ბრძანება N 1457

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.01.2024
№ დოკუმენტი 1457
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1457

30 იანვარი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. მის.: ---) 2023 წლის 26 დეკემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №86328/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ნოემბრის №081-289 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ კომპანიის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი იქნა საბუღალტრო პროგრამები Fina და FMG. შემმოწმებელებს განემარტათ, რომ საქონლის რეალიზაცია ხდება ავტომატიზებულად პროგრამა Fina-ს საშუალებით, ხოლო ბუღალტერია აღირიცხება პროგრამა FMG-ში. ამასთანავე, შემმოწმებლებს განემარტათ, რომ 2020 წლის მაისის თვეში ტექნიკური გაუმართავობის გამო პროგრამა Fina-დან წაიშალა საქონლის მიღებისა და რეალიზაციის ამსახველი ოპერაციები და საქონლის რაოდენობის სისწორის განსასაზღვრად, პროგრამა Fina-ში 2020 წლის ივნისის თვიდან სექტემბრის თვის ჩათვლით ოპერაციები გატარდა ჯამურად რეალიზაციის ნაწილში რაოდენობის თვალსაზრისით (საქონლის დასახელებების მიხედვით) და ზედნადების რეალიზაციის შემთხვევები არ არის აღრიცხული იდენტიფიცირებულად, კერძოდ, სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული საქონელიც გატარებულია ჯამურად რაოდენობების ჭრილში საცალო სარეალიზაციო ფასებით.

გარდა ამისა, პერიოდულად ხდებოდა პროგრამასთან რეალიზაციის შედარება და სხვაობის აღმოჩენის შემთხვევაში პროგრამას ემატებოდა რეალიზაციის გატარებები, რომელიც თავისთავად მოიცავდა დოკუმენტურ რეალიზაციას. შემოწმების მიერ საქონლის რეალიზაცია აღიარებული იქნა პროგრამა Fina-ს ჩანაწერების მიხედვით, კერძოდ, 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 ივლისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში პროგრამა Finaდან რეალიზებული საქონლის ღირებულების ჯამზე დამატებულია სასაქონლო ზედნადებით შეძენების ის ნაწილი, რომელიც Fina-ში ასახული არ იყო და დღგ-ის ჩათვლით ღირებულებაზე გავრცელებულია სრული პერიოდის ყველა სახეობის საქონლის საშუალო შეწონლი ფასნამატი, აღნიშნული თანხების ჯამი დეკლარირებული მონაცემების პროპორციულად გათვალისწინებულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის მითითებული არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები, მაგრამ ამ პირობებშიც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები გაანგარიშებულია დეკლარირებული მონაცემების პროპორციული წილის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას რეალიზაციის დიდი ნაწილი მიწოდებული აქვს დოკუმენტურად (საბითუმო დოკუმენტური მიწოდება მთლიან მიწოდებაში დაახლოებით 83%-ია) და დოკუმენტური რელიაზაციაც მონაწილეობს პროპორციაში.

შემმოწმებლების მიერ არ მომხდარა პროგრამა Fina-სთან რეალიზაციის შედარება სასაქონლო ზედნადებების ჭრილში და საბითუმო მიწოდების გამიჯვნა საცალო მიწოდებიდან. გარდა ამისა, იმ სასაქონლო ზედნადებებზე, რომელიც შეძენებშია დამატებული, ფასნამატი გავრცელებულია დღგ-ის ჩათვლით თანხებზე. ამასთანავე, ფიქსირდება რამდენიმე სასაქონლო ზედნადების გაორების შემთხვევები (ორჯერ ასახულია სულ 4 866 ლარის ღირებულების საქონელი), შეძენები გაზრდილია ძირითადი საშუალებების (დივნის, სკამების და ა.შ.) მიწოდების ღირებულებითაც. დამატებით ასახული შეძენების ნაწილზე გამოყენებულია მთლიანი პერიოდის სრული რეალიზაციის საშუალო შეწონილი ფასნამატი 22% ოდენობით, როდესაც შეძენების იდენტიფიცირება შესაძლებელი იყო და პროგრამა საშუალებას იძლევა კონკრეტული დასახელების მიხედვით ინახოს საქონლის ფასნამატი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 სექტემბრის №21774 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 ნოემბრის №29051 ბრძანება და №081-289 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 435 059 ლარი, მათ შორის, გადასახადი 261 647 ლარი, ჯარიმა 127 987 ლარი, საურავი 45 425 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „---ას“ ძირითადი საქმიანობის საგანს წარმოადგენს საცალო და საბითუმო ვაჭრობა ქიმიური პროდუქტებით. კომპანია აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს ქ. ----ში მდებარე იჯარით აღებული სავაჭრო ობიექტიდან. გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის ყიდვაგაყიდვის ოპერაციები ხორციელდება გაყიდვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით. შედეგად, საქონლის გაყიდვისა და მისი ჩამოწერის ოპერაცია ავტომატურად აისახება პროგრამა FINA-ში.

