ბრძანება N 24851
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24851
12 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------------ის“ (ს/ნ ------------)
(მის.: ----------------------------------)
2025 წლის 13 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა შპს „-------------ის“ (ს/ნ ------------) №-----/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 17 სექტემბრის №----- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ წარადგინა ინვოისი, სადაც სრულად იყო ასახული ტვირთის რაოდენობა და ნომენკლატურა, მათ შორის რეზინის მილები, ხამუთები და ვენტილატორები. აღნიშნული ინვოისი მიღებული და დადასტურებული იქნა საბაჟოს მიერ, რაც ადასტურებს კომპანიის მხრიდან ტვირთის სრული და გამჭვირვალე დეკლარირების ნებას, თუმცა ტვირთის გამომგზავნი ---- კომპანიის მხრიდან დაშვებულია ტექნიკური შეცდომა და ერთობლივი ტვირთის გამოგზავნისას მათ ერთ ინვოისში მიუთითეს მხოლოდ კვარცის ქვიშა, ხოლო დანარჩენი საქონელი არ აისახა. ამ მცდარი ინვოისის საფუძველზე რკინიგზის გამშვებ პუნქტზე მოხდა არასწორი დოკუმენტაციის ატვირთვა, რის გამოც საბაჟოს მონაცემთა ბაზაში აისახა მხოლოდ ერთი საქონელი. შესაბამისად, სკანერზე ტვირთის შესვლისას გამოიკვეთა, რომ რეალურად იყო რამოდენიმე სახეობის საქონელი, რის საფუძველზეც კომპანია დაჯარიმდა არადეკლარირებული ტვირთის ნაწილზე.
მომჩივნის მითითებით, რომ კომპანიამ ყველა ეტაპზე წარადგინა ზუსტი და სრული ინვოისი, რომელიც ასახავდა ყველა საქონელს და დროულად მიაწოდა საბაჟოს. არსებითი დარღვევა გამომგზავნი ---- კომპანიის ტექნიკური შეცდომის შედეგად მოხდა და არა კომპანიის ბრალეული ქმედებით.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმის და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 11 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „----“ გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა №--- სარკინიგზო ვაგონი, რომელზეც განთავსებული იყო შპს „-------------ის“ (ს/ნ ------------) კუთვნილი საქონლით (კვარცი - 26 368 კგ) დატვირთული №---- კონტეინერი. საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი საქონლის თანმხლები დოკუმენტების საფუძველზე, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ აღნიშნულ საქონელზე გამოიწერა რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობა (№---/---) და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა გაფორმების ეკონომიკური ზონა „---“. ამასთან, საბაჟო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა მითითებული სატრანსპორტო საშუალების რენტგენ-სკანერის (---) გამოყენებით დათვალიერება, რომლის შედეგიც არ იყო დამაკმაყოფილებელი და მიღებულ იქნა საქონლის ვიზუალური დათვალიერების გადაწყვეტილებაც. გამომდინარე აქედან, რკინიგზის აღრიცხვის მოწმობაში მითითებულ იქნა C (სკანირების შედეგად საბაჟო კონტროლის შედეგი არადამაკმაყოფილებელია და საქონელი ექვემდებარება დათვალიერებას).
2025 წლის 13 სექტემბერს ზემოაღნიშნული სარკინიგზო ვაგონი გამოცხადდა შპს „------ის“ საბაჟო საწყობში. 2025 წლის 16 სექტემბერს საბაჟო კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქონლით დატვირთული №----- კონტეინერი განთავსდა №---/---- სატრანსპორტო საშუალებაზე, გამოიწერა აღრიცხვის მოწმობა №---/---- და გაიგზავნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----“ კონტროლის ზონაში. საბაჟო საწყობმაც და საქონლის მიმღებმაც იცოდნენ, რომ საქონლის მიმართ მიმდინარეობდა საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და აღნიშნული ღონისძიებების დასრულებამდე საქონლის გაფორმება ვერ განხორციელდებოდა. მიუხედავად ამისა, საბაჟო კონტროლის დასრულებამდე, 2025 წლის 13 სექტემბერს, შპს „-------------ა“ (ს/ნ ------------) შეცვალა ზოგადი დეკლარირებისას წარდგენილი დოკუმენტები და მის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე დარეგისტრირდა საქონლის საბაჟო დეკლარაცია (№---/----). ვინაიდან საქონელზე არ იყო დასრულებული საბაჟო კონტროლი, აღნიშნული დეკლარაცია მოხვდა „წითელ დერეფანში“.
2025 წლის 16 სექტემბერს გაფორმების ეკონომიკური ზონა „----“ უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა №---/--- აღრიცხვის მოწმობისა და თანმხლები დოკუმენტების კამერალური შემოწმება და საქონლის დათვალიერება, რის შედეგადაც დეკლარირებულ საქონელთან ერთად აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული საქონელი: რეზინის მილი - 9 ცალი, ვენტილატორი - 4 ცალი და რკინის ხამუთი - 200 ცალი.
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2025 წლის 17 სექტემბრის №----/2025 დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 2152.9 აშშ დოლარი (5795.61 ლარი).
ვინაიდან შპს „--------ის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 17 სექტემბერს შედგენილ იქნა №--- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-------------ის“ (ს/ნ ------------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5795.61 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
საბაჟო კონტროლის შედეგები აისახა №----/---- საბაჟო დეკლარაციაში. 2025 წლის 18 სექტემბერს გადახდილ იქნა ჯარიმის თანხა, რის შემდეგაც დასრულდა საბაჟო ფორმალობები და საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლი მიუთითებს, რომ საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:
ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;
ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;
გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია, რომ საბაჟო კონტროლის განხორციელების შედეგად დეკლარირებულ საქონელთან ერთად აღმოჩენილ იქნა არადეკლარირებული 2152.9 აშშ დოლარის (5795.61 ლარი) საბაჟო ღირებულების საქონელი: რეზინის მილი - 9 ცალი, ვენტილატორი - 4 ცალი და რკინის ხამუთი - 200 ცალი. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------------ის“ (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს სადავო ოქმის და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 17 სექტემბერს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5795.61 ლარის (საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტი) ოდენობით.
საბაჟო კონტროლის შედეგები აისახა საბაჟო დეკლარაციაში. 2025 წლის 18 სექტემბერს გადახდილ იქნა ჯარიმის თანხა, რის შემდეგაც დასრულდა საბაჟო ფორმალობები და საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 163(1); 168(1);