გადაწყვეტილება №25824/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25824/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------------ი (ს/ნ ---------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------ის 8.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25824/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 და 30.05.2025 წლის №11092 ბრძანებების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №005-124 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 27.08.2025 წლის №19150 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 432 384.24 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 777 240
დღგ - 319 541
ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) - 375
ქონების გადასახადი (სასოფლო მიწა) - 68
მოგების გადასახადი - 8 835
საშემოსავლო გადასახადი - 448 421
ჯარიმა - 389 270
საურავი - 265 874.24
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი), ნავთობპროდუქტების მისართების შეძენა ადგილობრივ ბაზარზე და მისი, როგორც საბითუმო, ასევე საცალო რეალიზაცია. კომპანიას იჯარით აქვს აღებული აგს-ები -----ის რაიონის სოფელ ------ და -----. საწარმო დაფუძნებულია 2011 წლის 6 ივლისს, თუმცა საქმიანობას ახორციელებს 2022 წლის ივნისიდან.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:
1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 8 255 368 ლარს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 22 იანვრის №748 ბრძანებით ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად, საწარმოში დაფიქსირდა დიზელი 8 483, ბენზინი რეგულარი 4 904 და ბენზინი პრემიუმი - 447.5 ლიტრის ოდენობით, მაშინ, როდესაც აღნიშნული თარიღისთვის ბენზინი რეგულარის ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 83 374.3 ლიტრს, ხოლო ბენზინი პრემიუმის - 10 483 ლიტრს. დიზელის ნაწილში არსებითი სხვაობა არ გამოვლინდა.
აღსანიშნავია, რომ გადამხდელს ბუღალტრული პროგრამით, უფიქსირდება 143 135 ლარი ღირებულების, 246 822 ლიტრი, მეორადი ზეთის ნაშთი (პროგრამულად დაფიქსირებული ბუღალტრული ნაშთის შემცირება განხორციელდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი მეორადი ზეთის შეძენებით), ასევე ფიქსირდება 1 204 339 ლარი ღირებულების საწვავის უნივერსალური დანამატის/მისართის ნაშთი 1 234 001.5 ლიტრი ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის შედეგად მისართისა და მეორადი ზეთების ფაქტობრივი ნაშთი არ დაფიქსირებულა. აღმოჩენილი იქნა 347.6 მ3 სათბობი საწვავის ნაშთი, თუმცა აღნიშნული მასალის წარმოების ფაქტი შემოწმებით ვერ დადასტურდა. შედეგად, ინვენტარიზაციით დადგენილ და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობა ჩაითვალა რეალიზებულად და შემოსავალი გაანგარიშდა ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილ საწვავის შესაბამისი სახეობის სარეალიზაციო ფასის გამოყენებით.
რაც შეეხება მისართებისა და მეორადი ზეთის ბუღალტრულ ნაშთს, აღნიშნული ასევე ჩაითვალა რეალიზებულად ბუღალტრული პროგრამით განსაზღვრული და დეკლარირებული მისართების საცალო ფასნამატის (26%) გავრცელებით (აღსანიშნავია, რომ საწარმოში ფიქსირდება მისართების დოკუმენტური რეალიზაცია მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე).
მისართების, მეორადი ზეთისა და საწვავის ბუღალტრულ და ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთებს შორის სხვაობის რეალიზაციით მიღებული დამატებითი შემოსავალი განაწილდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად, რამაც გაზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, დამატებით გამოვლენილი შემოსავლები დღგ-ის ჩათვლით, დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულების თანხის გამოკლებით, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
2. გადასახადის გადამხდელს 2023 წლის აპრილისა და 2024 წლის იანვრის თვეებში აღიარებული აქვს ბენზინი-რეგულარის დანაკლისი, საბაზრო ღირებულებით ჯამურად 206 579 ლარი დღგ-ის გარეშე. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია შესაბამისი თვეების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, თუმცა არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით. საწარმოს მიერ აღიარებული დანაკლისის თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძვეზე.
