ბრძანება N 25797 -1
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 25797
26/07/2019
შპს --------------------------
(მის: -----------------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 29 იანვრის N17769/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 31 დეკემბრის N094-312 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 27 ივნისის სხდომაზე (ოქმი N44).
გადამხდელი არ ეთანხმება ეთილის სპირტის, ტაბექსის ტაბლეტების და სამკურნალო მცენარეების დღგ-ით დაბეგვრას, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ერთობლივი შემოსავლის შემცირება აღნიშნული დღგ-ის თანხით. გადამხდელი მიუთითებს, რომ ეთილის სპირტი, ტაბექსის ტაბლეტები და სამკურნალო მცენარეები სსკ-ის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-ისაგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ საქონელს წარმოადგენს.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 12 თებერვლის N2908 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს -----ს საქმიანობის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება, შპს ----- დამოუკიდებლად ფუნქციონირების ნაწილში. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 28 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წლის 31 დეკემბერს გამოსცა N39572 ბრძანება და ამავე თარიღის N094-312 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 221512.83 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 113897 ლარი, ჯარიმა 57596 ლარი, საურავი 50019.83 ლარი.
დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს მიერ შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებულია ეთილის სპირტი (ეთანოლი სამედიცინო), ტაბექსის ტაბლეტი (თამბაქოს მოწევისათვის თავის დასანებებლად განკუთვნილი პრეპარატი) და სამკურნალო მცენარეები. გადამხდელი აღნიშნული საქონლის შეძენისას არ იხდის დღგ-ის თანხას და შესაბამისად, რეალიზაციის დროს არ ბეგრავს დღგ-ით, ვინაიდან აღნიშნული საქონელი ქვეყანაში რეგისტრირებულია როგორც მედიკამენტი და გაჰყავს დღგ-სგან გათავისუფლებულ ჯგუფში (29-30-ე ჯგუფში).
შემოწმებით დადგინდა, რომ 29-30 ჯგუფებში არ შედის ეთილის სპირტი, ტაბექსის ტაბლეტები და სამკურნალო მცენარეები, 2014 და 2015 წლებში დღგ-ით დაბეგვრას დაექვემდებარა სპირტი, ტაბექსის ტაბლეტები და სამკურნალო მცენარეები, რამაც გამოიწვია ერთობლივი შემოსავლის შემცირება დღგ-ის თანხით სულ 2014 და 2015 წლებში.
საწარმოს მიერ საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი 2014-2015 წლის შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი და რეალიზებულია ეთილის სპირტი (ეთანოლი სამედიცინო), ტაბექსის ტაბლეტი (თამბაქოს მოწევისათვის თავის დასანებებლად განკუთვნილი პრეპარატი) და სამკურნალო მცენარეები. გადამხდელი აღნიშნული საქონლის შეძენისას არ იხდის დღგ-ის თანხას და შესაბამისად, რეალიზაციის დროს არ ბეგრავს დღგ-ით, ვინაიდან აღნიშნული საქონელი ქვეყანაში რეგისტრირებულია როგორც მედიკამენტი და გაჰყავს დღგ-სგან გათავისუფლებულ ჯგუფში (29-30-ე ჯგუფში). ამასთან, გადამხდელი არ თანამშრომლობს 2014 წლის საანგარიშო პერიოდზე და აღნიშნული შემოწმების ბრძანების ცვლილება (რითაც დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდი და განისაზღვრა 2014 წლის 01 აპრილიდან ნაცვლად 2015 წლის 01 იანვრისა) გასაჩივრებული აქვს სასამართლოში და არ წარუდგინა შემოწმებას 2014 წლის პერიოდის არანაირი მასალა, ამიტომ შემოწმებამ 2014 წლის საანგარიშო პერიოდზე დარიცხვები განახორციელა ერთიანი ელ. ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით.
სსკ-ის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად დღგ-სგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 28-ე, 29-ე და 30-ე ჯგუფებით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი და რეალიზაცია.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის N241 ბრძანებით დამტკიცებული „სეს ესნ“-ის მე-3 მუხლის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“ თანახმად „საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის განმარტებებით“. 29-ე ჯგუფის შენიშვნების თანახმად მოცემულ ჯგუფში არ ჩაირთვება „ეთილის სპირტი“ ( სასაქონლო პოზიციები 2207 ან 2208) და 30-ე ჯგუფის შენიშვნების თანახმად (სასაქონლო პოზიციები 2106 ან 3824). რაც შეეხება სამკურნალო მცენარეებს, იგი კლასიფიცირდება 1211 სასაქონლო პოზიციაში და სსკ-ის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით თავისუფლდება მხოლოდ ჟენ-შენის ფესვები (1211 20 000 00) და ძირტკბილას ფესვები (1211 90 980 00), ვინაიდან ზემოაღნიშნულ ჯგუფებს საგადასახადო კოდექსი არ ათავისუფლებს დღგ-სგან, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიწოდებული სპირტი სულ 532 114 ლარის, ტაბექსის ტაბლეტი სულ 32 449 ლარის და სამკურნალო მცენარეები სულ 114 556 ლარის დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად „საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ „დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.“
სსკ-ის მე-100 მუხლის თანახმად რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად დღგ- ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
ამავე კოდექსით 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების თანახმად:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
სსკ-ის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა): ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა; ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
სსკ-ის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია შემდეგი საქონლის მიწოდება, იმპორტი ან დროებითი შემოტანა:
ი) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 1211 90 980 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებული ძირტკბილას ფესვები, 1211 20 000 00, 1301 20 000 00 და 1301 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული ბუნებრივი გაუსუფთავებელი შელაქი, 1504 20, 1515 30, 1520 00 000 00, 1702 11 000 00, 3912 12 000 00, 3912 31 000 00, 7010 10 000 00, 7010 90 790 00 და 9602 00 000 00 (ჟელატინის კაფსულები) კოდებში მითითებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი.
