გადაწყვეტილება №26416/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.02.2026
№ დოკუმენტი 26416/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№26416/2/2026

13 თებერვალი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---ს“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 6.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“-ის 2.01.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26416/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7169 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ოქტომბრის №006-380 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 დეკემბრის №27419 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 451 298.88 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 201 021

დღგ - (-19 611)

მოგების გადასახადი - 1 950

საშემოსავლო გადასახადი - 218 682

ჯარიმა - 181 558

საურავი - 68 719.88

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა ლითონის კონსტრუქციების, ალუმინის კარ-ფანჯრების, პროფილების, ტიხრების, მინა პაკეტების, მოაჯირების დამზადება და მონტაჟი. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14089 და 19 დეკემბრის №31967 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანიას 2020-2022 წლის საანგარიშო პერიოდებში თურქეთიდან იმპორტით შემოტანილი აქვს სხვადასხვა მასალა, რასთან დაკავშირებითაც საწარმოს სატრანსპორტო მომსახურებას უწევენ არარეზიდენტი კომპანიები, სულ შესამოწმებელ პერიოდში 103 582 ლარის ღირებულების. საწარმოს მიერ ტრანსპორტირების თანხები გადახდილია სრულად და არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. საგადასახადო ორგანოს მიერ არარეზიდენტი კომპანიებისთვის გადახდილი თანხები, საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან 10%-იანი განაკვეთით. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. კომპანიის პირველად დოკუმენტებზე და გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლებზე საფუძველზე, სალდირებულად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გადასახადის გადამხდელს სხვაობის თანხაზე დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

3. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს საბანკო ანგარიშიდან და სალაროდან გადახდილი აქვს თანხები სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესაძენად. შემოწმების შედეგად ვერ დგინდება აღნიშნული ხარჯების მიზნობრიობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ გაწეული 206 636 ლარის ღირებულების ხარჯი განხილულ იქნა მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად. შემცირებას დაექვემდებარა შესაბამისი დღგ-ის ჩასათვლელი თანხები. მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულების და მოგების გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

4. კომპანიის პირველად დოკუმენტებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეგისტრაციიდან მოხსნილია (რეალიზებულია) კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები. მათ შორის, მძიმე ტექნიკა (4 თვით ადრე შეძენილი აქვს იურიდიული პირისგან 198 287 ლარად). აღნიშნული მძიმე ტექნიკის რეალიზაცია კომპანიის მიერ არ არის დაბეგრილი დღგ-ით, რასაც ხსნის ბაზაში არსებული ექსპორტის დეკლარაციით, რომელიც შემოწმების პროცესში არ წარუდგენია. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა რეალიზაციის ფაქტის ამსახველი დოკუმენტი (შსს ხელშეკრულების), რომლის მიხედვითაც ფიქსირდება, რომ მძიმე ტექნიკა რეალიზებულია 25 000 აშშ დოლარად აზერბაიჯანში მცხოვრებ ფიზიკურ პირზე (ხელშეკრულებას ხელს აწერს აზერბაიჯანში მცხოვრები პირის წარმომადგენელი, რომელსაც იმავდროულად უფიქსირდება ხელფასის თანხის აღება შპს „----სგან“). ვინაიდან კომპანიის მიერ არ მომხდარა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, მათ შორის, ვერც ახსნა-განმარტების, თუ რატომ მოხდა მძიმე ტექნიკის გაყიდვა 4 თვის შემდეგ შეძენის ფასისგან მკვეთრად განსხვავებულ (დაბალ) ფასად, არ ფიქსირდება არც მძიმე ტექნიკის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, საგადასახადო ორგანოს მიერ, საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოგების გადასახადით დაიბეგრა გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობა (შეძენის ფასსა და გაყიდვის ფასს შორის). ასევე, მსუბუქი ავტომობილის სარეალიზაციო ფასი განისაზღვრა ინტერნეტ წყაროებში მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. რეალიზაციის თანხა ჩაითვალა მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო და მოგების გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

