გადაწყვეტილება №11634/2/2020

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 25.12.2020
№ დოკუმენტი 11634/2/2020
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№11634/2/2020

25.12.2020

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ -------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.12.2020 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს------ 2.11.2020 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №11634/2/2020).

 

დავის საგანი:

აქტივების საკომპენსაციო თანხის კორექტირება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1.აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2019 წლის №006-1217 საგადასახადო მოთხოვნა;

2.შემოსავლების სამსახურის 15.10.2020 წლის №31080 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 139 250 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 671 246

დღგ - 373 128

მოგების გადასახადი - 5 330

საშემოსავლო გადასახადი - 293 183

მიწაზე ქონების გადასახადი - შემცირდა 395

ჯარიმა - 333 507

საურავი - 134 497

 

პროცედურული გარემოებები

მომჩივანს სადავო თანხები დაერიცხა აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 27.12.2019 წლის აქტით. შემოწმებულია 1.08.2016 წლიდან 1.04.2019 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა

აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2019 წლის №006-1217 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.10.2020 წლის №31080 ბრძანებით აქტივების საკომპენსაციო თანხის კორექტირების და იჯარით აღებული ქონების რემონტის ჯგუფის ნარჩენი ღირებულების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვის საკითხებთან დაკავშირებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.10.2020 წლის №31080 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-17 მუხლის შესაბამისად, 22.12.2020 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში ჩატარდა მოსამზადებელი შეხვედრა საჩივართან დაკავშირებული გარემოებების დასაზუსტებლად.

 

სადავო საკითხი:

აქტივების საკომპენსაციო თანხის კორექტირება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოწმების აქტის მიხედვით, 11.10.2018 წელს მომჩივანმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება. შპს ----- ს რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 11.10.2018 წლის №682 განკარგულების მიხედვით ლიკვიდატორად დაინიშნა -----. 27.10.2018 წელს გამოიცა ბრძანება კომპანიის მთლიანი აქტივებისა და ვალდებულებების რეალიზაციის მიზნით აუქციონის დანიშვნისა და სააუქციონო კომისიის შემადგენლობის შექმნის შესახებ.

აუქციონი ჩატარდა 29.10.2018 წელს, რომელშიც გაიმარჯვა სს ---- მა. მის მიერ გადახდილ იქნა აუქციონის საგარანტიო თანხა 10 000 ლარის ოდენობით. სს ---- s გადაეცა შპს ------ ს მთლიანი აქტივები და ვალდებულებები. შედგა გენერალური ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტები, რის მიხედვითაც აქტივების საბაზრო ფასი განისაზღვრა 28 706 728 ლარით, ხოლო ვალდებულებების ჯამურმა თანხამ შეადგინა 34 311 887 ლარი.ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, მიმღები გადამცემისგან ვალდებულებების მიღებაზე თანხმდება მხოლოდ აქტივების მიღების სანაცვლოდ, ამასთანავე, მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, აქტივების ნაწილი სს ----- ს გადაეცა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო ნაწილი აქტივების გადაცემა განხორციელდა მიწოდების ოპერაციის ფარგლებში.

საგადასახადო კოდექსის მე-13, მე-16 და 147-ე მუხლების გათვალისწინებით, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია წინა პერიოდებში იყენებს ძირითადი საშუალებების სრულად გამოქვითვის მეთოდს, საგადასახადო შემოწმებით გაანგარიშებული იქნა გადაცემული აქტივების საგადასახადო ღირებულება. შესაბამისად, სხვაობა აქტივების სარეალიზაციო ფასსა (სანაცვლოდ გადაცემული ვალდებულებების ტოლი თანხა) და აქტივების საგადასახადო ღირებულებას შორის, ასახული იქნა შესაბამისი წლის ერთობლივ შემოსავალში. შედეგად კომპანიას შეუმცირდა დეკლარირებული ზარალის ოდენობა.