3. 2022 წლის 26 სექტემბერს გადამხდელს იმპორტით აქვს შეძენილი 18 162 ლარი ღირებულების ავეჯი. საწარმოს ბუღალტრულ პროგრამაში უფიქსირდება იმპორტირებული საქონლის ღირებულების გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა სათანადოდ დამოწმებული ურთიერთშედარების აქტისა და გადახდის დამადასტურებელი სხვა სახის დოკუმენტაციის წარმოდგენა. ამასთანავე, არ ფიქსირდება კომპანიის წარმომადგენლის მიერ საბაჟო საზღვარზე თანხის გატანის ფაქტი (არ განხორციელებულა თანხის დეკლარირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25% განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
4. საწარმოს ------სთვის (---) გადარიცხული აქვს თანხა ჯამურად 7 128 დოლარის ეკვივალენტი ლარში (19 715 ლარი) 2022 წლის სექტემბრისა და ნოემბრის თვეებში გადაზიდვის მომსახურების საფასური. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ერთჯერადად 2022 წლის 26 სექტემბერს უფიქსირდება იმპორტით 18 162 ლარი ღირებულების ავეჯის შემოტანა -- პირობით, რაც იმას გულისხმობს, რომ ტრანსპორტირების ფასი შედის იმპორტირებული საქონლის ღირებულებაში. შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან ვერ მოხდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა და ვერ დადასტურდა გადარიცხული თანხების საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი.
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები ფიზიკური პირებისთვის საქონლის შეძენისა და მომსახურების ღირებულების საფუძვლით. ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულ გადარიცხვებზე არ არის წარმოდგენილი ხარჯის დოკუმენტური დადასტურება და ვერ დგინდება ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი. ასევე, საბანკო გადარიცხვები 36 142 ლარის ოდენობით ფიზიკური პირებისთვის საქონლის შეძენისა და მომსახურების ღირებულების საფუძვლით, რომელიც ბუღალტრულ პროგრამაში გატარებულია, როგორც სალაროში თანხის შემოტანა.
აღნიშნულ გადარიცხვებთან მიმართებით, საწარმოს მხრიდან ვერ მოხდა გადარიცხვის დოკუმენტურად დადასტურება და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის დადგენა, ასევე ვერ მოხდა თანხის მიმღები ფიზიკური პირებისთვის ჩარიცხული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
5. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შპს „------“ გაყიდული აქვს ჯამურად 171 964 ლარის ღირებულების ბენზინი, მეორადი ზეთი, ტუმბო და ბიტუმი. ბანკით ჩარიცხული თანხა შეადგენს 303 514.78 ლარს, მათ შორის მომავალში მისაწოდებელი პროდუქციის ავანსია 114 000 ლარი. გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში უფიქსირდება, რომ შპს „-------“ ნაღდი ფულის სახით საწარმოდან უკან აქვს გატანილი 43 500 ლარი, თუმცა მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. ამასთანავე, კომპანიის მიერ ნაღდი ფულის საწარმოდან გატანის ფაქტის დოკუმენტური დადასტურება ვერ მოხდა შემოწმების პროცესში.
აქედან გამომდინარე, სალაროდან ჩამოწერილი თანხა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 27.12.2024 წლის №27581 ბრძანება და №005-201 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანებით:
ა) პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საწვავის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განსაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ) მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დ) მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 2.05.2025 წლის №25096/2/2025 გადაწყვეტილებით, საჩივარი მე-3 დავის საგნის ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 30 მაისის №11092 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 და 30.05.2025 წლის №11092 ბრძანებების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 59 862 ლარით (გადასახადი 39 908 ლარით, ჯარიმა 19 954 ლარით), რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 4.07.2025 წლის №15138 ბრძანება და №005-124 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.08.2025 წლის №19150 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და აღნიშნა, რომ გადაანგარიშების ეტაპზე ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი საწვავის შესაბამისი სახეობის სარეალიზაციო ფასი გამოყენებული იქნა 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებზე, ხოლო 2022 წლის საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განისაზღვრა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი რაოდენობრივი დანაკლისი გადანაწილდა თვეებზე დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად და განისაზღვრა დანაკლისის თვითღირებულება ყოველთვიურად შეძენილი საწვავის საშუალო ფასის გამოყენებით. ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი საწვავის შესაბამისი სახეობის სარეალიზაციო ფასი გამოყენებული იქნა 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებზე, ხოლო 2022 წლის საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განისაზღვრა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის (8%) გამოყენებით, 2021 წელს საწვავის რეალიზაცია გადამხდელს არ უფიქსირდება. გამომდინარე იქიდან, რომ 2022 წელს შეძენილი საწვავის საშუალო თვითღირებულება უმეტეს თვეებში აღემატებოდა ინვენტარიზაციით დადგენილ ფასს დღგ-ის გარეშე, გადამხდელს გადაანგარიშების შედეგად დაუმძიმდა საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. შესაბამისად, დასკვნით აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება არ განხორციელდა. ხოლო, შპს „------“-ის მიმართ გადახდილ თანხასთან მიმართებით, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის არ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დარჩა უცვლელი. ამასთან, გადაანგარიშების ეტაპზე შემცირებას დაექვემდებარა გადამხდელის მიერ გამოვლენილ დანაკლისზე, ასევე „-------”-ისთვის გადარიცხულ თანხაზე დარიცხული მოგების გადასახადი, ხოლო იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების ხარჯებში სრულად გათვალისწინებით შემცირდა დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
1. ინვენტარიზაციის მიერ თითქოსდა აღმოჩენილი სათბობი საწვავი არის მისართი, შესაბამისად ინვენტარიზაციისას არასწორად იქნა შეტანილი მისი დასახელება, რადგანაც სათბობი საწვავი არის ზოგადი დასახლება და არ არსებობს ამ ტიპის საქონელი და იგი მოიცავს, როგორც ბენზინს, ასევე დიზელს, მაზუთს, მისართს და სხვა.
