ბრძანება N 7622-1
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7622
27/03/2019
იბა ----
(მის: --------- )
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 25 იანვარს, 2019 წლის 06 მარტს და 2019 წლის 07 მარტს გამართულ სხდომებზე (ოქმი N4, N13 და N14) განიხილა იბა ---- საჩივარი, რომლითაც არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 03 დეკემბრის N002-283 „საგადასახადო მოთხოვნას“.
წარმოდგენილ საჩივარში ამხანაგობის დასმული სადავო საკითხი:
არ ეთანხმება ბინების წინასწარი რეგისტრაციის თარიღის მიხედვით დასაბეგრი ოპერაციის პერიოდის ცვლილებას და აღნიშნავს რომ მისთვის უცნობი იყო შემოსავლების სამსახურის მიდგომა. ამასთან აღნიშნავს, რომ თუ არ მოხდება სადავო საკითხის მიხედვით დარიცხული თანხების შემცირება ითხოვს მოეხსნას აღნიშნული სადავო საკითხის მიხედვით დარიცხული ჯარიმები.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 17 აპრილის N8906 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა იბა ---- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2015 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 01 მარტამდე. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 30 ოქტომბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წლის 27 ნოემბერს გამოსცა N33626 ბრძანება და 2018 წლის 03 დეკემბრის N002-283 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 193832 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 42768 ლარი, ჯარიმა 80108 ლარი, საურავი 70956 ლარი.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება:
იბა ---- -ს მიერ შესამოწმებელი პერიოდის, 2014 წლის იანვრიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით, განმავლობაში რეალიზებულია მშენებარე კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინები. რეალიზაცია დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერებით, სადაც ფიქსირდება მფლობელზე ბინის გადაფორმების ფაქტი. საზოგადოება მესაკუთრე ფიზიკურ პირებზე ბინების გადაფორმების თარიღს არ თვლის რეალიზაციად, ვინაიდან საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა 2016 წლის ოქტომბერში. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საცხოვრებელი ფართების რეალიზაცია დაბეგრილია 2016 წლის მოგების დეკლარაციაში, ხოლო დღგ-ის გადასახადში დაბეგრილია 2016 წლის ოქტომბრის თვეში. სსკ-ის 100-ე, 161-ე და 144-ე (შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით) მუხლების შესაბამისად შემოწმების მიხედვით ბინის მფლობელებზე საჯარო რეესტრის მიხედვით ბინის გადაფორმების თარიღით განისაზღვრა იბა ---- ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. 2014, 2015 და 2016 წლებში რეალიზებული ბინების ღირებულება განისაზღვრა კონკრეტულ წელში ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად.
გადამხდელი მის მიერ რეალიზებულ ბინებს ერთობლივ შემოსავალში ასაღებ ბრუნვად აღიარებს 2016 წლის ოქტომბერში, შესაბამისად ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით მიწის ღირებულებად პროპორციულად ჩამოწერს 2016 წელს და ხარჯის სახით აღიარებს 2016 წლის მოგების დეკლარაციაში. შემოწმების შედეგად ბინების რეალიზაციის თარიღი განისაზღვრა საჯარო რეესტრში მესაკუთრეზე გადაცემის თარიღით. შედეგად მიწის ღირებულება ხარჯად აღიარდა 2014, 2015 და 2016 წლებში რეალიზაციის პროპორციულად. ------ მდებარე 908 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკ. კოდი -------), სადაც ამაჟამად აშენებულია მრავალსაცხოვრებელი კორპუსი, 2007 წლის 13 ივლისს საქართველოს განვითარების სამინისტროს თბილისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამსახურისა და ფ/პ ------- შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით საკუთრებაში გადაეცა ფ/პ ----- ს, რომლის მიერ ქონების შესაძენად გადახდილმა თანხამ შეადგინა 215 000 აშშ. დოლარი (359 395 ლარი). აღნიშნული მიწის ნაკვეთის ნახევარი 2012 წლის 13 მარტს ფ/პ -------- ს მიერ ჩუქების საფუძველზე გადაცემულია ფ/პ ------ს. იბა ---- რეგისტრაციის თარიღისათვის კრების ოქმის მიხედვით საწესდებო კაპიტალში ზემოთაღნიშნული ორი ფიზიკური პირის მიერ შეტანილია მიწა, ხოლო ფულადი შენატანი განხორციელდა მესამე თანადამფუძნებლის ფ/პ -------- მიერ. ქონებრივი შენატანის საბაზრო ღირებულება დამფუძნებლების მიერ განისაზღვრა საერთო ჯამში 823 500 ლარით, რაც აღემატება 2007 წელს აუქციონზე გადახდილი კომპენსაციის თანხას 464 105 ლარით. აღნიშნული ქონების ღირებულების შეფასების რაიმე სახის დასკვნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ ქონების ღირებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელა 2007 წელს აუქციონზე გადახდილი თანხით.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ- ის მე-100 მუხლზე, რომლის თანახმად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები; ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან; გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება: ა) საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.“
საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლი განმარტავს, რომ საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ, ხოლო მომსახურების გაწევად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის მისივე ნებით, კომპენსაციის მიზნით ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. დამატებული ღირებულების გადასახადის მიზნებისათვის მომსახურების მიწოდებას არ მიეკუთვნება ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც გულისხმობს ფულზე საკუთრების უფლების გადაცემას ან დაქირავებით მუშაობას.
