გადაწყვეტილება №18486/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 16.02.2023
№ დოკუმენტი 18486/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№18486/2/2022

16.02.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ---------- (ს/ნ ----------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 20.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18486/2/2022).

 

დავის საგანი:

დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის დაკისრებული ჯარიმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 20.10.2022 წლის №036-28 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №31001 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 981,3 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივანი დაგვიანებით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა განახორციელა 23.09.2022 წლიდან 17.10.2022 წლამდე პერიოდში, რაზეც მომსახურების დეპარტამენტის 20.10.2022 წლის №036-28 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 981,3 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №31001 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება); საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 8.12.2022 წლის №31001 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 43- ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 282-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ არის საქართველოს მოქალაქე. საქმიანობს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 23.03.2022 წელს. პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებას უწევს იურიდიულ პირს შვეიცარიაში რეგისტრირებულ საწარმოს --------------, რომელსაც არ გააჩნია საქათველოში მუდმივი დაწესებულება (იხილეთ დანართი - ხელშეკრულება). გაიარა კონსულტაცია საგადასახადო ექსპერტებთან და გაარკვია, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისთვის ს მის მიერ ------------------სათვის გაწეული მომსახურება საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის თანახმად არ განიხილება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად და შესაბამისად არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. შესაბამისად, არანაირი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა არ ქონია და არც ჯარიმას იმსახურებდა დღგ-ის გადამხდელად დაგვიანებით რეგისტრაციისთვის.

შემოსავლების სამსახურმა 8.12.2022 წლის №31001 ბრძანებით მომსახურების დეპარტამენტს დაავალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანება მიუთითებს ჯარიმის პატიებაზე იმ პირობებში, როდესაც გადასახადის გადამხდელმა დააგვიანა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია, შემდგომ თავად წარადგინა განცხადება რეგისტრაციის თაობაზე. აღნიშნულ შემთხვევაში რეგისტრაცია კი არ დააგვიანა მომჩივანმა, არამედ განცხადების წარმოდგენა შეცდომით მოხდა. არ ახორციელებს მომსახურების გაწევას საქართველოს ტერიტორიაზე და შესაბამისად არ აქვს და არც 2022 წლის სექტემბერში ქონია დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, ვერანაირად ვერ განახორციელებდა დეკლარირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 1621 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლის შესაბამისად, მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზეა გაწეული, მიიჩნევა, რომ იგი არ გაწეულა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო თუ მომსახურება არ არის გაწეული საქართველოს ტერიტორიაზე, იგი განიხილება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეულად.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

ერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით

გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მომჩივანი არ არის საქართველოს მოქალაქე და საქმიანობს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. გადასახადის გადამხდელი პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურებას უწევს შვეიცარიაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს. დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისთვის მის მიერ გაწეული მომსახურება საგადასახადო კოდექსის 1621 მუხლის თანახმად არ განიხილება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებად და შესაბამისად არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომჩივანი არ იყო ინფორმირებული და შეცდომით დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად. საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით, იგი მოქმედებდა საპატიებელი შეცდომის პირობებში, იმ რწმენით, რომ მისი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის 20.10.2022 წლის №036-28 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში ასახული ჯარიმისგან.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივანი გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის 20.10.2022 წლის №036-28 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში ასახული ჯარიმისგან;

3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.