ბრძანება N 6311

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 22.03.2024
№ დოკუმენტი 6311
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6311

22 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2024 წლის 5 თებერვლის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №25) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ ----------) №87464/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 დეკემბრის №006-738 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას და განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტიდან არავინ დაკავშირებია სადავო საკითხების ერთობლივად გავლის მიზნით. მომჩივანი ითხოვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულებას. 2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ივლისის №17428 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის №006-1000 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პირველი და მე-2 სადავო საკითხები შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ივლისის №17428 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 22 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 27 დეკემბრის

№006-738 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოწმების მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული საკითხების ერთობლივი შესწავლა ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ შედგენილ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რის საფუძველზეც შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ივლისის №17428 ბრძანებით დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეესწავლა სადავო საკითხები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის მიხედვითაც, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან არც ერთხელ არ მომხდარა დაკავშირება სადავო საკითხების ერთობლივად გავლის მიზნით, როგორც ეს იყო დავალებული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ივლისის №17428 ბრძანებით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის აღსრულებული შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ივლისის №17428 ბრძანება. ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციისგან გათავისუფლებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ივლისის №17428 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------------“ (ს/ნ -------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 18 ივლისის №17428 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.

2. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შემოწმების მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული საკითხების ერთობლივი შესწავლა ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ შედგენილ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რის საფუძველზეც შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:302(6);306(2);269(7);