გადაწყვეტილება №24335/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24335/2/2024
25 დეკემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ "--------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "---------" 25.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24335/2/2024).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი;
2. შემოწმების შედეგად განსაზღვრული არაგონივრული ნაშთის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2024 წლის №063-21 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №24010 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 005 172 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 622 489
ჯარიმა - 311 245
საურავი - 71 438
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის ძირითადი საქმიანობას წარმოადგენს ვაჭრობა ცოცხალი წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვით, საქართველოში ყიდულობს აღნიშნულ საქონელს და ახორციელებს მის ექსპორტს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 11 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.09.2024 წლის №20424 ბრძანება და №063-21 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №24010 ბრძანებით საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე დართული), ასევე, საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს დოკუმენტების ავთენტურობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №24010 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში რეალიზებული აქვს 11 634 532 ლარის ღირებულების საქონელი. საქონლის თვითღირებულებად დაფიქსირებულია 11 240 598 ლარი. ამასთან, გაწეული აქვს სხვადასხვა ხარჯი (საქონლის კვების, საიჯარო ქირის, კარანტინის, ლაბორატორიული და სხვა).
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში განაწილებული აქვს 12 270 ლარის დივიდენდი, ხოლო ხელფასის სახით გაცემული აქვს 58 457 ლარი. ბიუჯეტში გადახდილია 9 185 ლარი და ბიუჯეტიდან დაბრუნებულია 13 407 ლარი.
კომპანიის მიერ ექსპორტირებული საქონლის შეძენის დოკუმენტად წარდგენილია შესყიდვის აქტები ფიზიკური პირებისგან. საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციით აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობა არ დასტურდება, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი ექსპორტირებულ საქონელზე გაწეული ხარჯი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ხარჯად ჩაითვალა შემოსავლის 75%. ხსენებული გაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულსა და შემოწმებით გამოვლენილ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა საგადახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
მომჩივნის არგუმენტაცია
ექსპორტირებული საქონლის შეძენას ხორციელდება ადგილობრივად, შეძენის აქტებით, ფიზიკური პირებისაგან. შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციით აღნიშნული დოკუმენტების ნამდვილობა არ დასტურდება, შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი ექსპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ ხარჯად ჩაითვალა შემოსავლის 75%. მათთვის უცნობია რაზეა დაფუძნებული საგამოძიებო სამსახურის ინფორმაცია და შესაბამისად, რა შეისწავლა და რაზე იმსჯელა შემოსავლების სამსახურმა.
საქონლის ადგილობრივად შესყიდვების დასტურად, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარზე დართულია ნოტარიულად დამოწმებული 98 ცალი შესყიდვის აქტი. ამ გარემოების დადგენა შემოწმებას შეუძლია როგორც მათ მიერ დამატებით წარდგენილი, ნოტარიულად დამოწმებული შესყიდვის აქტებით, ისე მსგავსი საქმიანობის მქონე გადასახადის გადამხდელების აუდირებული მაჩვენებლებით (შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე). შესაბამისად, შემოწმებამ პირუტყვის შესყიდვის აქტებში მითითებულ რაოდენობითა და ფასებით უნდა განსაზღვროს რეალური ხარჯები.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 ნოემბრის №24010 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსი ბუნდოვანია და გაუგებარია კონკრეტულად რა დავალება მიეცა აუდიტის დეპარტამენტს, მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაციის ნაწილში გადაანგარიშება, თუ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ზოგადად ფასნამატის დადგენა და გადაანგარიშება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ ვინაიდან საქონლის შესყიდვის ფაქტი უდავოა და უტყუარია, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს წარდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული შესყიდვის ფასებით, დადგინდეს ზოგადი ფასნამატი მთლიანად სადავო ნაწილზე და განხორციელდეს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
ანალოგიური საქმიანობის დავასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს მიღებული აქვს გადაწყვეტილება 2023 წლის 7 მარტის №4384 და 2024 წლის 6 თებერვლის №2065 ბრძანებებით, რომელიც გამოქვეყნებულია პორტალზე და წარმოადგენს დანართის სახით.
