გადაწყვეტილება №19122/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.05.2023
№ დოკუმენტი 19122/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19122/2/2023

05 მაისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,5.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ის 16.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №19122/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 19.10.2021 წლის №32961 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 18.10.2022 წლის №024-60 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.02.2023 წლის №3864 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 83 842 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 42 068

დღგ - 15 852

საშემოსავლო გადასახადი - 26 216

ჯარიმა - 22 559

საურავი - 19 215

 

პროცედურული გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობას წარმოადგენდა სამეურნეო, საკანცელარიო საქონლითა და საყოფაცხოვრებო ქიმიით ვაჭრობა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებების გამო:

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანი საქონლის შეძენა-რეალიზაციას ახორციელებს ადგილობრივ ბაზარზე, ძირითადად ნაღდი ანგარიშსწორებით. დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს სრული რეალიზაციის 70%-ს. საწარმოს სრულყოფილად არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. კერძოდ, სახეობრივ და რაოდენობრივ ჭრილში ვერ იშიფრება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები, არ ხორციელდება რეალიზებული საქონლის სახეობრივი და რაოდენობრივი ჩამოწერა, არ კონტროლდება ოპერაციების მიმდინარეობა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით, გაიშიფრა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები შეძენილი პროდუქციის სახეობრივი ჯგუფების პროპორციულად, დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი ჯგუფების შესაბამისად. შედეგად, შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი თანხა (141 088 ლარი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 9.06.2021 წლის №18335 ბრძანება და №024-57 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 19.10.2021 წლის №32961 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ:

1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერად იქნა მიჩნეული, თუმცა არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

2. მე-2 სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა (იმავე პრინციპით, როგორც სხვა შესამოწმებელ პერიოდზე) და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება.

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 19.10.2021 წლის №32961 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 4 567 ლარით, მათ შორის გადასახადი 3 222 ლარით, ხოლო ჯარიმა 1 345 ლარით, რაზეც მომჩივანს წარედგინა 18.10.2022 წლის №024-60 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.02.2023 წლის №3864 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შემოწმება დაეყრდნო შემოწმების დროს გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო მარაგების შესახებ. დოკუმენტური ფასნამატი გავრცელდა მხოლოდ არადოკუმენტურ რეალიზაციაზე. ამასთან, გათვალისწინებულია სმფ-ების ნაშთი შესამოწმებელი პერიოდების მიხედვით. შესაბამისად, შემოწმებისას არ მომხდარა ორმაგი დაბეგვრა და შეძენილი სმფ-ების სრული რეალიზაცია. ასევე, შემოსავლების სამსახურის ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა არაპირდაპირი.

მეთოდის გამოყენებით, რაც გადაანგარიშების ეტაპზე შესრულდა, თუმცა აღნიშნულმა არ გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების დაკორექტირება.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მომჩივანს წარდგენილი აქვს ისეთი არგუმენტი, რომელიც არ გაუხდია სადავოდ 2021 წლის 6 ივლისის საჩივრით და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზეც, რომლის თანახმად დარიცხულ დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადს შორის სხვაობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ შემოწმების ეტაპზე დღგ-ის ჩათვლით დარიცხულ თანხაზე გაანგარიშდა საშემოსავლო გადასახადი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადამხდელის პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მომჩივანს წარდგენილი აქვს ისეთი არგუმენტი, რომელიც არ გაუხდია სადავოდ 2021 წლის 6 ივლისის საჩივრით და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზეც, რომლის თანახმად დარიცხულ დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადს შორის სხვაობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ შემოწმების ეტაპზე დღგ-ის ჩათვლით დარიცხულ თანხაზე გაანგარიშდა საშემოსავლო გადასახადი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ შეხვდა შემმოწმებელს და მის სამმართველოს უფროსსაც და გაიარა მათთან ერთად, თუმცაღა შემმოწმებელმა თავის თავზე აიღო და სრულად არ გაითვალისწინა მისი არგუმენტები, ამასთან შემმოწმებელმა გადაანგარიშების დროს გადაანგარიშების დასკვნაში დღგ 15852 ლარი დატოვა, რომელსაც მართალია არ ეთანხმება, მაგრამ სულ, რომ სწორი იყოს, ჯარიმა ამ თანხაზე ნაცვლად გადასახადის თანხის 50 პროცენტისა, რაც უნდა ყოფილიყო 7926 (15852*50%=7926) დაწერა 9451 ლარი, მეორე განხილვაზე თუ მიეცემოდა საშუალება აუცილებლად განაცხადებდა, თუმცა მეორე განხილვაც მისი თხოვნის მიუხედავად მის გარეშე იქნა ჩატარებული და საერთოდ გამაოგნებელი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი თითქოსდა ითხოვდა უკვე ისეთ საკითხებს რაც პირველ გასაჩივრებაზე არ მოუთხოვია, მაგრამ ლოგიკურად სვამს კითხვას დარღვევა არის თუ არ დაუძახებდნენ და არ შეეკითხებოდნენ, რას ითხოვს ჩაითვალოს, რომ რაღაცას არ ითხოვს? არგუმენტები იყო მეტი კონკრეტიკით და თხოვნით, რომ ყველა გარემოება გათვალისწინებულიყო.