5. საწარმოს სააღრიცხვო მონაცემების და ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდება დიდი ოდენობით უძრავი ნაშთი კომპანიის სალაროში, რომელთა მიზნობრიობა არ დასტურდება. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო აქტიურად სარგებლობს საბანკო სესხებით. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №15615 მეთოდური მითითების „სალაროში არსებული ნაღდი ფულის“ შესახებ დანართი №9-ის მე-11 მუხლით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრა პერიოდის საწყისი უძრავი ნაშთი და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო თვის სალაროს არაგონივრული ნაშთი (საკასო ხარჯის 10%-ს დამატებული ამავე კალენდარული თვის განმავლობაში საკასო შემოსავლის 10%, ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვლება არაგონივრულ ნაშთად) დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

6. საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (ბუღალტრულად ფიქსირებული დიდი მოცულობის ნაშთის გამო). საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალებით დგინდება, რომ ნაშთად რიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთი შეადგენდა სულ 101 610 ლარს. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და კომპანიის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით. კერძოდ, 2023 წლის 10 ოქტომბერს ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებით, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივად აღრიცხული ნაშთი მკვეთრად ნაკლებია იმავე პერიოდის ბუღალტრულად აღრიცხული ნაშთისგან. ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისის გამოვლენა არ მოხდა, თუმცა ამ მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს. განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში წარმოებაში გამოყენებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა კომპანიის წარმოების საშუალო ფასნამატი (32.7%) და დათვლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ გაიზარდა 2020-2023 წლების დასაბეგრი ბრუნვა და შედეგად მიღებული შემოსავალი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. მომჩივანს დაერიცხა დამატებული ღირებულებისა და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №32705 ბრძანება და №006-677 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 278 882 ლარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 6 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 2 აპრილის №7169 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, რეზიდენტობის ცნობები);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-3, მე-5 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შპს „---ის“ მიერ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე მძიმე ტექნიკის რეალიზაციის მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7169 ბრძანება, დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერების ნაწილში, 23.04.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 26.07.2024 წლის №22944/2/2024 (რეგ. 31.07.2024 წელი; №03/58567) გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, ნაწილობრივ გააუქმა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7169 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 18.10.2024 წლის №22441 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.10.2024 წლის №22441 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის დასკვნა, 22.07.2025 წლის №16420 ბრძანება და №006-283 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 26 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 25.11.2025 წლის №25805 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7169 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2025 წლის დასკვნა, 9.10.2025 წლის №21658 ბრძანება და №006-380 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 826 369 ლარით. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 13 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 12 დეკემბრის №27419 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაცია/მტკიცებულებების მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ ვერ მოხდა კონკრეტული პროექტების მიხედვით შესრულებული სამუშაოების და მასზე გახარჯული მასალების დეტალური იდენტიფიცირება. ასევე, ვერ განხორციელდა კონკრეტულად თითოეულ წარმოებულ კარზე, ფანჯარაზე და სხვა გახარჯული მასალების იდენტიფიცირება, რომ მომხდარიყო ჩამოწერების ლოგიკური დაკავშირება შესრულებულ სამუშაოებთან. მასალების ნაწილი ბუღალტრულად ისევ ნაშთად არის აღრიცხული, მაშინ როცა ინვენტარიზაციის მიერ აღნიშნული საქონლის ნაშთი კომპანიას არ გააჩნდა. შესრულებული მსხვილი პროექტის ნაწილში, სადაც კომპანიის მიერ მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოწმების პროცესში გამოყენებული საშუალო ფასნამატით, ვინაიდან დადასტურებულად წარდგენილი დოკუმენტაციით ჩამოწერილი საქონლის ოდენობის დადასტურება ვერ ხდებოდა. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ ნაწილობრივ განხორციელდა აღნიშნულ საკითში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). საგადასახადო ორგანოს მიერ ასევე კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა არარეზიდენტ კომპანიებზე გადახდილი თანხების, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯების, მძიმე ტექნიკის რეალიზაციის და სალაროს არაგონივრული ნაშთის ნაწილში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, მომჩივანს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პერიოდის ბოლოს, 31 მაისის მდგომარებით წარდგენილი ბუღალტრული ნაშთი წარმოადგენდა იმავე პერიოდში არსებულ მიმდინარე პროექტებზე გამოყენებულ მასალას. იმის გამო რომ აღნიშნული პროექტები არ იყო დასრულებული და იყო მიმდინარე, ბუღალტერიაში მასალა აღრიცხული იყო მასალების ანგარიშზე (1620), პროექტების დასრულების და შესაბამისი მიღება-ჩაბარების და ანგარიშფაქტურების გამოწერის შემდგომ უნდა მომხდარიყო ამ მასალების ჩამოწერა. აღნიშნული მასალები ინვენტარიზაციის პერიოდში განთავსებული იყო დამკვეთის ობიექტებზე და მიმდინარეობდა მათი გამოყენება სამშენებლო სამუშაოს წარმოების დროს. ამ მასალების დამკვეთებისგან მიღებული თანხა ჯამურად შეადგენს 3 912 239.31 ლარს, რომელიც მიღების მომენტში დაბეგრილია დღგ-ით. ინვენტარიზაციის ჯგუფსა და შემმოწმებლებს განემარტათ, რომ მასალები მდებარეობდა დამკვეთების ობიექტებზე და მასალების ძირითადი ნაწილი ან გამოყენებული იყო და/ან გამოყენება ხდებოდა წარმოებაში, რომლის საფასური - 3 912 239.31 ლარი - იყო ჩარიცხული. შესაბამისად, ინვენტარიზაცია ჩატარდა საწყობში და მიეწოდა შესაბამისი მონაცემები საგადასახადო ორგანოს. წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, რომლითაც დასტურდება აღნიშნულ ობიექტებზე პროექტების/სამუშაოების განხორცილება და მასალების გამოყენების ფაქტი. ასევე აღსანიშნავია, რომ შემოწმების პერიოდიდან დღემდე თითქმის არ მომხდარა მასალების შეძენა (მხოლოდ დაახლოებით 30 000 ლარის მასალა არის შეძენილი), რაც შესაძლებლობას იძლევა ადვილად მოხდეს ამ ფაქტების გადამოწმება. რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული არაპირდაპირ მეთოდის გამოყენებას, გადასახადის გადამხდელი აწარმოებს მოწესრიგებულ ბუღალტრულ აღრიცხვას და სმფ-ის შეძენა/ჩამოწერას ახდენს კანონმდებლობის შესაბამისად. ამრიგად, აღარ არსებობს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაში, ამ მუხლის შესაბამისად, უნდა იყოს ერთზე მეტი ნებისმიერი შემდეგი პირობის არსებობა, რომელიც მოცემულია ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში, აღნიშნულს კი შემმოწმებელი აქტში საერთოდ არ უთითებს. მომჩივნის მიერ გადაანგარიშებისას წარდგენილი იქნა დეტალური ინფორმაცია, დახარჯული მასალების შესახებ. მიაწოდეს პროექტი და დეტალურად აღწერილი თითოეულ საქონელზე დახარჯული ძირითადი მასალების რაოდენობები და სახეობები, რითაც ხდება გახარჯული საქონლის იდენტიფიცირება. აღნიშნულის გათვალისწინების შემთხვევაში კომპანიას ამ ნაწილში დამატებით დასარიცხი გადასახადები არ წარმოეშვება. საჩივარს დანართად ურთავს პროექტის ნახაზებს და ჩამონათვალს, სადაც მოცემულია შესასრულებელი სამუშაოების (კარ-ფანჯრის რაოდენობა, ზომა და გაბარიტები), ასევე ექსელის ცხრილებს უკვე შესრულებული სამუშაოების დეტალური აღწერილობების შესახებ. მისი დოკუმენტალური ვერსია (მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა 2 და ა.შ.) წარდგენილი იქნა წინა საჩივრების დროს და ასევე აუდიტორთან გადაანგარიშებისას. მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 აპრილის №7169 ბრძანებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, რეზიდენტობის ცნობები);

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-3, მე-5 და მე-6 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შპს „---ის“ მიერ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე მძიმე ტექნიკის რეალიზაციის მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება:

