გადაწყვეტილება №24042/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24042/2/2024
11 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, შემადგენლობით, 14.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 3.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24042/2/2024).
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.01.2024 წლის №CB1579623 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 27.08.2024 წლის №19473 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 227 882,25 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფოლადის ჩამოსხმა. საწარმო რეგისტრირებულია 3.10.2011 წელს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 14.12.2011 წელს. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 23.06.2023 წლის „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ №14478 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეოთხე სამმართველოს 22.06.2023 წლის №10936/15-04-03/4 წერილის საფუძველზე მომჩივნის საქმიანობის ადგილზე (ქ. ---) განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 23.06.2023 წლის №14478 ბრძანების აღსრულების მიზნით, საწარმოს დირექტორის მიერ შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია, რომელსაც დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სმფ-ების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცედურების განხორციელება. ინვენტარიზაცია დაიწყო 23.06.2023 წელს და დასრულდა 26.01.2024 წელს. გადასახადის გადამხდელთან საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დაფიქსირებულ იქნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი 455 765,5 ლარის საბაზრო ღირებულებით (ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად).
გადასახადის გადამხდელის მიერ 30.06.2023 წელს წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ძირითადი საშუალებების სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული ნაშთის შესახებ ოქმის (დანართი №19) I და II ცხრილი, შესაბამისად შევსებულ იქნა ინვენტარიზაციის პროცედურით განსაზღვრული შესაბამისი დანართები გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული და დამატებით მოძიებული მონაცემების მიხედვით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაწილში:
- საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 1.01.2023 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (23.06.2023 წელი);
- საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა შეადგინა 0 ლარი (გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მოგების გადასახადის მარტის თვის დეკლარაციის შესაბამისად);
- საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ფაქტიურად აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა 1.01.2023 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე არ ფიქსირდება;
- 1.01.2023 წლიდან 23.06.2023 წლამდე რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებული იქნა ინფორმაცია ექსპორტის საბაჟო დეკლარაციების შესაბამისად;
- სულ 117 912,12 ლარი (საბაზრო ღირებულებით).
გადასახადის გადამხდელს 21.11.2023 წელს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის განხორციელების შედეგებზე შედგენილი ოქმის (დანართი №22) პროექტთან დაკავშირებით და მიეცა 5 სამუშაო დღის ვადა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში საწინააღმდეგო პოზიციის დასაფიქსირებლად, 29.11.2023 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა წერილობითი პოზიცია (რეგისტრაციის №202361/21-11), რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის ოქმის პროექტს, კერძოდ გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ:
1. ძირითადი საშუალებების ნაწილი (3 ავტომანქანა), რომელიც ასახული იყო 2022 წლის დეკლარაციაში რეალიზებულ იქნა 2023 წლის ივნისამდე, შესაბამისად ისინი ინვენტარიზაციის დაწყებისათვის ფაქტიურად არ ირიცხებოდა;
2. ძირითადი საშუალებების ნაწილი ასახულია ქონების გადასახადის დეკლარაციაში, თუმცა წარდგენილი დეკლარაციის გაშიფვრაში არ იყო გამიჯნული. გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ წარმოადგენს პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციას;
3. ნაწილი ძირითადი საშუალებების შეფასება (მოსაცდელი ფარდული, საშრობი, კონტეინერი) უნდა მოხდეს ჯართის საბაზრო ფასით;
4. საქმიანობა შეაჩერეს 2022 წლის ნოემბერში, სმფ-ები შეჩერების მომენტისთვის ჰქონდათ, თუმცა ვინაიდან 2023 წლის აპრილის თვეში ბუღალტრულ ბაზაზე არ ჰქონდათ წვდომა, ყოველთვიურ მოგების დეკლარაციაში მარაგების ნაშთად მიეთითა ნული, ვინაიდან იგეგმებოდა, რომ მოხდებოდა დეკლარაციის კორექტირება ბაზის წვდომასთან ერთად.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №52, 27.12.2023 წ. რეგისტრაციის №135264-21-12) გადამხდელის პირველი და მეორე პოზიცია დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: გადასახადის გადამხდელს მიეცა 10 სამუშაო დღე ავტომანქანების რეალიზაციის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და ძირითადი საშუალებების პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოსადგენად. ხოლო გადასახადის გადამხდელის მე-3 და მე-4 პოზიცია არ დაკმაყოფილდა.
გადასახადის გადამხდელის მიერ 15.01.2023 წელს (წერილი №523813) წარმოდგენილ იქნა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განხორციელდა ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება. კერძოდ გათვალისწინებულ იქნა ერთი ერთეული ავტომანქანის რეალიზაცია და შემცირდა ძირითადი საშუალებების დანაკლისი 2 648,34 ლარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა აღურიცხველმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 455 764,5 ლარი, რაზედაც საგადასახადო კოდექსის 286- ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად 26.01.2024 წელს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1579623, შეფარდებული სანქცია 227 882,5 ლარი.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.01.2024 წლის №CB1579623 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14478 ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 455 764,5 ლარის საბაზრო ღირებულების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.01.2024 წლის №CB1579623 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 11.03.2024 წლის №5210 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 27.06.2024 წლის №22738/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5210 ბრძანება. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურმა განიხილა საბჭოს 27.06.2024 წლის №22738/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 27.08.2024 წლის №19473 ბრძანებით არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე, 302-ე, 49-ე, მე-8, 72-ე, 269-ე, 270-ე და 286-ე მუხლებზე. გადასახადის გადამხდელის არგუმენტს, რომ გადასახადის გადამხდელი გეგმავდა მოგების გადასახადის დეკლარაციის კორექტირებას ბუღალტრულ ბაზასთან წვდომის შესაძლებლობის შემდგომ, შემოსავლების სამსახური ვერ გაითვალისწინებს, ვინაიდან 2023 წლის მარტის მოგების გადასახადის დეკლარაციის დაზუსტება გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელდა ინვენტარიზაციის დასრულების შემდგომ - 22.02.2024 წელს. საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს ვინაიდან სხვაობები გამოწვეულია ობიექტური მიზეზით, რომელიც ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესში დროულად ვერ აღმოიფხვრა. კერძოდ, 23.06.2023 წელს, როდესაც დაიგეგმა კომპანიის ბალანსზე რიცხული აქტივების ინვენტარიზაცია, კომპანიას წვდომა არ ჰქონდა საბუღალტრო ბაზაზე. კომპანიას 2022 წლის ნოემბრიდან შეწყვეტილი აქვს საქმიანობა.