საჩივარში ითხოვდა და ამტკიცებდა შემდეგს: კომპანია რეგისტრირებულია 1998 წლის 19 აგვისტოდან და მას მერე ქ. "-----"-ში მდებარე "-----" -ს ქ. 12 ნომერში გახსნილი აქვს ათასი წვრილმანის მაღაზია. მაღაზიაში ხდება არასასურსათო შერეული რეალიზაცია, შეიძლება ითქვას სამეურნეო, საკანცელარიო, სარემონტო მასალების. მაღაზია ყოველთვის ეწეოდა მკაცრ აღრიცხვას და ყოველთვის ხდებოდა ყოველთვიურად მოგების გაანგარიშება, რადგან გააჩნდა 3 მესაკუთრე და პრიორიტეტად იყო აღებული ყოველთვიური მოგების განაწილება და ამიტომ ხდებოდა ნამეტი თანხის განაწილება ხელფასის სახით, რასაც ნათლად ადასტურებს საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები და ადრეულ წლებში ჩაბარებული მოგების გადასახადის დეკლარაციები. სადაც ამის გამო არასდროს დიდი მოგება არ დარჩენილა, იმის ხარჯზე, რომ ხარჯებში იყო უკვე დაბეგრილი ხელფასად აღებული მესაკუთრეების მიერ იმ წლის მიღებული მოგება. შემოწმების პერიოდში გადახდილი აქვს ბიუჯეტში დაახლოებით 95502 ლარი, მათ შორის: დღგ დარიცხულია 2018-2019-2020 წლებზე დაახლოებით 55517 ლარი, ქონება 3704 ლარი და დანარჩენი 40000 ლარამდე საშემოსავლო გადასახადია გადახდილი. რაც ადასტურებს იმას, რომ რადგან იმავე თვეში ახდენდა მოგების განაწილებას პარტნიორებში და ადრეული წლების პრაქტიკა ასე ჰქონდა ჩამოყალიბებული იქამდე, სანამ წელიწადში ერთხელ ხდებოდა წლიური მოგების გადასახადის დეკლარაციის ჩაბარება და დაბეგვრა, იმას აგრძელებდა მომდევნო პერიოდზეც, რაც უფრო პრაქტიკულად მიაჩნია დღესაც, რადგან აღარ არის საჭირო ზედმეტად მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის წარდგენა. მხოლოდ ამ შესამოწმებელ პერიოდში გამოდის, რომ დაახლოებით 200 000 ლარი ხელფასებად აქვს დაბეგრილი, რა თქმა უნდა თავად დეკლარაციების მიხედვითაც იკვეთება ნიშანდობლივი გარემოება სადაც დანარჩენ თანამშრომლებს მოჭრილად, თითქმის უცვლელად ეძლევათ ხელფასები და მხოლოდ 3 მესაკუთრეზე გაიცემა დაბეგრილი შემოსავალი ხელფასის სახით.

