ბრძანება N 26754

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.10.2023
№ დოკუმენტი 26754
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26754

30 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 11 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №106) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2023 წლის 11 აგვისტოს №137554/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ივლისის №024-49 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე გაანგარიშებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. განმარტავს, რომ არასწორადაა გაანგარიშებული ფასნამატი.

2. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადამხდელი გამოთქვამს მზაობას აუდიტორებს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (მ.შ. შესყიდვის აქტები, ურთიერთშედარების აქტები). აცხადებს, რომ ასეთი სახით დოკუმენტაცია მიწოდებული იქნება ფიზიკური პირებისგან შესყიდვების საერთო თანხის დაახლოებით 90-95%-ზე, ხოლო დანარჩენ საქონელზე ხარჯის განსაზღვრა უნდა მოხდეს წარდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული მინიმალური ფასის გათვალისწინებით, როგორც ეს არის დადგენილი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11289 ბრძანებით. განმარტავს, რომ თუ შესაბამის თვეში შესყიდვის აქტებით ანალოგიური საქონელი არ არის შეძენილი, შეძენის მინიმალური ფასი შეიძლება განისაზღვროს იმ იურიდიული პირების და ინდივიდუალური მეწარმეების მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე, რომლებიც ასევე აწვდიან შპს-ს ჩათვლის უფლებით განთავისუფლებულ საქართველოში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას.

3. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილზე და განმარტავს, რომ 2020-2021 წლებში რესტორნების ძირითად საშუალებებს ეკუთვნოდა შეღავათი ქონების გადასახადში. ასევე მიუთითებს, რომ ძირითადი საშუალებების ანგარიშზე გატარებულია არამატერიალური აქტივები, რომლებიც არ ექვემდებარება ქონების გადასახადით დაბეგვრას.

კერძოდ: აღრიცხვის სისტემა ქართულენოვანი პროგრამული უზრუნველყოფით, პროგარამა „ორისის“ 10-იანი მომხმარებლიანი ვერსია, სარესტორნო პროგრამა.

4. გადამხდელი ითხოვს სალაროს ნაშთის გაანგარიშებებისას გათვალისწინებულ იქნას შემდეგი გარემობა, კერძოდ, გადამხდელი აცხდებს, რომ სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ 2019 წელს ხდებოდა სოციალურად დაუცველ პირებზე ვაუჩერების გაცემა, რომლის საფუძველზეც ეს პირები გადამხდელის სავაჭრო ობიექტებიდან იღებენ მათთვის საჭირო პროდუქციას. სავაჭრო ობიექტების სალარო აპარატებში ჩეკის ამორტყმა არ ხდება მხოლოდ საბანკო ტერმინალებით თანხის გადახდისას. დანარჩენ შემთხვევებში ჩეკი ამოდის პროგრამულად გაყიდვების პარალელურად. ვაუჩერებით პროდუქცია ტარდება, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით შესყიდვა და ხდება ჩეკის ამორტყმა. ფაქტიურად დარჩენილი ვაუჩერების საფუძველზე ანგარიშსწორება ხდება ვაუჩერის გამცემი პირების მიერ საბანკო ანგარიშებზე თანხების ჩარიცხვით, რომელთა შესაბამისად უნდა მომხდარიყო სალაროს ნაშთის შემცირებაც, რაც გადამხდელის მიერ არ მომხდარა. ასევე აცხადებს, რომ 2019 წლის 2 აგვისტოს ფ/პ ---გან შეძენილია შპს „---“-ის 25%-იანი წილი 95 750 ლარად. ნოტარიულად გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ორივე მხარე ადასტურებს ნასყიდობის ფასის გადახდას. აცხადებს, რომ თანხა არ არის გადარიცხული ბანკიდან და გამორჩენილია სალაროს გასავალში. შესაბამისად გადამხდელი აცხადებს, რომ შესამცირებელია ზემოაღნიშნული თანხით სალაროს ნაშთი. გადამხდელი გამოთვამს მზაობას შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს აუდიტორებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11289 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი.

კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს სააღრიცხვო დოკუმენტაცია და საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, იმ საქონელზე, რომლის შეძენაზეც გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნება წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტი, ხარჯის განსაზღვრისათვის იხელმძღვანელოს გადამხდელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული მინიმალური ფასით;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11289 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 30 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 12 ივლისის №024-49 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია ცხრილის სახით, სადაც გაანგარიშებულია ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, თუმცა ერთ შემთხვევაში ფასნამატი გაანგარიშებულია დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით, რომელიც არაარსებითია მთლიან რეალიზაციაში, შესაბამისად ვერ მოხდა აღნიშნული ფასნამატის გათვალისწინება, ხოლო მეორე ვარიანტით გაანგარიშება გაკეთებულია საკონტროლო შესყიდვის ფასებთან უახლოესი შეძენის ფასის დაკავშირებით, თუმცა შემოწმების მიერ აღნიშნული ცხრილის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ცხრილში მითითებული სასაქონლო ზედნადების ნომრები, საიდანაც მოხდა შესყიდვის ფასის აღება არ არსებობს და გადასახადის გადამხდელის შეძენების მთლიან ბაზაში არ იძებნება.

შპს „----ის“ მიერ სხვა სახის არგუმენტირებული და დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარმოდგენა არ მომხდარა, მათ შორის არ წარმოუდგენია ბუღალტრული პროგრამა აპექსი, სადაც დეტალურად არის აღრიცხული საქონლის მოძრაობა და თითოეულ საქონელს მინიჭებული აქვს შესაბამისი შტრიხკოდი, რომლის შესაბამისად ხდება საქონლის რეალიზაცია მაღაზიებში. შესაბამისად შემოწმების მიერ აღნიშნულ საკითხში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარმოდგენილ იქნა ფ/პ-სგან შეძენილი საქონლის რეესტრი (რეპორტი აპექსიდან), სადაც ფიქსირდება თუ ვისგანაა საქონელი შეძენილი, დასახელება, რაოდენობა და ღირებულება. თუმცა გადასახადის გადამხდელმა ვერ წარმოადგინა აღნიშნულ რეესტრში დაფიქსირებული შესყიდვის პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები) სრულად. შემოწმებისათვის წარმოდგენილია მხოლოდ 2019 წლის 832 162 ლარის შესყიდვის აქტი, ხოლო რეესტრის სახით 2019 წლის შეძენა ფ/პ-სგან შეადგენს 6 084 871 ლარს. შემოწმების მიერ დამუშავებული იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გაანგარიშებული იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით მინიმალური ფასის გათვალისწინებით შეძენის ღირებულება, აღნიშნული გაანგარიშების მიხედვით ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს უმძიმდება საგადასახადო ვალდებულება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ არ მომხდარა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ინფორმაცია ცხრილის სახით, თუმცა ერთ შემთხვევაში ფასნამატი გაანგარიშებულია დოკუმენტური რეალიზაციის მიხედვით, რომელიც არაარსებითია მთლიან რეალიზაციაში, ხოლო მეორე ვარიანტით გაანგარიშება გაკეთებულია საკონტროლო შესყიდვის ფასებთან უახლოესი შეძენის ფასის დაკავშირებით, თუმცა ცხრილში მითითებული სასაქონლო ზედნადების ნომრები, საიდანაც მოხდა შესყიდვის ფასის აღება არ არსებობს და გადასახადის გადამხდელის შეძენების მთლიან ბაზაში არ იძებნება. გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა სახის არგუმენტირებული და დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების წარმოდგენა არ მომხდარა, მათ შორის არ წარუდგენია ბუღალტრული პროგრამა აპექსი.

ამდენად, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა. ასევე გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისათვის წარდგენილ იქნა ფ/პ-სგან შეძენილი საქონლის რეესტრი (რეპორტი აპექსიდან), თუმცა გადასახადის გადამხდელმა ვერ წარადგინა აღნიშნულ რეესტრში დაფიქსირებული შესყიდვის პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია (შესყიდვის აქტები) სრულად. შემოწმებისათვის წარდგენილია მხოლოდ 2019 წლის 832 162 ლარის შესყიდვის აქტი, ხოლო რეესტრის სახით 2019 წლის შეძენა ფ/პ-სგან შეადგენს 6 084 871 ლარს. შემოწმების მიერ დამუშავებულ იქნა წარდგენილი დოკუმენტაცია და გაანგარიშებული იქნა წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით მინიმალური ფასის გათვალისწინებით შეძენის ღირებულება, აღნიშნული გაანგარიშების მიხედვით გადასახადის გადამხდელს უმძიმდება საგადასახადო ვალდებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ არ მომხდარა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

აგრეთვე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივრში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ ფასნამატს და აღნიშნულის საფუძველზე გაანგარიშებული შემოსავლის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

2. დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრას;

3. გადამხდელი არ ეთანხმება ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

4. გადამხდელი აცხადებს, რომ შესამცირებელია სალაროს ნაშთი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 მაისის №11289 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 30 ივნისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელს 2022 წლის 29 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის საფუძველზე, დამატებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს 2023 წლის 12 ივლისის №024-49 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.