ბრძანება N 1384

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.02.2025
№ დოკუმენტი 1384
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 1384

04 თებერვალი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2025 წლის 17 იანვრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 23 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) განიხილა შპს „------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 17 იანვრის №93717/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 26 დეკემბრის №007-314 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ ი/მ ------ (კომპანიის დამფუძნებელი) და ი/მ- ------- (დამფუძნებლის დედა) გადახდილი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 დეკემბრის №30579 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ --------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 30 სექტემბრიდან 2023 წლის 6 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 26 დეკემბრის №27394 ბრძანება და ამავე თარიღის №007–314 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძელზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 609 443 ლარი, მათ შორის გადასახადი 325 389 ლარი, ჯარიმა 162 695 ლარი და საურავი 121 359 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

საწარმოს საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებული საექსპედიტორო მომსახურება, კერძოდ: კომპანია არარეზიდენტებისა და რეზიდენტი პირებისგან იღებს დაკვეთებს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისად, იძიებს რეზიდენტ საწარმოებსა და მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომლებიც თავიანთი ტექნიკით უზრუნველყოფენ ამ ტვირთის გადაზიდვას დანიშნულების ადგილამდე. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს 100% წილის მფლობელი და დირექტორი, --------, შპს „--------“ რიგ შემთხვევებში უწევდა გადაზიდვის მომსახურებას და თანხებს იღებდა როგორც საბანკო გადარიცხვის, ასევე, ნაღდი ანგარიშსწორების გზით, რომლის ჯამური ღირებულება შესამოწმებელ პერიოდში შეადგენდა 709 955 ლარს. აღნიშნული პირი 2021 წლის 17 მაისიდან რეგისტრირებული იყო მცირე მეწარმედ და გადაზიდვის მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს ბეგრავდა 1%-იანი განაკვეთით. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, შპს „-------“ სატრანსპორტო მომსახურეობას უწევდა -------- დედა, ი/მ ------- (ს/ნ ---------), რომელიც, აგრეთვე, რეგისტრირებული იყო მცირე მეწარმედ. ამასთან, ი/მ -------- გამოკითხვის ოქმში აღნიშნავდა, რომ მის საქმიანობას ფაქტობრივად ახორციელებდა მისი შვილი, რომან ღიბრაძე, რომლისგანაც იჯარის ხელშეკრულებით აღებული ჰქონდა ავტომანქანები მისაბმელებით. მძღოლების მოძიებას და სხვა სამეურნეო საქმიანობას ახორციელებდა თავისი ვაჟი რომან ღიბრაძე. ი/მ ------- მიღებულ შემოსავლებს ბეგრავდა 1%-იანი განაკვეთით. ჯამურად, შესამოწმებელ პერიოდში შპს „-------“ მიერ ი/მ ------- გადახდილი თანხა შეადგენდა 577 012 ლარს. შემოსავლები სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ პირებს არ უფიქსირდებოდათ სახელფასო განაცემები დაქირავებულ პირებზე, ასევე, საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში პირები პირადად არ ახორციელებდნენ გადაზიდვის მომსახურებას.

შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით და ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. შედეგად, ვინაიდან ი/მ ------- წარმოადგენდა საწარმოს დირექტორს/დამფუძნებელს და სამართლებრივად ახორციელებდა მის კონტროლს, აღნიშნული სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში იკვეთებოდა პირთა ჯამური/სალდირებული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, შესაბამისად, შპს „---------“ და ----------/---------- შორის განხორციელებული ოპერაცია ჩაითვალა გადახდის წყაროსთან დასაბეგრ განაცემად და ზემოაღნიშნული სატრანსპორტო მომსახურებისთვის გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა, როგორც კომპანიის დირექტორზე გაცემული ხელფასი და დაიბეგრა წყაროსთან, 20%-იანი განაკვეთით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. შედეგად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის №ბს-854-846 (კ-16) საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც განიმარტა, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ სამეურნეო ოპერაცია თავისი არსით ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ იძლევა მართლზომიერი გარიგების კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას, ის ეხება ბათილ, ნების ნაკლის მქონე გარიგებებს, მათ შორის თვალთმაქცურ და მოჩვენებით გარიგებებს და არა მართლზომიერ გარიგებებს, რომელთა შინაარსიც შეესაბამება მისივე ფორმას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მომჩივანი არ ეთანხმება ი/მ -------- (კომპანიის დამფუძნებელი) და ი/მ ---------- (დამფუძნებლის დედა) მიერ გაწეულ გადაზიდვის მომსახურებაზე კომპანიის მიერ გადახდილი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. მიუთითებს, რომ აღნიშნულ პირებს კომპანიისთვის გაწეული აქვს საერთო მომსახურების 8%-ზე ნაკლები. მომსახურებები გაწეულია აღნიშნულ სფეროში საბაზრო ფასის გამოყენებით და ამ მიმართულებით გადაცდომას ადგილი არ აქვს. ამასთან, მომსახურებები რეალურად შესრულებულია, რასაც ადასტურებს აღნიშნული პირების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების საზღვრის კვეთა, CMR, ინვოისები და ჩარიცხვები. კომპანია ანალოგიური მომსახურების დაკვეთას ასრულებინებს სხვა უამრავ მეწარმე ფიზიკურ პირსაც, რასთან დაკავშირებითაც აუდიტორს პრეტენზია არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ პირებსაც კანონის შესაბამისად, საბაზრო ფასის ფარგლებში სრული უფლება აქვთ მიიღონ შეკვეთა და შემოწმებას აღნიშნულ მომსახურებაზე გადახდილი თანხები არ უნდა დაეკვალიფიცირებინა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებით მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, თუ დადასტურდება ი/მ ------- (ს/ნ --------) და ი/მ -------- (ს/ნ --------) მიერ მომსახურების გაწევის და ღირებულების საბაზრო ფასთან შესაბამისობის ფაქტი, აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებით მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, თუ დადასტურდება, ი/მ ------- (ს/ნ ---------) და ი/მ ------- (ს/ნ --------) მიერ მომსახურების გაწევის და ღირებულების საბაზრო ფასთან შესაბამისობის ფაქტი, აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის მიერ გადახდილი თანხების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით. გადამხდელი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა საერთაშორისო გადაზიდვებთან დაკავშირებული საექსპედიტორო მომსახურება. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს 100% წილის მფლობელი და დირექტორი, რიგ შემთხვევებში უწევდა გადაზიდვის მომსახურებას და თანხებს იღებდა როგორც საბანკო გადარიცხვის, ასევე, ნაღდი ანგარიშსწორების გზით, რომლის ჯამური ღირებულება შესამოწმებელ პერიოდში შეადგენდა 709 955 ლარს. აღნიშნული პირი 2021 წლის 17 მაისიდან რეგისტრირებული იყო მცირე მეწარმედ და გადაზიდვის მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებს ბეგრავდა 1%-იანი განაკვეთით.

სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში იკვეთებოდა პირთა ჯამური/სალდირებული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება. შესაბამისად, განხორციელებული ოპერაცია ჩაითვალა გადახდის წყაროსთან დასაბეგრ განაცემად და ზემოაღნიშნული სატრანსპორტო მომსახურებისთვის გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა, როგორც კომპანიის დირექტორზე გაცემული ხელფასი და დაიბეგრა წყაროსთან, 20%-იანი განაკვეთით. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებით მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);101(1);154(1)