კ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულისა და სუბსტანციების, 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საჩივარში აღნიშნული ეთანოლის სამედიცინო-ეთილის სპირტი 95%, ტაბექსი და სამკურნალო მცენარეების „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის - სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების მიკუთვნებასთან დაკავშირებით პოზიციის წარმოდგენა ეთხოვა საბაჟო დეპარტამენტს. საბაჟო დეპარტამენტის 2015 წლის 24 დეკემბრის N185594-21-10 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ სეს ესნ-ის 3004 სასაქონლო პოზიციაში ჩაირთვება სამკურნალო საშუალებები (3002, 3005 ან 3006 სასაქონლო პოზიციის სამკურნალო საშუალებების გარდა), შედგენილი შერეული ან შეურეველი პროდუქტებისაგან თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებით გამოსაყენებლად, დაფასოებული დოზირებული სამკურნალო ფორმების სახით (ტრანსდერმალური სისტემების ფორმით სამკურნალო საშუალებების ჩათვლით) ან საფუთავებში საცალო გაყიდვისათვის. 30-ე ჯგუფის შენიშვნების მე-3 ნაწილის ,,ა“ პუნქტის თანახმად, შეურეველი პროდუქტების ცნებაში იგულისხმება: ა.ა) შეურეველი პროდუქტები წყალში გახსნილი; ა.ბ) 28 ან 29 ჯგუფში ჩართული ყველა საქონელი; და ა.გ) მარტივი მცენარეული ექსტრაქტები, 1302 სასაქონლო პოზიციაში ჩართული, მაგრამ სტანდარტიზებული ან ნებისმიერ ხსნარში გახსნილი. ჩანაწერი ,,დაფასოებული დოზირებული სამკურნალო ფორმების სახით ან საფუთავებში საცალო გაყიდვისათვის“ გულისხმობს, რომ თუ საქონელი ეკუთვნის 30-ე ჯგუფს და არის დაფასოებულ-დოზირებული, იგი მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაირთვება 3004 სასაქონლო პოზიციაში, ხოლო დაუფასოებელი კი განეკუთვნება 3003 სასაქონლო პოზიციას. ვინაიდან სეს ესნ-ის 29-ე ჯგუფის შენიშვნების მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტი გამორიცხავს ეთილის სპირტის ჩართვას 29-ე ჯგუფში და მას მიაკუთვნებს 2207 ან 2208 სასაქონლო პოზიციას, ეთილის სპირტი (ეთანოლი) არცერთ შემთხვევაში არ ჩაირთვება 30-ე სასაქონლო ჯგუფში და შესაბამისად ვერც 3004 სასაქონლო პოზიციაში (ამ პოზიციაში შეიძლება მოხვდეს მხოლოდ ის სამკურნალო საშუალებები, რომლებშიც სპირტს გამხსნელის ფუნქცია აქვს და რომელთა სამკურნალო თვისებებს განაპირობებს სხვა, სპირტში გახსნილი აქტიური ნივთიერებები და ამასთან, დოზირებულია ან დაფასოებულია საცალო გაყიდვისათვის). ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ეთილის სპირტი (სპირტის შემცველობით 95%) მიუხედავად შეფუთვისა და სამკურნალო საშუალებად რეგისტრაციისა, კლასიფიცირდება 2207 სასაქონლო პოზიციაში. 2207- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.% ან მეტი; ეთილის სპირტი და სხვა დენატურირებული სპირტები ნებისმიერი კონცენტრაციით:
სამკურნალო მცენარეების სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიკაციის საკითხთან დაკავშირებით, ,,მცენარეები და მათი ნაწილები (თესლისა და ნაყოფების ჩათვლით), პარფიუმერული, ფარმაცევტული ან ინსექტიციდური, ფუნგიციდური ან ანალოგიური მიზნებისათვის გამოსაყენებელი, ახალი ან გამხმარი, მთელი ან დაქუცმაცებული, დამსხვრეული ან დაფქული“ კლასიფიცირდება 1211 სასაქონლო პოზიციაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ი“ პუნქტის თანახმად დღგ-სგან გათავისუფლებულია 1211 სასაქონლო პოზიციის მხოლოდ 1211 20 000 00 (ჟენ-შენის ფესვები) და 1211 90 980 00 (ძირტკბილას ფესვები) სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი.
