გადაწყვეტილება №20090/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20090/2/2023
02 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 26.06.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20090/2/2023).
დავის საგანი:
უარი ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებაზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.06.2023 წლის ID: --- შესაგებელი;
2. შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14357 ბრძანება.
სადავო თანხა: 50 442 ლარი.
ფაქტების აღწერა
2023 წლის 24 მაისს მომჩივანმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა (ID: ---), რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი ითხოვდა წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. მომჩივანი განმარტავდა, რომ ზედმეტობა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ეწევა ტურისტულ საქმიანობას, ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი აქვს მასალა/მომსახურება და იმპორტირებული აქვს საქონელი, რომლებზეც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 2023 წლის 2 ივნისის ID: --- შესაგებლით, „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომჩივანს უთხრა უარი, დარღვეულია/არ არის შესრულებული მოთხოვნის შევსებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე, კერძოდ, შემოსავლის განსაზღვრის მიზნით არ არის წარმოდგენილი 2020-2023 წლების ამონაწერი ყველა საბანკო ანგარიშიდან.
აღნიშნული შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.06.2023 წლის №14357 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების
განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 63-ე მუხლის პირველი ნაწილით, 65-ე მუხლით. შემოსავლების სამსახური ასევე მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის VI1 თავზე, ამავე ინსტრუქციის 131 მუხლის პირველ პუნქტზე, 134 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არ იყო შესაბამისი დოკუმენტები, კერძოდ, არ იყო წარმოდგენილი 2020-2023 წლების ამონაწერი ყველა საბანკო ანგარიშიდან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
2020 წლის იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე, დანიშნული იყო კამერალური საგადასახადო შემოწმება და აუდიტისთვის მიწოდებული აქვს ყველა ინფორმაცია. ითხოვს, მიეთითოს დამატებით რა დოკუმენტია საჭირო იმისთვის, რომ დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდლს უფლება აქვს, დაიბრუნოს ან/და მომავალ საგადასახადო ვალდებულებათა ანგარიშში ჩაითვალოს ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა.
საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, გადასახადის გადამხდელს დაუბრუნონ ზედმეტად გადახდილი თანხა ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:
1. ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ (შემდგომში - „მოთხოვნა“), რომელსაც უნდა დაურთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, საგადასახადო ორგანო თავადაც არის უფლებამოსილი მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია იმ გადამხდელებს, რომელთაც პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებათ ზედმეტად გადახდილი გადასახადი.
ამავე ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხაზე „მოთხოვნის“ რეგისტრაციის მომდევნო დღიდან 11 კალენდარული დღის ვადაში, მოთხოვნის რეგისტრაციის თარიღიდან წინა პერიოდზე, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით (გარდა იმ პერიოდისა, რომელიც უკვე შემოწმებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ან/და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ან ის პერიოდი, რომელიც უკვე გადამოწმებულია ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისას) მოწმდება „მოთხოვნის“ შევსების და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
მომჩივანი განმარტავს, რომ 2020 წლის იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის საანგარიშო პერიოდებზე დანიშნული იყო კამერალური საგადასახადო შემოწმება და აუდიტის დეპარტამენტისთვის მიწოდებული აქვს ყველა ინფორმაცია. ითხოვს, მიეთითოს დამატებით რა დოკუმენტია საჭირო იმისთვის, რომ დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი თანხა.
საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით მომჩივნის მიერ წარდგენილი არ იყო შესაბამისი დოკუმენტები სრულად, კერძოდ, არ იყო წარდგენილი 2020-2023 წლების ამონაწერი ყველა საბანკო ანგარიშიდან. ამასთან, აღნიშნა რომ ამჟამად პირადი აღრიცხვის ბარათზე გადასახადის გადამხდელს ერიცხება ზედმეტობა, თუმცა არა მოთხოვნილი ოდენობის ფარგლებში. ვინაიდან, მომჩივნის მიერ არ შესრულდა „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 134 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14357 ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
უარი ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 2023 წლის 2 ივნისის შესაგებლით მომჩივანს უთხრა უარი, დარღვეულია/არ არის შესრულებული მოთხოვნის შევსებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების სისრულე, კერძოდ, შემოსავლის განსაზღვრის მიზნით არ არის წარმოდგენილი 2020-2023 წლების ამონაწერი ყველა საბანკო ანგარიშიდან.
აღნიშნული შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.06.2023 წლის №14357 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან, მომჩივნის მიერ არ შესრულდა „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 134 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 21.06.2023 წლის №14357 ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 41; 51; 63; 65.