რაც შეეხება შემმოწმებლის მიერ გამოყენებულ არაპირდაპირ მეთოდს. შემმოწმებელი თავად წერს აქტში, კერძოდ, აქტის მე-9 ფურცელზე შემმოწმებელი წერს, რომ დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს სრული რეალიზაციის 70%-ს. ანუ 70 პროცენტის რეალიზაცია გაშიფრულია საქონლის დასახელებებითაც და რაოდენობებითაც და ფასებითაც, რაზეც არანაირად არ უნდა განხორციელდეს არაპირდაპირი მეთოდი სულ მინიმუმ ამ 70%-ის ნაწილში თუ არა მთლიან რეალიზაციაზე. რადგან ზედნადებით როცა ახორციელებ რეალიზაციას და ყველაფერი გაშიფრულია რა შეიძლება იყოს გამორჩენილი და რისი დადგენა შეიძლება, რომ ვერ მოხერხდეს. აქვე აღნიშნავს, რომ გამორიცხულია სარეალიზაციო პუნქტში რამე დააკლდეს რეალიზაციის ნაწილს, რადგან მიმდინარეობს უმკაცრესი კონტროლი, ყველაფრის აღრიცხვა, მათ შორის ნაღდი ფულის მოძრაობა სრულად აღრიცხული აქვს ექსელის ფორმაში ყოველდღიურად და ასევე შესამოწმებელ პერიოდში არ გამოვლენილა არანაირი დარღვევა სალარო აპარატის გამოუყენებლობაზე. რადგან სავაჭრო ობიექტის სპეციფიკა, როგორც ზემოთ აღნიშნა არის ათასი წვრილმანის მიმართულება, ხდება სამეურნეო და საკანცელარიო და ასევე სხვადასხვა არასასურსათო საქონლის რეალიზაცია, რაზეც გასაყიდი ფასები სხვადასხვა ფასნამატით ხორციელდება, მაგრამ აქ აუცილებლად მოქმედებს საერთო პრინციპი, ის საქონელი, რაც მეტი რაოდენობით იყიდება და მაღალ ფასიანია, აუცილებლად არიცხავს დაბალ ფასნამატს, რადგან კონკურენტმა მაღაზიებმა არ წაართვან მომხმარებელი, თუმცაღა შესაძლოა ისეთებიც შეხვდეს მცირედი რაოდენობით მთლიან ბრუნვაში, რაზედაც შეიძლება იყოს ერთეულის ასაღები ფასი 3 თეთრი და ნამდვილად იქიდან გამომდინარე მყიდველისთვისაც მარტივი, რომ იყოს გადახდა გაიყიდოს 5 თეთრად, მაგრამ ეს 5 თეთრად გაყიდული, პირობითად ჭანჭიკი, მთლიან პერიოდში შეიძლება გაიყიდოს 2000 ცალი, რაც ლარში შეადგენს 100 ლარს, მაგრამ თუ განვიხილავთ საქონლის დასახელების ჭრილში გამოვა ერთი დასახელება და დაახლოებით 67% ფასნამატი (დაანგარიშება 5/3=1,67). ასეთი ფაქტები არც თუ ისე ცოტაა.

ყოველივე ზემოთ ახსნილი გარემოებიდან გამომდინარე, შემმოწმებელმა აიღო და საშუალო ფასნამატის გამოყვანის მიზნით დაჰყო საქონელი ჯგუფების მიხედვით, შემდეგ ამ ჯგუფებში მის მიერ გაერთიანებული საქონლის ნაწილიდან გამოიყვანა ჯგუფის საშუალო შეწონილი ფასნამატი და შემდეგ მთლიან მიღებულ საქონელზე იქაც უკვე ჯგუფების მიხედვით დაჯამებულზე მიუყენა სათითაოდ მიღებული ფასნამატები და გამოიყვანა ის დასაბეგრი ბრუნვა, რაც უნდა დაედეკლარირებინა ბოლო ჯამში და მიღებული სხვაობიდან დაარიცხა. როგორც დღგ, ასევე საშემოსავლო გადასახადი, მაგრამ აქვე პირველ პრეტენზიას იმას აფიქსირებს, რომ ეს არ გააკეთა ყველა წელზე და გააკეთა მხოლოდ 2018 და 2019 წელზე, იმ წლებზე, სადაც ამ პრინციპით გამოანგარიშებული ბაზების ცდომილება გამოდიოდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, 2020 წელს არ შეეხო, რადგან ამ პრინციპით თუ იგივე გაანგარიშებას გააკეთებდა იმ წლებში, თუ დამატებით დარიცხვას ექვემდებარებოდა გადასახადები. აქეთ შემცირება მოუწევდა და ამიტომ საერთოდ 2020 წელი იგნორირებულია და არ მონაწილეობს აქტით დასარიცხ ციფრებში. რაც შეეხება თავად საშუალო შეწონილ ფასნამატს უფრო მეტი კონკრეტულობით.

