ბრძანება N 11698

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 06.06.2025
№ დოკუმენტი 11698
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 11698

06 ივნისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

--- ის (პ/ნ ---)

(მის.: ---) 2025 წლის 4 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 8 და 23 მაისის სხდომებზე (ოქმები №37 და №43) განიხილა ---ს (პ/ნ ---) №52015/01 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №21-10/20220 გადაწყვეტილებას და ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №21-10/20220 გადაწყვეტილებას და განმარტავს, რომ 2025 წლის 21 მარტს მიიღო საბაჟო დეპარტამენტის პასუხი, რომელიც დაუსაბუთებლად მიაჩნია. მომჩივნის მითითებით, ნაცვლად იმისა, რომ საბაჟო დეპარტამენტს ემსჯელა ახალ გარემოებაზე - ექსპერტიზის დასკვნაზე, თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ საბაჟო დეპარტამენტმა უკვე იმსჯელა და 2024 წლის 17 ივნისის გასცა დასკვნა (№006235/2024 ექსპერტიზის დასკვნა), რომელსაც ეთანხმება და არ აპირებს პოზიციის შეცვლას. საბაჟო დეპარტამენტი ამტკიცებს, რომ იმპორტირებული დაზიანებული ავტომობილები დამთავრებული და დაკომპლექტებული ნივთის ძირითადი თვისების მატარებელია. 2024 წლის 20 მაისის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი სამი ერთეული ავტომობილი „ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით არ განეკუთვნება სრულყოფილ ტექნიკურად გამართულ სატრანსპორტო საშუალებას და მათი სატრანსპორტო საშუალებად გამოყენება ტექნიკურად დაუშვებელია“. აღნიშნულის მიუხედავად საბაჟო დეპარტამენტს არ სურს კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

მომჩივანს მიაჩნია, რომ 2025 წლის 30 იანვრის და 11 თებერვლის ექსპერტიზის დასკვნები საკმარისზე მეტი საფუძველია უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილებების გასაუქმებლად და ახალი კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად, რადგან ექსპერტიზით დადგენილია, რომ შეუძლებელია სადავო 3 ერთეული დაზიანებული ავტომანქანა იყოს დამთავრებული და დაკომპლექტებული ნივთის ძირითადი თვისების მატარებელი, ანუ ავტომანქანის ძირითადი თვისების მატარებელი, ვინაიდან ტექნიკური თვალსაზრისით მათი ავტომანქანად აღდგენა და ექსპლუატაცია დაუშვებელია. ისინი შეძენილია როგორც მეორადი ავტონაწილები და სხვა რაიმე ფარული დანიშნულება არ გააჩნია.

მომჩივანს მიაჩნია, რომ საჩივარზე დართული 2025 წლის 30 იანვრის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ორიოდე დღის წინ ექსპერტიზის საფასურის გადახდის შემდეგ მიიღო, წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომელიც ადრე მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველია. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს სადავო გადაწყვეტილება, ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებას და მის მიერ იმპორტირებულ საქონელს (3 ერთეულ ბმვ-ს მარკის დაზიანებულ ავტომობილს) მიენიჭოს სეს ესნ კოდი 8708 99 970 00, რათა მიეცეს ავტონაწილებად განბაჟების საშუალება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 13 ივნისს ფიზიკურმა პირმა ---მ (პ/ნ ----) საბაჟო დეპარტამენტს მიმართა №98656/21-11 განცხადებით, რომლითაც მოითხოვა სამ ერთეულ BMW-ს მარკის მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სასაქონლო კოდის განსაზღვრა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო ექსპლუატაციაში ნამყოფი ავტომობილები, დაზიანებულ მდგომარეობაში, კერძოდ, გადაჭრილი ჰქონდათ ძარის ნაწილი – სახურავი. ექსპერტიზის განხორციელების მომენტში სატრანსპორტო საშუალებებს გააჩნდათ მსუბუქი ავტომობილის ძირითადი მახასიათებლები, მათ შორის, ძრავა, ძარის სტრუქტურა და ძირითადი აღჭურვილობა. ღია წყაროებზე დაყრდნობით, დაინდეტიფიცირდა ძრავის მოცულობაც, რაც შეადგენს 1997 კუბურ სანტიმეტრს, მათი საიდენტიფიკაციო (VIN) ნომრები კი არის: WB----, WB--- და WB---.

შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2024 წლის 17 ივნისის №006235/2024 დასკვნის საფუძველზე, მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს სეს ესნ-ის კოდად განესაზღვრათ „8703 23 902 00“. მომჩივანი არ დაეთანხმა საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2024 წლის 17 ივნისის №006235/2024 ექსპერტიზის დასკვნას და 2024 წლის 28 ივნისის №90441/1/2024 და №90442/1/2024 საჩივრებით ითხოვა მითითებული ექსპერტიზის დასკვნის გაუქმება და ავტონაწილების კოდის მინიჭება.

