულია იმ პროდუქციის რეალიზაციისაგან, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად დღგ-ისაგან არის გათავისუფლებული. ამიტომ მთლიანი თანხის დაბეგვრა მითითებული გადასახადით უსამართლოდ მიაჩნია და ფიქრობს, რომ ვინაიდან არ აქვს ნაწარმოები ბუღალტერია საგადასახადო ვალდებულება უნდა განისაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

ვინაიდან მითითებული თანხა 1 164 839 ლარი შედგენილია, როგორც დღგ-ით დასაბეგრი პროდუქციის რეალიზაციით, ასევე მისგან გათავისუფლებული პროდუქციის რეალიზაციით, სამართლიანი იქნება განისაზღვროს დღგ-ისაგან გათავისუფლებული პროდუქციის ოდენობა 1 164 839 ლარის 70%-ით და გარდა ამისა საგადასახადო ვალდებულება უნდა განისაზღვროს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მიღებული შემოსავლის შემმოწმებელმა 75% გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის შესაბამისად განხორციელდეს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ის გარემოება, რომ ახდენდა დღგ-სგან გათავისუფლებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას.

მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე საკითხის ზეპირი განხილვისას განაცხადა, რომ კომპანიის საქმიანობის სფეროს სარეგისტრაციო დოკუმენტების მიხედვით წარმოადგენს საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში. გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულია მოქმედი, ოთხი საკონტროლო-სალარო აპარატი, ექვსი -- ბანკის ტერმინალები. შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელთან გასაუბრების შედეგად გაირკვა რომ კომპანიას მართავდა მამამისი, რომელიც გარდაიცვალა და კომპანიის საქმიანობის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონია. კომპანიის მიღებულ და გამოწერილ ელექტრონულ დოკუმენტებში (ზედნადებებში და ანგარიშ-ფაქტურებში) ჩანს რძის შემცვლელი პროდუქტის (მაწონის რძისამე 3,2% ) შეძენა-რეალიზაცია, რომელიც გადამხდელს დაბეგრილი აქვს დღგ-ით. შემოწმების მიმდინარეობის პერიოდში გადამხდელისგან ბევრჯერ იყო მოთხოვნილი რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ კერძოდ: საქმიანობის შესახებ ახსნა-განმარტება; საბანკო ამონაწერები; შესყიდვის აქტები არსებობის შემთხვევაში; ასევე მოითხოვეს კომპანიის საქმიანობაში მონაწილე ნებისმიერი პირის მათ შორის ბუღალტრის საკონტაქტო, მაგრამ მისი განმარტებით ჩამოთვლილთაგან არ იცოდა არაფერი და ვერ აწვდიდა ვერანაირ ინფორმაციას. შედეგად მხოლოდ ბანკები იქნა მის მიერ მოწოდებული. ასევე, გადასახადის გადამხდელის სახელზე მხოლოდ და მხოლოდ ფიქსირდება 22 კვმ ფართი, ისიც ---თან (პ/ნ ----) ერთად თანასაკუთრებაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ბრძანების მიხედვით შემოწმებამ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული სალარო აპარატის მონაცემებით და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოგზავნილი საბანკო ამონაწერით. შედეგად ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების შესაბამისად შემოწმების მიერ გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ვინაიდან, საგადასახადო შემოწმებით გამოვლინდა დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ამასთან, მომჩივანს საბჭოში საჩივრის განხილვის ეტაპზეც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 29 სექტემბრის №21180 ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაინიშნა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 24 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 45 641 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა 1 210 479 ლარი. დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას გამოყენებულია შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული საკონტროლო-სალარო აპარატის მონაცემები და გადამხდელის მიერ გამოგზავნილი საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერით. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე და 164-ე მუხლების გათვალისწინებით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №13814 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №001-116 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.09.2025 წლის №21180 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

ვინაიდან, საგადასახადო შემოწმებით გამოვლინდა დამატებით დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, ამასთან, მომჩივანს საბჭოში საჩივრის განხილვის ეტაპზეც არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის №21180 ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“;163-ე მუხლის პირველი;164-ე მუხლის პირველი;