ტაბექსის სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფის შენიშვნების პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის თანახმად მოცემულ ჯგუფში არ ჩაირთვება ,პრეპარატები განკუთვნილი თამბაქოს მოწევისათვის თავის დანებებისთვის, როგორიცაა: ტაბლეტები, სპეციალური საღეჭი რეზინები ან ტრანსდერმული სისტემები (სასაქონლო პოზიციები 2106 ან 3824)“. ვინაიდან, ზემოთ აღნიშნული შენიშვნის მიხედვით, არ აქვს მნიშვნელობა პრეპარატში ნიკოტინის შემცველობას, ის ვრცელდება ყველა პრეპარატზე, რომელიც განკუთვნილია თამბაქოს მოწევის თავის დანებებისათვის. შესაბამისად, არცერთი ასეთი პრეპარატი და მათ შორის, ,,ტაბექსი“ არ კლასიფიცირდება 30-ე სასაქონლო ჯგუფში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 ივლისის N241 ბრძანებით დამტკიცებული „სეს ესნ“-ის მე-3 მუხლის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“ თანახმად, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის განმარტებებით. 29-ე ჯგუფის შენიშვნების თანახმად მოცემულ ჯგუფში არ ჩაირთვება „ეთილის სპირტი“ ( სასაქონლო პოზიციები 2207 ან 2208) და 30-ე ჯგუფის შენიშვნების თანახმად (სასაქონლო პოზიციები 2106 ან 3824).
საქმეში არსებული მასალებით, ზემოაღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით და დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ეთილის სპირტის (ეთანოლი სამედიცინო), ტაბექსის და სამკურნალო მცენარეების მიწოდება არ წარმოადგენს სსკ-ის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულს. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ ეთანოლის (სამედიცინო-ეთილის სპირტი), ტაბექსის და სამკურნალო მცენარეების მიწოდება შემოწმებით სწორად არის დღგ-ით დაბეგრილი, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით თანხები დარიცხულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური სადავო საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებულ სანქციებთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილებზე, რომლის თანახმად:
2. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა, გამოიყენება ქმედების ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.
21. თუ საგადასახადო დავის განხილვის დასრულებამდე კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი ქმედების ჩადენისათვის, დავის განმხილველი ორგანო ვალდებულია გამოიყენოს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.
სსკ-ის 275-ე მუხლის (2019 წლის 01 იანვრამდე მოქმედი) მიხედვით:
2. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით;
3. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ითვლება დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად და იწვევს ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2018 წლის 27 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების (ძალაში შესულია 2019 წლის 01 იანვარს) მიხედვით სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არაღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
3. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში შესამცირებლად გამოანგარიშებული თანხის/დაბრუნებას დაქვემდებარებული თანხის გაზრდა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებად განიხილება და შესაბამის შემთხვევაში იწვევს ამ მუხლის პირველი − 22 ნაწილებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
5. საგადასახადო შემოწმების შედეგად ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული ჯარიმების ჯამური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გადასახდელად დარიცხული გადასახადების თანხების ოდენობას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან დავის პერიოდში სანქციის განმსაზღვრელ ნორმებში განხორციელდა ცვლილებები და ახალი ნორმებით შემსუბუქებულია სანქციები ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევებისთვის, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სსკ-ის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ----- - საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სსკ-ის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ეთილის სპირტის, ტაბექსის ტაბლეტების და სამკურნალო მცენარეების დღგ-ით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს მიერ შეძენილი და რეალიზებულია ეთილის სპირტი (ეთანოლი სამედიცინო), ტაბექსის ტაბლეტი (თამბაქოს მოწევისათვის თავის დასანებებლად განკუთვნილი პრეპარატი) და სამკურნალო მცენარეები. გადამხდელი აღნიშნული საქონლის შეძენისას არ იხდის დღგ-ის თანხას და შესაბამისად, რეალიზაციის დროს არ ბეგრავს დღგ-ით, ვინაიდან აღნიშნული საქონელი ქვეყანაში რეგისტრირებულია როგორც მედიკამენტი და გაყავს დღგ-სგან გათავისუფლებულ ჯგუფში (29-30-ე ჯგუფში).
შემოწმებით დადგინდა, რომ 29-30 ჯგუფებში არ შედის ეთილის სპირტი, ტაბექსის ტაბლეტები და სამკურნალო მცენარეები, შედეგად დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას რამაც გამოიწვია ერთობლივი შემოსავლის შემცირება დღგ-ის თანხით 2014 -2015 წლებში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ ეთანოლის (სამედიცინო-ეთილის სპირტი), ტაბექსის და სამკურნალო მცენარეების მიწოდება შემოწმებით სწორად არის დღგ-ით დაბეგრილი, შესაბამისად, შემოწმების აქტით თანხები დარიცხულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ამასთან სსკ-ის 269-ე მუხლის 21 ნაწილის გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს N4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით, თუ მსუბუქდება მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს სანქციის კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(21);
01.01.2021 წლამდე მომქედი: 157(1); 161(1,,ა“); 168(1,,ი“); 168(1,,კ“)