შემოსავლების სამსახურის №17099 19.07.2024 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა. მომჩივანმა 2025 წლის 14 თებერვალს №22339/21-11 განცხადებით წარადგინა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №00843425 11.02.2025 დასკვნა (შედგენილია 2025 წლის 27 იანვრის მიმართვის საფუძველზე) და საბაჟო დეპარტამენტისგან ითხოვა შესაბამისი გადაწყვეტილება.

საპასუხოდ მომჩივანს გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №21-10/20220 წერილი, სადაც მითითებულია, რომ ---ის 2024 წლის 13 ივნისის №98656/21-11 განცხადების საფუძველზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №00843425 დასკვნაში მითითებულ საქონელზე (3 ერთეული BMW მარკის ავტომობილის/ნივთის) საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა 2024 წლის 17 ივნისს შეადგინა ექსპერტიზის დასკვნა №006235/2024, რომლის მიხედვითაც წარმოდგენილ საქონელს - ექსპლუატაციაში ნამყოფი 3 ერთეული BMW მარკის მსუბუქ ავტომანქანას, „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანების მე-3 მუხლის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები“-ს შესაბამისად, განესაზღვრა 8703 23 902 00 სეს ესნ კოდი.

სადავო წერილით მომჩივანს ასევე ეცნობა, რომ საბაჟო დეპარტამენტის პოზიცია ზემოაღნიშნული საქონლის სეს ესნ კოდთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, ვინაიდან წარმოდგენილი საქონელი დაუმთავრებელია, მაგრამ დაკომპლექტებული საგნის ძირითადი თვისებების მატარებელია (აკლია სახურავი და ტრანსპორტირების მიზნით მოხსნილია ცალკეული ნაწილები) შესაბამისად კლასიფიცირდება, როგორც დამთავრებული საქონელი (მსუბუქი ავტომანქანა) 8703 სასაქონლო პოზიციაში.

მომჩივანს ასევე ეცნობა, რომ საბაჟო დეპარტამენტის არგუმენტი დამყარებულია „საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანების მე-3 მუხლის „საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები“-ს მე-3 პუნქტის (წესი II:) „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც „სასაქონლო პოზიციის დასახელებაში ნებისმიერი მითითება რაიმე საქონელზე უნდა განიხილებოდეს, მათ შორის, როგორც მითითება ასეთ საქონელზე დაუკომპლექტებელი ან დაუმთავრებელი სახით, იმ პირობით, რომ დაუკომპლექტებელი ან დაუმთავრებელი სახით წარმოდგენილი ეს საგანი დაკომპლექტებული ან დამთავრებული საგნის ძირითადი თვისების მატარებელია. ასევე, იგი უნდა განიხილებოდეს როგორც მითითება დაკომპლექტებულ ან დამთავრებულ საქონელზე (ან განსახილველ სასაქონლო პოზიციაში ამ წესის ძალით კლასიფიცირებულზე, როგორც დაკომპლექტებული ან დამთავრებული საქონელი), რომელიც წარმოდგენილია აუწყობელ ან დაშლილ მდგომარეობაში“.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, საბაჟო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლიანი და თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერის მიზნით ზედამხედველობას უწევს საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობას, იცავს საქართველოს ფინანსურ ინტერესებს, კანონიერი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერით იცავს საქართველოს ეკონომიკურ სივრცეს არაკეთილსინდისიერი და უკანონო საერთაშორისო ვაჭრობისგან.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლი ადგენს:

1. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

3. საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი.

4. საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის („საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები“) მე-2 პუნქტის თანახმად, „კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სეს ესნ-ში ხორციელდება სასაქონლო პოზიციების ტექსტების, აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნების მიხედვით“ (პირველი წესი).

ამავე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით კი, „სასაქონლო პოზიციის დასახელებაში ნებისმიერი მითითება რაიმე საქონელზე უნდა განიხილებოდეს, მათ შორის, როგორც მითითება ასეთ საქონელზე დაუკომპლექტებელი ან დაუმთავრებელი სახით, იმ პირობით, რომ დაუკომპლექტებელი ან დაუმთავრებელი სახით წარმოდგენილი ეს საგანი დაკომპლექტებული ან დამთავრებული საგნის ძირითადი თვისების მატარებელია.“ (მეორე წესი). ამასთან, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) მიხედვით, 8703 სასაქონლო პოზიცია მოიცავს შემდეგ საქონელს – „მსუბუქი ავტომობილები და დანარჩენი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, განკუთვნილი ძირითადად ადამიანების გადასაყვანად (8702 სასაქონლო პოზიციის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების გარდა), სატვირთოსამგზავრო ავტომობილ-ფურგონებისა და სარბოლო ავტომობილების ჩათვლით“, 8708 სასაქონლო პოზიციაში კი კლასიფიცირდება – „ნაწილები და საკუთნოები 8701–8705 სასაქონლო პოზიციების ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის“.