როგორც აღნიშნა შემმოწმებელმა დაჰყო ჯგუფების მიხედვით და დაადგინა ჯგუფის საშუალო ფასნამატი, აქტში მოხსენიებული აქვს 32 ჯგუფი, საშუალო ფასნამატის ცხრილში მას სადაც გამოჰყავს ჯგუფის საშუალო ფასნამატი, იქ ფიქსირდება 33 ჯგუფი, მაგრამ ჯამურ ბრუნვას სადაც აკეთებს უკვე მთლიანი საქონლის მიხედვით იქ ფიქსირდება 37 დასახელების ჯგუფი, ანუ 4 დასახელების ჯგუფი ხვდება ფასნამატის გამოანგარიშების გარეშე, მისთვის გაურკვეველი ფასნამატით. აქვე ყურადღებას ამახვილებს რამოდენიმე ჯგუფზე, ყველა რომ არ ჩამოთვალოს (ისე ყველა ჯგუფთან გვაქვს გარკვეული პრეტენზიები): ჯგუფი „სხვა“ სადაც შეყვანილია ისეთი დასახელება, რომელიც საერთოდ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე დაწერილია სასაქონლო ზედნადები, ის წარმოადგენს პირდაპირ ხარჯს (მაგალითისთვის საბუღალტრო მომსახურება 3600 ლარი 2018 წელზე, რადგან აღნიშნულის გამწევი ორგანიზაცია არ წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს და ამ ფორმით არის მომხდარი ოპერაციის დაფიქსირება). შემმოწმებელს ასევე არ აქვს გამოკლებული უშუალოდ ორგანიზაციაზე მოწოდებული საქონელი, რაც მაღაზიისთვის იყო მოწოდებული სხვადასხვა საჭიროებისთვის (არა სარეალიზაციოდ) თანხით დაახლოებით 1713,05 ლარი დღგ-ის ჩათვლით 2018 წელზე, მაგრამ აღნიშნული საქონელი რა თქმა უდა მოჰყვა სასაქონლო ზედნადებით მიღებულ მთლიან მოცულობაში, რომელზეც შემდგომ გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი და ფასნამატის დამატებით რეალიზებულად არის ჩათვლილი, რისი რეალიზაციაც სინამდვილეში არ მომხდარა. თავად ჯგუფებზე უნდა გამოხატოს პრეტენზია და ასევე სურვილი თანამშრომლობის, რათა შემდგომში დადგინდეს ჭეშმარიტი ფასნამატი. ჯგუფი „ქაღალდი“ საბოლოო შედეგი დაფიქსირდა 28% ფასნამატით, მაშინ როცა ქსეროქსის ქაღალდის (თაბახის ფურცელი) რეალიზაციის დროს არასდროს არ ყოფილა ასეთი ფასნამატი, მართალია სხვადასხვა ფასებში ხდებოდა მიღება და ასევე რეალიზაცია, მაგრამ ერთი მაგალითით 10 ლარად თუ იღებდა მაქსიმუმ 11,50 ლარად იყიდებოდა შეკვრა, რაც არ სცდება 15%-ს, გამოდის ქაღალდის ჯგუფში გაერთიანდა ისეთი სხვა საქონელი, რომელიც მთლიანობაში შეიძლება შეიცავდეს სიტყვა ქაღალდს, მაგრამ იყოს სამზარეულოს და საპირფარეშოს ქაღალდი და შეიძლება სხვა კიდევ ბევრი ასეთი, რომელიც მცირე რაოდენობით შეიძლება გაიყიდოს, მაგრამ როცა დასახელებების ჯგუფებში გაერთიანებას მოახდენს, ამან იმოქმედოს ჯგუფის საშუალო ფასნამატის აწევაზე და ბოლო ჯამში მიიღოს სავალალო შედეგი.

