ბრძანება N 3372

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.02.2026
№ დოკუმენტი 3372
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 3372

16 თებერვალი 2026

ბრძანება

შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

(მის.:„-------“)

2026 წლის 17 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 12 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №13) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) 2026 წლის 17 იანვრის №100056/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 დეკემბრის №125-23 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების სახელშეკრულებო ღირებულების საბაზრო ფასით კორექტირებას. განმარტავს, რომ რეალიზებული ფართები იყო შავი კარკასის მდგომარეობაში და იმ პერიოდში ვერ გაიყიდებოდა შემმოწმებლის მიერ დადგენილი თანხით. აღნიშნავს, რომ არც ერთ შემსყიდველს არ გადაუხდია ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ თანხაზე მეტი და მიაჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ღირებულების მიხედვით.

2. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა დამფუძნებლის შენატანით და თანხის დიდი ნაწილი დამფუძნებელმა უკან გაიტანა. შესაბამისად აღნიშნული თანხა არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22636 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 17 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 18 დეკემბრის №27808 ბრძანება და ამავე თარიღის №125-23 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 651 565 ლარი, მათ შორის, გადასახადი 337 202 ლარი, ჯარიმა 168 393 ლარი და საურავი 145 970 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

 შპს „------“ (ს/ნ „-------“) როგორც გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 26 ივნისიდან. საწარმომ 2025 წლიდან გაიუქმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. შპს „------ - მ“ (ს/ნ „-------“) შესამოწმებელ პერიოდამდე (2018-2021 წლებში) ქალაქ „-------“-ში, „-------“ ააშენა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი. გადასახადის გადამხდელის მშენებლობის სანებართვო მოწმობისა და რეგისტრირებული განშლის შესაბამისად, მიწის დონის ქვედა სართულზე განთავსდა ავტოსადგომი 8 ავტომანქანაზე, მიწისპირა სართულზე განლაგდა 2 კომერციული სივრცე, ხოლო მეორე სართულიდან მეხუთე სართულის ჩათვლით საცხოვრებელი ერთეულები (ბინები), ჯამში 13 საცხოვრებელი ფართი. თითოეული მათგანი, გარდა ერთი ავტოსადგომისა, რეალიზებულია შესამოწმებელ პერიოდში, თუმცა გასხვისებული 7 ავტოსადგომიდან 4 რეალიზებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე, დამფუძნებელ - „-------“-ზე (პ/ნ „-------“), 13 საცხოვრებელი ბინიდან 6 - დამფუძნებელ - „-------“-სა (პ/ნ „-------“) და „-------“-ზე (პ/ნ „-------“), ხოლო 2 კომერციული ფართიდან ერთი დამფუძნებლის („-------“) შვილზე, „-------“-ზე. საყურადღებოა, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე. ვინაიდან, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული თითოეული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულებასთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასით, შემოწმების მიერ გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის, დაკორექტირდა საბაზრო ფასებით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სრულად არ ჰქონდა დაბეგრილი რეალიზებული ფართები, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა დაუბეგრავი ფართებისა და დაკორექტირებული სარეალიზაციო ღირებულების გათვალისწინებით.

შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 18-ე, 19-ე, 158-ე, 159-ე, 161-ე, 163-ე და 164-ე მუხლების შესაბამისად და ამავე კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 ვინაიდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელმა საცხოვრებელი ბინებისა და ავტოსადგომების ნაწილის რეალიზაცია მოახდინა ურთიერთდამოკიდებულ პირებთან, მათ შორის დადებული თითოეული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულება კი განისაზღვრა არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულებისაგან მკვეთრად განსხვავებული ფასით და რადგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე, შემოწმების ფარგლებში რეალიზებული უძრავი ქონებების ღირებულება დაკორექტირდა საბაზრო ფასით. აქედან გამომდინარე, გაიზარდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი. გარდა ამისა, რადგან საწარმომ შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში მიიღო, ხოლო მშენებლობა შესამოწმებელ პერიოდამდე მიმდინარეობდა და, შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ხარჯი არ წარმოეშვა, შემოწმების მიერ კაპიტალის ნაშთად განისაზღვრა როგორც პარტნიორთა მიერ კაპიტალში შეტანილი მიწის ღირებულება, ამავდროულად, დადგინდა კაპიტალის სავარაუდო ნაშთი წინა პერიოდის ხარჯების გათვალისწინებით. შესამოწმებელი პერიოდის ყველა შემოსავლისა და ხარჯის, აგრეთვე კაპიტალის საწყისი ნაშთის გათვალისწინებით გამოყვანილ იქნა გადასახადის გადამხდელის ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19, მე-18 და 154-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 15 ნოემბრის №39866 ბრძანების, შესაბამისად, მიჩნეულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის „რ“ ქვეპუნქტის „რ.ა.“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კარის მიზნებისთვის, საბაზრო ფასი არის ფასი, რომელიც გადასახდელი იქნებოდა მომხმარებლის მიერ შესაბამის დროს ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას იმავე დონის ბაზარზე, სადაც თავისუფალი კონკურენციისა და სუბიექტების ეკონომიკური დამოუკიდებლობის პირობებში ხორციელდება საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა და, სადაც ეს ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. თუ შეუძლებელია საქონლის ან მომსახურების შედარებითი ფასის დადგენა, დღგ-ის მიზნისთვის საბაზრო ფასი არის საქონლისთვის − ფასი, რომელიც არ უნდა იყოს ამ ან ანალოგიური საქონლის შესყიდვის ფასზე ნაკლები, ხოლო, თუ შესყიდვის ფასი არ არსებობს, ამ საქონლის წარმოების ღირებულება მისი მიწოდების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება: გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციის დროს დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე, თუ დასაბეგრი ოპერაციის ანაზღაურების თანხა დაბალია მის საბაზრო ფასზე და საქონლის/მომსახურების შემძენს ამ კოდექსის შესაბამისად, ამ ოპერაციაზე არ აქვს დღგ-ის სრულად ჩათვლის უფლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომლის თანახმადაც, საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირებთან დადებული თითოეული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა არაურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის დადებული გარიგების სახელშეკრულებო ღირებულებასთან შედარებით მკვეთრად დაბალი ფასით, შემოწმების მიერ გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისთვის, სახელშეკრულებო ღირებულება დაკორექტირდა საბაზრო ფასებით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სრულად არ ჰქონდა დაბეგრილი რეალიზებული ფართები, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა დაუბეგრავი ფართებისა და დაკორექტირებული სარეალიზაციო ღირებულების გათვალისწინებით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზებულ უძრავ ქონებებთან მიმართებით საგადასახადო შემოწმების მიერ საბაზრო ფასის განსაზღვრა და რეალიზებული უძრავი ქონების დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-11 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრვ გარემოებაზე, რომლის მიხედვით შემოწმების მიერ კაპიტალის ნაშთად განისაზღვრა როგორც პარტნიორთა მიერ კაპიტალში შეტანილი მიწის ღირებულება, ამავდროულად, დადგინდა კაპიტალის სავარაუდო ნაშთი წინა პერიოდის ხარჯების გათვალისწინებით. შესამოწმებელი პერიოდის ყველა შემოსავლისა და ხარჯის, აგრეთვე კაპიტალის საწყისი ნაშთის გათვალისწინებით გამოყვანილ იქნა გადასახადის გადამხდელის ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ფულის არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია დამფუძნებლების მიერ კაპიტალში შეტანილი აქტივები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები/არგუმენტები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე რეალიზებული უძრავი ქონების სახელშეკრულებო ღირებულების საბაზრო ფასით კორექტირებას.

2. გადამხდელი განმარტავს, რომ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა დამფუძნებლის შენატანით და თანხის დიდი ნაწილი დამფუძნებელმა უკან გაიტანა. შესაბამისად აღნიშნული თანხა არ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2018 წლის 26 ივნისიდან. საწარმომ 2025 წლიდან გაიუქმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია.მომჩივანმა შესამოწმებელ პერიოდამდე ააშენა ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი.გადამხდელის მშენებლობის სანებართვო მოწმობისა და რეგისტრირებული განშლის შესაბამისად, მიწის დონის ქვედა სართულზე განთავსდა ავტოსადგომი,მიწისპირა სართულზე განლაგდა 2 კომერციული სივრცე, ხოლო მეორე სართულიდან მეხუთე სართულის ჩათვლით საცხოვრებელი ერთეულები,ჯამში 13 საცხოვრებელი ფართი.თითოეული მათგანი, გარდა ერთი ავტოსადგომისა, რეალიზებულია შესამოწმებელ პერიოდში, თუმცა გასხვისებული 7 ავტოსადგომიდან 4 რეალიზებულია ურთიერთდამოკიდებულ პირზე.გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სრულად არ ჰქონდა დაბეგრილი რეალიზებული ფართები, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა დაუბეგრავი ფართებისა და დაკორექტირებული სარეალიზაციო ღირებულების გათვალისწინებით. შედეგად, საწარმოს დაერიცხა დღგ სსკ-ის 18-ე, 19-ე, 158-ე, 159-ე, 161-ე, 163-ე და 164-ე მუხლების შესაბამისად და ჯარიმა.

ასევე,გაიზარდა საწარმოს მიერ მიღებული შემოსავალი. გარდა ამისა, რადგან საწარმომ შემოსავალი შესამოწმებელ პერიოდში მიიღო, ხოლო მშენებლობა შესამოწმებელ პერიოდამდე მიმდინარეობდა და, შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ხარჯი არ წარმოეშვა, შემოწმების მიერ კაპიტალის ნაშთად განისაზღვრა როგორც პარტნიორთა მიერ კაპიტალში შეტანილი მიწის ღირებულება, ამავდროულად, დადგინდა კაპიტალის სავარაუდო ნაშთი წინა პერიოდის ხარჯების გათვალისწინებით. შესამოწმებელი პერიოდის ყველა შემოსავლისა და ხარჯის, აგრეთვე კაპიტალის საწყისი ნაშთის გათვალისწინებით გამოყვანილ იქნა გადასახადის გადამხდელის ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. სსკ-ის მე-19, მე-18 და 154-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა,მიჩნეულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

1.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2.შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

18,73(9),101,159,163.