ბრძანება N 5048
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5048
07 მარტი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 31 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 15 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) 2024 წლის 31 იანვრის №87335/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №001-318 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება შესასყიდი საქონლის და მომსახურებისთვის გადახდილი თანხების ეკონომიკური საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 30 მარტის №6471 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 9 სექტემბრიდან 2023 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 20 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 26 დეკემბრის №32874 ბრძანება და ამავე თარიღის №001-318 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 667 447 ლარი, მათ შორის, გადასახადი 359 484 ლარი, ჯარიმა
179 742 ლარი და საურავი 128 221 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადამხდელის საქმიანობაა არარეზიდენტი დამკვეთის ავანსით, საქართველოს ფარგლებს გარეთ არარეზიდენტ კომპანიებისგან საქონლისა და მომსახურების შეძენა და დამკვეთისთვის (საქართველოს საზღვრის გარეთ) მიწოდება. შემოწმების მიერ გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა საქონლის შეძენასთან დაკავშირებით ინფორმაცია, საექსპორტო და საიმპორტო დეკლარაციები, კრედიტორებთან და დებიტორებთან გაფორმებული შედარების აქტები. გადამხდელმა მითითებულ ვადაში სრულად არ წარმოადგინა ინფორმაცია, რაზეც 2023 წლის 19 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №188460 და გადამხდელი დაჯარიმდა 400 ლარით. გადამხდელთან რამდენჯერმე განხორციელდა შეხვედრა და მიმდინარეობდა ელექტრონული კომუნიკაცია. შემოწმებისას გაირკვა, რომ გადამხდელმა სრულად ვერ წარმოადგინა საბანკო გადარიცხვების შესაბამისი საექსპორტოსაიმპორტო საგადასახადო სააღრიცხვო დოკუმენტები, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საბანკო ამონაწერით გადარიცხვების შესაბამისი საქონლის (დებიტორ/კრედიტორთან) მოძრაობისა და ფასნამატის განსაზღვრას. გადამხდელმა წარმოადგინა ისეთი კომპანიების მიერ საქონლის მიწოდების საგადასახადო დოკუმენტები, რომლებიც არ არის გატარებული გადამხდელის ბუღალტრული პროგრამა ორისით, არც საქართველოში რეგისტრირებული საბანკო ამონაწერით, ამასთან, სატრანსპორტოსაექსპედიტორო მომსახურების ინვოისების ღირებულება მნიშვნელოვნად ცდება საბანკო გადარიცხვების და საბუღალტრო პროგრამით აღიარებულ მონაცემებს. დოკუმენტურად დაუდასტურებელია 2 396 560 ლარის შესასყიდ საქონელზე და მომსახურებაზე გადარიცხული თანხები. გადამხდელის ბუღალტრული პროგრამა ორისით აღიარებული აქვს შესაბამისი არარეზიდენტი კომპანიისგან მომსახურების და საქონლის მიღება. შემოწმებით, ვინაიდან ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა (შესაბამისი ექსპორტ/იმპორტის დოკუმენტების არ არსებობის გამო) სადავოა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შესასყიდი საქონლის და მომსახურებისთვის გადარიცხული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
ამავე კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აცხადებს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე მსჯელობით კომპანიამ მიიღო 3,2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი, ხოლო ხარჯი გასწია მილიონ ლარზე ნაკლები, რაც აბსურდია, ვინაიდან აღნიშნულ ბიზნესში 300%-იანი მარჟა ვერ იარსებებს. აღნიშნავს, შემოწმებას კომპანიის მიერ შესრულებული თითოეული ოპერაციის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია მიღებული (მათ შორის, ბუღალტრული პროგრამის მეშვეობით, წარდგენილი დოკუმენტაციით და ახსნა-განმარტებით), თუმცა მხოლოდ შემოსავლის მიღების ნაწილი გახდა დამაჯერებელი, ხოლო შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი აუხსნელი. განმარტავს, რომ როდესაც გამყიდველი კომპანია რეალიზებულ საქონელს უგზავნიდა მყიდველს მის ქვეყანაში, ცხადია გადიოდა რამოდენიმე ქვეყნის სასაზღვრო კონტროლს, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო გამოეთხოვა ინფორმაცია აღნიშნულ ოპერაციებთან დაკავშირებით. გადამხდელი ითხოვს დავალებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტისთვის გამოთხოვილ იქნას ინფორმაცია მეზობელი ქვეყნის საბაჟო კონტროლის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოებიდან და მიღებული დოკუმენტაციით დადასტურებული ხარჯები გათვალისწინებულ იქნას ვალდებულებების განსაზღვრის დროს, ხოლო იმ ოპერაციების შემთხვევაში, როდესაც ვერ მოხერხდება დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღება, გამოყენებულ იქნას შემოსავლების სამსახურის უფროსის №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, შეისწავლოს განხორციელებულ ოპერაციებზე კვალიფიკაციის საკითხი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, შეისწავლოს განხორციელებულ ოპერაციებზე კვალიფიკაციის საკითხი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შესასყიდი საქონლის და მომსახურებისთვის გადახდილი თანხების ეკონომიკური საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა არარეზიდენტი დამკვეთის ავანსით, საქართველოს ფარგლებს გარეთ არარეზიდენტ კომპანიებისგან საქონლისა და მომსახურების შეძენა და დამკვეთისთვის (საქართველოს საზღვრის გარეთ) მიწოდება. გადამხდელის ბუღალტრული პროგრამა ორისით აღიარებული აქვს შესაბამისი არარეზიდენტი კომპანიისგან მომსახურების და საქონლის მიღება. შემოწმებით, ვინაიდან ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა (შესაბამისი ექსპორტ/იმპორტის დოკუმენტების არ არსებობის გამო) სადავოა, შესასყიდი საქონლის და მომსახურებისთვის გადარიცხული თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);97(1);982(1);105(2);