გადაწყვეტილება №21163/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21163/2/2023
26 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 26.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21163/2/2023).
დავის საგანი:
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №081-345 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 9.10.2023 წლის №24877 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 12 290 570,03 ლარი.
მათ შორის:
ქონების გადასახადი - 5 783 810
ჯარიმა - 2 891 905
საურავი - 3 614 855,03
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2019 წლიდან 1.01.2020 წლამდე პერიოდი (2019 წლის ქონების გადასახადი (გარდა მიწისა)). შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში არსებული ქონება (ორი ჰიდროელექტროსადგური) აღრიცხული ჰქონდა ბალანსზე გადაფასებული ღირებულებით, კერძოდ აღნიშნული აქტივის თვითღირებულება (შეძენასთან დაკავშირებით გაწეული დანახარჯების შესაბამისად) 1.01.2020 წლისათვის 1 268 240 000 ლარის ოდენობით, გადაფასებული ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 36-ის შესაბამისად. 1.01.2019 წლისათვის დაგროვებულმა გაუფასურების ზარალმა (რა თანხითაც შემცირდა აქტივის თავდაპირველი ღირებულება) შეადგინა 540 726 000 ლარი. 2019 წლისათვის ასეთმა გაუფასურების ზარალმა შეადგინა 37 655 000 ლარი. კომპანიის განმარტებით, გაუფასურების ძირითად მიზეზებს შეადგენდა შემდეგი ფაქტორები:
- 2017 წელს მომხდარი ჰესის ტურბინებთან მიმავალი წყლის გვირაბის ჩამონგრევა, რამაც შეაფერხა პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა (ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი დაგვიანდა 3 წლით);
- ---------- ეკონომიკის შესუსტება, რამაც გამოიწვია ექსპორტზე გასატანი ელექტროენერგიის ფასების შემცირება.
ამ ძირითადი ფაქტორების გამო, მოსალოდნელი გახდა შესაბამისი ფულადი ნაკადების შემოდინების შეფერხება/შემცირება. კომპანიის მიერ გაუფასურების გაანგარიშება მოხდა აქტივის გამოყენებითი ღირებულების საფუძველზე, რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილია საწარმოს მიერ შედგენილი გაანგარიშება გაუფასურების მოცულობასთან მიმართებაში და შპს „----------“-ის მოსაზრება (მოსაზრებაში ასახულია გადაფასების მეთოდის სისწორე, თუმცა არ არის განხილული გაანგარიშების პროცესში გამოყენებული დაშვებების სისწორე, მათ შორის კაპიტალიზებადი დანახარჯების და სასარგებლო გამოყენების ვადის მოცულობის, აგრეთვე, შემოსავლის გაანგარიშებაში საექსპორტო მაჩვენებლების გაუთვალისწინებლობა). შესაბამისად, შპს „----------“-ის მოსაზრებით გაუფასურების მეთოდი სწორია, თუმცა თავად გაანგარიშებაზე დასკვნა შედგენილი არ ყოფილა. ამასთან, 2019 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, რომელიც მომზადებული იყო შპს „----------“-ის მიერ, კომპანია იზიარებდა შპს „----------“ გაანგარიშებებს გადაფასებასთან მიმართებაში. შემოწმებამ შეისწავლა შპს „----------“ მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება, საიდანაც გაირკვა, რომ კომპანიას გადაფასებული აქტივის სასარგებლო გამოყენების ვადად არჩეული ჰქონდა 50 წლიანი პერიოდი, ხოლო კაპიტალიზებადი დანახარჯები აღებული იყო შემოსავლის 6,4%. ამასთან, მისაღებ შემოსავლებში (50 წლიან პერიოდზე) არ იყო გათვალისწინებული ექსპორტის მონაცემები. რისკის მიმოხილვის ეტაპზე გადამხდელმა ვერ დაასაბუთა აღნიშნული დაშვებები. კერძოდ, რატომ იყო არჩეული 50 წელი და არა მეტი, აგრეთვე გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო კაპიტალიზებადი დანახარჯების პროცენტული მაჩვენებლის სისწორე (6,4%). 50 წლიან პერსპექტივაში შესაძლო შემოსავლების გაანგარიშებაში არ იყო ასახული ექსპორტის მონაცემები, საწარმოს განმარტებით აღნიშნული გამოწვეული იყო იმ ფაქტორებით, რომ 2018-2021 წლებში ---------- ელექტროენერგიის დაბალი ფასის გამო ექსპორტი არარელევანტური იყო, გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად იქნა რეალიზებული ქვეყნის შიგნით. მიუხედავად აღნიშნული ფაქტისა, 2022 წლის მაჩვენებლებით დადგინდა, რომ საწარმოს 2022 წლის მარტი-ივნისის თვეებზე ელექტროენერგია რეალიზებული ჰქონდა ექსპორტის გზით და სარეალიზაციო ფასი დაახლოებით 4-ჯერ მაღალია ადგილობრივ ფასთან.
იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ თვეებში ჰესის მუშაობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე (ჩამონადენი ნალექების ყველაზე უხვი მოცულობა წლის განმავლობაში სწორედ ამ პერიოდებში ფიქსირდებოდა), აღნიშნული მაჩვენებელი მკვეთრად ცვლიდა/ზრდიდა შემოსავლებს და შესაბამისად, 50 წლიან გათვლებში (2067 წლის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც ჰქონდა განსაზღვრული ჰესის „გამოყენებითი ღირებულება“ მნიშვნელოვან რყევებს იწვევდა მისაღები ფულადი შემოსავლების ნაწილში და ახდენდა გაუფასურების თანხის მკვეთრად შემცირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ მიიჩნია, რომ საწარმოს არასრულ მონაცემებზე დაყრდნობით ჰქონდა განსაზღვრული აქტივის ანაზღაურებადი ღირებულება (ანაზღაურებადი ღირებულება არ ეყრდნობოდა სწორ დაშვებებს, როგორიცაა საექსპორტო მაჩვენებლები, მაშინ როდესაც ჰესის ფუნქციონირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მისი საექსპორტო პოტენციალი. კაპიტალიზებადი დანახარჯების ზუსტი იდენტიფიცირება - სხვა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი ჰიდროელექტროსადგურების შესაბამისობა კომპანიის საკუთრებაში არსებულ ჰესებთან მიმართებაში ვერ დადგინდა, მათ შორის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღის, კონფიგურაციის, გამოყენების ვადის, სიმძლავრის კუთხით). შესაბამისად, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ გაანგარიშება შედგენილი იყო თავად გადასახადის გადამხდელის მიერ ისე, რომ მასში არ ყოფილა გათვალისწინებული ყველა მნიშვნელოვანი დაშვება/ფაქტორი, რასაც შესაძლოა არსებითი გავლენა მოეხდინა გაუფასურების ზარალის მოცულობაზე, შემოწმებამ მიიჩნია, რომ არ არსებობს საკმარისი დასაბუთება აქტივის გაუფასურების ოდენობის შესახებ, ბასს-ის 36-ე სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად, 2019 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში არ იქნა გათვალისწინებული გაუფასურების ზარალი. მომჩივანს დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №081-345 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7041 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 11.05.2023 წლის №19414/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7041 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 11.05.2023 წლის №19414/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 9.10.2023 წლის №24877 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 202-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 205-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 16-ის 63-ე პუნქტზე და 66-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 36-ის მე-8 და მე-9 პუნქტებზე და 33- ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე.