საგადასახადო კოდექსის მე-13, მე-16 და 161-ე მუხლების გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ გადაცემული აქტივების საკომპენსაციო თანხა ტოლია ამ აქტივების სანაცვლოდ გადაცემული ვალდებულებების ჯამური თანხისა, საგადასახადო ორგანოს მიერ მოხდა გადაცემული აქტივების კლასიფიკაცია დღგ-ით დასაბეგრ და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ აქტივებად, საკომპენსაციო თანხა გაანგარიშებული იქნა შესაბამისი პროპორციების მიხედვით. სხვაობა იმ აქტივების ფასსა და შესაბამისი ვალდებულებების პროპორციულად განაწილებულ თანხებს შორის, რომლებიც დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, ასახული იქნა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში, შედეგად კომპანიას დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-13 მუხლზე, მე-16 მუხლის პირველ ნაწილზე და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, სრულად იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ გადაცემული აქტივების საკომპენსაციო თანხა ტოლია ამ აქტივების სანაცვლოდ გადაცემული ვალდებულებების ჯამური თანხისა.

შესაბამისად, გადაცემული აქტივების კლასიფიკაცია დღგ-ით დასაბეგრ და ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ აქტივებად, პროპორციების მიხედვით საკომპენსაციო თანხის გაანგარიშება და აქტივების ფასსა და შესაბამისი ვალდებულებების პროპორციულად განაწილებულ თანხებს შორის სხვაობის დღგ-ით დაბეგვრა მართლზომიერია.

ამდენად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აღნიშნული ტრანზაქცია არ იყო ტიპიური ეკონომიკური შინაარსის მქონე ტრანზაქცია, რომლის დროსაც აქტივების გამყიდველი კომპანია ყიდის აქტივებს და სანაცვლოდ იღებს ფულს (მოცემულ შემთხვევაში გადააკისრებს საკუთარ ვალდებულებებს). სს ----- ს მხრიდან შპს ----- ს აქტივების და ვალდებულებების გადატანის მიზანს წარმოადგენდა ერთის მხრივ სს ----- ს დაინტერესება - მიეღო სასესხო პორტფელი (და შესაბამისად მომავალი ეკონომიკური შემოსავლები) და მეორეს მხრივ შპს ----- ს გაუარესებული ლიკვიდური მდგომარეობის გამო მომხდარიყო კრედიტორი ფიზიკური პირების ინტერესების დაკმაყოფილება. ამას გარდა შპს ----- ს ვალდებულებების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა სს ----- ში აღებული სასესხო დავალიანება, რაც ასევე გადასახდელ ვალდებულებას შეადგენდა და რომლის დაკმაყოფილება ამ ტრანზაქციის დასრულებით შესაძლებელი ხდებოდა.

აუქციონის ჩატარების შემდეგ შპს ----- ს და სს -----ს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომელმაც განსაზღვრა შპს ----- ს აქტივების და ვალდებულებების ის ჯგუფები, რომლის გადასვლაც ხდებოდა სს ----- ის ბალანსზე. აღნიშნული ხელშეკრულების 2.5 პუნქტის მიხედვით, გადამცემის მიერ მიმღებისთვის ამა თუ იმ კატეგორიის აქტივისა და ვალდებულების გადაცემას მხარეები დაადასტურებენ მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერით. გარდა ამისა, მხარეები თანხმდებიან, რომ მიმღების მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, გენერალური ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 დღის ვადაში შეადგენენ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტს. ხელშეკრულებაში აღნიშნული მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების აღნიშნვა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს - მხარეებს შორის დაზუსტებულიყო გადასაცემი აქტივების და ვალდებულებების სახეები და ღირებულებები, ვინაიდან სასესხო აქტივების და ვალდებულებების ღირებულება იცვლებოდა ყოველდღიურად. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ოპერაციის საწყის ეტაპზევე გარკვეული და შეთანხმებული იყო გადასაცემი უძრავი ქონების სახეები და მათი სარეალიზაციო ღირებულება. ამავე ხელშეკრულების შესაბამისად მხარეებმა ცალკე გამოყვეს შპს ----- ს ვალდებულება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებზე გამოწერილიყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და მატერიალურ ქონებაზე სასაქონლო ზედნადები.

