გადაწყვეტილება №23272/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 09.08.2024
№ დოკუმენტი 23272/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23272/2/2024

09 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.08.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 18.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23272/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დავის დაწყება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №086-2 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12613 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 800 557 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 464 715

დღგ - (-4 217)

საშემოსავლო გადასახადი - 468 910

ქონების გადასახადი - 22

ჯარიმა - 235 803

საურავი - 100 039

 

სადავო საკითხები:

1. დავის დაწყება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტ-იმპორტი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 ივლისის №23961 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმო ფიზიკური პირებისგან ნაღდი ანგარიშსწორებით შეძენილი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს ძირითადად ---------- და ----------. წარდგენილი ბუღალტრული გატარებებიდან დგინდება, რომ კომპანიის გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 1 835 563 ლარს. ამასთან, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ---------- კომპანია ----------ს ერიცხება დებიტორული დავალიანება 1 734 927 ლარი, რომელიც წარმოშობილია 2019 წლის ივლისის თვიდან 2021 წლის 30 ივნისამდე პერიოდში. ამასთან, 2019 წლიდან 2020 წლის ჩათვლით დებიტორული დავალიანება არ დაფარულა. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი დოკუმენტაცია, რითიც დასტურდება აღნიშნული დავალიანების მოთხოვნის ფაქტი (სასამართლო სარჩელი, საფოსტო მიმოწერა და ა.შ). შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დებიტორული დავალიანება ჩაითვალა მიღებულად და საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შედეგად, შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №41543 ბრძანება და №086-87 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 735 890 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 26 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 18 ივლისის №18965 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:

- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტები, ასევე შეისწავლოს ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის მართებულობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 18 ივლისის №18965 ბრძანება 29.07.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 28.10.2022 წლის №17331/2/2022 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.01.2023 წლის დასკვნა, 1.02.2023 წლის №1594 ბრძანება და №086-2 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 3 აპრილის №7000 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7000 ბრძანება 24.04.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 19.05.2023 წლის №19484/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

2024 წლის 21 თებერვალს გადასახადის გადამხდელმა მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა დავის დაწყება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №086-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმება. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12613 ბრძანებით, საჩივარი, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით დავის დაწყების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №086-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12613 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 299-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ საჩივრებში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ არის ისეთი გარემოებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარდგენილ საჩივრებში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის დაწყების საფუძველი. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2024 წლის 24 იანვარს ---------- საარბიტრაჟო სასამართლომ (----------) დააკმაყოფილა შპს „----------“ სარჩელი და ---------- კომპანია ----------ს (ს/ნ ----------) დააკისრა 548 975 აშშ დოლარის გადახდა. დავა შეეხებოდა ზუსტად იმ დავალიანებას, რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის დარიცხვა. აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი დოკუმენტაცია, რითიც დასტურდება აღნიშნული დავალინების მოთხოვნის ფაქტი. შესაბამისად, წარმოადგენს გადაწყვეტილებას, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა თანხის გადახდა და მომჩივანს არასოდეს აღნიშნული თანხის მოთხოვნაზე უარი არ განუცხადებია. ვინაიდან და რადგანც გადაწყვეტილება მიღებულია 2024 წლის 24 იანვარს, აღნიშნული წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12613 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა გადასახადის გადამხდელის საჩივარი ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე. დასაბუთებაში მითითებულია, რომ საჩივარში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ არის ისეთი გარემოებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. საქმეში წარმოდგენილია 2024 წლის 24 იანვრის არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ითხოვს ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლებას. შესაბამისად, მის თაობაზე 2023 წელს არ ეცოდინებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 მაისის №12613 ბრძანება და დაევალოს შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაახლოს საქმის წარმოება და ბათილად იქნას ცნობილი 2023 წლის 1 თებერვლის №086-2 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2024 წლის 24 იანვარს ---------- საარბიტრაჟო სასამართლომ დააკმაყოფილა შპს „----------“ სარჩელი და ---------- კომპანია ----------ს დააკისრა 548 975 აშშ დოლარის გადახდა. დავა შეეხებოდა ზუსტად იმ დავალიანებას, რომლის საფუძველზეც მოხდა გადასახადის დარიცხვა. შესაბამისად, წარმოადგენს გადაწყვეტილებას, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა თანხის გადახდა და განმარტავს, რომ მომჩივანს არასოდეს აღნიშნული თანხის მოთხოვნაზე უარი არ განუცხადებია. ვინაიდან საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2024 წლის 24 იანვარს, აღნიშნული წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას. შესაბამისად, ითხოვს დავის დაწყებას და 2023 წლის 1 თებერვლის №086-2 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №086-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 3 აპრილის №7000 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7000 ბრძანება 24.04.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 19.05.2023 წლის №19484/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7000 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 19.05.2023 წლის №19484/2/2023 გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც წარმოებაში მიიღო სარჩელი და დასაშვებად ცნო. აღნიშნულ საკითხზე სასამართლო დავა ჯერ არ დასრულებულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სადავო საკითხზე სასამართლო დავა არ დასრულებულა, არ არსებობს დავის დაწყების (განახლების) საფუძველი. შესაბამისად, მომჩივნის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №086-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 3 აპრილის №7000 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №086-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 21 თებერვალს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 30 მაისის №12613 ბრძანებით, საჩივარი ამ ნაწილში, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დატოვა განუხილველი იმ მოტივით, რომ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „----------“ მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №086-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7000 ბრძანებით დარჩა განუხილველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომპანიის 2024 წლის 21 თებერვლის და 25 აპრილის საჩივრები, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის №086-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №086-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 3 აპრილის №7000 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი.

აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №086-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 21 თებერვალს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 30 მაისის №12613 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დავის დაწყება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების საფუძვლით;

2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №086-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 3 აპრილის №7000 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7000 ბრძანება 24.04.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 19.05.2023 წლის №19484/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 3 აპრილის №7000 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 19.05.2023 წლის №19484/2/2023 გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც წარმოებაში მიიღო სარჩელი და დასაშვებად ცნო. აღნიშნულ საკითხზე სასამართლო დავა ჯერ არ დასრულებულა.

2. აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №086-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 3 აპრილის №7000 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი. აუდიტის დეპარტამენტის 1.02.2023 წლის №086-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 21 თებერვალს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 30 მაისის №12613 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299; 301.