ბრძანება N 17625

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.08.2025
№ დოკუმენტი 17625
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 17625

05 აგვისტო 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“-ის (ს/ნ -----) (მის.: -----)

2025 წლის 23 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 4 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N 63) განიხილა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) N 97041/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის N 261-11 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს, კერძოდ, სალაროში ფულის ნაშთის ოდენობას და განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული ნაღდი ფულის სავარაუდო ნაშთი 151 748 ლარი არასწორია. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში სალაროში ყველა გაანგარიშებით შესაძლოა მოხვედრილიყო 149 380 ლარი ბანკიდან გამოტანილი, მიღებული სესხები 89 000 ლარი, რომლიდანაც საწვავის შესაძენად გადახდილი იქნა 49 177.25 ლარი, რასაც მოწმობს მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები და საბანკო ამონაწერი. ასევე, 30 000 ლარი გადახდილია ექსკავატორის ჰიდრავლიკის ტუმბოსა და მოხვევის ტუმბოს შესაძენად და მონტაჟისათვის. სესხის დაფარვა სალაროდან 24 618.7 ლარი, (დანარჩენი) ნაწილი გადახდილია უნაღდო ფორმით, კერძოდ გადარიცხულია ანგარიშიდან, ხოლო 102 850 ლარი კი შეტანილია ანგარიშსწორების ანგარიშებზე ბანკებში.

აცხადებს, რომ 2024 წლის 31 დეკემბრისათვის სალაროს ნაშთი უნდა იყოს არაუმეტეს 31 734.05 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმების დანიშვნის დღეს საწარმომ ვერ წარადგინა თანხის ნაშთი 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამ პერიოდამდე კიდევ სალაროში შესულია ბანკიდან 1500 ლარი, შესაბამისად მაქსიმუმ სალაროში უნდა ყოფილიყო 33 234.05 ლარი. აგრეთვე, აუდიტის დეპარტამენტისათვის ინფორმაციის მიწოდების დროს მექანიკურად გამორჩა მთავარი დებიტორი შპს ----- 126 500.09 ლარი, რასაც მოწმობს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა და ასევე საბანკო ამონაწერი, სადაც ჩანს თანხის ჩარიცხვა 2025 წელს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 თებერვლის N 2528 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის 9 აგვისტოდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 4 ივლისს გამოსცა N 15145 ბრძანება და ამავე თარიღის N 261-11 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 76 144 ლარი, მათ შორის, გადასახადი 48 004 ლარი, ჯარიმა 23 918 ლარი და საურავი 4 222 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N 1660 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციით 2025 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით კომპანიის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. შემოწმებისათვის შედგენილ იქნა სალაროს მოძრაობის ცხრილი და ვლინდება, რომ სალაროს ნაშთი შემოწმების ბოლოსთვის შეადგენს 151 748 ლარს. სალაროს მოძრაობისთვის, გადამოწმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ბანკის ამონაწერები, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ, რომლის მიხედვით შემოწმების ბოლოსთვის შპს „-----“-ის (ს/ნ -----) გააჩნია დებიტორული დავალიანება 11 900 ლარი, ამავე ინფორმაციით კომპანიის კრედიტორული დავალიანება შეადგენს 82 544 ლარს. სალაროში ფიქსირებული ფულის ნაშთი 151 748 ლარი, შემოწმებით ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ თანხებად და დარიცხული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული შპს „-----“-ის (ს/ნ -----) ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით, 2025 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით, კომპანიის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. შემოწმების მიერ შედგენილ იქნა სალაროს მოძრაობის ცხრილი და გამოვლინდა, რომ სალაროს ნაშთი შემოწმების ბოლოსთვის შეადგენს 151 748 ლარს, რომელიც ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

გადამხდელის არგუმენტთან, სალაროს ნაშთის ოდენობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შპს „-----“-ს (ს/ნ -----) ბუღალტრული ოპერაციები ნაწარმოების არ აქვს, სატრანსპორტო მომსახურების ხარჯების და საწვავის ჩამოწერის კუთხით ექსელის ფორმატით ნაწარმოები აქვს შესაბამისი ინფორმაციები. შემოწმებით კომპანიის მიერ წარმოდგენილი ექსელის რეესტრში დაფიქსირებული ინფორმაცია შედარებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციით, 2025 წლის 13 თებერვალის მდგომარეობით, ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. შემოწმებისათვის შედგენილ იქნა ფულადი ნაკადების მოძრაობის ცხრილი და გამოვლინდა, რომ ფულადი ნაშთი შემოწმების ბოლოსთვის შეადგენდა 151 748 ლარს. ფულადი ნაკადების მოძრაობისთვის, გადამოწმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ბანკის ამონაწერები, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ, რომლის მიხედვით შემოწმების ბოლოსთვის შპს „-----“-ის (ს/ნ -----) გააჩნია დებიტორული დავალიანება 11 900 ლარი, ამავე ინფორმაციით კომპანიის კრედიტორული დავალიანება შეადგენს 82 544 ლარს. ამასთან, იჯარით აღებული ექსკავატორის რემონტის ხარჯი 30 000 ლარი შემოწმებით გათვალისწინებულია ფულადი ნაკადების მოძრაობის ცხრილში. ფულის ინვენტარიზაცია ჩატარდა 2025 წლის 13 თებერვალს და შემოწმებამ ამავე თარიღისთვის გაიანგარიშა ფულადი ნაკადების ნაშთი. კომპანიამ, ამავე თარიღით წარმოადგინა საბანკო ამონაწერები, ბანკის ამონაწერში დაფიქსირებული შემოსავლები და ხარჯები კი გათვალისწინებულ იქნა ფულადი ნაკადების მოძრაობის ცხრილში. ამდენად, არ არსებობს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირების საკმარისი საფუძველი.

ზემოაღნიშნულზე მითითებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით საწარმოში ჩატარებული სალაროს ნაღდი ფული რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი არგუმენტი/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

 

1. შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის N 11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

მომჩივანს ჩაუტარდა ნაღდი ფულის ინვენტარიზაცია, სადაც ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენდა ნულ ლარს. სალაროს მოძრაობისთვის, გადამოწმებულ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია, ბანკის ამონაწერები, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია დებიტორებისა და კრედიტორების შესახებ, რომლის მიხედვით შემოწმების ბოლოსთვის მომჩივანს გააჩნდა დებიტორული დავალიანება 11 900 ლარი, ამავე ინფორმაციით კომპანიის კრედიტორული დავალიანება შეადგენდა 82 544 ლარს, სალაროში ფიქსირებული ფულის ნაშთი 151 748 ლარს. შემოწმების შედეგად აღნიშნული ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ თანხებად და დარიცხული თანხა დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანებით საწარმოში ჩატარებული სალაროს ნაღდი ფული რაოდენობის განსაზღვრის პროცედურის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, გამოვლენილი ფულადი სახსრების ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია განხორციელდა მართლზომიერად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი არგუმენტი/დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 275;