31.10.2018 წელს მხარეებს შორის გაფორმდა უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულება და 8.11.2018 წელს საბოლოო შეთანხმება და მიღება-ჩაბარება, რომელთა მიხედვით განისაზღვრა სარეალიზაციო უძრავი ქონებები და მათი სარეალიზაციო ღირებულებები. რეალიზებული აქტივები სს ----- ის სახელზე დარეგისტრირდა მარეგისტრირებელ ორგანოში. იმ უძრავ ქონებებზე, რომლებიც დაიბეგრა დღგ-ით (ჩვეულებრივი წესით და არა უკუდაბეგვრით), გამოიწერა შესაბამისი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ეა-------) საერთო თანხით 3 498 669 ლარი.

ტრანზაქციის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სასესხო პორტფელის რეალიზაცია. სარეალიზაციო სასესხო პორტფელის ღირებულება ყოველდღიურად იცვლებოდა და გენერალური ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი განსაზღვრავდა სარეალიზაციო ფასს. ტრანზაქციის დასაწყისშივე ნათელი და სტატიკური იყო სხვა მატერიალური ქონების (მათ შორის უძრავი ქონების) სარეალიზაციო ღირებულება, რაზედაც არსებობს შესაბამისი დოკუმენტაცია და ანგარიშ-ფაქტურა. აქტივების სანაცვლოდ სს ------ ზე ხდებოდა ვალდებულებების გადაცემა, რაც წარმოადგენდა ანაზღაურების მოცულობას. სს ------ თვის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით ტრანზაქცია წარმოადგენდა ბიზნეს ერთეულის შეძენას და ექვემდებარებოდა კონსოლიდაციას. აქტივების მიმღები მხარისთვის უძრავი ქონება და სხვა მატერიალური აქტივები ბალანსზე აღირიცხა სახელშეკრულებო ღირებულებების შესაბამისად, მიღება-ჩაბარების, უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულების და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.

ტრანზაქციის შინაარსიდან გამომდინარე სხვაობა აქტივების სარეალიზაციო ღირებულებას და გადაცემულ ვალდებულებებს შორის წარმოადგენს სასესხო მოთხოვნების ღირებულების ნაწილს და არ შეიძლება დაექვემდებაროს პროპორციული წესით განაწილებას ყველა აქტივზე, როგორც ეს შემოწმების პროცესში განხორციელდა. მხარეებს შორის არსებული ნების გამოვლენის მიხედვით, უძრავი ქონების სარეალიზაციო ღირებულება დადგენილია და გამყარებულია მიღება-ჩაბარების აქტით და ანგარიშ-ფაქტურით და ამავე დროს ნათელია, რომ პრემიუმით რეალიზაცია მხოლოდ ლიკვიდური სასესხო პორტფელის ღირებულებას უკავშირდება.

ცალკე აღსანიშნავია, რომ მხარეებმა თავდაპირველად არ გააფორმეს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი მხოლოდ იმ მოსაზრებით, რომ აღარ იდგა ამის საჭიროება. ტრანზაქციის დასკვნითი ეტაპისთვის ნათელი იყო გადაცემული აქტივების და ვალდებულებების მახასიათებლები (ღირებულება, დასახელება და სხვა). შპს ----- ს და სს ----- სთვის ერთმნიშვნელოვნად აღქმადი იყო, რომ ვალდებულებების გადაცემით და პორტფელის თვითღირებულებაზე ნამეტი თანხის დამატებით განისაზღვრებოდა სასესხო პორტფელის სარეალიზაციო ღირებულება. ამასთან, წინასწარ განსაზღვრული, შეთანხმებული და უცვლელი იყო უძრავი ქონების სარეალიზაციო ღირებულებები. თუმცა იმის გამო, რომ სრულიად გასაგებ ტრანზაქციასთან საგადასახადო ორგანოს გაუჩნდა კითხვები და სხვა დაინტერესებულ მესამე მხარეს შესაძლოა ანალოგიური კითხვები მომავალშიც დაესვა, მხარეებმა გადაწყვიტეს დოკუმენტურად დაედასტურებინათ და საბოლოო სახე მიეცათ აქტივების და ვალდებულებების გადაცემის ოპერაციისთვის. საჩივარს ერთვის მხარეთა ნების გამოხატვის დოკუმენტაცია მიღება-ჩაბარების და დანართების სახით. მიღება-ჩაბარების აქტი სრულიად ასახავს აღწერილი ოპერაციის შინაარსს და ყველა მხარისთვის უფრო გასაგებს ხდის ტრანზაქციას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საგადასახადო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, საქონელი არის მატერიალური ან არამატერიალური ქონება, მათ შორის, ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი. დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის საქონელს არ მიეკუთვნება ფული.

