ბრძანება N 20112

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.08.2023
№ დოკუმენტი 20112
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20112

15 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2017 წლის 4 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №80) განიხილა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 5 დეკემბრის №081-242 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადამხდელი ითხოვს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხები ჩაეთვალოს ხარჯად, რის დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც დავის პროცესში წარმოადგენს, ხოლო დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდეს დივიდენდად.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 19 მაისის №13764 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---“-ის (ს/ნ ----) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2012 წლის 3 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2016 წლის 5 ოქტომბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2016 წლის 10 ოქტომბრის №28064 ბრძანება და ამავე თარიღის №081-242 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 242 409 ლარი, მათ შორის გადასახადი 135 161 ლარი, ჯარიმა 70 598 ლარი და საურავი 36 650 ლარი. გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა 2016 წლის 10 ოქტომბრის №081-242 საგადასახადო მოთხოვნას და 2016 წლის 24 ოქტომბერს წარმოადგინა საჩივარი შემოსავლების სამსახურში. აღნიშნული საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 ნოემბრის №31124 ბრძანებით, განსახილველ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:

„2. გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოს აუდიტის დეპარტამენტს ერთობლივი შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულება. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულება და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით ამ საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ამასთან საბჭომ ასევე მიიჩნია, რომ ვინაიდან დივიდენდის განაწილების წყაროს წარმოადგენს ფინანსური აღრიცხვის შედეგად მიღებული მოგება, ამასთან საწარმოდან არ ყოფილა გატანილი დივიდენდი, შემოწმების შედეგად ხელფასად მიჩნეული თანხების დარჩენილი ნაწილი განხილული იქნას დივიდენდად, გასანაწილებელი მოგების გათვალისწინებით და განხორციელდეს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდეს შესაბამისი კორექტირება.

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 ნოემბრის №31124 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 28 ნოემბერს შედგენილი იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2016 წლის 5 დეკემბრის №081-242 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც ასევე გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3689 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. გადამხდელი არ დაეთანხმა შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3689 ბრძანებას და საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, რომლის 2017 წლის 14 ივლისის №14142/2/17 გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა სასამართლოში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „---“-ის (ს/ნ ---) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 5 დეკემბრის №081-242 საგადასახადო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც შპს „---“-ს (ს/ნ ---) საშემოსავლო გადასახადის სახით დაერიცხა 62 631 ლარი, ჯარიმა 31 315 და საურავი, ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3689 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურს დაევალა საკითხის სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ შპს „---“-ს (ს/ნ ---) საჩივართან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება შემდეგი:

„განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის განმხილველმა ორგანომ მართალია მოიძია მტკიცებულებები, მაგრამ არასათანადოდ შეაფასა ისინი, რაც საქმეზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლების განმარტებას და მიუთითებს, რომ მოცემული საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისთვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა.

სასამართლო მიუთითებს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და მიაჩნია, რომ ვინაიდან საქართველოს საზღვარზე გადაადგილებისას მხოლოდ 30 000 ლარზე მეტი თანხის დეკლარირებაა სავალდებულო, სავსებით შესაძლებელია შპს „---“-ის (ს/ნ ---) წარმომადგენელს (დირექტორს) 30 000 ლარზე ნაკლები თანხით გადაეკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საწარმოს სახელით შეეძინა საქონელი ----ში მოქმედი კომპანიებისგან, მით უფრო, როდესაც ---ში მოქმედი კომპანიებისგან საქონლის შეძენის და შეძენილი საქონლის ღირებულების სრულად გადახდის ფაქტი, დადასტურებულია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ანგარიშფაქტურები, წარმოშობის სერთიფიკატები, სასაქონლო ზედნადებების საბაჟო დეკლარაციები, ---ის რესპუბლიკაში მოღვაწე კომპანიების მიერ შპს ,,---“-ზე გაცემული ცნობები), რომლის თანახმად აღნიშნული კომპანიების მიმართ შპს „---“-ს დავალიანება არ ერიცხება.

ასევე, სათანადო დასაბუთებას საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოსგან ის უდავო ფაქტობრივი გარემოება, რომ მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოში შემოტანილი საქონელი აღრიცხულია შპს „---“-ის საკუთრებად და ასეთ შემთხვევაში, საწარმოდან დირექტორის სახელზე გაცემული თანხის ხელფასად განხილვა დავის განმხილველი ორგანოს მხრიდან, დასაბუთების გაცილებით მეტ სტანდარტს მოითხოვს. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები სადავო ნაწილში არ შეესაბამება კანონს, იგი მიღებულია საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, დავის განხილვისას შეფასება არ მიეცა გადასახადის გადამხდელის სამართლიან მითითებას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოში შემოტანილი საქონელი აღრიცხულია შპს „---“- ის საკუთრებად, არ იქნა გამოკვლეული და შეფასებული საწარმოს მიერ ადმინისტრაციული წარმოებისას წარდგენილი მტკიცებულებები.

ასევე, ახალი ადმინისტრაციული წარმოებისას დავის განმხილველმა ორგანომ სათანადოდ (ცხადია კრიტიკულად) უნდა შეაფასოს მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ სასამართლოში 2021 წლის 13 დეკემბერს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც მართალია არ წარდგენილა (მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით დროის სიმცირის გამო) დავის განმხილველ ორგანოში, თუმცა არსებობს მატერიალური სახით და საჭიროებს კვლევას მათი დავასთან შემხებლობის თვალსაზრისით.“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 მაისის განჩინებით უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება. ხოლო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრებზე შეწყდა საქმის წარმოება, საკასაციო საჩივრებზე უარის თქმის გამო.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალდებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

სზაკ– ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელის მიერ დავის ეტაპზე სასამართლოში წარდგენილია გარკვეული სახის მტკიცებულებები მატერიალური სახით, ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, საქართველოში შემოტანილი საქონელი აღრიცხულია შპს „---“-ის საკუთრებად. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, დავის ეტაპზე სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაცია). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, დავის ეტაპზე სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაცია);

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი ითხოვს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხები ჩაეთვალოს ხარჯად, რის დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც დავის პროცესში წარმოადგენს, ხოლო დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდეს დივიდენდად.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 10 ნოემბრის №31124 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 28 ნოემბერს შედგენილი იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2016 წლის 5 დეკემბრის №081-242 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც ასევე გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3689 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. გადამხდელი არ დაეთანხმა შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3689 ბრძანებას და საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, რომლის 2017 წლის 14 ივლისის №14142/2/17 გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა სასამართლოში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე საწარმოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 5 დეკემბრის №081-242 საგადასახადო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც მომჩივანს საშემოსავლო გადასახადის სახით დაერიცხა 62 631 ლარი, ჯარიმა 31 315 და საურავი, ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 16 თებერვლის №3689 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურს დაევალა საკითხის სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ საწარმოს საჩივართან დაკავშირებით ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადასახადის გადამხდელს დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, დავის ეტაპზე სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტაცია). თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136 (3); 73 (4,9); 101; 154; 105; 43 (4).