შემმოწმებელმა ეს გამოყვანილი ფასნამატები რომელზეც ზემოთ უკვე გამოხატა პრეტენზია და არგუმენტაცია, ამ შეწონილი ფასნამატებით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშების დროს საერთოდ არ ფიგურირებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, ის რომ შემოწმების დაწყების პერიოდში გააჩნდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი და ის, რომ ეს ნაშთი იზრდებოდა ეტაპობრივად, ანუ 2018 წლის დასაწყისში დღგ-ის ჩათვლით ნაშთი ჰქონდა 61023 ლარის, რომელიც 2018 წლის ბოლოს გაიზარდა და ავიდა 74231 ლარზე დღგ-ის ჩათვლით, ანუ აქ რა მოხდა, მოხდა ის რომ, რა რაოდენობის საქონელიც არ უნდა შეეძინა 2018 წლის მანძილზე იმ შეძენილი მოცულობიდან გაზრდილი ნაშთის წილის საქონელი არ გაყიდულა (რაც არის 13208 ლარი დღგ-ს ჩათვლით, გაანგარიშება 74231-61023) და არ უნდა გამოყენებულიყო საშუალო შეწონილი ფასნამატის გამოყენების დროს, მაშინ როცა შემმოწმებელი ადგენდა 2018 წლის პოტენციურ შემოსავალს შემდგომში დეკლარირებულის სისწორის განსასაზღვრად, შემმოწმებელს კი აღებული აქვს 2018 წლის შეძენა და მასზე მთლიანად ამ ციფრზე, ისე რომ არ გამოაკლო გაუყიდავი საქონელი, რამაც გაზარდა ნაშთი, იმიტომ რომ არ გაყიდულა, დაბეგრა და მასზე დაარიცხა, როგორც დღგ-ის ასევე საშემოსავლო გადასახადი (ამ გამორჩენილი გარემოების გამო მოხდა დასაბეგრი ბაზის გაზრდა და მეტი გადასახადის დარიცხვა). ნაშთის ზრდის ტენდენცია გრძელდება 2019 წელზეც და შემდგომ კიდევ ზრდა 2020 წელზე, რაც ასევე არ არის მიღებული მხედველობაში, გაანგარიშებული ბრუნვები რა თქმა უნდა არასწორია და ხელახლაა გადასათვლელი.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტებიდან მოკლედ უნდა დააფიქსიროს ძირითადი მოთხოვნები:

1. ხელახლა მოხდეს განხილვა სწორად არის თუ არასწორად მიყენებული არაპირდაპირი დაბეგვრის მეთოდი,2. იმ შემთხვევისთვის თუ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება გარდაუვალია, მოხდეს ჯგუფების ხელახალი ჩამოყალიბება და მეტი გათვალისწინება, იმის თუ უნდა იმოქმედოს თუ არა კონკრეტულმა საქონელმა ჯგუფის ფასნამატის პროცენტულობაზე (აქ გულისხმობს ისეთ საქონელს, რომელიც შეიძლება შეკვეთის გამო მხოლოდ ერთჯერადად იყიდა და მიაწოდა და საერთო სარეალიზაციო ჯამური თანხა არ აღემატება 50-100 ლარს),3. აუცილებლად მოხდეს გაანგარიშება 2020 წლის დეკლარაციების სისწორის, არჩეული პრიორიტეტების მიხედვით (არაპირდაპირი მეთოდით) და თუ წინა წლებში ჩათვალოს იმას, რომ ამ მეთოდით უნდა მოხდეს დასაბეგრი ბაზის გაზრდა და უნდა გაანგარიშდეს დამატებით დასარიცხი გადასახადი, გამოაკლოს მის მიერ 2020 წელში შეცდომით ზედმეტად დეკლარირებული გადასახადი და დაერიცხოს სხვაობა და არა ისე, რომ 2018-2019 ერიცხება რაღაც და 2020 წელს აღარ შეეხოს რადგან მცირდება,4. აუცილებლად გათვალისწინებული იყოს ნაშთების ზრდა და გამოკლებული იყოს იმ ბაზიდან, საიდანაც ხდება წლის დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და მთლიან შეძენაზე კი არ მოხდეს გავრცელება საშუალო შეწონილი ფასნამატის, არამედ გამოკლებულ იყოს ის საქონელი, რაც იმ წელში კი შეიძინა, მაგრამ არ გაყიდულა და ისე იქნას გაანგარიშებული