სსკ-ს მე-8 მუხლის 10 ნაწილის თანახმად გრძელვადიანი კონტრაქტი – კონტრაქტი წარმოებაზე, მონტაჟზე, მშენებლობაზე ან ასეთ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაზე, რომელიც არ დასრულებულა იმ კალენდარულ წელს, რომელშიც დაიწყო კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ კონტრაქტისა, რომელიც დასრულდა კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დაწყებიდან 6 თვის განმავლობაში.
სსკ-ის 144-ე მუხლის თანახმად:
1. თუ გადასახადის გადამხდელი აღრიცხვისას დარიცხვის მეთოდს იყენებს, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემოსავლები და გამოქვითვები გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, საგადასახადო წლის განმავლობაში პროპორციულად, მათი ფაქტობრივი შესრულების შესაბამისად.
2. გრძელვადიანი კონტრაქტის მიხედვით ფაქტობრივი შესრულების მოცულობა განისაზღვრება საგადასახადო წლის ბოლომდე კონტრაქტის ფარგლებში გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით.
შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი სსკ-ის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად : „გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობა: ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯების გაწევის მომენტი განისაზღვრება ამ კოდექსის 142-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი შეზღუდვის გაუთვალისწინებლად; ბ) დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერება და ამ კოდექსის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის ვადა აითვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირობის დადგომის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან.“
სსკ-ის 142-ე მუხლის მიხედვით:
1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დარიცხვის მეთოდის გამოყენებისას გარიგებასთან (ხელშეკრულებასთან) დაკავშირებული ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება მომენტი, როცა შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
ა) შესაძლებელია გადასახადის გადამხდელის მიერ ფინანსური ვალდებულების აღების ცალსახად მიჩნევა; ბ) ფინანსური ვალდებულების ოდენობა შეიძლება საკმარისი სიზუსტით შეფასდეს;
გ) გარიგების (ხელშეკრულების) ყველა მონაწილემ ფაქტობრივად შეასრულა თავისი ვალდებულება ამ გარიგების (ხელშეკრულების) მიხედვით და სათანადო ანაზღაურება ექვემდებარება აუცილებელ გადახდას.
2. ფინანსურ ვალდებულებაში იგულისხმება გარიგების (ხელშეკრულების) შედეგად აღებული ვალდებულება, რომლის შესრულების ძალითაც ამ გარიგების (ხელშეკრულების) მეორე მონაწილემ უნდა მიუთითოს ვალდებულების შესაბამისი შემოსავალი ფულადი ან სხვა ფორმით.
3. სავალო ვალდებულების პროცენტის ან იჯარით გაცემული ქონებიდან გადასახდელის გადახდისას ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტი. თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა რამდენიმე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, ხარჯები საანგარიშო პერიოდებს შორის ნაწილდება მათი დარიცხვების შესაბამისად.
4. მიუხედავად ამ მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებისა, თუ პირი, გარდა ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისა, იყენებს დარიცხვის მეთოდს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება თანხის გადახდის მომენტი, როდესაც:
ა) გადახდა უკავშირდება ფიზიკურ პირს, გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა;
ბ) მიღებული მომსახურებისათვის საკომპენსაციო თანხის გადახდა უკავშირდება არარეზიდენტ საწარმოს, რომელიც არ მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.