დადგენილია, რომ გადამხდელს საკუთრებაში ორი ჰიდროელექტროსადგური აღრიცხული ჰქონდა ბალანსზე გადაფასებული ღირებულებით. კერძოდ, აღნიშნული აქტივის თვითღირებულება 1.01.2020 წლისთვის 1 268 240 000 ლარის ოდენობით, გადაფასებული ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 36-ის შესაბამისად და 1.01.2019 წლისთვის დაგროვებულმა გაუფასურების ზარალმა (რა თანხითაც შემცირდა აქტივის თავდაპირველი ღირებულება) შეადგინა 540 726 000 ლარი. 2019 წლისათვის ასეთმა გაუფასურების ზარალმა შეადგინა 37 655 000 ლარი. საწარმომ წარმოადგინა შპს „----------“-ის მოსაზრება, რომლითაც გაუფასურების მეთოდი სწორია, თუმცა თავად გაანგარიშებაზე დასკვნა შედგენილი არ ყოფილა. ასევე, შემოწმებამ შეისწავლა შპს „----------“ მიერ წარმოდგენილი გაანგარიშება, საიდანაც გაირკვა, რომ კომპანიას გადაფასებული აქტივის სასარგებლო გამოყენების ვადად არჩეული ჰქონდა 50 წლიანი პერიოდი, ხოლო კაპიტალიზებადი დანახარჯები აღებული იყო შემოსავლის 6,4%. ამასთან, მისაღებ შემოსავლებში (50 წლიან პერიოდზე) არ იყო გათვალისწინებული ექსპორტის მონაცემები. რისკის მიმოხილვის ეტაპზე გადამხდელმა ვერ დაასაბუთა აღნიშნული დაშვებები. კერძოდ, რატომ იყო არჩეული 50 წელი და არა მეტი. აგრეთვე, გაურკვეველი და ბუნდოვანი იყო კაპიტალიზებადი დანახარჯების პროცენტული მაჩვენებლის სისწორე (6,4%). 50 წლიან პერსპექტივაში შესაძლო შემოსავლების გაანგარიშებაში არ იყო ასახული ექსპორტის მონაცემები. ამასთან, დადგინდა, რომ საწარმოს 2022 წლის მარტი-ივნისის თვეებზე ელექტროენერგია რეალიზებული ჰქონდა ექსპორტის გზით და სარეალიზაციო ფასი დაახლოებით 4-ჯერ აღემატებოდა ადგილობრივ ფასს. შესაბამისად, შემოწმებით დადგინდა, რომ გადამხდელს არასრულ მონაცემებზე დაყრდნობით ჰქონდა განსაზღვრული აქტივის ანაზღაურებადი ღირებულება.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, 2019-2020 წლებში კომპანიას მომზადებული ჰქონდა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებები, რომელთა ფინანსური აუდიტი განახორციელეს საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიებმა („----------“-მ 2019 წელს, ხოლო „----------“-მ 2020 წელს) და აღნიშნული წლების ფინანსური გაანგარიშებები მოიცავდა აქტივების გაუფასურების ზარალს, რომელსაც ეთანხმებოდა ორივე ზემოაღნიშნული აუდიტორული კომპანია. დამატებით, კომპანიამ წარმოადგინა „----------“-ს მოსაზრება აქტივების გაუფასურების მეთოდის შესახებ, რომელიც თანხვედრაში იყო კომპანიის მეთოდთან და სრულად იზიარებდა მას. მიუხედავად აღნიშნული მტკიცებულებებისა, საგადასახადო ორგანომ, შემოწმების აქტში დაფიქსირებული მოსაზრებით, ეჭვქვეშ დააყენა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მიერ აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებებში ასახული მონაცემების მართებულობა, თუმცა აქაც საგადასახადო ორგანოს მსჯელობა წინააღმდეგობრივია, კერძოდ, შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ორგანო ერთი მხრივ აცხადებს, რომ „მოსაზრებაში ასახულია გადაფასების მეთოდის სისწორე, თუმცა არ არის განხილული გაანგარიშების პროცესში გამოყენებული დაშვებების სისწორე,“ ხოლო მეორეს მხრივ უთითებს, რომ „----------“ „იზიარებს შპს „----------“ გაანგარიშებებს გადაფასებებთან მიმართებაში“. უდავოა, რომ ფინანსური ანგარიშგებაზე ხელმოწერით აუდიტორი დაეთანხმა მასში ასახული ინფორმაციის სისწორეს (მათ შორის, აქტივების გაუფასურებას), ხოლო წარმოდგენილი მოსაზრებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა აქტივების გაუფასურების მეთოდის გამოყენების მართებულობა. ხოლო დაშვებებთან დაკავშირებით განმარტავს შემდეგს:
- ჰესის აქტივების საშუალო გამოყენების ვადად 50 წლის განსაზღვრა გამყარებულია კომპანიის მოწვეული ტექნიკური კონსულტანტის ---------- (----------) ანგარიშით;
- კაპიტალიზირებადი დანახარჯების პროცენტული მაჩვენებელი 6,4% გაანგარიშებულია საერთაშორისო მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით (როგორიცაა ----------), სადაც მოხდა 6 მსგავსი კომპანიის იდენტიფიცირება;
- ექსპორტის მონაცემებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ 2019 წელს ---------- დოლართან მიმართებით საგრძნობლად გაუფასურდა, რის გამოც კომპანიისთვის უფრო მომგებიანი იყო ელექტროენერგიის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია, ვიდრე ექსპორტზე გატანა. გადამხდელი დამატებით აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში იმის მითითება, რომ 2022 წლის მარტიივნისის თვეებზე ელექტროენერგია რეალიზებული აქვს ექსპორტის გზით და სარეალიზაციო ფასი დაახლოებით ოთხჯერ მაღალია ადგილობრივ ფასთან მიმართებით, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს არამაკორექტირებელ მოვლენას ბასს 36-ის მიზნებისთვის და გავლენას ვერ იქონიებს 2019 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ მონაცემებზე.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტური პირის მიერ ბასს 36-ე სტანდარტის მოთხოვნათა სრული დაცვით მომზადებული შეფასება/დასკვნა აქტივის ანაზღაურებადი ღირებულების განსაზღვრის თაობაზე, რომლის დასადგენად, თავის მხრივ, განსაზღვრული იქნება აქტივის სამართლიანი ღირებულება და გამოყენების ღირებულება. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი შეფასება/დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
2019-2020 წლებში კომპანიას მომზადებული აქვს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებები, რომელთა ფინანსური აუდიტი განახორციელეს საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიებმა („----------“-მ 2019 წელს, ხოლო „----------“-მ 2020 წელს) და აღნიშნული წლების ფინანსური გაანგარიშებები მოიცავს აქტივების გაუფასურების ზარალს, რომელსაც ეთანხმება ორივე ზემოთ აღნიშნული აუდიტორული კომპანია. უდავოა, რომ ფინანსური ანგარიშგებაზე ხელმოწერით აუდიტორი დაეთანხმა მასში ასახული ინფორმაციის სისწორეს (მათ შორის აქტივების გაუფასურებას), ხოლო წარმოდგენილი მოსაზრებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა აქტივების გაუფასურების მეთოდის გამოყენების მართებულობა. დამატებით, კომპანიამ წარმოადგინა „----------“-ს მოსაზრება აქტივების გაუფასურების მეთოდის შესახებ, რომელიც თანხვედრაშია კომპანიის მეთოდთან და სრულად იზიარებს მას.
საგადასახადო ორგანომ, საკმარისად არ მიიჩნია კომპანიის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამატებით ითხოვს №24877 ბრძანების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტური პირის მიერ ბასს 36-ე სტანდარტის მოთხოვნათა სრული დაცვით მომზადებული შეფასება/დასკვნა აქტივის ანაზღაურებადი ღირებულების განსაზღვრის თაობაზე, რომლის დასადგენად, თავის მხრივ, განსაზღვრული იქნება აქტივის სამართლიანი ღირებულება და გამოყენების ღირებულება.