ამ პერიოდის შემდეგ არ მომხდარა არცერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქციის განხორციელება. მათ შორის არც საბუღალტო პროგრამით მომსახურების შეძენა. შესაბამისად, როდესაც ინვენტარიზაციის მიმდინარეობის პროცესში, კომპანიამ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს ვერ მიაწოდა საბუღალტრო ბაზა, მათ იხელმძღვანელეს შემდეგი ინფორმაციით:
ძირითადი საშუალებების ნაწილში, წარდგენილი ქონების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით (რომლის გაშიფვრაც მოითხოვეს და მიეწოდათ ინვენტარიზაციის პერიოდში) განისაზღვრა ბუღალტრულად რიცხული ნაშთი. ხოლო სასაქონლო-მატერიალურ მარაგებთან დაკავშირებით, იხელმძღვანელეს 2023 წლის მარტის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით, სადაც 31.12.2022 წლის მდგომარეობით სასაქონლომატერიალური მარაგების ნაშთად დაფიქსირებული იყო 0 ლარი.
ოქტომბრის თვეში კომპანიამ აღადგინა წვდომა საბუღალტრო ბაზაზე. შესაბამისად, ინვენტარიზაციის პროექტის მონაცემები დაადარეს საბუღალტო ბაზის მონაცემებს, შედეგად გამოვლინდა არსებითი სხვაობები. სასაქონლო-მატერიალური მარაგების ზედმეტობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2022 წლის ნოემბრის თვეში შეაჩერა საქმიანობა. საქმიანობის შეჩერების დროს მარაგების გარკვეული ნაშთი ცხადია კომპანიას ექნებოდა, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ 2023 წლის აპრილის თვეში, ბუღალტრულ ბაზაზე არ ჰქონდა წვდომა, ყოველთვიურ მოგების გადასახადის დეკლარაციაში განზრახ მოხდა მარაგების ნაშთად 0 ლარის მითითება, ვინაიდან იგეგმებოდა, რომ ბუღალტრული ბაზასთან წვდომის განახლების შემდეგ, მოხდებოდა დეკლარაციის კორექტირება და მასში მარაგების სწორი ნაშთის ასახვა, რაც მოგვიანებით განხორციელდა (დანართი №5). ბალანსზე რიცხული მარაგების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია დანართში №6. წარმოდგენილი ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს არგუმენტაციის გათვალისწინება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 26.01.2024 წლის №CB1579623 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 455 764,5 ლარის საბაზრო ღირებულების სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 23.06.2023 წლის №14478 ბრძანების და საგამოძიებო სამსახურის 22.06.2023 წლის №10936/15-04-03/4 წერილის საფუძველზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია.
საწარმოს დირექტორის მიერ შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია, რომელსაც დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სმფ-ების და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცედურების განხორციელება. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ დაფიქსირებულ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი 455 765,5 ლარის საბაზრო ღირებულებით.
ინვენტარიზაციის პროცედურით განსაზღვრული შესაბამისი დანართების შევსებისას საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 1.01.2023 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (23.06.2023 წელი). საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთმა შეადგინა 0 ლარი (გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მოგების გადასახადის მარტის თვის დეკლარაციის შესაბამისად).
საინვენტარიზაციო კომისიის მიერ ფაქტიურად აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეძენა 1.01.2023 წლიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე არ ფიქსირდება. 1.01.2023 წლიდან 23.06.2023 წლამდე რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებული იქნა ინფორმაცია ექსპორტის საბაჟო დეკლარაციების შესაბამისად.
ინვენტარიზაციის შედეგებზე შედგენილი ოქმის პროექტთან დაკავშირებით 29.11.2023 წელს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილია პოზიცია. გადასახადის გადამხდელს მიეცა 10 სამუშაო დღე ავტომანქანების რეალიზაციის დამადასტურებელი მტკიცებულებებისა და ძირითადი საშუალებების პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარსადგენად.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად განხორციელდა ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა აღურიცხველმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 455 764,5 ლარი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს ბრძანების საფუძველზე განხორციელებული ძირითადი საშუალებების და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგად გამოვლენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ მომჩივანს საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ჰქონდა პრეტენზია, რაც გათვალისწინებული იქნა ნაწილობრივ, ასევე გადასახადის გადამხდელს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდებოდა საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებული ინფორმაციის უზუსტობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიუთითებს, რომ ძირითადი საშუალებების და სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით სანქცია განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 27.08.2024 წლის №19473 ბრძანება
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფოლადის ჩამოსხმა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის „სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ“ ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წერილის საფუძველზე მომჩივნის საქმიანობის ადგილზე განხორციელდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია.
სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა აღურიცხველმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 455 764,5 ლარი, რაზედაც საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, შეფარდებული სანქცია 227 882,5 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭო მიუთითებს, რომ ძირითადი საშუალებების და სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების მიხედვით სანქცია განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (4).