ბრძანება N 17887

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.07.2023
№ დოკუმენტი 17887
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17887

24 ივლისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ„---------“ (პ/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 12 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ----------- (პ/ნ ----------) №119306/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №EL213916 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ შემოვიდა ----------- საბაჟო პუნქტის გავლით, რა დროსაც მებაჟეების მიერ დაფიქსირდა ნორმირებული საწვავის გადამეტებული რაოდენობა. აღნიშნული ფაქტის გამომწვევი მიზეზი იყო საწვავის მაჩვენებლის ტექნიკური გაუმართაობა, რაც პრაქტიკაში ხშირი შემთხვევაა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 21 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტი „--------------“ კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოვიდა საქართველოში რეგისტრირებული, დაუტვირთავი სატვირთო ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით -------------, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე --------------. აღნიშნულ პიროვნებას სატვირთო ავტომანქანის საწვავის ავზით საქართველოში შემოჰქონდა არადეკლარირებული 200 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი.

ვინაიდან ------------- მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაში არსებული საწვავის რაოდენობა აღემატებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზღვრულ ნორმას (100 ლიტრი), საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 21 ივნისს შედგენილი №EL213916 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით ------------ სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.

------------- ხშირად გადაადგილდება (2022 წლის თებერვლიდან დღეის მდგომარებით 106 შესვლა/გასვლა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე. არადეკლარირებული 1000 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავის შემოტანის ფაქტზე კი საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმებულია 2022 წლის 21 მარტს №EL157546 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მოჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს 4 №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ 1 “, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.

ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) პირველი მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები აზუსტებს:

5. საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთების გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული, ------------ ან ------------ს ტიპის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომელიც განკუთვნილია და დაშვებულია ასეთი ტვირთის გადასატანად.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, საბაჟო გამშვებ პუნქტ „-------------“, „„-------------“ ან „„-------------“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება:

გ) დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებულის გარდა) შემთხვევაში, თუ ავზში არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება 100 ლიტრს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

დადგენილია, რომ დაუტვირთავი სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების ავზში მოთავსებული იყო დაახლოებით 200 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავი, ნაცვლად საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დაშვებული 100 ლიტრისა. ამასთან, იგი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტულად არ გადაადგილებოდა. შესაბამისად, მომჩივანი ცდილობდა იმ ოდენობის დიზელის ტიპის საწვავის შემოტანას, რაზეც კანონმდებლობით დაწესებულია შეზღუდვა და ადგილი აქვს სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით შემოტანის ფაქტს, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სამართალდარღვევისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საგულისხმოა, რომ მომჩივანი ხშირად გადაადგილდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე. ასევე, არადეკლარირებული 1000 ლიტრი დიზელის ტიპის საწვავის შემოტანის ფაქტზე, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის წარსულშიც არის დაჯარიმებული (№EL157546 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი 21.03.2022 წ. შესაბამისად, მისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი მოქმედი შეზღუდვების შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------------ (პ/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაში არსებული საწვავის რაოდენობა აღემატებოდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზღვრულ ნორმას (100 ლიტრი). რის გამოც სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:163;168(3);

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს 4 №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.