საგადასახო ორგანოს მოთხოვნა დამატებითი შეფასების/დასკვნის წარდგენაზე დაუსაბუთებელია და საჭიროებას მოკლებული, რადგან კომპანიის მიერ წარდგენილი ფინანსური ანგარიშგება სწორედაც ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (მათ შორის 36-ე სტანდარტის) მიხედვით არის მომზადებული და უდავოა, რომ ფინანსური ანგარიშგებაზე ხელმოწერით აუდიტორი დაეთანხმა მასში ასახული ინფორმაციის სისწორეს (მათ შორის აქტივების გაუფასურებას), ხოლო წარმოდგენილი მოსაზრებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა აქტივების გაუფასურების მეთოდის გამოყენების მართებულობა. ამასთან, იმ დაშვებებთან დაკავშირებით, რომელთა მართებულობასაც საგადასახადო ორგანო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ეჭვქვეშ აყენებდა, საჩივარში ამომწურავად იქნა პასუხები გაცემული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 23.07.2020 წლამდე მოქმედი რედაქციით, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში არსებული ქონება (ორი ჰიდროელექტროსადგური) ბალანსზე აღრიცხული ჰქონდა გადაფასებული ღირებულებით. აქტივის თვითღირებულება (შეძენასთან დაკავშირებით გაწეული დანახარჯების შესაბამისად) გადაფასებული ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 36-ის შესაბამისად. 1.01.2019 წლისათვის დაგროვებულმა გაუფასურების ზარალმა (რა თანხითაც შემცირდა აქტივის თავდაპირველი ღირებულება) შეადგინა 540 726 000 ლარი. 2019 წლისათვის ასეთმა გაუფასურების ზარალმა შეადგინა 37 655 000 ლარი. შემოწმებამ მიიჩნია, რომ საწარმოს არასრულ მონაცემებზე დაყრდნობით ჰქონდა განსაზღვრული აქტივის ანაზღაურებადი ღირებულება. შესაბამისად, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ გაანგარიშება შედგენილი იყო თავად გადასახადის გადამხდელის მიერ ისე, რომ მასში არ ყოფილა გათვალისწინებული ყველა მნიშვნელოვანი დაშვება/ფაქტორი, რასაც შესაძლოა არსებითი გავლენა მოეხდინა გაუფასურების ზარალის მოცულობაზე, შემოწმებამ მიიჩნია, რომ არ არსებობს საკმარისი დასაბუთება აქტივის გაუფასურების ოდენობის შესახებ, ბასს-ის 36-ე სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. შემოწმების შედეგად, 2019 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში არ იქნა გათვალისწინებული გაუფასურების ზარალი.
შემოსავლების სამსახურის 9.10.2023 წლის №24877 ბრძანებით, ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტური პირის მიერ ბასს 36-ე სტანდარტის მოთხოვნათა სრული დაცვით მომზადებული შეფასება/დასკვნა აქტივის ანაზღაურებადი ღირებულების განსაზღვრის თაობაზე, რომლის დასადგენად, თავის მხრივ, განსაზღვრული იქნება აქტივის სამართლიანი ღირებულება და გამოყენების ღირებულება. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი შეფასება/დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 9.10.2023 წლის №24877 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში არსებული ქონება (ორი ჰიდროელექტროსადგური) ბალანსზე აღრიცხული ჰქონდა გადაფასებული ღირებულებით. აქტივის თვითღირებულება (შეძენასთან დაკავშირებით გაწეული დანახარჯების შესაბამისად) გადაფასებული ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 36-ის შესაბამისად. 1.01.2019 წლისათვის დაგროვებულმა გაუფასურების ზარალმა (რა თანხითაც შემცირდა აქტივის თავდაპირველი ღირებულება) შეადგინა 540 726 000 ლარი. 2019 წლისათვის ასეთმა გაუფასურების ზარალმა შეადგინა 37 655 000 ლარი. შემოწმებამ მიიჩნია, რომ საწარმოს არასრულ მონაცემებზე დაყრდნობით ჰქონდა განსაზღვრული აქტივის ანაზღაურებადი ღირებულება. შესაბამისად, იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ გაანგარიშება შედგენილი იყო თავად გადასახადის გადამხდელის მიერ ისე, რომ მასში არ ყოფილა გათვალისწინებული ყველა მნიშვნელოვანი დაშვება/ფაქტორი, რასაც შესაძლოა არსებითი გავლენა მოეხდინა გაუფასურების ზარალის მოცულობაზე, შემოწმებამ მიიჩნია, რომ არ არსებობს საკმარისი დასაბუთება აქტივის გაუფასურების ოდენობის შესახებ, ბასს-ის 36-ე სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. შემოწმების შედეგად, 2019 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში არ იქნა გათვალისწინებული გაუფასურების ზარალი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 9.10.2023 წლის №24877 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 201(1); 202(1); 205(2).