შესაბამისად, მისართის ნაშთი არსებობდა და არასწორად მოხდა მისი მითითება ინვენტარიზაციის დროს. საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ მისართის დოკუმენტალურად დადასტურებული ფასნამატი არის 26%, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგანც არც დეკლარაციებით და არც ბუღალტრული პროგრამით არ დასტურდება მისართების ამ ოდენობის ფასნამატით რეალიზაცია და საქართველოში მისი ფასნამატი მერყეობს 1%-მდე. ასევე ამ საკითხში არასწორად მოხდა თანხობრივი შედეგების გამოყვანა.
დადგენილი იქნა 1 903 802 ლარით მეტი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და ამ თანხით გაიზარდა შემოსავალი, თუმცა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის შემოსავალმა შეადგინა 1 966 082 ლარი 62 280 ლარით მეტი, თუმცა აქტის მიხედვით არ არის დასაბუთებული თუ რის საფუძველზე მოხდა აღნიშნული თანხობრივი ზრდა.
რაც შეეხება ბენზინს, დოკუმენტურად და ბუღალტრული პროგრამით დაფიქსირებული ფასნამატი არის 13%. ასევე საყურადღებოა, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 27 აგვისტოს ბრძანებაში და გადაანგარიშების დასკვნაში მითითებულია, რომ 2022 წლის საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განისაზღვრა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის (8%) გამოყენებით, თუმცა აღნიშნული არ გამოიყენა, რადგან გადამხდელს გადაანგარიშების შედეგად უმძიმდება საგადასახადო ვალდებულებები. მარტივი არითმეტიკა 8% ბევრად ნაკლებია ვიდრე შემოსავლები სამსახურის მიერ გავრცელებული 26%, შესაბამისად როგორ დაამძიმებდა გადასახადის გადამხდელის მდგომაროებას გაურკევველია.
2. შპს ---------ის მიმართ თანხა გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით, თუმცა სამწუხაროდ აღნიშნული კომპანია უკანონოდ დღემდე თავს არიდებს აღნიშნული ფაქტზე საბუთის გაცემას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
1. შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანებით:
ა) პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საწვავის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განსაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
ბ) მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
გ) მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
დ) მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
2. შემოსავლების სამსახურის 30.05.2025 წლის №11092 ბრძანებით, საჩივარები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, იმპორტირებული საქონლის ღირებულების გათვალისწინებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრის მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს საქონლის საინვოისო ღირებულება სრულად გაითვალისწინოს ხარჯებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 და 30.05.2025 წლის №11092 ბრძანებების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წელს გამოცემული დასკვნის მიხედვით:
1. გადაანგარიშების ეტაპზე ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი საწვავის შესაბამისი სახეობის სარეალიზაციო ფასი გამოყენებული იქნა 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებზე, ხოლო 2022 წლის საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განისაზღვრა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის გამოყენებით. შედეგად, გადამხდელს გადაანგარიშების შედეგად უმძიმდება საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება არ განხორციელდა.
