გადაწყვეტილება №20479/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20479/2/2023
03 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "-------" (ს/ნ "------" )
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------" -ის 4.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20479/2/2023).
დავის საგანი:
მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 6.06.2023 წლის №EL212154 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 19.07.2023 წლის №17579 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 000 ლარი.
ფაქტების აღწერა
6.06.2023 წელს, საბაჟო გამშვები პუნქტი „----- -ის “ კონტროლის ზონაში გამოცხადდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით: "------" , რომელსაც მართავდა მომჩივანი. აღნიშნული სატვირთო მანქანა მოძრაობდა ტრანზიტულად "-----"-დან "------"-ის მიმართულებით.
საბაჟო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა, რომ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე 3.03.2023 წელს გამოწერილი "------" აღრიცხვის მოწმობით დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განსაზღვრული იყო საბაჟო გამშვები პუნქტი „------“. თუმცა, მომჩივანი საბაჟო გამშვები პუნქტი „----- -ის “ ნაცვლად, გამოცხადდა საბაჟო გამშვები პუნქტი „------ - ის “ კონტროლის ზონაში.
სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევისთვის, მომჩივანს საბაჟო დეპარტამენტის 6.06.2023 წლის №EL212154 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 19.07.2023 წლის №17579 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 71-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 73-ე მუხლის პირველი ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლზე, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 170-ე მუხლის პირველი ნაწილზე.
დადგენილია, რომ მომჩივანმა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლით დატვირთულ სატრანსპორტო საშუალებით გადაუხვია მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე. შესაბამისად, ადგილი აქვს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტს. ამდენად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
სატრანსპორტო გადაზიდვით მომსახურებას ეწევა რამდენი წელია და ეს არ იყო რეექსპორტის სტატუსით საქართველოს ტერიტორიის გავლის პირველი შემთხვევა. ყველა შემთხვევაში ეუბნებოდა მებაჟე ოფიცერს იმ საბაჟო გამშვებ პუნქტს, რომლითაც აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და ტოვებდა კიდეც მითითებულის მიხედვით. ვინაიდან, ცნობილი იყო და არის, რომ მებაჟე ოფიცრის მიერ მითითებულ მარშრუტს თუ გადაუხვევს აღნიშნული დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას იმ ოდენობით რა რაოდენობითაც აქვს დაკისრებული.
ითხოვს დეტალურად იქნას მოძიებული ინფორმაცია მისი და მებაჟე ოფიცრის კომუნიკაციის პერიოდის შესახებ, თუ საჭირო იქნება შემოწმდეს ვიდეო კამერები, ამით დადასტურდება, რომ არ მიუთითა მომჩივნის მიერ ნაკარნახები საბაჟო გამშვები პუნქტი ,,------ ’’ და მიუთითა გამშვები პუნქტი ,,-------’’. გამომდინარე ყველა გარემოებიდან, თვლის, რომ გამოწერილი ჯარიმა არის უსაფუძვლო და ითხოვს მის ჩამოწერას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს.
საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.
საბაჟო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში საბაჟო ორგანოს შეუძლია განსაზღვროს მარშრუტი, რომლითაც უნდა გადაადგილდეს გასატანი საქონელი, და ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი უნდა იქნეს გატანილი.
საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვა ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა – იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
ვინაიდან მომჩივანმა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტს გაუხვია მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენას.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და სადავო შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს სადავო 6.06.2023 წლის №EL212154 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს საბაჟო დეპარტამენტის 6.06.2023 წლის №EL212154 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი თვლის, რომ გამოწერილი ჯარიმა არის უსაფუძვლო და ითხოვს მის ჩამოწერას.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო კონტროლის განხორციელებისას დადგინდა, რომ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაზე 3.03.2023 წელს გამოწერილი აღრიცხვის მოწმობით დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განსაზღვრული იყო საბაჟო გამშვები პუნქტი N1. თუმცა, მომჩივანი განსაზღვრული საბაჟო გამშვები პუნქტის ნაცვლად, გამოცხადდა სხვა საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში.
სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევისთვის, მომჩივანს შეეფარდა საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა არგუმენტაციაზე და სადავო შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეული იყო მისი შეცდომით და შესაბამისად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, მომჩივანი უნდა გათავისუფლდეს სადავო 6.06.2023 წლის №EL212154 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქციისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
70,71,163(11),170.