2. შემოწმების შედეგად განსაზღვრული არაგონივრული ნაშთის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთად დაფიქსირებულია 28 871 ლარი. შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში, საკასო ხარჯებისა და შემოსავლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განისაზღვრა გონივრული ნაშთი. თანხა, რომელიც აღემატებოდა ამ გონივრულ ნაშთს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ პირუტყვის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ხარვეზს გავლენა არ უნდა მოეხდინა კომპანიის რენტაბელობაზე და მიიჩნევს, რომ საქმის საფუძვლიანი შესწავლის შემთხვევაში დადგინდებოდა, რომ მათ 3-4%-იანი რენტაბელობა ჰქონდათ, ითხოვს, ხარჯების განსაზღვრისას აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელოს დოკუმენტში დაფიქსირებული შესყიდვის ფასით და განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება, წარდგენილი აქვს ნოტარიულად დამოწმებული 98 ცალი შესყიდვის აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე დართული), ასევე, საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს დოკუმენტების ავთენტურობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
„სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გამოყენება არასამართლიანია და წინააღმდეგობაშია საკანონმდებლო ნორმების გამოყენებასთან. ამ მხრივ გასათვალისწინებელია იდენტური სახის საგადასახადო დავასთან დაკავშირებით (რომლთაც გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება/განჩინება (საქმის ნომერი ბს-1210 (2კ-21).
კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განხორციელებული ცალკეული ოპერაციების საპირწონედ ვერ გამოდგება საგადასახადო ორგანოს შეფასება/მოსაზრება მათ კანონიერების განსაზღვრასთან დაკავშირებით, თუკი იგი არ იქნება დაფუძნებული კონკრეტულ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე, რომლებიც მაღალი ალბათობით დაადასტურებს განხორციელებული ოპერაციებით სხვა სახის ოპერაციების დაფარვას. ფულადი აქტივის სალაროში უმოძრაოდ არსებობა ვერ გამოდგება ამ ოპერაციისათვის კანონსაწინააღმდეგო ხასიათის მინიჭების და შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველი. ასეთი სახის ოპერაცია განეკუთვნება ყოველი კომპანიის ეკონომიკურ გათვლას, მათ რისკს, რომლის განხორციელების საშუალებას კანონმდებლობა ანიჭებს ეკონომიკური ოპერაციის განმახორციელებელ პირს. კანონმდებლობით მინიჭებული უფლების - სალაროში ფულადი ნაშთის არსებობის შეზღუდვა, ეწინააღმდეგება კანონიერების პრინციპს, რაც ერთის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, მმართველობა დაუქვემდებაროს კანონსა და სამართალს, ხოლო მეორეს მხრივ, მოქალაქეებს ავალდებულებს, განახორციელოს სამართლებრივი ოპერაციები კანონით დადგენილი წესით და მათ შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგეს გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეფუძნება კანონის მოთხოვნებს, შესუსტდება ნდობა კანონით დადგენილი რეგულაციების მიმართ და დამოკიდებული გახდება საგადასახადო ორგანოს შეფასებაზე.
მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ უსამართლოდ არის განხორციელებული დარიცხვები (მათ შორის ჯარიმა/საურავები), ვინაიდან სამეწარმეო სუბიექტის მხრიდან, სამეურნეო საჭიროებისათვის (მათ შორის ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში) სალაროს ნაშთის ქონა არ შეიძლება განხილული იქნეს არაგონივრულ ანდა ფიქტიურ ნაშთად და შესაბამისად უნდა მოხდეს დარიცხული თანხების გაუქმება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე მითითებით მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, ითხოვს საჩივარში დაფიქსირებული ფაქტების/გარემოებების გათვალისწინებას და შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №24010 ბრძანების ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან -შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდში რეალიზებული აქვს 11 634 532 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო საქონლის თვითღირებულებად დაფიქსირებულია 11 240 598 ლარი. ამასთან, გაწეული აქვს სხვადასხვა სახის ხარჯი, როგორიცაა საქონლის კვების, საიჯარო ქირის, კარანტინის, ლაბორატორიული და სხვა ხარჯები. ექსპორტირებული საქონლის შეძენის დოკუმენტად გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი იქნა შესყიდვის აქტები ფიზიკური პირებისგან, რომელთა ნამდვილობა არ დასტურდება საგამოძიებო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციით. შესაბამისად, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით და გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯი ექსპორტირებულ საქონელზე გაიანგარიშა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ხარჯად ჩაითვალა კომპანიის შემოსავლის 75%. აღნიშნული გაანგარიშების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულსა და შემოწმებით გამოვლენილ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ გადასახადის გადამხდელს, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, სალაროს ნაშთად დაფიქსირებული აქვს 28 871 ლარი. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების მიხედვით და შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში საკასო ხარჯებისა და შემოსავლების გათვალისწინებით განსაზღვრა გონივრული ნაშთი. ხოლო, თანხა რომელიც აღემატებოდა გონივრულ ნაშთს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი ექსპორტირებულ საქონელზე გაანგარიშებული იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების გზით და ხარჯად ჩაითვალა შემოსავლის 75%, მათთვის უცნობია რაზეა დაფუძნებული საგამოძიებო სამსახურის ინფორმაცია და შესაბამისად, რა შეისწავლა და რაზე იმსჯელა შემოსავლების სამსახურმა. საქონლის ადგილობრივად შესყიდვების დასტურად, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარზე დართულია ნოტარიულად დამოწმებული 98 ცალი შესყიდვის აქტი და მიიჩნევს, რომ შემოწმებამ პირუტყვის შესყიდვის აქტებში მითითებულ რაოდენობითა და ფასებით უნდა განსაზღვროს რეალური ხარჯები. შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება ბუნდოვნად და გაუგებრად მიაჩნია და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს ხარჯების განსაზღვრისას წარდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული შესყიდვის ფასებით ხელმძღვანელობა, ზოგადი ფასნამატის დადგენა მთლიანად სადავო ნაწილზე და დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). ამასთან აღნიშნავს, რომ დარიცხვები უსამართლოდ არის განხორციელებული, ვინაიდან სამეწარმეო სუბიექტის მხრიდან, სამეურნეო საჭიროებისათვის (მათ შორის ბიზნეს სტრატეგიის ფარგლებში) სალაროს ნაშთის ქონა არ შეიძლება განხილული იქნეს არაგონივრულ ანდა ფიქტიურ ნაშთად, შესაბამისად უნდა მოხდეს დარიცხული თანხების გაუქმება.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივრებზე დართული), ასევე, საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით დაადგინოს დოკუმენტების ავთენტურობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ხარჯების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს წარდგენილ დოკუმენტებში დაფიქსირებული შესყიდვის ფასებით, დადგინდეს ზოგადი ფასნამატი მთლიანად სადავო ნაწილზე და განხორციელდეს დარიცხული თანხების კორექტირება.
2.გადამხდელი ითხოვს საჩივარში დაფიქსირებული ფაქტების/გარემოებების გათვალისწინებას და შემოსავლების სამსახურის 12.11.2024 წლის №24010 ბრძანების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
1.გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში რეალიზებული აქვს 11 634 532 ლარის ღირებულების საქონელი. საქონლის თვითღირებულებად დაფიქსირებულია 11 240 598 ლარი. ამასთან, გაწეული აქვს სხვადასხვა ხარჯი.
სსკ-ის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯი ექსპორტირებულ საქონელზე გაწეული ხარჯი გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, ხარჯად ჩაითვალა შემოსავლის 75%. ხსენებული გაანგარიშების შედეგად, გადამხდელის მიერ დაფიქსირებულსა და შემოწმებით გამოვლენილ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა გადამხდელის მიერ გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
2.გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის დამუშავების შედეგად გაირკვა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროს ნაშთად დაფიქსირებულია 28 871 ლარი. შემოსავლების სამსახურის მიერ დამტკიცებული „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითების გათვალისწინებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლო თვეში, საკასო ხარჯებისა და შემოსავლების გათვალისწინებით, შემოწმების მიერ განისაზღვრა გონივრული ნაშთი. თანხა, რომელიც აღემატებოდა ამ გონივრულ ნაშთს ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(5),101,136,154.