ამდენად, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მათი ტექნიკური მდგომარეობისა და დაზიანების მიუხედავად, კლასიფიკაცია ხორციელდება 8703 სასაქონლო პოზიციაში, ხოლო 8708 სასაქონლო პოზიციაში საქონლის კლასიფიცირება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი აშკარად წარმოადგენს სათადარიგო ნაწილს ან აქსესუარს და არა სატრანსპორტო საშუალებას მთლიანობაში, თუნდაც დაზიანებული ან დაუკომპლექტებელი სახით.

მომჩივნის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან მიმართებაში კლასიფიკაციისთვის გამოყენებულ იქნა ზემოაღნიშნული წესები, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი წარმოადგენენ დაზიანებულ, მაგრამ არსებითად შენარჩუნებული სტრუქტურითა და ძირითადი მახასიათებლებით აღჭურვილ მსუბუქ ავტომობილებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მხოლოდ ძარის ზედა ნაწილი – სახურავი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ასევე, რომ საქონლის კლასიფიკაციისას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა ექსპერტის დასკვნით დადგენილ ვარაუდს საქონლის გამოყენების შესაძლებლობაზე, არამედ თავად ამ საქონლის ობიექტურ, არსებით მახასიათებლებს, მათ შორის – ფუნქციას, დანიშნულებას, სტრუქტურასა და მასალას.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ საბაჟო დეპარტამენტს უნდა ემსჯელა ახალ გარემოებაზე - ექსპერტიზის დასკვნაზე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას. მომჩივნის მიერ 2025 წლის 14 თებერვლის №22339/21-11 განცხადებით წარდგენილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №00843425 11.02.2025 დასკვნაში მითითებულია, რომ „ექსპერტიზაზე წარდგენილი 3 ერთეული „BMW” მარკის ავტომობილის/ნივთის სეს ესნ კოდია 8708 99 970 00“.

ამდენად, გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებზეც დამყარებულია სადავო აქტში მითითებული არგუმენტები, არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას ან მტკიცებულებას, რომელიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე. რაც შეეხება საჩივარზე დართულ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 30 იანვრის №000531125 დასკვნას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლებითაც დადგენილია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

ამასთან, მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2025 წლის 30 იანვრის №000531125 დასკვნა და მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში №90441/1/2024 28.06.2024 საჩივარზე დართული სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2024 წლის 20 მაისის №003128924 დასკვნა, წარმოადგენს მსგავსი შინაარსის მქონე დოკუმენტებს.

ამდენად, აღნიშნული არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის განახლების საფუძველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტში მითითებული საბაჟო დეპარტამენტის პოზიცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ---ს (პ/ნ ----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები

მომჩივანს მიაჩნია, რომ საჩივარზე დართული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ორიოდე დღის წინ ექსპერტიზის საფასურის გადახდის შემდეგ მიიღო, წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომელიც ადრე მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველია. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს სადავო გადაწყვეტილება, ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძვლით დავის განახლებას და მის მიერ იმპორტირებულ საქონელს (3 ერთეულ ბმვ-ს მარკის დაზიანებულ ავტომობილს) მიენიჭოს სეს ესნ კოდი 8708 99 970 00, რათა მიეცეს ავტონაწილებად განბაჟების საშუალება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანს გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის წერილი, სადაც მითითებულია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებულ საქონელზე (3 ერთეული BMW მარკის ავტომობილის/ნივთის) საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომელმა 2024 წლის 17 ივნისს შეადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც წარმოდგენილ საქონელს - ექსპლუატაციაში ნამყოფი 3 ერთეული BMW მარკის მსუბუქ ავტომანქანას, „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის N21 ბრძანების მე-3 მუხლის „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები“-ს შესაბამისად, განესაზღვრა 8703 23 902 00 სეს ესნ კოდი.

სადავო წერილით მომჩივანს ასევე ეცნობა, რომ საბაჟო დეპარტამენტის პოზიცია ზემოაღნიშნული საქონლის სეს ესნ კოდთან დაკავშირებით უცვლელი რჩება, ვინაიდან წარმოდგენილი საქონელი დაუმთავრებელია, მაგრამ დაკომპლექტებული საგნის ძირითადი თვისებების მატარებელია (აკლია სახურავი და ტრანსპორტირების მიზნით მოხსნილია ცალკეული ნაწილები) შესაბამისად კლასიფიცირდება, როგორც დამთავრებული საქონელი (მსუბუქი ავტომანქანა) 8703 სასაქონლო პოზიციაში.

 

გადაწყვეტილება

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო აქტში მითითებული საბაჟო დეპარტამენტის პოზიცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299 (7); 308 (1); საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 35.