გადაწყვეტილება №20950/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20950/2/2023
06 დეკემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 30.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20950/2/2023).
დავის საგანი:
1. შემოსავლების სამსახურის 17.02.2022 წლის №3909 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №125-47 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №125-14 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 7 სექტემბრის №21910 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 893 655 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 399 137
დღგ - 8 661
მიწა - არასასოფლო - 4 202
საშემოსავლო გადასახადი - 386 274
ჯარიმა - 197 191 საურავი - 297 327
სადავო საკითხები:
1. შემოსავლების სამსახურის 17.02.2022 წლის №3909 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 22 ივლისის №24044 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №41329 ბრძანება და №125-47 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 27 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 17.02.2022 წლის №3909 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებული იქნება სანოტარო წესით (წარსადგენი მტკიცებულებები შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 17.02.2022 წლის №3909 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2023 წლის დასკვნა, 7.07.2023 წლის №16423 ბრძანება და №125-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 31 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 7 სექტემბრის №21910 ბრძანებით ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე და საქმეში არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
1) საწარმოს ეკონომიკური საქმიანობაა ადგილობრივი ფერმერებისგან საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ძირითადად მანდარინის და ვაშლის შეძენა და ექსპორტზე გატანა.
2) შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ 700-მდე ფერმერისგან განხორციელებულია 1 971 შესყიდვის ოპერაცია, ჯამში 16 890 720 ლარის ღირებულების.
3) შესყიდვის ოპერაციებთან დაკავშირებით, მომჩივნის მიერ საგადასახადო შემოწმებისას წარდგენილი იქნა პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია - შესყიდვების რეესტრი როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით, რომლის მიხედვითაც იდენტიფიცირდება მომწოდებელი პირი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი). ასევე, სანოტარო წესით დამოწმებული აქტები.
4) საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშების დასკვნის მიხედვით, გასაჩივრებულ თემად მითითებულია შემდეგი: შპს „----“ არ ეთანხმება ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შედეგად დარჩენილი თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადს.
5) საკითხის კორექტირებაზე უარის თქმის საფუძვლად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშების დასკვნაში მითითებულია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების მიზნით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელს მოსთხოვა შესყიდვის აქტების (არსებითობის პრინციპით შერჩეული) სანოტარო წესით დამოწმება. შპს „---ის“ მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილი იქნა ნოტარიულად დამოწმებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების ნაწილი. წარდგენილი დოკუმენტების გადამოწმების მიზნით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა საგამოძიებო ორგანოს, რომლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმადაც, აღნიშნულ შესყიდვის აქტებში მითითებული ინფორმაცია არ დადასტურდა
6) აუდიტორის მოთხოვნის შესაბამისად და მის შესასრულებლად, შპს „---ს“ მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნა იმ რაოდენობის სანოტარო წესით დამოწმებული შესყიდვის დამადასტურებელი აქტი, რამდენიც მოთხოვნილი იყო. შესაბამისად, დასკვნაში გაკეთებული მითითება მოთხოვნილი დოკუმენტების მხოლოდ ნაწილის წარდგენაზე, არის უსაფუძვლო.
