ბრძანება N 17690-2
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17690
10/07/2018
შპს „-----
(მის: ------ )
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრის არდაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 29 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N 57) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 დეკემბრის № 083-39 „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობას.
გადამხდელი არ ეთანხმება მომწოდებელზე გადახდილი ავანსის საწარმოს მიერ გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას. 2014 წლის მაისიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე გადამხდელს უფიქსირდება მომწოდებლისთვის (---------) გადახდილი ავანსის მუდმივად მზარდი დადებითი ნაშთი. გადამხდელის ინფორმაციით არარეზიდენტი მომწოდებლისათვის გადახდილი თანხები წარმოადგენს გადახდილ ავანსს და არა გაცემულ სესხს. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გაწეული მომსახურების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის საფუძვლები. შესაბამისად, მოითხოვს აღნიშნულ ნაწილში ძირითადი გადასახადისა და სანქციების გაუქმებას.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 21 აპრილის N მ-11104 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რაზეც 2017 წლის 27 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების შედეგებზე გადამხდელს წარედგინა 2017 წლის 4 დეკემბრის N 083-39 ,,საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 306209 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 163728 ლარი, ჯარიმა 88470 ლარი და საურავი 54011 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების აქტში აღნიშნულია შემდეგი:
2014 წლის მაისიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე გადამხდელს უფიქსირდება მომწოდებლისთვის (--------) გადახდილი ავანსის მუდმივად მზარდი დადებითი ნაშთი (გადამხდელს მომწოდებლისადმი გააჩნია დებიტორული დავალიანება თუმცა საქონლის შესაძენად კვლავ ხდება თანხების გადახდა, რომლის შესაბამისადაც მომწოდებლის მიერ საქონელის მოწოდება არ ხდება). შემოწმების მიერ არსებული ნაშთი დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად და მასზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხით (321499 ლარი) გაიზარდა 2014 და 2015 წლების ერთობლივი შემოსავალი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
სსკ-ის მე-100 მუხლის შესაბამისად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ: ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით კი ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება, პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები.
ზემოთ აღნიშნული ნორმების, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა გადასახადის გადამხდელის მიერ უპროცენტო სესხის გაცემის ფაქტი. შესაბამისად შემოწმების მიერ არსებული ნაშთზე გაანგარიშებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის თანხით 2014 და 2015 წლების ერთობლივი შემოსავლის გაზრდა შეესაბამება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ., N11) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება მომწოდებელზე გადახდილი ავანსის საწარმოს მიერ გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვას და ითხოვს აღნიშნულ ნაწილში ძირითადი გადასახადისა და სანქციების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების აქტში აღნიშნულია შემდეგი:
2014 წლის მაისიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე გადამხდელს უფიქსირდება მომწოდებლისთვის გადახდილი ავანსის მუდმივად მზარდი დადებითი ნაშთი. გადამხდელს მომწოდებლისადმი გააჩნია დებიტორული დავალიანება თუმცა საქონლის შესაძენად კვლავ ხდება თანხების გადახდა, რომლის შესაბამისადაც მომწოდებლის მიერ საქონელის მოწოდება არ ხდება. შემოწმების მიერ არსებული ნაშთი დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად და მასზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხით გაიზარდა 2014 და 2015 წლების ერთობლივი შემოსავალი.
გადაწყვეტილება
დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა გადასახადის გადამხდელის მიერ უპროცენტო სესხის გაცემის ფაქტი. შესაბამისად შემოწმების მიერ არსებული ნაშთზე გაანგარიშებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის თანხით 2014 და 2015 წლების ერთობლივი შემოსავლის გაზრდა შეესაბამება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4); 73(9,,ბ“); 100; 102