გადაწყვეტილება №22932/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.07.2024
№ დოკუმენტი 22932/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22932/2/2024

31 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------- -ის “ 22.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22932/2/2024).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 17.07.2023 წლის №17209 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №006-613 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 მარტის №4970 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 816 049 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 980 324

ჯარიმა - 490 162

საურავი - 345 563

 

ფაქტების აღწერა

საწარმოს საქმიანობაა ავტომობილის კატალიზატორების შეძენა ფიზიკური პირებისგან, საქართველოს ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ რეალიზაცია (ექსპორტი ლიეტუვაში).

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3389 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 1 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ ნაწილობრივ წარდგენილია სააღრიცხვო მასალები. კერძოდ, კატალიზატორების შესყიდვის აქტები (წარდგენილია აქტების მცირე ნაწილი), ბუღალტრული აღრიცხვა (არასრული), საბანკო ამონაწერები და ახსნა-განმარტებითი ბარათი. შემოწმების მიერ დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში სრულად არ არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საქონლის შესყიდვის ფასის გაანგარიშება მოხდა მსგავს აუდირებულ კომპანიაში დაფიქსირებული საშუალო შესყიდვის ფასის გათვალისწინებით. მიწოდებული საბანკო ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ექსპორტირებული კატალიზატორების რეალიზაციით მიღებული თანხა შეადგენს 12 068 078 ლარს. ზემოთ მოყვანილი ფაქტორებიდან გამომდინარე და შემოწმების მიერ დადგენილი კატალიზატორების შესყიდვის ფასისა და სხვა საოპერაციო ხარჯების გამოქვითვით დადგინდა ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, საგადასახადო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის №31348 ბრძანება და №006-556 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 1 640 571 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 12 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანება 21.07.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 22.09.2023 წლის №20344/2/2023 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

შემოსავლების სამსახურის 17.07.2023 წლის №17209 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2023 წლის დასკვნა, 6.12.2023 წლის №30524 ბრძანება და №006-613 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 7 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 6 მარტის №4970 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე და საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯის განსაზღვრის საკითხი და დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი გათვალისწინებულია მსგავსი აუდირებული კომპანიის მიერ საქონლის შეძენის საშუალო ფასის გამოყენებით.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მეორადი კატალიზატორების შეძენა ხდება ფიზიკური პირებისგან შესყიდვის აქტებით. შესყიდვა სხვადასხვა დროს განხორციელებულია დაახლოებით 1000-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან.

შეძენილი საქონელი თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან შემადგენლობით. აქედან გამომდინარე, განსხვავდება ერთსა და იმავე საანგარიშო პერიოდში მისი შეძენის ფასებიც.

შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებულია 12 068 000 ლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი.

საქართველოს ტერიტორიაზე შეძენილი საქონლის ღირებულებად აუდიტის დეპარტამენტს დადგენილი აქვს დაახლოებით 8 150 000 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტმა საქონლის თვითღირებულების განსაზღვრისთვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. კერძოდ, საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია, რომ საქონლის თვითღირებულების დადგენისთვის გამოიყენა სხვა აუდირებული მსგავსი ობიექტის საშუალო შესყიდვის ფასები.

გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის განხილვისას, ასევე აუდიტის დეპარტამენტთან შემდგომი კომუნიკაციებისას დაფიქსირებული იყო, რომ შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გაბნეული იყო, ვინაიდან თავის დროზე არ ხდებოდა ამ დოკუმენტაციებზე მკაცრი კონტროლი. შესაბამისად, არ არსებობდა ანგარიშვალდებული პირი, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელი იქნებოდა ამ ინფორმაციის მოპოვებაზე, დამუშავებასა და შენახვაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ დოკუმენტაციის შეგროვება, ზოგიერთ შემთხვევაში კი აღდგენა ძალიან შრომატევადი საკითხი იყო, რომელიც დროს მოითხოვდა.

მომჩივნის მიერ 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანების გამოცემიდან დღემდე უწყვეტად მიმდინარეობდა ზემოაღნიშნული ინფორმაციის შეგროვება. დღეის მდგომარეობით სრულად არის შეგროვილი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც სრულად იქნება მიწოდებული აუდიტის დეპარტამენტისთვის დანართის სახით. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტი შეზღუდული იქნება კანონით, უარი უთხრას გადაანგარიშებაზე სამართლიანი და კანონმდებლობის სრული დაცვით წარდგენილი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გაუთვალისწინებლობისა და სალაროს ვირტუალური ნაშთის შეუმცირებლობისგან.

ეს ყველაფერი კი იმის გათვალისწინებით, რომ ზემდგომ ორგანოს მიღებული აქვს №20063/2/2023 გადაწყვეტილება 2023 წლის 14 სექტემბერს, სადაც იდენტური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიმართ აქვს მიღებული გადაწყვეტილება, სადაც მკაცრად არის გაწერილი აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესასრულებელი მითითებები.