7) შესყიდვის ყველა აქტი (დოკუმენტი) არის სანოტარო წესით დადასტურებული. შესაბამისად, მითითება მათი ნამდვილობის საეჭვოობის შესახებ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
8) დასკვნა არ შეიცავს მითითებას თუ რაში მდგომარეობდა არსებითობის პრინციპი, რომლითაც შეირჩა კონკრეტული შესყიდვის დოკუმენტები, არ არის მითითება თუ კონკრეტულად რომელი, რამდენი, რომელი პირისგან შესყიდვის შესახებ აქტი იქნა შერჩეული. შესაბამისად, მათი არსებითობის პრინციპით შერჩევაზე მითითება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
9) 7.09.2023 წლის №21910 ბრძანების მიხედვით, 7.07.2023 წლის №125-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებად მითითებულია, რომ:
შემოწმების პროცესში, საწყის ეტაპზე, შპს „---ს“ მიერ მოწოდებული შესყიდვების რეესტრში მითითებულ მომწოდებლებთან შემოწმების ჯგუფის მიერ განხორციელდა სატელეფონო გასაუბრება წლების მიხედვით მიწოდებული საქონლის ფასების, ღირებულების, რაოდენობის, მოსავლის რაოდენობის შესახებ, რაზედაც მიმწოდებლად მითითებულ პირთა უმრავლესობამ არ დაადასტურა მიწოდების ფაქტი, უარყო დიდი ოდენობით (მაგ.: 15 ტონა, 20 ტონა, 50 ტონა და მეტი) მოსავლის მიღების ფაქტი; შემოწმების შემდეგ ეტაპზე, ფიზიკური პირების 77%- მა წერილობით ახსნა-განმარტებაში არ დაადასტურა საქონლის მიწოდების ფაქტი. ამასთან, მათმა ნაწილმა საერთოდ უარყო არა თუ შპს „---თვის“ მიწოდების, არამედ საერთოდ ამ საქმიანობის განხორციელების ფაქტი;
ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ფიზიკურმა პირებმა დაადასტურეს საქონლის მიწოდების ფაქტები, თუმცა დააფიქსირეს არსებითად დაბალი ფასები. შემოწმების ჯგუფის მოთხოვნის საფუძველზე, შპს „---მა“ წარადგინა შესყიდვის აქტების მხოლოდ 13% ნოტარიულად დამოწმებული აქტი. გადაანგარიშების ეტაპზე, 17.02.2022 წლის №3909 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელისგან დამატებით მოთხოვნილი იქნა 200 შესყიდვის აქტის (არსებითობის პრინციპით შერჩეული) სანოტარო წესით დამოწმება, საიდანაც მხოლოდ 104 აქტი იქნა დამოწმებული, რაც მოთხოვნილის 52%-ია. ჯამში, შპს „---ს“ მიერ დამოწმებული იქნა შეძენილი საქონლის 33%. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით, შემოსავლების სამსახურის მიმართვის საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ განახორციელა 5 პირის გამოკითხვა, რა დროსაც აქტებში მითითებული ინფორმაცია არ დადასტურდა.
10) 7.09.2023 წლის №21910 ბრძანების მიხედვით, 28.12.2021 წლის №125-47 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 17.02.2022 წლის №3909 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. პირველ რიგში, არ ეთანხმებიან საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშების დასკვნაში გასაჩივრებულ თემად ხარჯების არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშების შედეგად დარჩენილი თანხის საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მითითებას, რადგან შპს „---ის“ მიერ სადავოდ არის გამხდარი არა მხოლოდ გადასახადის დარიცხვა, არამედ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.
შემოსავლების სამსახურის მიერ შპს „---ის“ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით და გადასახადის დარიცხვა არის არამართლზომიერი და უკანონო. მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ იყო არც ერთი საფუძველი. კომპანიის მიერ ბუღალტერიის წარმოება ხორციელდებოდა დადგენილი წესის დაცვით. საგადასახადო შემოწმებისას საწარმოს მიერ წარდგენილ იქნა საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია. მათ შორის, საგადასახადო შემოწმების შედეგების გაანგარიშებისას კომპანიის მიერ დამატებით იქნა წარდგენილი შესყიდვის დამადასტურებელი, სანოტარო წესით დამოწმებული აქტები იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც იქნა მოთხოვნილი აუდიტორის მიერ.
აღნიშნული დოკუმენტები სრულად აკმაყოფილებენ საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლით პირველადი საგადასახადო დოკუმენტისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას და მათი ნამდვილობის ეჭვქვეშ დაყენებით, საგადასახადო ორგანოს მიერ ირღვევა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება. ასევე, უგულებელყოფილია ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით უპირობოდ დადგენილი თეზა - სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტის უდავო მტკიცებულებითი ძალის შესახებ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილი ეხება ყველა სახის გადასახადის განსაზღვრას ... მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებას საგადასახადო ორგანო მოიპოვებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ ნაწილის ორი პუნქტის პირობა მაინც იქნება დაკმაყოფილებული.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის დისპოზიცია ცალსახად განსაზღვრავს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობას, თუკი სახეზე არის ერთზე მეტი, ე.ი. მინიმუმ ორი პირობა (სუსგ №ბს-566-561(კ-16); სუსგ №ბს-230(კ-21; სუსგ №ბს-333(2კ-22)).