- კომპანიის მიერ განხორციელდა 2020, 2021, 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდების სატრანსპორტო კომპანიის რეზიდენტობის ცნობების წარდგენა, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ სატრანსპორტო გადაზიდვის შემსრულებელი კომპანია არის თურქეთის რესპუბლიკის რეზიდენტი კომპანია. საგადასახადო ორგანოს მიერ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმების და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- საწარმოს მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში ნაწილობრივ განხორციელდა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა. მათ შორის, გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებთან, ალუმინის კარ-ფანჯრების მონტაჟზე, სასტუმროს მომსახურების გაწევაზე. აგრეთვე, წარდგენილ იქნა იურიდიული მომსახურების მიღების დამადასტურებელი ხელშეკრულება, კვების ხარჯის დამადასტურებელი ხელშეკრულება გაფორმებული შპს „---თან“, რომლის მიხედვითაც შპს „---“ ვალდებული იყო კვებით და საცხოვრებლით მოეხდინა პროექტზე მომუშავე თანამშრომლების უზრუნველყოფა. პროექტი შეეხებოდა წყალტუბოს 500 კვ ქვესადგურისა და 220 კვ გაფართოებული გამანაწილებელი ხაზის მშენებლობას. გარკვეული სახის დოკუმენტაციის წარდგენა ვერ განხორციელდა. მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული იყო ერთჯერადი სახის და ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე გაწეული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია და განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება)

- შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელდა შპს „---ის“ მიერ არარეზიდენტ ფიზიკურ პირზე მძიმე ტექნიკის რეალიზაციის მოგების გადასახადით დასაბეგრ ობიექტად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- საგადასახადო შემოწმება მოიცავდა 1.01.2020-1.06.2023 წლის საანგარიშო პერიოდს. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ სალაროს ნაშთი დაბეგრილ იქნა 2023 წლის 31 მაისის მდგომარეობით. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტაციით, მათ შორის, საბანკო ანგარიშის ამონაწერითა და ბუღალტრული აღრიცხვის მასალებით დგინდება, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდში სალაროდან საბანკო ანგარიშზე შეტანილია თანხა 229 300 ლარის ოდენობით, რომლითაც დაფარულია შემდგომ პერიოდში საბანკო სესხი.

საგადასახადო ორგანოს მიერ საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხის ოდენობით შემცირებულ იქნა სალაროს არაგონივრული ნაშთის ოდენობა. შესაბამისად, ნაწილობრივ შემცირებას დაექვემდებარა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხის ოდენობა. შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

- მომჩივნის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის შესწავლით, კონკრეტული პროექტების მიხედვით შესრულებული სამუშაოების და მასზე გახარჯული მასალების დეტალური იდენტიფიცირება ვერ ხდება. წარდგენილია შესრულებულ სამუშაოებზე გახარჯული მასალების ჯამური მაჩვენებლები.

საგადასახადო ორგანოს მიერ ვერ ხდება კონკრეტულად თითოეულ წარმოებულ კარზე, ფანჯარაზე და სხვა გახარჯული მასალების იდენტიფიცირება, რათა მოხდეს ჩამოწერების ლოგიკური დაკავშირება შესრულებულ 7 სამუშაოებთან. რიგ შემთხვევაში კომპანიის მიერ დაკორექტირებულია წინა პერიოდის და არა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომი მასალების ხარჯვის აქტები. აგრეთვე, მასალების ნაწილი ბუღალტრულად ისევ ნაშთად არის აღრიცხული, მაშინ როცა ინვენტარიზაციის მიერ აღნიშნული საქონლის ნაშთი საწარმოს არ გააჩნდა. შესრულებული მსხვილი პროექტის ნაწილში, სადაც კომპანიის მიერ მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოწმების პროცესში გამოყენებული საშუალო ფასნამატით, ვინაიდან დადასტურებულად წარდგენილი დოკუმენტაციით ჩამოწერილი საქონლის ოდენობის დადასტურება ვერ ხდებოდა.

შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა აღნიშნულ საკითხში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 826 369 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 554 396 ლარი და ჯარიმა - 271 973 ლარი. სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2026 წლის №9320-21-14 წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მოთხოვნილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაცია (ბუღალტრულად ფიქსირებული დიდი მოცულობის ნაშთის გამო). 2023 წლის 10 ოქტომბრის ბრძანებით ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალებით დგინდება, რომ ნაშთად რიცხული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება შეადგენდა 101 610 ლარს.

საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და საწარმოს საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, 2023 წლის 10 ოქტომბერს ჩატარებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებით, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივად აღრიცხული ნაშთი მკვეთრად ნაკლებია იმავე პერიოდის ბუღალტრულად აღრიცხული ნაშთისაგან. ინვენტარიზაციის შედეგად დანაკლისის გამოვლენა არ მოხდა, თუმცა ამ მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა საქონლის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს (1.06.2023 წლამდე). განისაზღვრა შესამოწმებელ პერიოდში წარმოებაში გამოყენებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელზეც გავრცელდა კომპანიის წარმოების საშუალო ფასნამატი (32.7%) და დათვლილ იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი. შესაბამისად, გაიზარდა 2020-2023 წლების დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, მიღებული შემოსავალი განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. კომპანიის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის შესწავლით, კონკრეტული პროექტების მიხედვით შესრულებული სამუშაოების და მასზე გახარჯული მასალების დეტალური იდენტიფიცირება ვერ ხდება. წარდგენილია შესრულებულ სამუშაოებზე გახარჯული მასალების ჯამური მაჩვენებლები.

საგადასახადო ორგანოს მიერ ვერ ხდება კონკრეტულად თითოეულ წარმოებულ კარზე, ფანჯარაზე და სხვა გახარჯული მასალების იდენტიფიცირება, რათა მოხდეს ჩამოწერების ლოგიკური დაკავშირება შესრულებულ სამუშაოებთან. რიგ შემთხვევაში კომპანიის მიერ დაკორექტირებულია წინა პერიოდის და არა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომი მასალების ხარჯვის აქტები. აგრეთვე, მასალების ნაწილი ბუღალტრულად ისევ ნაშთად არის აღრიცხული, მაშინ როცა ინვენტარიზაციის მიერ აღნიშნული საქონლის ნაშთი კომპანიას არ გააჩნდა. შესრულებული მსხვილი პროექტის ნაწილში, სადაც კომპანიის მიერ მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილ იქნა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ პერიოდში, საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა შემოწმების პროცესში გამოყენებული საშუალო ფასნამატით, ვინაიდან დადასტურებულად წარდგენილი დოკუმენტაციით ჩამოწერილი საქონლის ოდენობის დადასტურება ვერ ხდებოდა. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ გადაანგარიშებისას წარდგენილი იქნა დეტალური ინფორმაცია დახარჯული მასალების შესახებ. მიაწოდეს პროექტი და დეტალურად აღწერილი თითოეულ საქონელზე დახარჯული ძირითადი მასალების რაოდენობები და სახეობები, რითაც ხდება გახარჯული საქონლის იდენტიფიცირება. აღნიშნულის გათვალისწინების შემთხვევაში კომპანიას ამ ნაწილში დამატებით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშვება. კომპანიის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ თავისი პოზიციის გასამყარებლად მზად არის წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვების შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან). ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 12 დეკემბრის №27419 ბრძანება;

3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვების შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან);

4. მომჩივნის მიერ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევად არ უნდა იქნეს მიჩნეული, გადასახადის გადამხდელის მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ამავე ვადაში წარდგენა, რა დროსაც შესაბამისი დასკვნის წარდგენის ვადა უნდა გაგრძელდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დასკვნის გამოცემის თარიღის გათვალისწინებით;

5. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, მომჩივნის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);

6. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7169 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2.04.2024 წლის №7169 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.10.2025 წლის დასკვნა, 9.10.2025 წლის №21658 ბრძანება და №006-380 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 826 369 ლარით. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 13 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 12 დეკემბრის №27419 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვების შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან). ამასთან, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,ბ).