სამართლიანობის პრინციპების დაცვის გათვალისწინებით, დაუშვებელია ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა პირების მიმართ მიღებულ იქნას განსხვავებული გადაწყვეტილებები და გამოყენებულ იქნეს განსხვავებული მიდგომები.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გადამხდელის მიერ მიწოდებულ საბუღალტრო პროგრამაში არ იყო ასახული სხვადასხვა ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების (ზემოაღნიშნული საქონელი წარმოადგენს მაღალი საფრთხის შემცველ საქონელს და მისი ტრანსპორტირება ხორციელდება სპეციალურად აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებებით), საშუამავლო მომსახურების და სხვა ხარჯები, რომელიც მოახდენს გავლენას სალაროში აკუმულირებული ვირტუალური ნაშთის ოდენობაზე.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.

პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ.

ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.

ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდ წილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობას და მიზანშეწონილობას.

კომპანიის საქმიანობაა მანქანის მეორადი კატალიზატორების შეძენა და მისი შემდგომი რეალიზაცია ექსპორტის გზით. ვინაიდან კატალიზატორების შეძენა ხორციელდება ფიზიკური პირებისგან, ხოლო ყველა შემთხვევაში ვერ ხერხდებოდა ან არ ხდებოდა შესყიდვის აქტის გაფორმება კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც იწვევდა საბუღალტრო ჩანაწერებში შეცდომებს, რაც საბოლოოდ აისახებოდა კომპანიის სალაროში დაგროვილ ვირტუალურ ნაშთზე.

მანქანის მეორადი კატალიზატორის ფასის დადგენა და განსაზღვრა ხდება ყოველდღიურად ლონდონის საფონდო ბირჟაზე დადგენილი ფასების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ სხვა მსგავსი ობიექტის საშუალო ფასის გამოყენება არასწორია, თუ საანგარიშო პერიოდები ერთმანეთისგან განსხვავებულია.

ამასთან, მნიშვნელოვანია იმ შესადარისი ობიექტების საოპერაციო ფასნამატი, ვინაიდან კიდევ ერთხელ უნდა ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ ფასები პირდაპირ მიბმულია საფონდო ბირჟას და რადიკალურად განსხვავებული შედეგები სხვადასხვა კომპანიებში უბრალოდ ალოგიკურია.

დღეის მდგომარეობით დამუშავებული და დაპაკეტებულია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ექსპორტის გზით რეალიზებული კატალიზატორების შეძენის ღირებულება ამავე შესამოწმებელ პერიოდში აღემატება 11 000 000 ლარს. შესაბამისი მტკიცებულებები წარედგინება აუდიტის დეპარტამენტს.

ასევე აღსანიშნავია, რომ არასწორად არის გაანგარიშებული გამოსაქვითი ხარჯები და დასაზუსტებელია ხარჯების ოდენობა, მათ შორის, შესყიდვის აქტები, ტრანსპორტირების ხარჯები და ა.შ, ვინაიდან ზემოაღნიშნული გავლენას ახდენს ვირტუალური სალაროს ნაშთის ოდენობაზე.

ზემოაღნიშნული ფაქტების და გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს, მისი უშუალო მონაწილეობით, მოხდეს საკითხის ხელახალი შესწავლა, მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება შემცირების გზით.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან დარიცხვა გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციებისგან.

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადისა და სანქციების შემცირების გზით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №17209 ბრძანებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ საგადასახადო ორგანომ საჩივრებში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით ხარჯის განსაზღვრის საკითხი, რომლის შედეგად დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი გათვალისწინებულია მსგავსი აუდირებული კომპანიის მიერ საქონლის შეძენის საშუალო ფასის გამოყენებით. გადაანგარიშების პროცესში ასევე გამყარდა შემოწმებით გამოყენებული საშუალო ფასის სანდოობა. შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი.

გადასახადის გადამხდელმა 25.07.2024 წელს წარმოადგინა შესყიდვის აქტების ნაწილი და განაცხადა, რომ სრული ინფორმაცია მიწოდებული იქნება აუდიტის დეპარტამენტისთვის. მომჩივნის მოსაზრებით, აღნიშნული დოკუმენტაცია გავლენას მოახდენს გადაანგარიშების შედეგებზე.

„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის, ფაქტობრივი გარემოებების, მომჩივნის არგუმენტაციის და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, შესაფასებელია გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 6 მარტის №4970 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაევალოს საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება გადასახადისა და სანქციების შემცირების გზით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო ორგანომ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საქონლის შესყიდვის ფასის გაანგარიშება მოხდა მსგავს აუდირებულ კომპანიაში დაფიქსირებული საშუალო შესყიდვის ფასის გათვალისწინებით. მიწოდებული საბანკო ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ექსპორტირებული კატალიზატორების რეალიზაციით მიღებული თანხა შეადგენს 12 068 078 ლარს. ზემოთ მოყვანილი ფაქტორებიდან გამომდინარე და შემოწმების მიერ დადგენილი კატალიზატორების შესყიდვის ფასისა და სხვა საოპერაციო ხარჯების გამოქვითვით დადგინდა ფულის ნაშთი, რომელიც დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, საგადასახადო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლების გათვალისწინებით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(5).