2. გადაანგარიშების ეტაპზე, შესწავლილი იქნა გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია. შესწავლის შედეგად ვლინდება, რომ გადამხდელის მიერ გამოვლენილი დანაკლისის თანხიდან (206 580 ლარი) 200 000 ლარი გათვალისწინებული იქნა სალაროთი შემოსულ თანხებში, შედეგად, აღნიშნულ საკითხში გადამხდელს შეუმცირდა მის მიერ გამოვლენილ დანაკლისზე (200 000 ლარი დღგ-ის გარეშე) დარიცხული მოგების გადასახადი 35 294 ლარი და ჯარიმა 19 387 ლარი.
3. შემოწმებისას განხორციელდა იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების სრულად გათვალისწინება ხარჯებში. შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა დარიცხვა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში 1 135 ლარი და ჯარიმა 568 ლარი.
4. გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმებით მიერ განხორციელა საჩივარზე თანდართული დოკუმენტაციის, კერძოდ შპს „------“-ის, „-----”-ის და შპს „---------ს” შორის დადებული სამმხრივი შეთანხმების შესწავლა, რის შედეგადაც დგინდება, რომ საწარმოდან „-------”-ისთვის გადარიცხული თანხა წარმოადგენს შპს „-------“-ის „------”-ის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვას. აღნიშნული გადარიცხვის განხორციელების შემდგომ კი შპს „-------“-ს წარმოექმნა დავალიანება შპს „---------ის” მიმართ. შედეგად, გადაანგარიშებით შემცირდა „--------“- ისთვის გადარიცხულ თანხაზე დარიცხული მოგების გადასახადი 3 479 ლარით და ჯარიმა 1 740 ლარით.
5. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადის გადამხდელს დამატებითი მტკიცებულებები არ წარუდგენია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნის შედეგად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 59 862 ლარით, მათ შორის, გადასახადი 39 908 ლარით, ჯარიმა 19 954 ლარით.
ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის 23.09.2025 წლის №------ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით:
1. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად გადაანგარიშების ეტაპზე ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი რაოდენობრივი დანაკლისი გადანაწილდა თვეებზე დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვის პროპორციულად და განისაზღვრა დანაკლისის თვითღირებულება ყოველთვიურად შეძენილი საწვავის საშუალო ფასის გამოყენებით. ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი საწვავის შესაბამისი სახეობის სარეალიზაციო ფასი გამოყენებული იქნა 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებზე, ხოლო 2022 წლის საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განისაზღვრა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატის (8%) გამოყენებით. გამომდინარე იქიდან, რომ 2022 წელს შეძენილი საწვავის საშუალო თვითღირებულება უმეტეს თვეებში აღემატებოდა ინვენტარიზაციით დადგენილ ფასს დღგ-ის გარეშე, გადამხდელს გადაანგარიშების შედეგად დაუმძიმდა საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. შესაბამისად დასკვნით აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება არ განხორციელდა.
2. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად გადამხდელს გადაანგარიშების ეტაპზე არ წარუდგენია შპს „--------თვის“ თანხის გადახდის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შესაბამისად დასკვნით აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება აღნიშნულ ნაწილში არ განხორციელდა.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად, იმისა, რომ მომჩივანს მიეცა საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე დასწრების და შესაბამისად, არგუმენტების/მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა, მან ვერ შეძლო კონკრეტული და სათანადო არგუმენტის ან რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა, რაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მომჩივანი სადავოდ ხდის მისართის ნაშთის და ფასნამატის განსაზღვრის საკითხს, რომლებიც შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულზე საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 და 30.05.2025 წლის №11092 ბრძანებების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილებები აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6003 და 30.05.2025 წლის №11092 ბრძანებები აღსრულებულია ამავე ბრძანებებით მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის №6003 და №11092 ბრძანებების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №27581 ბრძანება და №005-201 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. რომლის №6003 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის №6003 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს №25096/2/2025 გადაწყვეტილებით განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.დაბრუნებული საჩივარი შემოსავლების სამსახურის №11092 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შემოსავლების სამსახურის №6003 და №11092 ბრძანებების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 59 862 ლარით (გადასახადი 39 908 ლარით, ჯარიმა 19 954 ლარით), რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15138 ბრძანება და №005-124 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №19150 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის №6003 და №11092 ბრძანებები აღსრულებულია ამავე ბრძანებებით მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304( 21);