ითხოვს გათვალისწინებულ იქნეს გადამხდელის კეთილსინდისიერება და ასევე პანდემიური მდგომარეობა და მაქსიმალურად ინტერესების დაცვით მოხდეს რეაგირება. პირველი საჩივრის დაკმაყოფილებისას არ მოხდა სრულად გათვალისწინება მისი არგუმენტების და მხოლოდ მცირედი

ცვლილება მოხდა დარიცხვის ნაწილში, გამომდინარე იქიდან რომ, დაკმაყოფილებულ საკითხებში არ იყო ან მეტი კონკრეტიკა ან რადგან არ იყო პირდაპირ მითითება, რომ უნდა გაეთვალისწინებინა კონკრეტულად არაპირდაპირი მეთოდი მხოლოდ რეალიზაციის 30%-ზე და არ მთლიანად 100%-იან რეალიზაციაზე არ მოხდა ამის გათვალისწინება, არადა თავად წერს შემმოწმებელი აქტში, რომ რეალიზაციის 70% არის რეალიზებული ზედნადებით, რაც იმას ამტკიცებს რომ მის მიერ მინიმუმ 70% დოკუმენტალურად დადასტურებული რეალიზაციაა და რაც დოკუმენტალურად არის დადასტურებული იმაზე ფასნამატის ზემოდან გამოყენება ორმაგ დაბეგვრამდე მიიყვანს. ეს საკითხი გადაანგარიშებაში არ მოჰყვა გაურკვეველი მიზეზების გამო, რა დამატებით უნდა მოეხდინა დოკუმენტაციის წარდგენა კონკრეტულ საკითხზე, რაზეც უკვე აქტში თავად შემმოწმებელს ეწერა. ასევე, არ მოხდა ნაშთის ნაწილში იმის გათვალისწინება, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისის ნაშთი გაიზარდა პერიოდის ბოლოსთვის, რაც ნიშნავდა იმას, რომ არანაირად არ უნდა დაერიცხა შემმოწმებელს პირდაპირ შემოწმების პერიოდში შეძენილ პროდუქციაზე, ანუ კონკრეტულად შემმოწმებელმა ჩათვალა, რომ პერიოდში შეძენილი საქონელი მთლიანად გაიყიდა და თუ ნაშთი გაიზარდა საწყისი პერიოდიდან პერიოდის ბოლომდე რეალურად მთლიანი პერიოდის მანძილზე შეძენილი საქონელი ფიზიკურად ვერ გაიყიდებოდა, მაშინ სვავს კითხვას, რის საფუძველზე გაიზარდა საქონელი თუ რაც პერიოდში შეიძინა სულ გაყიდა? იმ საქონელის ნაწილზე, რაც არის პერიოდის დასაწყისსა და პერიოდის ბოლოს სხვაობა, ანუ რითაც მოხდა ნაშთის ზრდა ესე იგი ის საქონელი უნდა დააკლდეს გაყიდულ საქონელს და ზუსტად ამიტომ არის, რომ პერიოდის ბოლოს ნაშთი გაიზარდა. ასევე მის მიერ წინა საჩივარში იყო რიგი საკითხები, რომელიც აშკარად გამოიკვეთებოდა, რომ უნდა მომხდარიყო მათი გაანგარიშება ხელახლა, მაგალითად დღგ-ის თანხა, როცა დამატებით ერიცხება გადამხდელს პირდაპირ პროპორციულად შეიძლება წარმოიშვას საშემოსავლო/მოგების გადასახადით დასაბეგრი თანხა (იგულისხმება არსებულის შემთხვევაში). ეს თანხა, ანუ ეს პროპორცია საიდან უნდა დადგინდეს? კიდევ ერთხელ მაგალითი, თუ პირობითად გამოვლინდა, რომ რიგი მიზეზების გამო უნდა დაერიცხოს გადამხდელს 118 ლარიდან, რომელიც არ დაადეკლარირა დღგ-ს ჩათვლით ბრუნვა უნდა დაერიცხოს 18 ლარი დღგ-ის თანხა (118/118*18=18) და საშემოსავლო გადასახადი დღგ-ის გარეშე შემოსავლიდან 20 ლარი (100*20%=20), რაც პროპორციაში არის თუ დღგ ერიცხება 18% და საშემოსავლო 20%: 1,1111(20/18=1,111), ამ შემთხვევაში არ მოქმედებს აღნიშნული პროპორცია და დღგ დარიცხულია 15852 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 26216 ლარი, რაც ძალიან შორს არის ზემოთ მოყვანილი პროპორციიდან და მცდარია, ამ შემთხვევაში პროპორცია გამოდის 1,6537 (26216/15852=1,6537).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