რაც შეეხება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებად მითითებულ გარემოებებს, აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს. კერძოდ: საწყის ეტაპზე შემოსავლების სამსახურის მიერ მოთხოვნილი იქნა შესყიდვის აქტების სანოტარო წესით დამოწმება 50 ფიზიკურ პირზე, რომელთა სია თავად შემოსავლების სამსახურის მიერ გადაეგზავნა, თანხით 2 267 868.50 ლარის, საიდანაც, შპს „---ის“ მიერ, სულ რამდენიმე დღეში, კერძოდ: 2021 წლის 15 დეკემბრიდან 2021 წლის 23 დეკემბრამდე, დამოწმებული და შემოსავლების სამსახურში იქნა წარდგენილი შესყიდვის აქტები 38 პირზე, თანხით 2 930 330.20 ლარის, ანუ მოთხოვნილი პიროვნებებიდან 76%-ის, რაც თანხობრივად შეადგენს 77.31%-ს.
გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის მიერ დამატებით იქნა მოთხოვნილი შესყიდვის აქტების სანოტარო წესით დამოწმება 200 პირზე, თანხობრივად 6 127 111 ლარის, რომელთა რეესტრი გადაეგზავნა შემოსავლების სამსახურის მიერ, საიდანაც, 2022 წლის 4 აპრილიდან 2022 წლის 20 მაისის ჩათვლით, მოხერხდა აქტების სანოტარო წესით დამოწმება 104 პირთან, თანხობრივად 3 465 265 ლარის, ანუ მოთხოვნილი პიროვნებების 52%-ის, რაც თანხობრივად 56.56%-ს შეადგენს.
დამოწმებული აქტები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით, მომჩივნის მიერ წარდგენილი იქნა შემოსავლების სამსახურში. რაც შეეხება დანარჩენ 108 პირთან დაკავშირებით შესყიდვის აქტების წარუდგენლობას, აღნიშნული გამოწვეულია გადასახადის გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. კერძოდ: ამ ფიზიკურ პირთაგან ნაწილი აღმოჩნდა გარდაცვლილი, ნაწილი საზღვარგარეთ წასული. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული დრო არ იყო საკმარისი ამ მოცულობის სამუშაოს ჩასატარებლად, რადგან მომწოდებელთა ნაწილი ცხოვრობს დასავლეთ საქართველოში, ნაწილი კი აღმოსავლეთ საქართველოში. შესაბამისად, კომპანიას მოუწია წასვლა ყველა მოთხოვნილ მომწოდებელთან, რაც ასევე ფინანსურ ხარჯთან იყო დაკავშირებული, ისევე როგორც მომწოდებელთა ტრანსპორტირება და სანოტარო მოქმედებებისთვის საფასურის გადახდა, რადგან მომწოდებელთა ინტერესში საერთოდ არ შედიოდა აღნიშნული დავალების შესრულება, რაც ასევე იწვევს იმასაც, რომ ისინი ცდილობენ თავი აარიდონ საგადასახადო და საგამოძიებო ორგანოებთან ურთიერთობას, რის გამოც უარყოფენ პროდუქციის მიწოდების ფაქტს.
ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შემოწმების პროცესში თავდაპირველად გაგზავნილი, 38 პიროვნებაზე არსებული სანოტარო წესით დამოწმებული შესყიდვის აქტები გათვალისწინებული იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ და მათზე დარიცხვა არ განხორციელდა, ხოლო გასაჩივრების პროცესში წარდგენილ 104 პიროვნებაზე არსებული აქტები კი არ იქნა გათვალისწინებული და მათზე დარიცხვები არ გაუქმდა, მაშინ როცა ყველა ეს დოკუმენტები ერთიდაიგივე იურიდიული ძალის მქონეა და გაურკვეველია რატომ არ მოხდა 104 პიროვნებაზე არსებული შესყიდვის აქტების გათვალისწინება და დარიცხული გადასახადების პროპორციულად გაუქმება.
ასევე, უსაფუძვლოა საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ერთ-ერთ ფაქტორად დოკუმენტების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებას, რაც გარდა იმისა რომ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისითაც, სრული ალოგიკურობაა, რაც შინაარსობრივად შემდეგში გამოხატება: საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაში და შემოსავლების სამსახურის 7.09.2023 წლის №21910 ბრძანებაშია მითითებულია, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი, სანოტარო წესით დამოწმებული შესყიდვის აქტების ნამდვილობის შემოწმების მიზნით, აუდიტმა მიმართა საგამოძიებო ორგანოს, საიდანაც მიღებული ცნობით, აქტებში მითითებული ინფორმაცია არ დადასტურდა, რაც სამართლებრივად ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ ფაქტ(ებ)თან დაკავშირებით დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა, კონკრეტული პირი ბრალდებულის სახით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და გამამტყუნებელი განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში, თუმცა დასკვნა არ შეიცავს ასეთ მითითებას.
