ბრძანება N 17817
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17817
06 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2026 წლის 7 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 ივლისის სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 7 ივლისის №114743/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 ივნისის №083-23 კორექტირებულ „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლენილ სხვაობას. მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები საჭიროებს დამატებით დაზუსტებას/კორექტირებას.
2. გადასახადის გადამხდელი ფულის ნაშთის განსაზღვრის ნაწილში ითხოვს ხარჯების გათვალისწინებას. აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში მის მიერ გაწეულია სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯები, კერძოდ, გავლილია 75 000 კმ, მოცემულ შემთხვევაში საწვავის ხარჯი არის სულ 25 000 ლიტრი დიზელის საწვავი, დოკუმენტურად შეძენილია სულ 17 561 ლიტრი, ხოლო 7 440 ლიტრი შეძენილია ნაღდი ანგარიშსწორებით (თანხით 22 000 ლარი), რაც შემოწმების მიერ ხარჯებად არ იქნა აღიარებული. ასევე არ იქნა გათვალისწინებული ავტომანქანებით მომსახურებისათვის შეძენილი 45 ცალი საბურავი, საიდანაც ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილია სულ 48 000 ლარი. დოკუმენტით შეძენილია 17 ცალი საბურავი, რაშიც გადახდილია 14 040 ლარი. ასევე შეძენილი/გამოცვლილია გადაცემათა კოლოფის ზეთი სულ 60 ლიტრი, თანხით 1 500 ლარი. ასევე დოკუმენტურად შეძენილია/გამოცვლილია ძრავის ზეთი სულ 207 ლიტრი, თანხით 4 074,3 ლარი. გარდა აღნიშნულისა, შეძენილია მეორადი ავტონაწილები (ავტომანქანის კუზაო, მოტორი და სხვა), რაშიც ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილია სულ 46 000 ლარი, რაც შემოწმების მიერ ხარჯად არ იქნა აღიარებული. მეორადი ავტონაწილები შეძენილია ------- (557 39 29 50) და ------- (598 18 50 45). გადამხდელი მიიჩნევს, რომ შესამოწმებელ პერიოდში ავტომანქანების ხარჯის დადგენის ნაწილში შემოწმებას უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიებისგან და აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა შეემცირებინა სალაროს ნაშთი. გადამხდელის გაანგარიშებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთი შეადგენს 58 884 ლარს.
3. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს ფინანსურ სირთულეებზე და აცხადებს, რომ სანქციის ნაწილში სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა თუ არა პირი მარტო ამ მიდგომით მსჯელობა არ არის საკმარისი. გადამხდელი ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 იანვრის №15 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯის გათვალისწინების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საწარმოს საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯი განსაზღვროს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს“.
შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 იანვრის №15 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 18 მაისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 87 124 ლარი, მათ შორის: გადასახადი 58 083 ლარი, ჯარიმა 29 041 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 11 ივნისის №083-23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
● დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლენილ სხვაობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტირებული გაანგარიშება თანდართული დოკუმენტებით, რომლის საფუძველზეც კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა დამატებითი ღირებულების გადასახადი და ჯარიმის თანხა.
● ფულის ნაშთის გაანგარიშების ნაწილში ხარჯის გათვალისწინების მიზნით, გადამხდელის მიერ წარდგენილ არგუმენტირებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შპს „-------“ შეუმცირდა მიღებული შემოსავალი, რის საფუძველზეც განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლენილ სხვაობასთან დაკავშირებით, გადაანგარიშების ეტაპზე, საგადასახადო შემოწმების მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი გაანგარიშების შესწავლა თანდართული დოკუმენტებით, რომლის საფუძველზეც კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა დარიცხული დამატებითი ღირებულების გადასახადი და ჯარიმის თანხა.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, რომლითაც გადამხდელი ითხოვს ფულის ნაშთში ავტომობილის ექსპლუატაციის ხარჯის გათვალისწინების, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი თავდაპირველად მის საკუთრებაში არსებული ავტომობილების (სახ. ნომრებით ------- და -------) გავლილ მანძილად ასახელებდა 675 000 კმ, ხოლო ბოლოს წარმოდგენილ საჩივარში მოცემული მანძილი დააკორექტირა და მიუთითა 75 000 კილომეტრი. მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, კომპანიამ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა გადამხდელის მიერ დათვლილი მანძილის რეალურობას. პირიქით, ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ ვერ შეძლო იმ რეისების შესახებ ინფორმაციის მიღება, რომლებიც განხორციელდა გაწეული მომსახურების ფარგლებში. შემოწმების პროცესში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების გამოყენებით, შესწავლილ იქნა სასაქონლო ზედნადებები შპს-ის კუთვნილი ავტომობილების მიერ გავლილი მანძილის დასადგენად. აღნიშნული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს საკუთრებაში არსებული ავტომობილების (სახელმწიფო ნომრებით: ------- და -------) მიერ გავლილი მანძილი ჯამურად შეადგენს 38 930 კილომეტრს. აღნიშნულ მაჩვენებელთან მიმართებაში რელევანტურად იქნა მიჩნეული ის დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, რაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ, კერძოდ: 19 ცალი საბურავი, 18 626 ლიტრი დიზელის საწვავი, 150 ლიტრი ძრავის ზეთი და ასევე სხვადასხვა სახის ავტომობილისთვის აუცილებელი მომსახურება თუ ნაწილები. გარდა ამისა, შპს „-------“ აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტის გარეშე, ფიზიკური პირებისაგან შეიძინა დაზიანებული ავტომობილები ნაწილებად გამოყენების მიზნით. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტები და ფოტომასალა, რის საფუძველზეც კომპანია ითხოვს აღნიშნული ხარჯების საწარმოს ხარჯებად აღიარებას, თუმცა, ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისას, მითითებულმა ფიზიკურმა პირებმა უარყვეს მათი კავშირი როგორც აღნიშნულ ავტომობილებთან, ასევე, მათ შესაძლო გასხვისებასთან. დამატებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არცერთ მათგანს არ უფიქსირდებოდა საკუთრებაში რაიმე ტიპის სატრანსპორტო საშუალება. ამასთანავე, აღნიშნული ავტომობილები არ ირიცხება შპს-ს საკუთრებაში და არ არის ასახული მის ბალანსზე. ასევე დაუდგენელია სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN), მიმდინარე ან ყოფილი მესაკუთრეები. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ უზრუნველყოფს ხარჯების დასაბუთებას და მათი აღიარების საფუძველს.
შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
აგრეთვე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ 446969326) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლენილი სხვაობა.
2. ფულის ნაშთის განსაზღვრის ნაწილში ითხოვს ხარჯების გათვალისწინებას.
3. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის გამოვლენილ სხვაობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტირებული გაანგარიშება თანდართული დოკუმენტებით, რომლის საფუძველზეც კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა დამატებითი ღირებულების გადასახადი და ჯარიმის თანხა.
ფულის ნაშთის გაანგარიშების ნაწილში ხარჯის გათვალისწინების მიზნით, გადამხდელის მიერ წარდგენილ არგუმენტირებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მომჩივანს შეუმცირდა მიღებული შემოსავალი, რის საფუძველზეც განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის და ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)