შემოსავლების სამსახურის 19.10.2021 წლის №32961 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 სექტემბრის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ:

1. გადამხდელმა წარადგინა დამატებით არგუმენტაცია, საიდანაც მტკიცდება, რომ შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაწილი გამოიყენა მიმდინარე სხვა ხარჯებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაანგარიშების ფარგლებში შემცირდა რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების რაოდენობა, რამაც გამოიწვია საგადასახადო ვალდებულებების შემცირება როგორც დღგ-ში, ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. საჩივარში დასმულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, გადამხდელს დამატებითი დოკუმენტაცია არ წარუდგენია. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდი და ამ მეთოდის შედეგად გამოვლენილი თანხების კვალიფიკაცია დარჩა უცვლელი.

2. შემოწმებისას საგადასახადო ორგანომ, გადაანგარიშების ფარგლებში დამატებით შეისწავლა 2020 წლის საანგარიშო პერიოდზე არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, დეკლარირებულ მონაცემებთან მიმართებაში სხვაობა არ გამოვლენილა. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით აღნიშნულ საკითხში გამოვლენილი საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 4 567 ლარით, მათ შორის გადასახადი 3 222 ლარით, ხოლო ჯარიმა 1 345 ლარით.

მომჩივანი არ წარმოადგენს მისი არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს, რაც მათი გათვალისწინების და შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ ზემოხსენებული დასკვნით დადგენილი გარემოებების შეცვლის და შემოწმების აქტით დარიცხული თანხების დამატებით შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, მომჩივანი სადავოდ ხდის ისეთ გარემოებას (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების მართლზომიერების საკითხი), რაზეც შემოსავლების სამსახურის 19.10.2021 წლის №32961 ბრძანებით 6.07.2021 წლის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, საბჭო ვერ იმსჯელებს ამ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 19.10.2021 წლის №32961 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

მხარეთა არგუმენტების გაცნობის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 19.10.2021 წლის №32961 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

 

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს ხელახლა მოხდეს განხილვა სწორად არის თუ არასწორად მიყენებული არაპირდაპირი დაბეგვრის მეთოდი.

ითხოვს გათვალისწინებულ იქნეს გადამხდელის კეთილსინდისიერება, ასევე პანდემიური მდგომარეობა და მაქსიმალური ინტერესების დაცვით მოხდეს რეაგირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობას წარმოადგენდა სამეურნეო, საკანცელარიო საქონლითა და საყოფაცხოვრებო ქიმიით ვაჭრობა.

შემოწმების შედეგებიდან ირკვევა, რომ საწარმოს სრულყოფილად არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა. კერძოდ, სახეობრივ და რაოდენობრივ ჭრილში ვერ იშიფრება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთები, არ ხორციელდება რეალიზებული საქონლის სახეობრივი და რაოდენობრივი ჩამოწერა, არ კონტროლდება ოპერაციების მიმდინარეობა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, საქონელი დაჯგუფდა სახეობების მიხედვით, გაიშიფრა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საწყისი და საბოლოო ნაშთები შეძენილი პროდუქციის სახეობრივი ჯგუფების პროპორციულად, დადგინდა რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა თავისივე დოკუმენტური ფასნამატი ჯგუფების შესაბამისად. შედეგად,გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი თანხა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21)