შესყიდვის აქტებში ასახული ინფორმაციის არანამდვილობა ნიშნავს დოკუმენტის გაყალბებას. კერძოდ, მომწოდებლად ისეთი პირის მითითებას, რომელიც არ იყო გარიგების მხარე, ამისი გაკეთება სანოტარო წესით დამოწმებულ დოკუმენტში აბსოლუტურად შეუძლებელია, რადგან დოკუმენტზე (გარიგებაზე) მისი ავტორის (მხარეების) ხელმოწერ(ებ)ის ნამდვილობა დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ და მითუმეტეს საწარმოს ეს არაფერში არ სჭირდებოდა, რადგან მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება მომწოდებელი, მითუმეტეს პირის გამოკითხვის ოქმით დოკუმენტების ყალბად აპრიორი მიჩნევა სრულ უკანონობად მიაჩნიათ. თუკი მივყვებით საგადასახდო ორგანოს ლოგიკას, გამოდის ასეთი სურათი: კომპანია რეალურად საქონელს ყიდულობდა სხვა პირებისგან, ხოლო შესყიდვის დოკუმენტებში კი მომწოდებლად სხვა პირებს უთითებდა. მაგ.: რეალურად შეიძინა X პიროვნებისგან, ხოლო შესყიდვის დოკუმენტში X-ის ნაცვლად მიუთითა Y პიროვნება და ამით შეგნებულად შეიქმნა პრობლემა, რაც არის სრული აბსურდი და აბსოლუტური ალოგიკურობა, რადგან კომპანიისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვისგან შეიძენს პროდუქციას. კომპანიას არ ევალება საქონლის შესყიდვამდე გადაამოწმოს მომწოდებელს ჰქონდა თუ არა იმ რაოდენობის მოსავალი, რა რაოდენობის საქონელიც უნდა მიაწოდოს, ასევე არ ევალება გადაამოწმოს საქონლის ფასები და მხოლოდ მომწოდებელთა სიტყვიერი თუ წერილობითი განმარტება, რომ არ ჰქონდათ იმ რაოდენობის პროდუქცია, რაც მიწოდების დოკუმენტებშია მითითებული, ასევე მათგან მიღებული ინფორმაცია საქონლის ფასებში სხვაობის შესახებ, არ შეიძლება გახდეს კომპანიისათვის ფინანსური სანქციების დაკისრების საფუძველი. 28.12.2021 წლის №125-47 საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ მართალია ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „---ის“ მიერ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 17.02.2022 წლის №3909 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაგრამ ერთიან კონტექსტში, ყველა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამომდინარეობს ერთმანეთისგან და კავშირშია ერთმანეთთან, რაც დღის წესრიგში აყენებს ყველა მათგანის გასაჩივრების აუცილებლობას. მომჩივანი ითხოვს სრულად დაკმაყოფილდეს საჩივარი და ბათილად იქნას ცნობილი გასაჩივრებული აქტები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 17.02.2022 წლის №3909 ბრძანებით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც დამოწმებული იქნება სანოტარო წესით (წარსადგენი მტკიცებულებები შეთანხმდეს აუდიტის დეპარტამენტთან);
- დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელს მოსთხოვა შესყიდვის აქტების (არსებითობის პრინციპით შერჩეული) სანოტარო წესით დამოწმება. მომჩივნის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილ იქნა ნოტარიულად დამოწმებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების ნაწილი. წარდგენილი დოკუმენტაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა მიმართა საგამოძიებო ორგანოს, რომლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ შესყიდვის აქტებში მითითებული ინფორმაცია არ დადასტურდა. შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. საჩივრის განუხილველად დატოვება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №125-47 საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 27 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 17.02.2022 წლის №3909 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 31 ივლისს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 7 სექტემბრის №21910 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №125-47 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის №3909 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №125-47 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უკვე არსებობს შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „---ს“ საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №125-47 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №125-47 საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 27 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 17.02.2022 წლის №3909 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 31 ივლისს კვლავ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 7 სექტემბრის №21910 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამ ნაწილში განუხილველი დატოვა საჩივარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. შემოსავლების სამსახურის 17.02.2022 წლის №3909 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 17.02.2022 წლის №3909 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.06.2023 წლის დასკვნა, 7.07.2023 წლის №16423 ბრძანება და №125-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 31 ივლისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 7 სექტემბრის №21910 ბრძანებით ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (1,ზ).