ბრძანება N 26918
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26918
31 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2023 წლის 24 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №83249/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 ივლისის №081-149 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას. აცხადებს, რომ კომპანია ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა „ინფოში“, სადაც მაქსიმალურად არის ჩაშლილი და დიფერენცირებული თითოეული შემოსავალი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სრულად არის უზრუნველყოფილი აღრიცხვა და კონტროლი თითოეული ოპერაციის დაწყებაზე, მიმდინარეობაზე და დასრულებაზე. კომპანიას გააჩნია კომუნალური მომსახურების სასტუმროს დამოუკიდებლად აღრიცხვის კვანძი, ბუქინგის ამონაწერით და ელექტროენერგიის ხარჯით ნათლად დასტურდება, რომ სასტუმროს 2020 წლის 1 მარტიდან 2021 წლის 13 ივნისამდე არ უფუნქციონირებია. ამასთან, სასტუმროს სტუმრების რაოდენობის და დატვირთულობის განსაზღვრისათვის კომპანიაში აღრიცხულია და დადოკუმენტირებულია ყველა პირველადი დოკუმენტაცია, მათ შორის, ინვოისები, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, პროგრამაში აღრიცხულია ჩაშლილად თითოეული შემოსავალი და სასტუმროს ჯავშნისთვის გამოყენებული პროგრამა. არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებულია მხოლოდ სასტუმროს შემოსავლის ნაწილში და ამავდროულად შემმოწმებელი მიუთითებს, რომ კომპანიაზე გამოწერილია სამართალდარღვევის ოქმი (გაფრთხილება) პარკინგზე. ამ არგუმენტის გამოყენება არარელევანტურია სასტუმროსთან მიმართებაში. მომჩივანი აცხადებს, რომ არცერთი კრიტერიუმით არ ჰქონდა შემოსავლების სამსახურს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების უფლება. ამასთან, შემმოწმებელს 2023 წლის 20 ივლისის დასკვნაში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლად მოყვანილი აქვს არგუმენტები (განმეორებით), რომლებზეც ნამსჯელი აქვს უკვე როგორც შემოსავლების სამსახურს, ასევე, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს. აცხადებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შემმოწმებლის მხრიდან არ ყოფილა გადასახადის გადამხდელთან არანაირი კომუნიკაცია, დამატებითი ახსნა-განმარტების ან დოკუმენტაციის მისაღებად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მარტის №6218 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 25 ნოემბრის №16632/2/2022 გადაწყვეტილებით და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძვლები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასტუმროს საქმიანობაში გამოყენებულ ტექნიკურ ფართზე გაავრცელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309- ე მუხლის 115-ე ნაწილით დადგენილი შეღავათი და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მარტის №6218 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2023 წლის 20 ივლისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 21 468 ლარი, მათ შორის, გადასახადი 14 312 ლარი და ჯარიმა 7 156 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 25 ივლისის №081-149 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
1. საგადასახადო შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ინფო“, სადაც არ ხდება სტუმრების რაოდენობის, დაკავებული ნომრების, დატვირთულობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა-ანალიზი. შესაბამისად, შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერები მნიშვნელოვნად განსხვავდება საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარირებულ მონაცემებთან, ასევე „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად წარდგენილ (www.reportal.ge) ანგარიშგების მონაცემებთან. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების ჯგუფის მიერ გადასახადის გადამხდელისაგან გამოთხოვილ იქნა ნებისმიერი სახის ჩანაწერი (სასტუმროს პროგრამიდან რეპორტები, ინვოისები ან სხვა სახის ცხრილები), რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა სასტუმროს საქმიანობის დეტალური ანალიზი (ნომრების დატვირთულობა, სტუმრების რაოდენობა პერიოდების მიხედვით და ა.შ). აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის მიერ გამოგზავნილი იქნა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომ სასტუმროს ფუნქციონირების ნაწილში საწარმოს აღრიცხვა არ გააჩნია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების ჯგუფმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სასტუმროს საქმიანობის ნაწილში შემოსავლები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. საგადასახადო შემოწმების შედეგების გასაჩივრების ეტაპზე კომპანიის მიერ, სასტუმროს საქმიანობის ნაწილში, დამატებით წარმოდგენილ იქნა:
ა) ბუქინგის ამონაწერი ცხრილის სახით (ძირითადად, 2019 წლის ჯავშნები), რომლის მიხედვითაც შეუძლებელია მომსახურების გამწევი კომპანიის იდენტიფიცირება. ამასთან, აღნიშნული რეპორტების ჯამური მონაცემები არ ედრება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული აღრიცხვის ჩანაწერებს/დეკლარირებულ მონაცემებს და აღნიშნული ინფორმაცია არ არის დოკუმენტურად დადასტურებული;
ბ) ელექტროენერგიის ხარჯები, რომლის მიხედვითაც, პირველი გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა კომუნალური მომსახურების ხარჯების ანალიზი. შედეგად დადგინდა, რომ პირს სასტუმროს საქმიანობა არ აქვს განხორციელებული 2020 წლის აპრილში, მაისში, ივნისში, ივლისში, ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში, 2021 წლის იანვრიდან-ივნისამდე პერიოდებში. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში, 2022 წლის 29 ნოემბრის დასკვნით დაექვემდებარა შემცირებას.
გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო შემოწმების არცერთ ეტაპზე საგადასახადო შემოწმების ჯგუფს არ წარმოუდგინა სასტუმროს მომსახურებაზე გამოწერილი ინვოისები, სასტუმროს ჯავშნისათვის გამოყენებული პროგრამა ან ნებისმიერი სახის ჩანაწერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა სასტუმროს საქმიანობის დეტალური ანალიზი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული სასტუმროს მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მარტის №6218 ბრძანების აღსრულების მიზნით, გადაანგარიშების ეტაპზე, ტექნიკურ ფართზე, საკადასტრო კოდით - 05.21.51.001.01.504, გავრცელებულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 115-ე ნაწილით დადგენილი შეღავათი. აღნიშნულის გათვალისწინებით შემცირებული იქნა ქონების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების განხორციელების პროცესში, შემმოწმებლების მიერ გადასახადის გადამხდელისათვის მოთხოვნილ იქნა ნებისმიერი სახის ჩანაწერი (სასტუმროს პროგრამიდან რეპორტები, ინვოისები ან სხვა სახის ცხრილები), რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა სასტუმროს საქმიანობის დეტალური ანალიზი (ნომრების დატვირთულობა, სტუმრების რაოდენობა პერიოდების მიხედვით და ა.შ). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომ სასტუმროს ფუნქციონირების ნაწილში საწარმოს აღრიცხვა არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული სასტუმროს მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, შპს „----------“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მარტის №6218 ბრძანების შესაბამისად, მომჩივანს შეუმცირდა შემოწმებით დარიცხული ქონების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების განხორციელების პროცესში, შემმოწმებლების მიერ გადასახადის გადამხდელისათვის მოთხოვნილ იქნა ნებისმიერი სახის ჩანაწერი (სასტუმროს პროგრამიდან რეპორტები, ინვოისები ან სხვა სახის ცხრილები), რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა სასტუმროს საქმიანობის დეტალური ანალიზი (ნომრების დატვირთულობა, სტუმრების რაოდენობა პერიოდების მიხედვით და ა.შ). გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი ახსნა-განმარტება, რომ სასტუმროს ფუნქციონირების ნაწილში საწარმოს აღრიცხვა არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული სასტუმროს მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას. ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 29 მარტის №6218 ბრძანების შესაბამისად, მომჩივანს შეუმცირდა შემოწმებით დარიცხული ქონების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21);