ამავე კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

საგადასახადო კოდექსის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, აქტივების უსასყიდლოდ ან თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად მიწოდებისას მიმწოდებლის მოგება განისაზღვრება, როგორც დადებითი სხვაობა მიწოდებული აქტივების საბაზრო ფასსა და ამ კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ აქტივების ღირებულებას შორის.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით.

საქმის გარემოებებით დგინდება, რომ 29.10.2018 წელს ჩატარებულია აუქციონი მომჩივნის მთლიანი აქტივებისა და ვალდებულებების რეალიზაციის მიზნით. აუქციონში გამარჯვების შედეგად სს ----- ს გადაეცა შპს ----- ს მთლიანი აქტივები და ვალდებულებები. მხარეებს შორის შედგენილი გენერალური ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით აქტივების საბაზრო ფასი განისაზღვრა 28 706 728 ლარით, ხოლო ვალდებულებების ჯამურმა თანხამ შეადგინა 34 311 887 ლარი. მიმღები გადამცემისაგან ვალდებულებების მიღებაზე თანხმდება მხოლოდ აქტივების მიღების სანაცვლოდ, ამასთანავე, აქტივების ნაწილი სს ----- ს გადაეცა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საგნის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო ნაწილი აქტივების გადაცემა განხორციელდა მიწოდების ოპერაციის ფარგლებში.

აქტივების და ვალდებულებების გადაცემის 31.10.2018 წლის გენერალური ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით მხარეები თანხმდებიან, რომ გადამცემი მიმღებს გადასცემს ყველა უფლებას, მოთხოვნას და სარგებელს, რომელიც გამომდინარეობს და უკავშირდება:

სესხის ხელშეკრულებებს და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, რომლებშიც გადამცემი წარმოადგენს გამსესხებელს და რომელთა ღირებულება შეადგენს - 19 338 984 ლარს და მათთან დაკავშირებულ უზრუნველყოფის ხელშეკრულებებს, რაც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება იპოთეკებით, გირავნობებით და რომლებიც უზრუნველყოფს მსესხებლებისა და სხვა ვალდებული პირების მიერ გადამცემის მიმართ ვალდებულებების შესრულებას. ზემოაღნიშნული სესხები მოიცავს შემდეგს:

- სალომბარდე

- იპოთეკური

- საბლანკო

(a)1 სესხის ხელშეკრულებებს და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, რომლებშიც გადამცემი წარმოადგენს გამსესხებელს და რომელიც წარმოიშობა წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან 60 დღის განმავლობაში;

(a) მორიგების ხელშეკრულებებს, რომლებიც გაფორმებულია მსესხებლებთან ან სხვა ვალდებულ პირებთან გადამცემის მიმართ არსებული ვალდებულებების დაფარვასთან დაკავშირებით და მათთან დაკავშირებულ უზრუნველყოფის ხელშეკრულებებს, რაც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება იპოთეკებით, გირავნობებით და თავდებობებით და რომლებიც უზრუნველყოფს მსესხებლებისა და სხვა ვალდებული პირების მიერ გადამცემის მიმართ ვალდებულებების შესრულებას;

(b) გადამცემის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებს, ჯამური ღირებულებით 6 648 492 ლარი;

(c) გადამცემის ფულად სახსრებს, რაც შეადგენს 2 389 873 ლარს. ასევე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან 60 დღის განმავლობაში მიმღებისთვის გადაცემული სასესხო მოთხოვნებიდან გამომდინარე შესრულებას.