სსკ-ის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:
ა.ბ.ა) არაუგვიანეს მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონლისათვის ან გაწეული მომსახურებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის (ინვოისის) წარდგენის მომენტისა, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“–„ა.ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ა.ბ.ბ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდება ხდება რეგულარულად ან უწყვეტად. ამასთანავე, თუ პირი მიწოდებას აღრიცხავს საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღეს არა კალენდარული თვის, არამედ გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე საანგარიშოს წინა პერიოდს, ასეთ შემთხვევაში საანგარიშო პერიოდში მიწოდებულად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა დღის მიხედვით აღრიცხული (გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით აღრიცხული) საქონლის ოდენობა, მიუხედავად საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მიწოდებულისა;
ა.ბ.გ) არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღისა, თუ მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად;
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
სსკ-ის 161-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად „უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.“
შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით , იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით იბა ---- აღნიშნული სამეურნეო ოპერაციის მიხედვით განხორციელებული აქვს მოგების გადასახადის და დამატებული ღირებულების გადასახადში დეკლარირება. ამასთან, საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების მიერ აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ არ განხორციელებულა დამატებით ძირითადი გადასახადის დარიცხვა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 269-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმად:
„საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით“.
ხოლო, ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად „საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით“.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 07 ოქტომბრის Nბს-222-219(კ-14) განჩინებაზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას), ხოლო იმ შემთხვევაში თუ პირი მოქმედებდა თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით არ შეიძლება გათავისუფლდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან. სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელი განსახილველ შემთხვევაში მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად სამეწარმეო, კომერციული (ინდივიდუალური ბინათმშენებლობის) იბა ---- სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს შემოწმების აქტის მიხედვით საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეებზე რეგისტრაციის თარიღის მიხედვით დასაბეგრი ოპერაციის პერიოდის ცვლილებისათვის დარიცხული სანქციისაგან.
შემოსავლების სამსახური საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და მე-21ე ნაწილზე, რომლის თანახმად:
2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.
„21. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა“.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 01 იანვარს) შესაბამისად სსკ-ის 272-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან.“ სსკ-ის 275-ე მუხლის (2019 წლის 01 იანვრამდე მოქმედი) მიხედვით: 2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 01 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად: 2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით. 21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით. 3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი−22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სსკ-ის 269-ე მუხლის მე-21-ე ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. იბა ---- საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. იბა ---- სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს შემოწმების აქტის თანახმად საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეებზე რეგისტრაციის თარიღის მიხედვით დასაბეგრი ოპერაციის პერიოდის ცვლილებისათვის დარიცხული სანქციისაგან.
3 სსკ-ის 269-ე მუხლის მე-21-ე ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს სსკ-ის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება).
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი ვ. გორგასლის ქ. N16), ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ბინების წინასწარი რეგისტრაციის თარიღის მიხედვით დასაბეგრი ოპერაციის პერიოდის ცვლილებას და თუ არ მოხდება დარიცხული თანხების შემცირება ითხოვს მოეხსნას დარიცხული ჯარიმები.
ფაქტობრივი გარემოებები
დგინდება, რომ იბა მშენებარე კორპუსში არსებული საცხოვრებელი ბინების მესაკუთრე ფიზიკურ პირებზე გადაფორმების თარიღს არ თვლის რეალიზაციად, საცხოვრებელი ფართების რეალიზაცია დაბეგრილია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დასრულების საანგარიშო პერიოდის მიხედვით. შემოწმებით საჯარო რეესტრის მიხედვით ბინის გადაფორმების თარიღით განისაზღვრა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. რეალიზებული ბინების ღირებულება განისაზღვრა კონკრეტულ წელს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად. მიწის ღირებულება შემოწმების შედეგად ხარჯად აღიარდა რეალიზაციის პროპორციულად.
დამფუძნებლის მიერ განსაზღვრული ქონებრივი შენატანის საბაზრო ღირებულება აღემატება აუქციონზე გადახდილი კომპენსაციის თანხას. შემოწმებამ ქონების ღირებულების განსაზღვრისას იხელმძღვანელა აუქციონზე გადახდილი თანხით.
გადამხდელს დაერიცხა გადასახდი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების მიერ არ განხორციელებულა დამატებით ძირითადი გადასახადის დარიცხვა.
ამასთან სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გადამხდელი გათავისუფლდა დასაბეგრი ოპერაციის პერიოდის ცვლილებისათვის დარიცხული სანქციისაგან.
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება სანქციები, განახორციელოს შესაბამისი კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(10); 100; 102; 142; 144; 275
01.01.2021 წლამდე მოქმედი:161;(1); 161(6); 161(8)