ბრძანება N 17873
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17873
24 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------’’- ის (ს/ნ ---------)
(მის.: -----------)
2023 წლის 13 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 ივლისის სხდომაზე (ოქმი №76) განიხილა შპს „---------’’- ის (ს/ნ -------) №82273/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 23 დეკემბრის №001-250 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. მიუთითებს, რომ დარიცხული თანხის შესახებ დირექტორისთვის ახლახან გახდა ცნობილი, რადგან არ ჰქონდა გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე წვდომა.
საჩივრის წარდგენის ვადასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს მის მიმართ შედგენილი 2022 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე გამოცემული 2022 წლის 23 დეკემბრის №32697 ბრძანება და ამავე თარიღის №001-250 საგადასახადო მოთხოვნა გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით 2-ჯერ იურიდიულ მისამართზე (მის.: -------) და ერთხელ ფაქტობრივ მისამართზე (მის.: --------), თუმცა ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება 2023 წლის 23 მარტს და ჩაბარებულად ჩაითვალა 2023 წლის 12 აპრილს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მართალია პირს სადავო აქტი წერილობითი ფორმით 3- ჯერ გაეგზავნა და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, თუმცა საქმეზე არსებული მასალიდან არ დგინდება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დოკუმენტების საჯაროდ გავრცელებამდე მათი ჩაბარების უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა საშუალებები სრულყოფილად გამოიყენა, რაც სადავო დოკუმენტების საჯაროდ გავრცელების წინაპირობა და საფუძველი გახდებოდა. ამასთან, გადამხდელი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ 2022 წლის 23 დეკემბრის №32697 ბრძანებას და ამავე თარიღის №001-250 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 13 ივლისს, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილია ამავე თარიღში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის გასაჩივრების ვადა არ უნდა ჩაითვალოს გაშვებულად და საჩივარი დაშვებულ იქნეს განსახილველად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 10 ივნისის №14570 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------’’- ის (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვარიდან 2022 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 16 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 23 დეკემბრის №32697 ბრძანება და ამავე თარიღის №001-250 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 539 845 ლარი, მათ შორის, გადასახადი 327 377 ლარი, ჯარიმა 163 689 ლარი და საურავი 48 779 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს ქ. -------, ------- ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება სულ 2 პროექტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლისა შედეგად დგინდება, რომ საწარმოს რეალიზებული აქვს ფართები და აღნიშნული ოპერაციები სრულად აქვს ასახული დღგ-ით დასაბეგრ დეკლარირებულ ბრუნვებში. გადამხდელთან 2022 წლის მაისის თვეში ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია და სალაროს ნაშთი დაფიქსირდა 0 ლარი. შემოწმების მიერ ჩატარდა ფულის მოძრაობის ანალიზი, შემოსავლების და ხარჯების შეპირისპირებით გამოვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა მიღებულად და ფულადი სახსრების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, აღნიშნული ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით განაცემად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით შპს ,,--------’’ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2015 წლის 22 აპრილს. საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საწარმოს განკარგვადი თანხა გაანგარიშებულია რეგისტრაციის თარიღიდან მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შეპირისპირებით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა შეისწავლოს, გაანალიზოს და გააკონტროლოს მათ შორის გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე. ამ მიზნით იგი უფლებამოსილია ნებისმიერ (მათ შორის ხანდაზმულ) პერიოდზე ჩაატაროს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები ან/და გადასახადის გადამხდელისგან გამოითხოვოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, თუ გამოიკვეთა შეუსაბამობები, საგადასახადო ორგანო უნდა დაეყრდნოს მის მიერ დადგენილ მონაცემებს და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვროს პირის მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის საფუძველზე, ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლების/გაწეული ხარჯების გათვალისწინებით გაანგარიშებული ფულის ნაშთი, გავლენას არ ახდენს შესამოწმებელ პერიოდში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებზე და აღნიშნული საფუძვლით ფულადი სახსრების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა დაუსაბუთებელია.
ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ნაშთის (განკარგვადი თანხის) გაანგარიშების მიზნებისთვის არ გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლები/გაწეული ხარჯები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------’’- ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ნაშთის (განკარგვადი თანხის) გაანგარიშების მიზნებისთვის არ გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლები/გაწეული ხარჯები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს. მიუთითებს, რომ დარიცხული თანხის შესახებ დირექტორისთვის ახლახან გახდა ცნობილი, რადგან არ ჰქონდა გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე წვდომა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება სულ 2 პროექტი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების შესწავლისა შედეგად დგინდება, რომ საწარმოს რეალიზებული აქვს ფართები და აღნიშნული ოპერაციები სრულად აქვს ასახული დღგ-ით დასაბეგრ დეკლარირებულ ბრუნვებში. გადამხდელთან 2022 წლის მაისის თვეში ჩატარდა სალაროს ინვენტარიზაცია და სალაროს ნაშთი დაფიქსირდა 0 ლარი. შემოწმების მიერ ჩატარდა ფულის მოძრაობის ანალიზი, შემოსავლების და ხარჯების შეპირისპირებით გამოვლინდა განკარგვადი თანხა, რომელიც ჩაითვალა მიღებულად და ფულადი სახსრების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, აღნიშნული ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით განაცემად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სალაროს ნაშთის (განკარგვადი თანხის) გაანგარიშების მიზნებისთვის არ გაითვალისწინოს ხანდაზმულ პერიოდში მიღებული შემოსავლები/გაწეული ხარჯები და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(1)(3), 4(5), 491(1)(2), 43(4), 73(9"ბ"), 101(1), 154(1"ა").
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი: 96, 97.