აღნიშნულ ფულად სახსრებში არ შედის გადამცემის აქციონერებისათვის გასანაწილებელი ფულადი სახსრები 10 001 ლარის ოდენობით, რომელიც რჩება გადამცემთან;

(d) გადამცემის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებს, ჯამური ღირებულებით 114 223 ლარი;

(e) გადამცემის საკუთრებაში არსებულ სხვა მოძრავ ქონებას ჯამური ღირებულებით 214 591 ლარი;

(f) არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს (მათ შორის, სასამართლო დავებიდან, სააღსრულებლო წარმოებიდან და სხვ. გამომდინარე და მათთან დაკავშირებულ უფლებებს, უფლებებს და ლიცენზიებს ინტელექტუალურ საკუთრებაზე, სხვა მოთხოვნის უფლებებს), საიდანაც ლიცენზიების საერთო ღირებულება შეადგენს 155 761 ლარს.

აქტივების და ვალდებულებების გადაცემის 31.10.2018 წლის გენერალური ხელშეკრულების 2.2 პუნქტის მიხედვით მხარეები თანხმდებიან, რომ გადამცემი გადასცემს მიმღებს თავის ყველა უფლებას და ვალდებულებას, რომელიც გამომდინარეობს და უკავშირდება:

(a) თამასუქს/სესხის მოწმობას და ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ ინფორმაციას და დოკუმენტაციას, რომლებშიც გადამცემი წარმოადგენს თამასუქის/სესხის მოწმობის გამცემს, და რომელთა ჯამური მოცულობა შეადგენს 17 690 559 ლარს;

(b) მიმღების მიმართ არსებულ ვალდებულებებს, რომელიც ჯამურად შეადგენს 16 592 034 ლარს და რომელიც გაიქვითება წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული აქტივების ღირებულებების შესაბამისი პროპორციით;

(c) გადამცემის სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებს საერთო ღირებულებით 29 295 ლარი.

საქმის მასალებით დგინდება, რომ მომჩივნის მიერ 639,84 კვ. მ. უძრავი ქონება, მდებარე ------ შეძენილია 9.08.2018 წელს. ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენს 1 375 656 დოლარს, ექვივალენტი ლარში (დღგ-ის ჩათვლით). ამასთან, აღნიშნულ პირთან მომჩივნის ურთიერთდამოკიდებულება არ დადგენილა.

18.10.2018 წლის მდგომარეობით მომჩივნის უძრავი ქონების შეფასებაზე შედგენილია შპს ----- ს ექსპერტიზის დასკვნა.

ვინაიდან გადაცემული აქტივები მოიცავს ნივთებს (უძრავს და მოძრავს), ფულს (ნაღდ ფულს სალაროში და ფულად სახსრებს ბანკში) და მოთხოვნებს, რომლიდანაც ფულის ღირებულება ფიქსირებულია, ხოლო ნივთები გადაცემის მიზნებისათვის შეფასებულია ექსპერტიზის მიერ, საბჭოს მიაჩნია, რომ გადაცემული ვალდებულებების ჯამურ ღირებულებასა და აქტივების ჯამურ ღირებულებას შორის არსებული სხვაობის მიკუთვნება აღნიშნულ ნივთებსა და ფულზე არამართებულია.

ამდენად, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ ნაწილში განხორციელებული დარიცხვა ექვემდებარება კორექტირებას (შემცირებას).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1.საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.ნაწილობრივ გაუქმდეს აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2019 წლის №006-1217 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 15.10.2020 წლის №31080 ბრძანება;

3.დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) დავის საგნის ნაწილში და განახორციელოს მისი ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.