ბუღალტრული აღრიცხვის საწარმოებლად გადამხდელი იყენებს პროგრამა FMG-ს. ბუღალტრული პროგრამების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ პროგრამა FINA-ში რეალიზებული საქონლის ღირებულება აღემატება პროგრამა FMG-ში ასახულსა და, შესაბამისად, დეკლარირებულს, ვინაიდან, გადამხდელი დღგ-ის დეკლარირებას ახორციელებს FMG-ის შესაბამისად.

შემოწმებით ასევე ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს დოკუმენტით (სასაქონლო ზედნადებით) შეძენილი საქონელი FINA-ში სრულად არ აქვს ასახული. შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნული საქონლის დამატება გასაყიდ საქონელზე და რეალიზაცია საწარმოს მიერ დაფიქსირებული საშუალო შეწონილი 22% ფასნამატით. ხსენებულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გავლენა იქონია (გაიზარდა), როგორც დამატებული ღირებულების, ასევე საშემოსავლო და მოგების გადასახადებზე, ვინაიდან, გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება აღნიშნული თანხის დივიდენდად განხილვის თაობაზე.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს 2016 წელს დარიცხული და გადახდილი აქვს 2016 წლის შესაბამისი მოგების გადასახადი და მოითხოვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილით სარგებლობა, რის შედეგადაც შემცირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე, 164-ე, 166-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 მუხლების გათვალისწინებით დაერიცხა მოგების გადასახადი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე, 130-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით - საშემოსავლო გადასახადი. გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დივიდენდი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით. ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

პროგრამა Fina-სთან დაკავშირებით მომჩივნის მიერ აღნიშნულ არგუმენტთან მიმართებაში, შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის თანახმადაც გადასახადის გადამხდელის მიერ საქონლის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები ხორციელდება გაყიდვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით. შედეგად, საქონლის გაყიდვისა და მისი ჩამოწერის ოპერაცია ავტომატურად აისახება პროგრამა FINA-ში. ბუღალტრული აღრიცხვის საწარმოებლად გადამხდელი იყენებს პროგრამა FMG-ს. ბუღალტრული პროგრამების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ პროგრამა FINA-ში რეალიზებული საქონლის ღირებულება აღემატება პროგრამა FMG-ში ასახულსა და, შესაბამისად, დეკლარირებულს, ვინაიდან, გადამხდელი დღგის დეკლარირებას ახორციელებს FMG-ის შესაბამისად. შემოწმებით ასევე ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს დოკუმენტით (სასაქონლო ზედნადებით) შეძენილი საქონელი FINA-ში სრულად არ აქვს ასახული. შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნული საქონლის დამატება გასაყიდ საქონელზე და რეალიზაცია საწარმოს მიერ დაფიქსირებული საშუალო შეწონილი 22% ფასნამატით. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მართლზომიერია შემოწმების მიერ პროგრამა FINA-ს მიხედვით რეალიზებული საქონლისა და გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტით შეძენილი და FINA-ში აუსახველი საქონელის საწარმოს მიერ დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასნამატით რეალიზაციაში ჩართვა. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში აღნიშნულ არგუმენტზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ შეძენებში დამატებული ზედნადებები რეალიზაციაში ჩართული იქნა და ფასნამატი გავრცელდა დღგ-ის ჩათვლით თანხებზე.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს შემოწმებით დამატებით რეალიზაციაში ჩართული სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონლის დღგ-ის ჩათვლით ღირებულებაზე ფასნამატის გავრცელების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს შემოწმებით დამატებით რეალიზაციაში ჩართული სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონლის დღგ-ის ჩათვლით ღირებულებაზე ფასნამატის გავრცელების საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 21 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 27 ნოემბრის №29051 ბრძანება და №081-289 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 435 059 ლარი, მათ შორის, გადასახადი 261 647 ლარი, ჯარიმა 127 987 ლარი, საურავი 45 425 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158; 159; 163; 164; 73 (4,9); 97; 981; 100; 102; 8 (12); 130; 154.

2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161.